რუსული პროპაგანდის ფაბრიკაციები (ნაწილი 1)

ვლადიმირ სოლოვიოვმა, სერგეი მარკოვმა და სხვა ცნობილმა რუსმა ინტერნეტ მომხმარებლებმა (სოციალურ ქსელებში ასეულობით ათასი გამომწერით) ფოტო გაავრცელეს, სადაც ვლადიმირ პუტინს ყურადღებით და განსაკუთრებული მოწიწებით უსმენენ მსოფლიო ლიდერები (დონალდ ტრამპი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ანგელა მერკელი და ა.შ.). გარდა ამისა, ყურადღება გერმანიის კანცლერის სამოსზეცაა გამახვილებული, რომელსაც „გეორგიევსკის ლენტი“ აქვს მიმაგრებული.

სინამდვილეში, პუტინი საერთოდ არ ყოფილა ადგილზე და რუსეთის პრეზიდენტი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით „ჩასვეს“ მსოფლიო ლიდერთა შორის, ისევე როგორც „გეორგიევსკის ლენტი“ ანგელა მერკელის ბლუზზე.

გამოსახულება 1: „პუტინის ავტორიტეტი“
წყარო: http://www.russialies.com

RT და Sputnik-მა სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა ვლადიმირ პუტინის ინტერვიუზე, რომელიც რუსმა პოლიტიკოსმა ცნობილ ამერიკელ რეჟისორს, ოლივერ სტოუნს მისცა 2017 წელს. აღნიშნულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტი მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის, MH17-ის კატასტროფაზეც საუბრობს. მისი თქმით, აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე, უკრაინაში მომუშავე ესპანელმა ავია დისპეტჩერმა (ვინმე კარლოსმა) MH17-ის მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაგამანადგურებელი დააფიქსირა. ამ მეტანარატივით ვლადიმირ პუტინმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა.

სინამდვილეში, „დისპეტჩერი კარლოსი“ საერთოდ არ არსებობს და იგი მხოლოდ სოციალურ ქსელებში შექმნილი „პროდუქტია“.

გამოსახულება 2: „ვლადიმირ პუტინი ავიაკატასტროფის საეჭვო დეტალებზე საუბრობს“
წყარო: http://www.russialies.com

კიდევ ერთი ფაბრიკაცია, რომელიც ტელეკომპანია „ზვეზდამ“ გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სირიაში განხორციელებულ „ეფექტურ“ ავიარეიდებს ეხება. ტელეკომპანიის თქმით, სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩართულობის წყალობით, სიტუაცია დარეგულირდა და მილიონზე მეტი სირიელი დაუბრუნდა მშობლიურ კერას.

სინამდვილეში, აბსოლუტურად საპირისპიროს ადასტურებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტოს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, სირიაში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.

გამოსახულება 3: „სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩართვის შემდეგ, მილიონზე მეტი სირიელი დაუბრუნდა სახლს“
წყარო: http://www.russialies.com

რუსული პროპაგანდის ერთ-ერთმა უმთავრესმა მედია აქტორმა, RT-მ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა იმის შესახებ თუ როგორ „ამარაგებდა“ უკრაინის ხელისუფლება FN-6-ებით ისლამურ სახელმწიფოს სირიაში.

სინამდვილეში, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკუთარ არსენალში საერთოდ არ ფლობს ასეთ იარაღს და რა თქმა უნდა, ოფიციალური კიევის მიერ ისლამური სახელმწიფოსთვის FN-6-ის მიყიდვის არცერთი დადასტურებული ფაქტი არ ფიქსირდება.  

გამოსახულება 4: „უკრაინა ისლამურ სახელმწიფოს FN-6-ებს ჰყიდის“
წყარო: http://www.russialies.com

 მომდევნო გამოსახულება Sputnik-მა გაავრცელა, რომელზეც უკრაინის ხელისუფლების მიერ „დაბომბილი“ დონეცკი ჩანს. სინამდვილეში, ფოტოზე ეფექტები მარტივი კომპიუტერული პროგრამითაა (Photoshop) დამონტაჟებული.  

გამოსახულება 5: „უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკი დაბომბა“
წყარო: http://www.russialies.com

2014 წლის მაისში, Politikus.ru-მ ფოტო გაავრცელა, რომელზეც მიცვალებულებით გადავსებული „სლავიანსკის საქალაქო პროზექტურაა“ აღბეჭდილი. სტატიაში ყურადღება იმ არნახულად სასტიკ მეთოდებზეა გამახვილებული, რომელსაც უკრაინული სამთავრობო ძალები იყენებენ აჯანყებულთა წინააღმდეგ.

სინამდვილეში, ფოტო 2009 წელსაა გადაღებული მექსიკის ქალაქ ხუარესში, სადაც ადგილობრივი ნარკო-კარტელების  ურთიერთგარჩევებს ასეულობით ადამიანი შეეწირა.

გამოსახულება 6: „სლავიანსკის პროზექტურა უკრაინული სამთავრობო ძალების მიერ მოკლული ხალხითაა სავსე“ წყარო:  http://www.russialies.com

ერთი სიტყვით, კრემლმა მსგავსი ტაქტიკით არამხოლოდ რუსეთის მოსახლეობის ინდოქტრინაცია, არამედ დასავლურ სახელმწიფოეშიც კი პოლიტიკური ბზარების გაჩენა მოახერხა. რიგ შემთხვევაში, ეს ევროსკეპტიციზმის ზრდით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი გულგრილი დამოკიდებულებითა და ცალკეული საზოგადოებების ნეიტრალური პოზიციით ვლინდება. იოზეფ გებელსის პრინციპი – რაც უფრო მწარე და დაუჯერებელია ტყუილი, მით მეტია დაჯერების შანსი -21-ე საუკუნეშიც არ კარგავს პრაქტიკულ აქტუალობას.  

გრიგოლ ჯულუხიძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს დირექტორი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s