ტრამპის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობა პირველ საპრეზიდენტო ვადაში

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო, კონგრესისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა, თუმცა, ხმებს ექვს შტატში ჯერ კიდევ ითვლიან. საპრეზიდენტო არჩევნების ბედს ნევადაში დაფიქსირებული შედეგები გადაწყვეტს. თუ შტატს ბაიდენი მოიგებს, მაშინ ის მოაგროვებს საარჩევნო კოლეგიის 270 ხმას და გახდება თეთრი სახლის ახალი ბინადარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპი თანამდებობასშეინარჩუნებს და ხელისუფლებაში მეორე ვადითაც დარჩება. მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში, საჭიროა შეჯამდეს პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობა მისი თანამდებობაზე ყოფნის პირველ ვადაში. ამ პერიოდში ტრამპმა საგარეო ურთიერთობებში მრავალი კონტროვერსიული გადაწყვეტილების მიღება მოასწრო. სტატიაში შევეცდები შევაფასო ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობა და განვიხილო მისი წარმატებული/წარუმატებელი დიპლომატიური ნაბიჯები.

საგარეო პოლიტიკური წარმატებები: 1. ჩინეთისა და რუსეთის ღია საფრთხედ იდენტიფიცირება – 2017 წლის 17 დეკემბერს მიღებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ხაზგასმულია, რომ ჩინეთი და რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენენ.სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ პეკინი და მოსკოვი სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან ერთად (ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ა.შ.) ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-ის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. გასული ოთხი წლის მანძილზე ტრამპის საგარეო პოლიტიკა განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ზემოხსენებული რეჟიმების ნეიტრალიზაციაზე ამახვილებდა;

2. ჩინეთის შეკავებაზე ორიენტირება – მართალია, აღმოსავლეთ აზიის ღერძს (Pivot to East Asia) საფუძველი ობამას ადმინისტრაციამ ჩაუყარა, თუმცა, ტრამპმა უკვე ღია მოქმედებებით სცადა პეკინის პოლიტიკური და ეკონომიკური ნეიტრალიზება. ტრამპი ხვდება, რომ უახლოეს ათწლეულებში ამერიკის ჰეგემონიის გამოწვევის სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური რესურსი მხოლოდ ჩინეთს აქვს, ამიტომ, მისი მიზანი ჩინეთის თანდათანობითი შესუსტება და რეგიონული ალიანსებით დაბალანსებაა. პეკინის ეკონომიკური ზრდის შენელებას ემსახურებოდა ჩინეთთან სავაჭრო ომის წამოწყება. გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციამ უფრო აქტიურად დაიწყო ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის (Quadrilateral Security Dialogue, QUAD) პლატფორმის გამოყენება, რომლის ძირითადი მიზანი იაპონიასთან, ინდოეთთან და ავსტრალიასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით ჩინეთის დაბალანსებაა;

3. ისლამური ხალიფატის (ISIS) დამარცხება – ახლო აღმოსავლეთში წარმოქმნილ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაც ობამას ადმინისტრაციამ დაიწყო, თუმცა, მისი საბოლოო ნეიტრალიზება დონალდ ტრამპის სახელს უკავშირდება. ამ უკანასკნელის პროაქტიურმა პოლიტიკამ ჯერ ისლამური სახელმწიფოს პოზიციების თანდათანობითი შესუსტება, ხოლო შემდეგ საბოლოო მარცხი განაპირობა. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ისლამური ხალიფატის განადგურებას მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად მიიჩნევს;

4. ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია – 2020 წლის 3 იანვარს, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე წერტილოვანი საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმას ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის (IRGC) ერთ-ერთი ელიტური დაჯგუფების – QUDS-ის მეთაური, მაღალი რანგის სამხედრო პირი, გენერალი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტთაშეფასებით, სწორედ გენერალმა სოლეიმანმა შექმნა პოსტრევოლუციური ირანის რეგიონული პოლიტიკა. ის მხარს უჭერდა ირანის მიერ შიიტური სამყაროს კონსოლიდაციის გეგმას, რისთვისაც იყენებდა სამხედრო კავშირებს რეგიონის სახელმწიფოებში და აფინანსებდა პროირანულ მილიტარისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის ჰამასსა და ჰეზბოლას.შესაბამისად, გავლენიანი ირანელი გენერლის ლიკვიდაცია, რომელიც აშკარა ანტიამერიკული ქმედებებით გამოირჩეოდა, მოქმედი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ წარმატებად უნდა შეფასდეს;

5. ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური მოლაპარაკებების წამოწყება – ტრამპის ადმინისტრაციამ მოახერხა ჩრდ. კორეასთან ნახევრკუნძულის სრულ ბირთვულ განიარაღებაზე საუბრის დაწყება. მხარეებს შორის ორი დიპლომატიური სამიტი შედგა: პირველი 2018 წლის ივნისში სინგაპურში, ხოლო მეორე 2019 წლის თებერვალში ვიეტნამის დედაქალაქ – ჰანოიში. უკანასკნელი წლების მანძილზე ორი ქვეყნის ლიდერს შორის კარგი პირადი ურთიერთობა დამყარდა, ლიდერებმა აქტიურად დაიწყეს ერთმანეთის ქება, ჩრდ. კორეის ლიდერმა – კიმ ჩენ-ინმა ფხენიანში დე-ფაქტო ამერიკული საელჩოს გახსნის შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებებში საკმარისი დიპლომატიური პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა, რაც მხარეთა აბსოლუტურად განსხვავებული სტრატეგიული მიზნებით აიხსნება. თუმცა, ის ფაქტი, რომ ტრამპიჩრდილოეთ კორეის რეჟიმთან მოლაპარაკებებშიამერიკის პრეზიდენტებს შორის ყველაზე შორს წავიდა, მის საგარეო პოლიტიკურ წარმატებად უნდა შეფასდეს;

6. ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება – ტრამპმა ისრაელსა და რამდენიმე არაბულ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლი წარმატებულად იტვირთა. 2020 წლის 14 სექტემბერს ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ხელმოწერილი ურთიერთობების ნორმალიზაციის შეთანხმება ნამდვილი დიპლომატიური გარღვევა აღმოჩნდა, რომელსაც 10 დღის შემდეგ ყურის კიდევ ერთი სახელმწიფო – ბაჰრეინი შეუერთდა. ზემოხსენებული ფაქტი, შესაძლოა, რეგიონის სხვა სახელმწიფოების, მათ შორის საუდის არაბეთის მიერ ისრაელის აღიარების საწინდარი გახდეს, რაც რეგიონში არსებულ სტატუს-ქვოს სრულიად შეცვლის. აღნიშნული შეთანხმებების ბროკერობით, ტრამპმა მოახერხა ისრაელისა და ყურის სახელმწიფოების დაახლოება, რაც მომავალში შესაძლოა მათ შორის ანტიირანული კოალიციის შექმნით დასრულდეს. 

საგარეო პოლიტიკური შეცდომები: 1. ტრანს-წყნაროკეანური პარტნიორობის (TPP) დატოვება – ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატები ცალმხრივად გამოიყვანა ტრანს-წყნაროკეანური პარტნიორობიდან, რამაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკონომიკური და პოლიტიკური ზიანი მიაყენა. რეგიონული ორგანიზაციის დატოვებამ აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა წლიური 1%-ით შეამცირა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაშინგტონმა ჩინეთის შეკავებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დაკარგა;

2. პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმების დატოვება – ტრამპის მომხრეების აზრით, ზემოხსენებული შეთანხმების დატოვებამ შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მოუტანა, რადგანაც მოხდა ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების (ქვანახშირის ემისიისა და სხვა მავნე ნივთიერებების ზღვრული შემცირება) ანულირება. თუმცა, პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმებიდან გამოსვლამ მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს. გარდა ამისა, ზემოხსენებულმა ნაბიჯმა მკვეთრად გააუარესა აშშ-ის ურთიერთობა ევროპის მრავალ სახელმწიფოსთან;

3. ირანის ბირთვული შეთანხმების (JCPOA) დატოვება – 2018 წლის მაისში პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული შეთანხმება უნილატერალურად დატოვა და ამავე წლის სექტემბერში ირანის მისამართით დაწესებული სანქციები სრულად აღადგინა. პრეზიდენტის შეფასებით, ირანი არ ასრულებდა შეთანხმებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს (ბირთვული პროგრამის გაყინვა და ტერიტორისტული ორგანიზაციების დაფინანსებაზე უარის თქმა). რეალურად, შეთანხმების დატოვება ტრამპის საგარეო პოლიტიკურ წარუმატებლობად უნდა მივიჩნიოთ, რადგან: 1. თუ ხელშეკრულების ხელმომწერი სახელმწიფოები (რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია) მომავალში ვერ მოახერხებენ შეთანხმების შენარჩუნებას, თეირანი გააგრძელებს სამხედრო მიზნებით ურანის გამდიდრებას, რაც გარკვეული დროის შემდეგ აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნის პრობლემას. საბოლოოდ, აშშ იძულებული იქნება, რომ დაიწყოს წინსმწრები ან პრევენციული ომი ირანის წინააღმდეგ. 2. ამ ნაბიჯმა მკვეთრად გააუარესა ვაშინგტონსა და ევროპის სახელმწიფოებს შორის ისედაც უკვე გაფუჭეული ურთიერთობები;

4. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვება – 2018 წლის 19 ივნისს, აშშ-ის ყოფილმა მუდმივმა ელჩმა გაეროში – ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვება დააანონსა. ჰეილის შეფასებით, ზემოხსენებული ნაბიჯის ძირითადი გამოწვევი მიზეზი გაეროს მიერ ისრაელის იზოლირების მცდელობები და სხვადასხვა რეჟიმების მიერ (განსაკუთრებით ჩინეთი და ვენესუელა) ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პერმანენტულ დარღვევაზე გაეროს არასაკმარისად მკაცრი რეაგირება გახდა. ზემოხსენებული სტრუქტურიდან გამოსვლამ მძიმე დარტყმა მიაყენა აშშ-ის, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერის იმიჯს;

5. სირიიდან ამერიკული ჯარების გამოსვლა  – 2018 წლის დეკემბერში ტრამპმა ამერიკული ჯარების მიერ სირიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ამერიკული ინტერესები ორი ძირითადი მიმართულებით დააზიანა: 1. სირიიდან ამერიკის არმიის გამოსვლამ ადგილზე ძალაუფლების ვაკუუმი შექმნა, რომელიც მაშინვე რევიზიონისტულმა ძალებმა (რუსეთი, ირანი) შეავსეს. შესაბამისად, ამერიკის ახლო აღმოსავლური პოზიციები მკაფიოდ შესუსტდა; 2. სირიიდან აშშ-ის ჯარების გამოსვლამ მათი მოკავშირე ქურთები ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დატოვა. ზემოხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს, რომლის შედეგად მათ ჩრდილო-დასავლეთ სირიის ქურთებით დასახლებული მნიშვნელოვანი ქალაქები (აფრინი, მანბიჯი) დაიკავეს და ამ ტერიტორიაზე ბუფერული ზონა შექმნეს. სირიიდან ამერიკული ჯარების გამოსვლას ტრამპის ადმინისტრაციაში მრავალი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მდივანი – ჯიმი მეტისი, რომელმაც პროტესტის ნიშნად თანამდებობაც დატოვა. მეტისი ტრამპს აფრთხილებდა, რომ ქურთი მოკავშირეების მიტოვება მკვეთრად შეამცირებდა პარტნიორების ნდობას ვაშინგტონისადმი და უარყოფად იმოქმედებდა აშშ-ის გლობალურ პრესტიჟზე;

6. ამერიკული ჯარების მიერ ავღანეთის დატოვება – ტრამპის უშუალო ჩართულობით, 2020 წლის 29 თებერვალს, კატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-სა და თალიბანს შორის შედგა საბოლოო შეთანხმება, რომლის მიხედვით მომდევნო 14 თვის განმავლობაში, აშშ და მისი მოკავშირეები მთლიანად დატოვებდნენ ქვეყანას, ხოლო თალიბანი დაიწყებდა მოლაპარაკებებს ავღანეთის ხელისუფლებასთან. სანაცვლოდ თალიბანმა აიღო ვალდებულება, შეწყვიტოს ყოველგვარი კავშირი ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან და ხელი შეუშალოს ნებისმიერი ტერორისტული ქსელის განვითარებას ავღანეთის ტერიტორიაზე. ერთი შეხედვით, ავღანეთის ომის დასრულება ტრამპის წარმატებად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა, საქმე ასე მარტივად სულაც არაა. რეალურად, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ავღანეთის დატოვება შექმნის ძალაუფლების ვაკუუმს, რომელსაც მაშინვე თალიბანი შეავსებს. გარდა ამისა, ვაშინგტონს არ აქვს არანაირი გარანტია, რომ მისი ჯარების გაყვანის შემდეგ თალიბანი ავღანეთის ხელისუფლებასა და ქვეყნის მოსახლეობაზე ტერიტორისტულ თავდასხმებს ისევ არ გააგრძელებს. ამერიკის ჯარების მიერ ავღანეთის დატოვება უფრო მეტად ხელების დაბანის ასოციაცის ქმნის, რაც ავღანეთში კიდევ უფრო ქაოტურ სიტუაციას შექმნის, ვიდრე მანამდე იყო; 

