სიმართლე კატინის შესახებ

საბჭოთა კავშირი პოლონურ ცნობიერებაში მუდამ იარსებებს, როგორც მძიმე ისტორიული გამოცდილება. ეჭვგარეშეა, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვა პოლონეთისთვის ტრაგიკული მოვლენა იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყანამ არა მარტო სუვერენიტეტი, არამედ 22 000 ოფიცერი და ამავდროულად საზოგადოებრივი ელიტის ავანგარდი დაკარგა. ამ მოვლენების უკან საბჭოთა კავშირი იდგა: „ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონისა კი სტატისტიკა“ – სწორედ ამ მიდგომით მოქმედებდა „ბოროტების იმპერია“ –  ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულებებს და სხვას აბრალებდა.

სტატიაც სწორედ იმ ტრაგიკულ მოვლენებს ეხება, რომლის შესახებაც სიმართლეს დიდი ხნის მანძილზე მალავდნენ.  სანამ ვუპასუხებთ კითხვას, თუ რა მოხდა კატინში, საჭიროა, 1930-იან წლებს დავუბრუნდეთ და ამ დანაშაულის წინაპირობა შევიტყოთ.

1930-იანები პოლონეთში

მეოცე საუკუნის 30-იანი წლები დემოკრატიული ქვეყნებისთვის იმედის მომცემი ნამდვილად არ გახლდათ. მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც Wall Street კრახი, ნაციონალიზმის აღზევებისთვის კარგი საბაბი აღმოჩნდა. დემოკრატიული ევროპის სახელმწიფოები, ფაქტობრივად, ხაფანგში მოექცნენ. მაშინ, როდესაც დასავლეთით გერმანია ვერსალის ხელშეკრულებას ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევდა, აღმოსავლეთით საბჭოთა კავშირი ეკონომიკის სტალინისტური ტრანსფორმაციის  ეტაპზე იყო, ამ დროს კი პოლონეთის უსაფრთხოებას განსაკუთრებული საფრთხე შეექმნა მიუნხენის გარიგების შედეგად. შეგახსენებთ, რომ შეთანხმების შემდეგ ჰიტლერმა მთლიანი ჩეხოსლოვაკიის ანექსია მოახდინა. რეიხის შემდეგი მსხვერპლი ,ლოგიკურად, პოლონეთი უნდა ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთს 3,5 მლნ ჯარისკაცი ჰყავდა, ვარშავამ თავდაცვითი სახის შეთანხმებები საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთთან მაინც გააფორმა. აღნიშნულ თანამშრომლობას შემაკავებელი როლი უნდა ეთამაშა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჰიტლერს სხვა განზრახვები ჰქონდა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა, რომელსაც ხელი 1939 წელს მოეწერა (ომის დაწყებამდე), ფაქტობრივად, პოლონეთის მომავალი განსაზღვრა. საიდუმლო პროტოკოლის მიხედვით, ორმა ქვეყანამ პოლონეთი შუაზე გაიყო და ამავდროულად, გავლენის სფეროები დააწესა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. უნდა აღინიშნოს, რომ 1-ლ სექტემბრამდე დასავლური სახელმწიფოების ლიდერებს არ სჯეროდათ, რომ ჰიტლერი ასეთ რისკზე წავიდოდა, თუმცა ეს არ გახლდათ ერთადერთი სიურპრიზი, რომელიც პოლონეთს სექტემბერში ელოდა. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, 17სექტემბერს, მას შემდეგ, რაც გერმანული შეიარაღებული ძალების ნაწილებმა პოლონეთის საზღვარი გადაკვეთეს, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ მოლოტოვმა გადაწყვიტა, რომ საბჭოელები პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები „მოძმე“ უკრაინელებისა და ბელარუსების „გადასარჩენად“ უნდა დაძრულიყვნენ. ამ დროს საბჭოთა კავშირი უკვე რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის საიდუმლო პროტოკოლის მიხედვით მოქმედებდა. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ თავდაუსხმელობის შეთანხმება პოლონეთსა და საბჭოთა კავშირს შორის – მიზეზი, რის გამოც ათასობით პოლონელი ჯარისკაცი საბჭოელებს ბრძოლის გარეშე ჩაბარდა. ეს ფატალური გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

კატინის სასაკლაო

ეჭვგარეშეა, სტალინი იყო ის ადამიანი, ვინც პოლონელი ოფიცრების ბედი გადაწყვიტა. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ლავრენტი ბერიას წერილი, რომელიც მკვეთრად უარყოფითად ახასიათებდა პოლონელ პატიმრებს. მისი თქმით, დატყვევებული ოფიცრები პოლონური დაზვერვის თანამშრომლები, კონტრრევოლუციური პარტიების წარმომადგენლები და სახელმწიფო საზღვრების დამრღვევები იყვნენ: “ისინი საბჭოთა კავშირის მოსისხლე მტრები და სისტემისადმი სიძულვილით განწყობილები არიან.” „დასკვნაც“  შესაბამისი გახლდათ: “აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, მათ საბჭოთა კავშირის გამოუსწორებელ მტრებად მივიჩნევთ. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს (შსსკ) მიაჩნია, რომ აუცილებელია მათი საქმეების განხილვა სპეციალური პროცედურების მეშვეობით და შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას სასჯელის უმაღლესი ფორმა – დახვრეტა” . რეზოლუციის პირველ გვერდზე სტალინის, ვოროშილოვის, მიქოიანისა და მოლოტოვის ხელმოწერებია. მართალია, ისინი სამხედრო ტყვეებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირს პოლონეთისათვის ომი არ გამოუცხადებია. მიუხედავად ამისა, ოფიცრები ოსტაშკოვის, სტარობელსკისა და კოზელსკის ბანაკებში განათავსეს. იმავე პერიოდში დაახლოებით 25 000 ოჯახი ყაზახეთში გადაასახლეს.

