აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები: „წითელი ტალღა“, რომელიც არ შედგა

ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართა. მასზე ამერიკელმა მოქალაქეებმა წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა, 35 სენატორი და 36 გუბერნატორი აირჩიეს. მოცემულ სტატიაში შევეცდები დაწვრილებით განვიხილო შუალედური არჩევნების შედეგები და მისი გავლენა აშშ-ის შიდა პოლიტიკაზე.

წარმომადგენელთა პალატის არჩევნების რუკა: წითლად აღნიშნულია საარჩევნო ოლქები, რომლებიც რესპუბლიკურმა პარტიამ მოიგო. ლურჯად აღნიშნულია ოლქები, რომელშიც დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ლურჯი დახრილი ხაზებით აღნიშნულია ოლქები, რომელთაც შუალედურ არჩევნებამდე რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ, ხოლო ახლა დემოკრატები. წითელი დახრილი დაზებით აღნიშნულია ოლქები, რომელთაც შუალედურ არჩევნებამდე დემოკრატები აკონტროლებდნენ, ხოლო არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელები გააკონტროლებენ. მუქ ნაცრისფრად აღნიშნულია შტატები, რომლებშიც ჯერ ხმები სრულად არაა დათვლილი.

წარმომადგენელთა პალატის არჩევნები – ამერიკელი მოქალაქეები წარმომადგენელთა პალატის წევრებს 2 წელიწადში ერთხელ ირჩევენ. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატა 435 კანონმდებლითაა დაკომპლექტებული, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია 435 ერთმანდატიან ოლქადაა დაყოფილი. თითოეულ შტატში კონგრესის საარჩევნო ოლქების რაოდენობა მისი მოსახლეობის რაოდენობის პირდაპირპროპორციულია. აშშ-ის 6 შტატი (ალასკა, ვაიომინგი, ვერმონტი, მონტანა, ჩრდ. დაკოტა და სამხ. დაკოტა) ერთ მთლიან საარჩევნო ოლქს (At large district) წარმოადგენს, დანარჩენ შტატებში კი საარჩევნო ოლქების რაოდენობა 2-დან 52-ის ჩათვლით მერყეობს. აშშ-ის შტატების უმრავლესობა საშუალოდ 4-15 საარჩევნო ოლქითაა წარმოდგენილი, 15-ზე მეტი საარჩევნო ოლქი კი აშშ-ის მხოლოდ  6 შტატს აქვს. ესენია: პენსილვანია (17), ილინოისი (17), ნიუ-იორკი (26), ფლორიდა (28), ტეხასი (38) და კალიფორნია (52). წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ არჩევნებში მინიმუმ 218 მანდატი უნდა მიიღოს. შუალედურ არჩევნებამდე წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დემოკრატები აკონტროლებდნენ, თუმცა, მათი უპირატესობა მყიფე იყო. 2020-2022 წლებში პალატაში დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შორის ძალთა ბალანსი 222-213-ზე იყო განაწილებული. წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვები წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელებს დიდი სხვაობით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, ზემოხსენებული მოლოდინები არ გამართლდა და რესპუბლიკელებმა არჩევნებში სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირეს.

მოცემული მომენტისთვის დათვლილია 432 საარჩევნო ოლქის მონაცემები. 432 ოლქიდან რესპუბლიკელებმა 220, დემოკრატებმა კი 212 მოიგეს. ჯერ კიდევ დასათვლელია 3 საარჩევნო ოლქის მონაცემები, რომლიდანაც ორში (კალიფორნიის მე-3 და მე-13 ოლქები) რესპუბლიკელი კანდიდატები მცირე სხვაობით ლიდერობენ, ხოლო ალასკის ერთადერთ საარჩევნო ოლქში მოქმედმა დემოკრატმა დეპუტატმა მერი პელტოლამ რესპუბლიკელი ოპონენტი სარა პალინი 27%-იანი უპირატესობით (47%-20%-ზე) დაამარცხა, თუმცა, ალასკის შტატში გამარჯვებისთვის თითეულმა კანდიდატმა არჩევნებზე 50%+1 ხმა უნდა მიიღოს. ალასკაში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, რომელსაც მაღალი ალბათობით პელტოლა მარტივად მოიგებს. თუ დარჩენილ 3 ოლქში ხმები 2-1ზე რესპუბლიკელთა სასარგებლოდ განაწილდება, ახალ კონგრესში რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ ძალთა ბალანსი 222-213-ზე განაწილდება. ამგვარი მყიფე უპირატესობა უმრავლესობის პარტიას კონგრესში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის  გატანას მნიშვნელოვნად გაურთულებს.

