ტაივანი: ჩინეთის პერმანენტული სამიზნე

ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი ჩინეთის პირველ პრეზიდენტ სუნ იატ-სენის პორტრეტის წინ
წყარო / Credit: The Asia Dialogue

2005 წელს ჩინეთის პარლამენტმა აამოქმედა დადგენილება სეცესიონიზმის შეკავების შესახებ, რომელიც ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად ნებისმიერ ღონისძიებას ლეგიტიმურად მიიჩნევს. აღნიშნული დოკუმენტის უმთავრესი სამიზნე ტაივანია, რომელზეც კონტროლიც ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას 1949 წლის შემდეგ აღარ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი მხოლოდ 15 ქვეყნის მიერაა აღიარებული როგორც ჩინეთის ლეგიტიმური მთავრობა – კომუნისტური მთავრობისაგან განსხვავებით – ან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო,  ქვეყანა მაინც დეფაქტო დამოუკიდებელი რეგიონალური აქტორია და საერთაშორისო ასპარეზზეც მნიშვნელოვანი წონა გააჩნია. სწორედ ეს ქმნის ნეგატიურ პრეცედენტს კომუნისტური ჩინეთისათვის, რომელიც რეგიონალური დომინაციისაკენ გაცხადებულად მიისწრაფვის.

ტაივანის სტატუსი თავად ტაივანშიც არ არის ნათლად განსაზღვრული. 1949 წელს, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირებების შემდეგ, ქვეყნის ნაციონალისტი ხელისუფლება ჩან კაიშისა და მმართველი პარტიის, გომინდანის სახით კუნძულ ტაივანზე გაიქცა, თუმცა ჩინეთისაგან დამოუკიდებლობის ნაცვლად, თავი მთელი ჩინეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად გამოაცხადა. ამიტომ, ბოლო ათწლეულს თუკი არ მივიღებთ მხედველობაში, ჩინეთისაგან სეცესიის ნაცვლად, ტაივანის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას ჩინეთის რესპუბლიკად მოიხსენიებდა და არა დამოუკიდებელი ტაივანის სახელმწიფოდ. მხოლოდ ბოლო ათწლეულია, რაც წინა პლანზე წამოიწია ჩინეთისაგან ჩამოშორების აქტიურმა მხარდაჭერამ. თუკი ასაკოვანი მოსახლეობა თავს, პირველ რიგში, მაინც ჩინელად მიიჩნევს, ახალგაზრდების უმრავლესობას ახალი, ტაივანური იდენტობა აქვს გაჩენილი და წინააღმდეგია რაიმე ფორმით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტის ქვეშ მოექცეს, მით უფრო ჰონგ-კონგის მოვლენების შემდეგ.

ტაივანის საშინაო პოლიტიკა პირდაპირაა დაკავშირებული მის საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან. პოლიტიკური პარტიები  ლურჯ და მწვანე კოალიციებად იყოფა. ლურჯი კოალიციები ჩინეთთან დაახლოებისა და ინტეგრაციის გაღრმავების მომხრეა. განიხილავენ ჰონგ-კონგის მოდელსაც კი. ლურჯი კოალიციის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი პარტია გომინდანია, რომელიც 1975 წლამდე ქვეყანას დიქტატურით მართავდა და საკმაოდ ანტიკომუნისტურად იყო განწყობილი, თუმცა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ჩინეთთან დაახლოების პოლიტიკა აქვს არჩეული. მწვანე კოალიცია უფრო დიდი და მძლავრია. მათი მიზანი ტავანის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ძლიერ საერთაშირისო აქტორად ჩამოყალიბებაა, რისი პოტენციალიც ოფიციალურ ტაიპეის ნამდვილად აქვს, როგორც ძლიერი ეკონომიკის, ისე სტრატეგიული მდებარეობისა და შეიარაღების თვალსაზრისით.

