„მე რა შუაში ვარ?!“ რუსულად

(c) REUTERS/Vladyslav Musiienko

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ფრაზა, „მე რა შუაში ვარ?!“ გახდა. ვერ გეტყვით, ისინი გულწრფელად სვამენ ამ კითხვას, თუ თავს იბრიყვებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, პირველი მეორეს, ხოლო მეორე კი პირველს არ გამორიცხავს.

პუტინის მკვლელ რეჟიმს „გაქცეული“ რუსეთის მოქალაქეები დღეს სიტყვის თავისუფლებით, მშვიდი ცხოვრებითა და დასავლური ცხოვრების წესით ტკბებიან, თუმცა ბოლო 20 წლის მანძილზე ისინი სწორედ იმ რეჟიმს უჭერდნენ მხარს, რომელიც ცდას არ აკლებდა ამ ყველაფრის დასანგრევად. მხარს უჭერდნენ დუმილით; უმოქმედობით; ჩეჩნეთის ომზე წაყრუებით; ქართველების მასობრივ დეპორტაციაზე ენის მუცელში ჩაგდებით; 2008 წლის ომში „ნაციონალისტი“ ქართველების დადანაშაულებით; FSB-ს მიერ მოკლული ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მოღალატეებად შერაცხვით; ვლადიმირ სოლოვიოვის ყველაზე რეიტინგულ მიმომხილველად გადაქცევით; ქვეყნის კორუფციულ წუმპეში ჩაძირვით; ბოგანო კადიროვის აღზევებით; მორჩილებით; სიხარბით; მორალური გამოფიტვით.

რუსეთი ერთი კაცის მიერ მართულ უპერსპექტივო გუბერნიად გადაიქცა (ცალკე თემაა, როდის არ იყო ასეთი?). ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხვრის უზარმაზარი ფარაა, რომელიც კითხვის დასმის გარეშე იღებს და ემორჩილება პროპაგანდისტების მიერ გაჟღერებულ ყველაზე გიჟურ იდეებსაც კი. მათ არც არგუმენტი და არც ფაქტი აღარ სჭირდებათ.

სწორედ ასეთ მახინჯ რეალობაში ჩამოყალიბდა კიდევ უფრო მახინჯი საზოგადოება, რომელიც მდუმარედ, ერთგვარი კმაყოფილებითაც კი შესცქერის მეზობლების ხარჯზე გაფართოებული რუსეთის რუკას, თუმცა ამავდროულად დასავლური ცხოვრების წესით ტკბება: შვებულებას ლისაბონში ატარებს, თხილამურებზე სასრიალოდ ტიროლში დადის, შვილებს კი ნიუ იორკში აგზავნის სასწავლებლად. განსხვავება მხოლოდ ქალაქებსა და უნივერსიტეტებშია.

აი, ამ კოგნიტურ დისონანსში არსებობს რუსეთის მოსახლეობის „გარკვეული ნაწილი“.

აღნიშნული „გარკვეული ნაწილის“ გარკვეული ნაწილი კი საქართველოში გადმოსახლდა. აქტიურად ვაკვირდები მათ პოსტებს სოციალურ ქსელებში. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვერ ვამჩნევ დიდ წუხილს იმის გამო, რასაც მათი თანამემალუეები უკრაინაში სჩადიან … ვერც პუტინისადმი ზიზღს და ვერც ქართულ კულტურასთან ან, როგორც მინიმუმ, კულტურულ ნორმებთან ასიმილაციის სურვილს. მათი მთავარი საზრუნავი ახალი კაფეების, გემრიელი რესტორნებისა და მიმზიდველი საზოგადოებრივი სივრცეების აღმოჩენაა. ზოგი ხმაურის გამო წუხს, ზოგი კი იმას აპროტესტებს, რომ კონსულტანტების გარკვეული ნაწილი რუსულად არ, ან ვერ საუბრობს.

დიდი ხანი ვცდილობდი ინფორმაცია მომეძიებინა, რუსი „ლტოლვილების“ მიერ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიტანილი გვირგვინის, ან საოკუპაციო ხაზთან სანთლებით მისვლის შესახებ, მაგრამ ვერ ვიპოვე ვერაფერი მსგავსი. რაც არ არის, ვერ იპოვი. რა თქმა უნდა, არავის სჭირდება მათ მიერ მიტანილი ყვავილები ქართველებისთვის ასეთ სენსიტიურ ადგილებში, მაგრამ „პუტინს გამოქცეულ“ რუსებში ვერ ვატყობ კოლექტიურ Mea Culpa-ს.

ვეღარც დიად რუსულ კულტურას ვხედავ. განა, რა აზრი აქვს ამ კულტურის არსებობას, თუ მას არ შეუძლია თავისი ხალხი დაამუხრუჭოს და თავიდან აარიდოს გაგრაში, ალეპოში, ბუჩაში, ირპინში, მარიუპოლში, ოდესაში ჩადენილი ბოროტებები?

და რაც შეეხება ერთეულ გამონაკლისებს, მათი ხმა, ქმედება და „მე რა შუაში ვარ?!“ ისეთივე არაფრისმომცემი სიცარიელეა, როგორც მათი მდუმარე მორჩილება ბოლო 22 წლის მანძილზე.   

სწორედ ეს არის კოლექტიური პასუხისმგებლობა. და როდესაც რუსეთი დამარცხდება, აღარავინ დაიწყებს იმის გარკვევას, ვინ იყო პუტინის ევრაზიული იდეის ფანატიკოსი მხარდამჭერი და ვინ – მდუმარე მოწინააღმდეგე. ყველას მოუწევს დანაშაულის სიმძიმის საკუთარ თავზე გამოცდა.

P.S. სამწუხაროდ, არც რუსი ოსკარ შინდლერის შესახებ მსმენია რამე.

გრიგოლ ჯულუხიძე

FPC დირექტორი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s