რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის პრაქტიკა ესტონეთში

ბალტიისპირეთის ქვეყნები 1940 წლიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე საბჭოთა კავშირის სისტემური პროპაგანდის მსხვერპლნი იყვნენ, რასაც ადასტურებს: ისტორიის წიგნების გადაწერა, რათა შუა საუკუნეებში რუსეთიბალტიისპირეთის დამცველად წარმოეჩინათ; ეროვნული ჰიმნის ცვლილება, რათა საბჭოთა გავლენისთვის მიეგოთ პატივი; ეკონომიკური მონაცემებით მანიპულირება, რაც მათ საშუალებას აძლევდა, გაევრცელებინათ ისეთი ნარატივი, თითქოს საბჭოთა ოკუპაცია ბალტიისპირეთის ქვეყნების ეკონომიკას აძლიერებდა.

ესტონეთის მიმართ ჰიბრიდული ომის ტექნოლოგიური აგრესია ყველაზე მძიმედ 2007 წელს გამოვლინდა, როდესაც ესტონეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომის მემორიალი და 13 საბჭოთა ჯარისკაცის ქანდაკება ტალინიდან გაეტანათ, რუსეთის მხრიდან ესტონეთის მთავრობასა და საბანკო ვებსაიტებზე კიბერშეტევამოჰყვა. 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ კი აშშ-სა და ევროპაში იმატა შეშფოთებამ ბალტიისპირეთის ქვეყნების მომავალთან დაკავშირებით, ვინაიდან ესტონეთში მცხოვრები რუსულენოვანი უმცირესობა რუსული ჰიბრიდული ომის კამპანიის მიმართ მოწყვლადი იყო.

ესტონეთში რუსულ პროპაგანდას როგორც ეროვნულ, ასევე მულტილატერალურ დონეზე ებრძვიან. ამასთანავე, პროცესში ჩართულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და მოხალისეთა დიდი არმიაც.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ესტონელი პოლიტიკოსები და სამხედრო მმართველობა უარს აცხადებს ინტერვიუზე რუსეთის მიერ კონტროლირებულ სამაუწყებლო კომპანიებთან, რათა არ დამახინჯდეს მათი განცხადებები და შემდგომ არ მოხდეს ამითი მანიპულირება.

ანტიჰიბრიდული ძალების მიმართ ქვეყნის მთავარი მოთამაშე ესტონეთის თავდაცვის ლიგაა (EDL). ამ მოხალისეობრივ უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ქოლგის ქვეშ მოქმედებენ,ფართო პასუხისმგებლობები გააჩნიათ, მათ შორის,ფიზიკური თავდაცვა, კიბერთავდაცვა და ეროვნული უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ლიგა პირდაპირაა დაკავშირებული კიბერთავდაცვასთან, თუმცა დეზინფორმაციასთან ბრძოლაშიც გადამწყვეტ როლს ასრულებს, ვინაიდან მართავს ანტიპროპაგანდისტულ ბლოგს „Propastop.org“. აღნიშნული პლატფორმის მთავარი მიზანი ესტონეთის საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რაც გამოიხატება არა მხოლოდ მავნე ნარატივებთან ბრძოლით, არამედ იმ „პოსტებისა“ და ინდივიდებისგამოვლენით, რომლებიც დეზინფორმაციას ემსახურებიან („naming and shaming) ; ასევე – მედიაწიგნიერების ხელშეწყობით.

როგორც აღინიშნა, ესტონეთში მცხოვრებირუსულენოვანი უმცირესობის რუსული დეზინფორმაციისადმი მოწყვლადობის საკითხი ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გახდა აქტუალური (ესტონეთში მათი რაოდენობა 330,000 შეადგენს). ამ გამოწვევაზე საპასუხოდ 2015 წელს ესტონეთმა ალტერნატიული არხი აამოქმედა რუსულენოვანი ახალი ამბებითა და გასართობი გადაცემებით. არხი ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERR)კონტროლის ქვეშ მოექცა. EER პროგრამის ხელმძღვანელის განცხადებით, ესტონეთში მცხოვრებმა ეთნიკურმა რუსებმა ხშირად არ იციან,რა ხდება ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობენ. ზემოხსენებული არხი კი საზოგადოების დაახლოებას გამოიწვევს და განცდას, რომ ისინიცმნიშვნელოვანნი არიან. 

ესტონური ტელემედია საშუალებების მუშაობის პრინციპის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა უკრაინის კრიზისის მედია ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა: „ქვეყნებმა პროპაგანდას კონტრპროპაგანდით არ უნდა უპასუხონ. ‘ფეიკ ნიუსზე’ ყველაზე კარგი პასუხი დამოუკიდებელი მედიის არსებობაა. მე ვეუბნები ჩვენს ეროვნულ სამააუწყებლო კომპანიებს – არ იდარდოთ იმაზე, ხართ თუ არა ყველაზე პოპულარული არხი ესტონეთში. მაგრამ საჭიროა, იყოთ ყველაზე სარწმუნო. ეს ნიშნავს – როდესაც ხალხს რაღაც უცნაურად მოეჩვენებათ, თქვენკენ მობრუნდებიან შესამოწმებლად“. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ესტონეთის სამაუწყებლო ეთერში ყველა მხარის პოზიცია ჟღერდება, მათ შორის, პუტინისაც. ამის მიზეზი ისაა, რომ საბოლოოდ ხალხმა გადაწყვიტოს,ვისი სჯერათ. 

საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მედიაწიგნიერებაზე არა მხოლოდ ტელევიზიები ზრუნავენ, არამედ რადიოებიც. ერთ-ერთმა ყველაზე ხშირად მოსმენადმა რადიო სადგურმა ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობისთვისახალი რუბრიკა წამოიწყო, რომელიც მედიაწიგნიერების გაზრდას ემსახურება და მოიცავს დისკურსიებს ექსპერტებთან სხვადასხვა საკითხზე, რომლებიც დეზინფორმაციის კამპანიებსა და ‘ფეიკ ნიურსებს’ უკავშირდება.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე მასშტაბურკამპანიას „ბალტიისპირელი ელფები“ ახორციელებს.„ბალტიისპირელი ელფები“ აქტივისტთა ჯგუფია ინტერნეტში, რომელთა მთავარი საქმიანობა რუსულ ‘ტროლებთან’ ბრძოლაა. დაჯგუფება უკრაინის კონფლიქტის შემდეგ ჩამოყალიბდა. დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ წუხილის ნაცვლად თავად უნდა ემოქმედათ. აქტივისტთა არმია თავდაპირველად ლიეტუვაში ჩამოყალიბდა, თუმცა შემდეგ ესტონეთი და ლიტვაც მოიცვა და დღეს ათასობით მოხალისეს აერთიანებს. „ელფები“ Debunk.eu-საც ეხმარებიან და ერთად დღეში 20,000-მდე სტატიას აანალიზებენ, რათა რუსულ დეზინფორმაციულ აქტივობას ებრძოლონ.

რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის პროცესში ესტონეთი მულტილატერალურ დონეზეცაა ჩართული. 2007 წლის მასობრივი კიბერშეტევის შემდეგ,ესტონეთის ძალისხმევით, ნატოში შეიქმნა თანამშრომლობითი კიბერთავდაცვის ცენტრი (CCDCOE), რომელიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს აერთიანებს და მხარს უჭერს ყოვლისმომცველ სტრატეგიას კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ. ცენტრის საქმიანობა არა მხოლოდ კიბერსივრცის უსაფრთხოება და დეზინფორმაციასთან ბრძოლაა, არამედ საგარეო გავლენების შემცირებაც.

NATO-მ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად სტრატეგიული კომიტეტიც შექმნა, რომელიც მიზნად საინფორმაციო ოპერაციების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და ყალბი ნარატივების ამოცნობას ისახავს. ანალიტიკური მოხსენებები, რომლებსაც სტრატკომი გამოსცემს,მიმოიხილავს რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკებსა და სამიზნეებს. ორგანიზაცია ყირიმის ანექსიის საწყის ეტაპზე მობილიზდა და საქმიანობის არეალი2014 წლის შემდეგ გააფართოვა. დღეს იგი ეხმარება NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის,ესტონეთს, როდესაც კრემლის პროპაგანდას ეხება საქმე, ყალბი ნარატივების ამოცნობასა და აუდიტორიის მდგრადობის გაზრდაში.

პანდემიამ ახალი ენერგიით გაააქტიურა „ბოტები“ და პროპაგანდისტები ბალტიისპირეთის ქვეყნებში. კოვიდ-19-ისკენ მიმართული  დეზინფორმაციის კამპანიების შედეგად გავრცელდა მავნე ინფორმაცია პანდემიის წარმოშობისა და მისი გავრცელების შესახებ, რასთან საბრძოლველადაც ამოქმედდა ევროკავშირის სწრაფი გაფრთხილების სისტემა. აღნიშნული მექანიზმი მთავარი ელემენტია ევროკავშირის 2018 წლის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმისა და მიზნად ისახავს ინფორმაციის გაცვლას ყალბი ახალი ამბების კამპანიის პირობებში. ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ დანიშნა ეროვნული საკონტაქტო წერტილი ყალბი ამბების მონიტორინგისთვის. 

კოვიდთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში Facebook-იც ჩაერთო. Facebook ბალტიისპირეთის ადგილობრივ მედიასაშუალებებთან ახალი ამბების გაშუქების საკითხებში დიდი ხანია თანამშრომლობს. ამ მიზნით შეიქმნა Re: Check, რომლის ინიციატორიცსაგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრი- Re: Balticaგახლდათ. 2011 წლიდან აღნიშნული ინიციატივა ყველა სახის დეზინფორმაციასთან ბრძოლაშია ჩართული. პანდემიის პირობებში თვეში 15 ყალბი ახალი ამბის ამოცნობა და მათი მონიშვნა ხდება. Re: Baltica-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ ყველაფერს შედეგი მართლაც აქვს, და Facebook-ის მომხმარებელთა 95% არ ხსნის იმ შეტყობინებას, რომელსაც ისინი ყალბ ამბებად აცხადებენ.

რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ესტონეთისეული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში წარმატების მაგალითად ითვლება. ესტონეთი პროპაგანდას ებრძვის არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ, არამედ საერთაშორისო დონეზე და დიდ ყურადღებას ამახვილებს კიბერთავდაცვაზე. რაც მთავარია, ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ათასობით მოხალისეა ჩართული, რაც დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლას უფრო ეფექტურს ხდის. საერთო ძალისხმევის საფუძველზე, რუსეთისთვის რთულია ესტონელებით მანიპულირება და მათთვის ყალბი ნარატივების თავსმოხვევა.

ნინო ბერუაშვილი

სტატია გამოიცა პროექტ, იან კარსკის სახელობის პროგრამა ახალგაზრდა ქართველი ლიდერებისთვის 2021, ფარგლებში.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s