მარიო დრაგი – იტალიის ახალი პრემიერი

1 კვირის წინ, რომში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა და ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი მოევლინა. თუმცა, იტალიის შემთხვევაში, ყველაფერი მშვიდად, ინსტიტუციური ფარგლების გადაცდომის გარეშე განვითარდა. ერთი სიტყვით, პროფესორი ჯუზეპე კონტე მარიო დრაგიმ ჩაანაცვლა.

მარიო დრაგი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი ეკონომისტია. 2005-2011 წლებში იყო იტალიის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, შემდეგ კი, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი იყო. მისი უფლებამოსილების პერიოდში მოხდა მძიმე ფინანსური კრიზისის დაძლევა. სწორედ დრაგიმ განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო ევროს გადასარჩენად (“Whatever it takes”).

ბრიტანულმა გაზეთებმა “Financial Times” და “Times” იგი წლის ადამიანად გამოაცხადეს, ხოლო 2018 წელს, ამერიკულმა Forbes–მა იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის მე-18 ადგილზე დაასახელა. მედია ახლა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ევროს გადამრჩენელმა ეკონომისტმა ახლა საკუთარი ქვეყანა უნდა გამოიყვანოს მძიმე კრიზისიდან.

მარიო დრაგი 1947 წელს დაიბადა ქალაქ რომში. 15 წლის ასაკში მან ორივე მშობელი დაკარგა. 1970 წელს დაამთავრა რომის La-Sapienza უნივერსიტეტი ეკონომიკის მიმართულებით. თავის ნაშრომში მან გააკრიტიკა დაშვებები იმის შესახებ, რომ არ არსებობს პირობები ერთიანი ევროპული ვალუტის პროექტის შესაქმნელად.

დრაგიმ დოქტორის ხარისხი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) მიიღო ფრანკო მოდილიანის ხელმძღვანელობით (ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში). მომდევნო წლებში ის იყო ტრენტოს, პადუას, ვენეციისა და ფლორენციის უნივერსიტეტების აკადემიური პედაგოგი.

1984 წლიდან 1990 წლამდე იყო მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი. შემდეგ, მუშაობდა იტალიის სახელმწიფო ხაზინის გენერალურ დირექტორად.

2005 წლის დეკემბერში, Goldman Sachs საინვესტიციო ბანკის მენეჯმენტში რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, მარიო დრაგი 6 წლით იტალიის ეროვნულ ბანკში გადაინაცვლა, ხოლო 2011 წლიდან 2019 წლამდე ევროპის ცენტრალურ ბანკს ჩაუდგა სათავეში.

დრაგის მთავრობა 15 პოლიტიკოსითა და 8 ექსპერტით არის ფორმირებული. ეს არის პრეზიდენტ მატარელასა და პრემიერის ერთობლივი მთავრობა. მას ასევე მოიხსენიებენ როგორც “ეროვნული პასუხისმგებლობის მთავრობას” (Un governo di responsabilità nazionale).

კოალიცია შედგება არსებული სამთავრობო ჯგუფებისგან: “დემოკრატიული პარტია”, “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა”, “Lega” და სილვიო ბერლუსკონის “Forza Italia”.

შესაბამისად, მთავრობას მხარს უჭერს ყველა ძირითადი საპარლამენტო ჯგუფი, გარდა ჯორჯა მელონის პარტიისა – Fratelli d’Italia.

მინისტრთა კაბინეტში დარჩნენ ჯუზეპე კონტეს მთავრობის წევრები: ლუიჯი დი მაიო, რომელიც კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს. თანამდებობები შეინარჩუნეს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრნა ლუჩანა ლამორგეზემ, ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ და თავდაცვის მინისტრმა ლორენცო ჯერინიმ.

ფინანსთა მინისტრად დაინიშნა დანიელ ფრანკო, იტალიის ცენტრალური ბანკის გენერალური დირექტორი.

იუსტიციის ახალი მინისტრი არის მარტა კარტაბია, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე (ის პირველი ქალია იტალიაში, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა). განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობს პატრიციო ბიანკი.

ჯანკარლო ჯორჯეტი არის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელი. ტურიზმის მინისტრი მასიმო გარავალია გახდა. ყოფილი “მის იტალია” მარა კარფანია სამხრეთისა და ტერიტორიული ერთიანობის მინისტრი გახდა.

მარა კარფანია – სამხრეთისა და ტერიტორიული ერთიანობის მინისტრი

მარიო დრაგის მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალბებას წინ უძღოდა ღრმა სამთავრობო კრიზისი, რომელიც იანვრის დასაწყისში დაიწყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მატეო რენცის პარტია Italia Viva ჯუზეპე კონტეს მინისტრების დებოშით ემუქრებოდა. საქმე ეხება კონტეს მეორე მთავრობას, რომელიც “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობისა” და “დემოკრატიული პარტიის” კოალიციის შედეგად შეიქმნა 2019 წლის სექტემბერში. კაბინეტი მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც Lega-მ ერთი თვით ადრე დატოვა სამთავრობო კოალიცია დატოვა. აღნიშნული პარტია კონტეს პირველი კაბინეტის “ხერხემლად” ითვლებოდა.

გრიგოლ ჯულუხიძე

The Foreign Policy Council-ის დირექტორი

სტატია შეიქმნა პროექტის, Publication and Discussion ფარგლებში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s