მართალია, რესპუბლიკელებმა შუალედურ არჩევნებში დამაჯერებელი უპირატესობა ვერ მოიპოვეს, თუმცა, მათ კარგი შედეგი დააფიქსირეს 3 მნიშვნელოვან შტატში: ფლორიდაში, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში. ფლორიდა 2020 წელს „გადაუწყვეტელი“ შტატი იყო, რომელიც ტრამპმა ხმების მცირე სხვაობით (3.4%) მოიგო. 2022 წლის შუალედურ არჩევნებზე “მზიანი შტატი“ მთლიანად „გაწითლდა“. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებმა შტატის 28 საარჩევნო ოლქიდან 20 მოიგეს (აქედან 3 ოლქს არჩევნებამდე დემოკრატები აკონტროლებდნენ). ნიუ-იორკში რესპუბლიკელებმა 26 საარჩევნო ოლქიდან 11-ში გაიმარჯვეს (აქედან 4 ისეთი ოლქი იყო, რომელიც რესპუბლიკელებს უკვე მრავალი წელია არ მოუგიათ). ტრადიციულად „ლურჯ“ კალიფორნიაში, რესპუბლიკელებმა დემოკრატი კანდიდატები 52-დან 10 ოლქში დაამარცხეს, ხოლო დანარჩენ 2 ოლქში, სადაც ხმები ჯერ კიდევ დასათვლელია, ასევე რესპუბლიკელი კანდიდატები ლიდერობენ.

რაც შეეხება დემოკრატიულ პარტიას, მან შეინარჩუნა მხარდაჭერა ოკეანისპირა შტატებში და გაიმარჯვა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად რამდენიმე მნიშვნელოვან ოლქში (ოჰაიოს 1-ელი, მიჩიგანის მე-3, ნიუ-მექსიკოს მე-2, ვაშინგტონის მე-5, ილინოისის მე-13 და ჩრდ. კაროლინის მე-13 ოლქები). საერთო ჯამში, რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის დაბრუნება შეძლეს, თუმცა, მათი უმრავლესობა ისეთივე მყიფეა, როგორიც დემოკრატიული პარტიის უპირატესობა გასული 2 წლის განმავლობაში.

სენატის არჩევნების რუკა: წითლად აღნიშნულია შტატები, რომლებიც რესპუბლიკურმა პარტიამ მოიგო. ლურჯად აღნიშნულია შტატები, რომელშიც დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ლურჯი დახრილი ხაზით აღნიშნულია პენსილვანიის შტატი, სადაც სენატს შუალედურ არჩევნებამდე რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ, ხოლო ახლა დემოკრატები. ღია ნაცრისფრად აღნიშნულია შტატები, რომლებიც სენატის 2022 წლის არჩევნებში არ მონაწიელეობდნენ. ღია ყავისფრად აღნიშნილია ჯორჯიის შტატი, სადაც 6 დეკემბერს სენატის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

