ჟენევის სამიტი: მოლოდინები და რეალობა

მაისის ბოლოს თეთრმა სახლმა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მომავალი სამიტის ჩატარება ოფიციალურად დააანონსა. სამიტის თარიღად 16 ივნისი, ადგილმდებარეობად კი შვეიცარიის ქალაქი ჟენევა შეირჩა. შეხვედრამდე საერთაშორისო ექსპერტები  ვარაუდობდნენ, რომ სამიტი ძირეულ ცვლილებებს ვერ მოიტანდა, რადგან არსებობს უამრავი რეგიონული თუ საერთაშორისო საკითხი, რომლებზეც მხარეებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ. სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვა, ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები, კიბერუსაფრთხოება, NATO-ს გაფართოება, უკრაინა, ახლოაღმოსავლური კონფლიქტები და ადამიანის უფლებები – ეს ის თემებია, რომლებიც ჟენევის სამიტის დღის წესრიგში შევიდა.

შეხვედრა ადგილობრივი დროით შუადღის 4 საათზე დაიწყო. სამიტს ჟენევის ტბის პირას მდებარე სასახლე La Grange მასპინძლობდა. ყველასთვის მოულოდნელად, სამიტზე პირველი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, გამოცხადდა, რომელიც, ჩვეულებრივ, ყველა შეხვედრაზე აგვიანებს. პუტინს დაახლოებით 15 წუთში ამერიკელი კოლეგაც შეუერთდა. სამიტი შვეიცარიის პრეზიდენტმა, გაი პარმელინმა, გახსნა, რომელმაც განაცხადა, რომ შვეიცარია სამიტს სიამოვნებით მანპინძლობს  და იმედოვნებს, რომ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ლიდერებს პროდუქტიული შეხვედრა ექნებათ. შვეიცარიის პრეზიდენტის გახსნითი სიტყვის შემდეგ, ამერიკულმა და რუსულმა დელეგაციამ უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო, რომელსაც პრეზიდენტების გარდა, ორივე მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრები და ელჩები ესწრებოდნენ. პროტოკოლის მიხედვით, სამიტი ორ ნაწილად უნდა წარმართულიყო, რომლის სავარაუდო ხანგრძლივობა ოთხი საათით განისაზღვრა, თუმცა, შეხვედრა სამ საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა (შედარებისთვის წინა ამერიკულ-რუსული სამიტი ჰელსინკში მხოლოდ ორ საათს მიმდინარეობდა). ასევე ჰელსინკის სამიტისგან განსხვავებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელ პრესკონფერენციას აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები ცალ-ცალკე გამართავდნენ.

შეხვედრის დასრულებიდან მალევე, პირველი პრესკონფერენცია რუსეთის პრეზიდენტმა გამართა. პუტინმა შესავალშივე აღნიშნა, რომ სამიტზე მტრული ატმოსფერო არ სუფევდა. მეტიც, მისი შეფასებით, შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა. პუტინმა ბაიდენზე საუბრისას განაცხადა, რომ ის გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწეა, ამიტომ არ გაკვირვებია, რომ ის შეხვედრაზე მომზადებული მივიდა. მოკლე შესავლის შემდეგ, პუტინი სამიტზე განხილული თემების შეფასებაზე გადავიდა. უპირველეს ყოვლისა, რუსეთის პრეზიდენტმა, გამოყო სტრატეგიული შეიარაღების საკითხი და დადებითად შეაფასა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება, გაეგრძელებინა აშშ-სა და რუსეთს შორის დადებული ახალი START-ის ხელშეკრულება, რომლის მიზანს შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შეზღუდვა წარმოადგენს. პუტინის შეფასებით, მასობრივი განადგურების იარაღის კონტროლი ორივე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. კიბერუსაფრთხოებაზე საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიოში მომხდარი კიბერთავდასხმების უმრავლესობა, არა რუსეთის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან ხორციელდება, ამიტომ კრემლი არ იღებს პასუხისმგებლობას  აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ამერიკულ კომპანიებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებზე. მიუხედავად ამისა, პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა, აწარმოოს ვაშინგტონთან ღია დიალოგი კიბერუსაფრთხოების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე.

პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაზეც, თუმცა, მას კონკრეტული დეტალები არ გაუსაჯაროებია. რაც შეეხება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა აგრესიულ ექსპანსიონიზმში. მისი განცხადებით, ვაშინგტონი ცდილობს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და რუსეთისთვის ე.წ. „სასიცოცხლო სივრცის“ შეზღუდვას, რასაც კრემლის მხრიდან ადეკვატური ნაბიჯები მოჰყვება. პუტინმა თავი არ აარიდა ჟურნალისტის დასმულ კითხვას რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან და კონკრეტულად რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, დაკავებასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ნავალნის რუსული კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში თავისუფლების 2 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა, ის მაინც დაბრუნდა, ამიტომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ ნავალნის აკისრია. კითხვაზე რა მდგომარეობაა რუსეთში ადამიანის უფლებების კუთხით, პუტინმა გადაფარვის სტრატეგია აამოქმედა და ყურადღება 6 იანვრის მოვლენებზე გადაიტანა, როდესაც ტრამპის მხარდამჭერებმა კაპიტოლიუმის შენობაზე  იერიში  მიიტანეს. მისი შეფასებით, აშშ-ს არ აქვს უფლება სხვა სახელმწიფოებს მოსთხოვოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, რადგან ადამიანის უფლებები საკუთრივ ამერიკაშიც არაა დაცული. ზემოხსენებულის დასტურად რუსეთის პრეზიდენტმა რასობრივ უთანასწორობასა და მასობრივი მკვლელობების პრობლემაზე ისაუბრა. პრესკონფერენციის დასასრულს პუტინმა სამიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების მკვეთრად გაუმჯობესების ილუზია. მისი თქმით, დღესდღეობით არსებული დაძაბულობა მთლიანად ვაშინგტონის პასუხისმგებლობაა, თუმცა, კრემლი სამომავლოდ მაინც შეეცდება თეთრ სახლთან საერთაშორისო უსაფრთხოების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე საერთო ენის გამონახვას.

რუსეთის პრეზიდენტის შემდეგ, შემაჯამებელი პრესკონფერენცია აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც, გამართა. მან განაცხადა, რომ სამიტის ჩატარება მნიშვნელოვანი იყო ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ ხანებში მკვეთრად გაუარესებულ ორმხრივ ურთიერთობებში მცირე პოზიტიური დინამიკის შესატანად. მისი თქმით, მან პუტინთან მრავალი თემა განიხილა, მათ შორის იყო ადამიანის უფლებების საკითხიც. ბაიდენის თქმით, ნავალნის შემთხვევასთან ერთად განიხილეს რუსეთში უკანონოდ დაკავებული ორი ამერიკელი მოქალაქის საკითხიც. აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ე.წ. „ტყვეთა გაცვლის“ თემაში მხარეებმა შესაძლოა მნიშვნელოვან კომპრომისს მიაღწიონ. ბაიდენმა, მისი რუსი კოლეგის მსგავსად, დადებითად შეაფასა მხარეთა მიერ გადადგმული ნაბიჯები სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების კონტროლის კუთხით. ბაიდენის განცხადებით, მსოფლიოში ორი უდიდესი ბირთვული მარაგის მქონე სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს მასობრივი განადგურების იარაღის შესამცირებლად. ბაიდენმა განსაკუთრებული ყურადღება კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მან პრეზიდენტ პუტინს შესთავაზა, რომ ორივე სახელმწიფოს კიბერსამიზნეების სიიდან ამოეღო კრიტიკული ინფრასტრუქტურა, კერძოდ 16 სტრატეგიული ობიექტი, თუმცა, ცხადია, ბაიდენის შეთავაზებას რუსული დელეგაცია კრიტიკულად შეხვდა, რადგან კრემლი მისი მხრიდან ამერიკულ კომპანიებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებს საერთოდ არ აღიარებს. აშშ-ის პრეზიდენტი შეეხო უკრაინის და ბელარუსის საკითხსაც. მან მზადყოფნა გამოთქვა, პოზიტიური როლი შეასრულოს მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის საქმეში, თუმცა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაუჭრელ პრობლემად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომი. რაც შეეხება ბელარუსს, ბაიდენმა გააკრიტიკა ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში, რაშიც მას პუტინი არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ბელარუსს, ისევე, როგორც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება სხვების ჩაურევლად, თავად განსაზღვროს საკუთარი განვითარების ვექტორი. პრესკონფერენციის დასასრულს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ზომიერად კმაყოფილია სამიტზე მიღწეული შედეგით. შეჯამების სახით, ბაიდენმა სამიტზე ამერიკული დელეგაციის 3 ძირითად მიღწევაზე ისაუბრა: 1. მოხდა იმ ძირითადი პრაქტიკული საკითხების იდენტიფიცირება, რომლებზე მუშაობაც ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებს სამომავლოდ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს; 2. შედგა მხარეებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია და პრეზიდენტის მხრიდან აღინიშნა, რომ აშშ ადეკვატური ნაბიჯებით უპასუხებს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მისი და მისი მოკავშირეების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესუსტებისკენ იქნება მიმართული; 3. მოხდა აშშ-ის საგარეო პრიორიტეტების და მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულებების (ადამიანის უფლებები) ხაზგასმა, რომლის დასაცავადაც მოქმედი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს.