7. იერუსალიმის აღიარება – ტრამპმა 2017 წლის 6 დეკემბერს უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალად აღიარა. ეს გადაწყვეტილება მან რაციონალური არგუმენტით ახსნა – 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ იერუსალიმს დე-ფაქტოდ ისრაელი აკონტროლებს და მისი შეფასებით, ამ მოცემულობას მთელი მსოფლიო უნდა შეეგუოს. აღნიშნული სრულიად ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების მანამდე დამკვიდრებულ პოლიტიკას, ე.წ. „ორი სახელმწიფოს მოდელს“ (Two state solution), რომელიც ისრაელისა და პალესტინის მშვიდობიან თანაარსებობას გულისხმობს. გარდა ამისა, 2020 წლის იანვარში თეთრმა სახლმა პალესტინის პრობლემის გადაჭრის ახალი გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, იერუსალიმი და დასავლეთ სანაპიროს უდიდესი ნაწილი ისრაელს ეკუთვნის. პალესტინელმა ლიდერებმა გეგმას აბსურდული უწოდეს, რადგან ის ძირს უთხრის ორი სახელმწიფოს მოდელს. ზემოხსენებული ნაბიჯები შესაძლოა სასარგებლო იყოს ისრაელისთვის, თუმცა, სერიოზულ პრობლემებს ქმნის რეგიონული მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. იერუსალიმის აღიარება ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აშშ-ის, როგორც მსოფლიო პოლიციელისა და „მიუკერძოებელი მედიატორის“ იმიჯს;

8. აშშ-ის სამხედრო კონტიგენტის შემცირება გერმანიაში – 2020 წლის 29 ივლისს ტრამპმა გერმანიაში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტიგენტის 1/3-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპის ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა გერმანიის არასაკმარისი ფინანსური ძალისხმევა დახარჯოს მშპ-ის მინიმუმ 2% თავდაცვაზე. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი – მაიკ ესპერი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ევროპას აიძულებს, უფრო მეტად შეეცადოს რუსეთის საკუთარი რესურსებით შეკავებას. რეალურად, ამერიკული ჯარის ნაწილის გერმანიიდან გასვლა ასუსტებს ტრანს-ატლანტიკურ ერთობას და გერმანიას რუსეთის ხისტი, აგრესიული საგარეო პოლიტიკის წინაშე უფრო მოწყვლადს ხდის. ამერიკული კონტიგენტის შემცირებით იცვლება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დამკვიდრებული სტატუს-ქვო, რომელიც აშშ-ს ევროპის ცენტრალურ ნაწილში საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობის მეშვეობით სტრატეგიული მიზნების მიღწევის საშუალებას აძლევდა;

9. ტრანს-ატლანტიკური სოლიდარობის შესუსტება – ტრამპის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარუმატებლობა ტრანს-ატლანტიკური ერთობის შესუსტებაა. ამ უკანასკნელის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობდა 1977-1981 წლებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – ზბიგნევ ბრჟეზინსკი. ის აღნიშნავდა, რომ ევროპა სახელმწიფო მოწყობითა და ღირებულებითი სისტემით აშშ-ის ბუნებრივი მოკავშირეა, ამიტომ აშშ-ის ყოველი ადმინისტრაცია უნდა ეცადოს ევროპასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. ტრამპმა გასული ოთხი წლის მანძილზე გაკეთებული ხისტი განცხადებებითა და ცალმხრივი, სხვებთან შეუთანხმებელი მოქმედებებით ტრანს-ატლანტიკურ ერთობას წყალი შეუყენა. დღესდღეობით, ევროპულ სახელმწიფოთა ლიდერების გარკვეული ნაწილი ღიად საუბრობს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის აუცილებლობაზე;

10. აშშ-ის გლობალური პოზიციების შესუსტება – როგორია აშშ-ის საერთაშორისო გავლენა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში? არის თუ არა დღეს ამერიკა უფრო ძლიერი, ვიდრე ოთხი წლის წინ? ამ კითხვებზე პასუხი მკვეთრად უარყოფითია. გასული ოთხი წლის მანძილზე, გაიზარდა ჩინეთის გავლენა, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო პოლიტიკის წამყვანი აქტორის სტატუსი დაიბრუნა, მსოფლიოში დემოკრატიული სახელმწიფოების რიცხვის შემცირების პარალელურად გაიზარდა ავტორიტარული რეჟიმების რაოდენობა. საერთაშორისო პოლიტიკა უფრო ქაოტური გახდა, რადგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა „მსოფლიო პოლიციელის“ როლზე, რამაც ხელ-ფეხი გაუხსნა რევიზიონისტულ ძალებს. ყველა ზემოხსენებულ საგარეო პოლიტიკურ წარუმატებლობას ერთ კონკრეტულ შედეგამდე – აშშ-ის საერთაშორისო პოზიციების შესუსტებამდე მივყავართ.

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკა გასული ოთხის წლის მანძილზე ქაოტურობითა და არათანმიმდევრულობით ხასიათდებოდა. ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებას, თუმცა, ეს წარმატებები გადაფარა საგარეო პოლიტიკურმა შეცდომებმა, რამაც აშშ-ის საერთაშორისო გავლენა მნიშვნელოვნად შეამცირა. როგორ აფასებს ტრამპის საგარეო პოლიტიკას ამერიკელი ამომრჩეველი და მისცემს თუ არა მას ქვეყნის მეორე ვადით მართვის მანდატს, ამას სულ მალე გავიგებთ.

გიგა ჯოხაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s