სენატის არჩევნები – სენატის არჩევნები აშშ-ში როტაციის პრინციპით 2 წელიწადში ერთხელ იმართება, რომელზეც ზედა პალატის სრული შემადგენლობის 1/3 აირჩევა. 2022 წლის შუალედურ არჩევნებამდე სენატში ძალთა ბალანსი თანაბრად, 50-50-ზე იყო განაწილებული, თუმცა, უმრავლესობას დემოკრატები აკონტროლებდნენ, რასაც ვიცე-პრეზიდენტის გადამწყვეტი ხმა განაპირობებდა. სენატის არჩევნები 35 შტატში გაიმართა. დემოკრატების მიზანი სტატუს-კვოს შენარჩუნება იყო, რისთვისაც მათ მინიმუმ 14 შტატში გამარჯვება სჭირდებოდათ. წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებდა, რომ რესპუბლიკელ კანდიდატებს 19 შტატში ჰქონდათ უპირატესობა, დემოკრატებს 11 შტატში, დანარჩენი 5 შტატი კი „გადაუწყვეტელი“ იყო, სადაც ორივე პარტიის კანდიდატს გამარჯვების თანაბარი შანსი ჰქონდა. სწორედ ამ შტატებში (არიზონა, ნევადა, ოჰაიო, პენსილვანია და ჯორჯია) დაფიქსირებულმა შედეგებმა გადაწყვიტა სენატის არჩევნების ბედი.

ყველა შტატში ხმების დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დემოკრატიულმა პარტიამ სენატში უმრავლესობის შენარჩუნება შეძლო. მმართველმა პარტიამ სენატის არჩევნები ზუსტად 14 შტატში მოიგო, რაც საკმარისი აღმოჩნდა სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად. მოცემული მომენტისთვის, სენატში ძალთა ბალანსი 50-49-ზეა განაწილებული დემოკრატების სასარგებლოდ. არჩევნების საბოლოო შედეგი მხოლოდ ჯორჯიის შტატშია გასარკვევი, სადაც გასამარჯვებლად საჭირო ხმათა მარტივი უმრავლესობის (50%+1) მიღება ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო. ჯორჯიაში სენატის არჩევნების მეორე ტური 6 დეკემბერს გაიმართება, რომელიც გადაწყვეტს, თუ საბოლოოდ როგორ განაწილდება ძალთა ბალანსი სენატში.

საინტერესოა, რა შედეგი დააფიქსირეს რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა „გადაუწყვეტელ“ შტატებში. ზემოხსენებულ ხუთივე შტატში რესპუბლიკურ პარტიას ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები წარმოადგენდნენ, რომელთა უმრავლესობამაც შუალედურ არჩევნებში მძიმე მარცხი იწვნია. ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა კანდიტატმა, ჯეი დი ვენსმა, მხოლოდ ერთ შტატში (ოჰაიო) გაიმარჯვა. დანარჩენ 4 შტატში დემოკრატმა პოლიტიკოსებმა ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების დამარცხება მოახერხეს. არიზონაში შტატის მოქმედმა დემოკრატმა სენატორმა, მარკ კელიმ, რესპუბლიკელი ბლექი მასტერსი დაამარცხა, ხოლო ნევადის შტატში ასევე მოქმედმა დემოკრატმა სენატორმა, კეტრინ კორტეზ მასტომ, ადამ ლაქსალტს მოუგო. ჯორჯიაში ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ყოფილმა ფეხბურთელმა ჰერშელ უოკერმა სენატის არჩევნების I ტურში დიდი კონკურენცია გაუწია დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, რაფაელ ოურნოკს, თუმცა, უორნოკმა უოკერს ხმების 0.9%-ით (37 000 ხმა) აჯობა. ყველაზე მნიშვნელოვანი შტატი სენატის არჩევნებზე პენსილვანია იყო. „დამფუძნებელ შტატში“ ერთმანეთს ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ყოფილი ტელეწამყვანი და მედიცინის დოქტორი, მეჰმეტ ოზი და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ლეიტენანტ-გუბერნატორი ჯონ ფეტერმანი დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა არჩევნები ოპონენტს მცირე სხვაობით მოუგო და შტატის შემდეგი სენატორი გახდა. პენსილვანიის სენატს არჩევნებამდე რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ, ფეტერმანის გამარჯვების შემდეგ კი სენატი დემოკრატიული პარტიის ხელში აღმოჩნდა. საერთო ჯამში, სენატში უმრავლესობა დემოკრატებმა შეინარჩუნეს, ხოლო რამდენად დიდი იქნება მათი უპირატესობა კონგრესის ზედა პალატაში, ამას 6 დეკემბერს, ჯორჯიის შტატის არჩევნების მეორე ტურში გავიგებთ.