საინტერესოა, რა მიზნები ჰქონდათ მხარეებს სამიტამდე და მიაღწიეს თუ არა მათ ამ მიზნებს. რუსულ დელეგაციას სამიტზე ორი ძირითადი ამოცანა ჰქონდა: 1. გაენეიტრალებინა ვაშინგტონის ნებისმიერი ბრალდება და პასუხისმგებლობა ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებზე გადაეტანა; 2. წარმოეჩინა რუსეთის ფედერაცია, როგორც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები თანასწორად აღიქვამს. რაც შეეხება ვაშინგტონს, მისი ძირითადი მიზანი იყო წარმოეჩინა აშშ-ის პრეზიდენტი, როგორც ლიდერი, რომელსაც ყველა საკითხზე მკაფიო და რაც მთავარია, შეუვალი პოზიცია აქვს. როგორც პუტინს, ასევე ბაიდენს ჟენევის სამიტი შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის სჭირდებოდა. უკანასკნელ წლებში პუტინის რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა, ამიტომ ჟენევის სამიტმა მას შიდაპოლიტიკური პრობლემებიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანის საშუალება მისცა. რაც შეეხება ბაიდენს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გამოეკვეთა სხვაობა მის წინამორბედთან და დაერწმუნებინა ამერიკელი მოქალაქეები, რომ ქვეყანას ძლიერი პრეზიდენტი მართავს, რომელიც ნებისმიერ დროს მზადაა დაიცვას ისინი რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებისგან. აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ზემოხსენებულ მიზანს მიაღწია. რაც შეეხება ბაიდენს, სამიტზე მის პერფორმანსს საერთაშორისო ექსპერტები ორაზროვნად აფასებენ, ხოლო როგორ შეაფასებს მას აშშ-ის მოსახლეობა, ამას სულ მალე საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები გვიჩვენებს.

სამიტის ძირითად მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აშშ და რუსეთი დააბრუნებენ მათ მიერ აპრილში გაძევებულ დიპლომატებს. ასევე შესამჩნევია მცირე პროგრესი  ტყვეთა გაცვლის მიმართულებით. როგორც მოსალოდნელი იყო, ჟენევის სამიტზე ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გარდატეხა არ მომხდარა. ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობენ საერთაშორისო უსაფრთხოების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა, ყველა დანარჩენში მათი პოზიციები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, რაც საერთოდ არაა გასაკვირი იმ ფონზე, რომ მოსკოვის მთავარი სტრატეგიული მიზანი აშშ-ის მიერ ჩამოყალიბებული ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლაა. ბაიდენის ადმინისტრაციის ხისტი მიდგომა გვაფიქრებინებს, რომ ვაშინგტონი სამომავლოდ რუსეთთან მიმართებაში გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც კრემლის დაბალანსებისა და შეკავებისკენ იქნება მიმართული.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s