საბოლოო გადაწყვეტილება დატყვევებული სამხედრო ოფიცრების საქმეზე 1939 წლის 5 მარტს მიიღეს. განაჩენის აღსრულება აპრილში დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდა. ეგზეკუციები შემდეგნაირად მიმდინარეობდა: შსსკ პირადად ბერიას მოადგილესთან, მერკულოვთან აგზავნიდა მოხსენებებს (რომელსაც “აღსრულებას” უწოდებდნენ). მას კოზელსკიში მყოფი პატიმრები გნეზდოვოს სადგურზე გადაჰყავდა, (მდებარეობს კატინიდან 6.5 კილომეტრში). იქ კი თითოეულ პოლონელ სამხედრო ტყვეს ერთი ხელწერით კლავდნენ – გამჭოლი გასროლა კეფაში. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას განაჩენი ყოველგვარი სასამართლო პროცესისა თუ განხილვის გარეშე, შეუტყობინებლად გამოუტანეს.

კატინში აღმოჩენილი საფლავების შესახებ ინფორმაცია  მხოლოდ 1943 წლის 11 აპრილს გაჟღერდა.  ამბავს გერმანული სააგენტო Trans-ocean ავრცელებდა. ორი ტოტალიტარული წყობის სახელმწიფო, ერთ დროს მოკავშირენი, 1941 წლიდან უკვე ერთმანეთის განადგურებას ცდილობდნენ. სწორედ ყოფილმა მოკავშირეებმა, ნაცისტებმა აღმოაჩინეს ოფიცერთა ცხედრები კატინის ტყეში. გებელსმა თავისთვის დამახასიათებელ პროპაგანდისტულ სტილში გადაწყვიტა ამ ამბის გამოყენება. პოლონელთა გულის მოსაგებად კატინის ტყეში ნეიტრალური ჟურნალისტები შეუშვა და რამდენიმე საათში ბერლინის რადიომ მსოფლიოს მომხდარის შესახებ ამცნო. საბჭოთა მხარემ ბრალდება უარყო და გებელსის ცილისმწამებად შერაცხა.

მაშინ, როდესაც პოლონეთის მთავრობამ საქმეში საერთაშორისო წითელი ჯვრის კომისიის ჩართვა მოითხოვა, სტალინმა ლონდონში არსებულ მთავრობასთან ურთიერთობები გაწყვიტა. საერთაშორისო სამედიცინო კომისიის დასკვნის მიხედვით, კატინის ტრაგედიის თარიღი 1940 წელია.

საბჭოელებს რეალობის მორიგი ფაბრიკაციისთვის თავიანთი ექსპერტების დასკვნა სჭირდებოდათ, თუმცა მაშინ სმოლენსკის ოლქი გერმანელებს ეკავათ.  როცა წითლებმა სმოლენსკის რეგიონი გაათავისუფლეს, საერთაშორისო სამედიცინო კომისიას მათ თავიანთი ექსპერტები დაუპირისპირეს, რომელთაც ნიკოლაი ბურდენკო ხელმძღვანელობდა. ბურდენკოს დასკვნის მიხედვით, პოლონელი ოფიცრების დახვრეტის თარიღად 1941 წელი გამოცხადდა (იქ გერმანელების ყოფნის პერიოდი).

მხოლოდ „პერესტროიკის“ დროს დაიწყეს ღიად საუბარი კატინის ტრაგედიაზე. ჩამოყალიბდა პოლონურ-საბჭოური კომიტეტი, რომელიც ისტორიკოსებით იყო დაკომპლექტებული. სამი წლის შემდეგ მკვლევარებს სპეციალურ არქივებზე წვდომის უფლება მიეცათ. უფრო მეტიც, კრემლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „კატინის ტრაგედია სტალინიზმის უმძიმესი დანაშაულია.” გორბაჩოვმა იარუზელსკის ბოდიში საჯაროდ მოუხადა (და არა ვალენსას).

მიუხედავად იმისა, რომ პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას უდიდეს გეოპოლიტიკურ   ტრაგედიას უწოდებს, რუსულმა პარლამენტმა დაგმო სტალინის გადაწყვეტილება პოლონელი ოფიცრების დახვრეტის შესახებ. დუმის დეკლარაციაში ვკითხულობთ: “გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა, არა მარტო გამოავლინა საშინელი ტრაგედიის მასშტაბი, არამედ აჩვენა, რომ კატინის დანაშაული სტალინის პირდაპირი ბრძანების საფუძველზე იქნა ჩადენილი.” პუტინი რუსეთის პირველი ლიდერი გახდა, ვინც შეუერთდა კატინის ხოცვა-ჟლეტვისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

თუმცა, პუტინის დამოკიდებულება მალევე  შეიცვალა, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. გარკვეულ ქალაქებში კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფები მოიხსნა და ისტორიული სიმართლის გაყალბება დაიწყო. ერთ-ერთ მაგალითად იური მუხინის ფილმი გამოდგება, სადაც ავტორი „დამაჯერებლად“ გვიჩვენებს, თუ როგორ ცდილობდა სტალინი პოლონეთის გადარჩენას 1939 წელს.

საბედნიეროდ, დღეს სიმართლე უკვე ცნობილია. პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა გვახსოვდეს მსგავსი ტრაგედიები, ჯორჯ სანტაიანას სიტყვებში უნდა ვეძებოთ: „ვისაც წარსული არ ახსოვს, დაწყევლილია, რომ გაიმეოროს”. 

შოთა მგელაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s