საგუბერნატორო არჩევნების რუკა: წითლად აღნიშნულია შტატები, რომლებიც რესპუბლიკურმა პარტიამ მოიგო. ლურჯად აღნიშნულია შტატები, რომელშიც დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ლურჯი დახრილი ხაზებით აღნიშნულია შტატები, რომელთაც შუალედურ არჩევნებამდე რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ, ხოლო ახლა დემოკრატები. წითელი დახრილი დაზებით აღნიშნულია ნევადა, რომელსაც შუალედურ არჩევნებამდე დემოკრატები აკონტროლებდნენ, ხოლო არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელები გააკონტროლებენ. ღია ნაცრისფრად აღნიშნულია შტატები, რომლებიც 2022 წლის საგუბერნატორო არჩევნებში არ მონაწილეობდნენ. მუქ ნაცრისფრად აღნიშნულია ალასკა, სადაც მეორე ტური გაიმართება, თუმცა, მაღალი ალბათობით მას რესპუბლიკელი კანდიდატი მოიგებს.

საგუბერნატორო არჩევნები – აშშ-ში საგუბერნატორო არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. შუალედურ არჩევნებამდე აშშ-ის 50 შტატიდან 28-ს რესპუბლიკელი, ხოლო 22-ს დემოკრატი გუბერნატორი მართავდა. საგუბერნატორო არჩევნები 36 შტატში გაიმართა, საიდანაც რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა თანაბარი რაოდენობის შტატები (18-18) მოიგეს. დემოკრატებმა მოახერხეს რესპუბლიკელი გუბერნატორების მიერ მართული სამი შტატის: მასაჩუსეტსის, მერილენდისა და არიზონას „გალურჯება“. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მათ დემოკრატების მიერ კონტროლირებად მხოლოდ ერთ შტატში: ნევადაში გაიმარჯვეს. შესაბამისად, მომავალი 4 წლის მანძილზე აშშ-ის 26 შტატს ეყოლება რესპუბლიკელი, ხოლო 24 შტატს დემოკრატი გუბერნატორი. საინტერესოა რა შედეგი დააფიქსირეს საგუბერნატორო არჩევნებში ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა. მათ გამარჯვება 10-დან მხოლოდ 3 შტატში შეძლეს. არჩევნებში მხოლოდ არკანზასის გუბერნატორობის კანდიდატმა, სარა ჰაკაბი სანდერსმა და აიოვას გუბერნატორობის კანდიდატმა, კიმ რეინოლდსმა გაიმარჯვა. ალასკაში მეორე ტური იქნება, რომელსაც 99%-იანი ალბათობით ასევე რესპუბლიკელი კანდიდატი, მაიკ დანლივი, მოიგებს. დანარჩენი 7 კანდიდატი არჩევნებში დამარცხდა, მათ შორის იყვნენ მიჩიგანის გუბერნატორობის კანდიდატი ტუდორ დიქსონი, რომელსაც მოქმედმა დემოკრატმა გუბერნატორმა, გრეტჩენ უიტმერმა მოუგო და არიზონას გუბერნატორობის კანდიდატი, ყოფილი ტელეწამყვანი, კარი ლეიკი, რომელიც შუალედურ არჩევნებში მოქმედ დემოკრატ გუბერნატორთან, ქეითი ჰობსთან, დამარცხდა.

ამერიკის შუალედური არჩევნების ანალიზი 5 ძირითადი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს:

  1. “წითელი ტალღა” არ შედგა – რესპუბლიკელებმა  წარმომადგენელთა პალატაში  უმრავლესობა დაიბრუნეს, თუმცა მათ მიერ მოპოვებული მანდატები იმაზე საგრძნობლად მცირეა, ვიდრე ამას სოციოლოგიური კვლევები ვარაუდობდნენ. სენატში უმრავლესობა დემოკრატებმა შეინარჩუნეს, საგუბერნატორო არჩევნებში კი შტატები თანაბრად, 18-18-ზე გაიყო. ეს შედეგები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: რესპუბლიკელთა მოლოდინი მორიგი “წითელი ტალღის” შესახებ არ გამართლდა.
  2. დემოკრატების ეფექტური წინასაარჩევნო სტრატეგია – არჩევნებმა აჩვენა, რომ ამერიკელი ამომრჩეველი უკმაყოფილოა ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობით, თუმცა, არც იმდენად, როგორც ამას წინასაარჩევნოდ ვარაუდობდნენ. შუალედურ არჩევნებამდე ამერიკულ მედიაში დომინირებდა მოსაზრება, რომ დემოკრატიული პარტიის სტრატეგია, საკუთარი კამპანია მთლიანად აბორტის საკითხზე აეგო, არაეფექტური იყო, რადგან ამომრჩევლის პოლიტიკურ პრეფერენციას ძირითადად მაინც ეკონომიკური საკითხები განსაზღვრავს.  ამგვარი ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. დემოკრატებმა ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან სწორედ აბორტის სენსიტიური თემის მეშვეობით მიიყვანეს. საბოლოო ჯამში, ამერიკელი მოქალაქეები უარყოფითად შეხვდნენ უზენაესი სასამართლოს მიერ Roe v Wade საქმის გადაწყვეტილების გაუქმებას.
  3. ტრამპის არშემდგარი ქამბექი – შუალედური არჩევნების  ერთგვარი რეფერენდუმი იყო ტრამპის პოლიტიკურ მომავალზე. არჩევნებში ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების უდიდესი ნაწილი დამარცხდა, რაც მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – ყოფილი პრეზიდენტის რეიტინგი რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებში საგრძნობლად შემცირდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტრამპმა ამ არჩევნებზე პოლიტიკური ქამბექი ვერ შეძლო.
  4. დე სანტისის ტრიუმფი – ტრამპის მხარდაჭერილი კანდიდატებისგან განსხვავებით, არჩევნების ღამემ ტრიუმფით ჩაიარა ფლორიდის შტატის მოქმედი გუბერნატორის, რესპუბლიკელი პოლიტიკოსის, რონ დე სანტისისთვის,  რომელმაც მისი მეტოქე ჩარლი კრისტი შტატის თითქმის ყველა ოლქში დამაჯერებლად დაამარცხა. უკანასკნელი პერიოდის სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა 42%-ს 2024 წლის არჩევნებზე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დე სანტისის ხილვა სურს, ხოლო ტრამპს სასურველ კანდიდატად მხოლოდ 35% ასახელებს. შუალედური არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ტრამპის პოლიტიკური გავლენა პარტიაზე კიდევ უფრო შემცირდება, მისი მთავარი ჩელენჯერის, დე სანტისის, პოზიციები კი პირიქით, გაძლიერდება.
  5. გაყოფილი ხელისუფლება – მომავალი ორი წლის მანძილზე აშშ-ის ხელისუფლება გაყოფილი იქნება: პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სენატს დემოკრატები, ხოლო წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები გააკონტროლებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატანისთვის მძიმე ბრძოლები დაიწყება.

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის შუალედურმა არჩევნებმა წინასაარჩევნო მოლოდინები არ გაამართლა. „წითელი ტალღა“ არ შედგა. 2024 წლამდე აშშ-ის ხელისუფლება გაყოფილი იქნება. მომავალი 2 წლის მანძილზე  დემოკრატიულ პარტიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატანა უფრო მეტად გაუჭირდება. თავის მხრივ, რესპუბლიკელების უპირატესობა არაა იმდენად დიდი, რომ მათ კონგრესში გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად შეძლონ.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s