ტაივანი დემოკრატიული სახელმწიფოა. მას მწვანე კოალიცია მართავს პრეზიდენტ ცაი ინ-ვენის მეთაურობით, რომელიც გარდა იმისა, რომ ქარიზმატული ლიდერია, აქტიურადაა ჩართული ქვეყნის კიდევ უფრო მოდერნიზაციისა და გაძლიერების პროცესში. მას ქვეყნის ახალგაზრდობა და ანტიკომუნისტური ძალები უჭერს მხარს. ტაივანის მიერ გატარებული ლიბერალური რეფორმები, როგორც ფინანსური, ისე ადამიანის უფლებების კუთხით, არა მხოლოდ აზიაშია გამორჩეული, არამედ ზოგიერთ დასავლურ სახელმწიფოშიც კი დღემდე არ არის მიღწეული. თუმცა ტაივანი ევროპული სახელმწიფოების ნაწილისაგან არც აღიარებულია და არც ახლო ურთიერთობები გააჩნია. არა იმიტომ, რომ ევროპულ სახელმწიფოებს არ უნდათ ეს, არამედ იმიტომ, რომ ოფიციალური პეკინი ძალიან მკაცრად რეაგირებს ტაივანთან დაკავშირებულ ყოველგვარ საერთაშორისო აქტივობაზე და ხშირად მიმართავს კიდეც ფინანსური და ეკონომიკური მუქარებით ისეთ სახელმწიფოებსაც კი, რომელთა საერთაშორისო წონა არცთუ მცირეა. ერთადერთი ევროპული სახელმწიფო, რომელიც არ ერიდება ტაივანის ოფიციალურ აღიარებას, არის ვატიკანი.

ტაივანი გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით. იგი სამხრეთ ჩინეთის, აღმოსავლეთ ჩინეთისა და ფილიპინების ზღვების შესართავთან მდებარეობს. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ზღვების აუზები საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლის ერთ-ერთი უმთავრესი კვანძია, თითოეულ მათგანში დიდი რაოდენობით მოიპოვება ძვირფასი საკვები რესურსები. საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით, სანაპირო ზოლიდან 12 საზღვაო მილი სახელმწიფოს უშუალო ტერიტორიაა, ხოლო დამატებითი 12 საზღვაო მილი კი – მომიჯნავე ზღვა, რომელსაც ასევე სახელმწიფო აკონტროლებს. ამის შემდგომი 200 მილი კი ეკონომიკური აქტივობის ზონადაა განხილული. ყოველივე ეს ტაივანს უმთავრეს ღერძად აქცევს და ჩინეთის ზრდის შემცირებაც შეუძლია. გარდა ამისა, აშშ-ის მოკავშირე ქვეყნები: ფილიპინები, სამხრეთ კორეა და იაპონია – სწორედ ტაივანის მეშვეობით ქმნიან უსაფრთხოების რკალს ჩინეთის ირგვლივ, რაც ჩინეთმა კარგად იცის.

სწორედ ამიტომ, 2019 წლის მეორე ნახევარში ჩინეთის ტონი ტაივანთან მიმართებით კიდევ უფრო გამკაცრდა. პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ისიც განაცხადა, რომ ჩინეთი ტაივანის შესანარჩუნებლად არც სამხედრო ძალის გამოყენებაზე იტყვის უარს. ჩინეთმა ეს ორჯერ, 1955 და 1958 წლებში სცადა. ორივე შემთხვევაში აშშ-ის ჩართულობამ და ტაივანის მხრიდან საბრძოლო მოქმედებებში ძალის მაქსიმალურმა მობილიზაციამ იხსნა ქვეყანა კომუნისტური დაპრყობისაგან. 1958 წლის შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ჩინეთის საზღვაო ძალები ლიმიტირებული იყო, ხოლო აშშ-სა და ტაივანის საზღვაო თავდაცვა ბევრად გამართული და მომზადებული.

დღეს ჩინეთი მნიშვნელოვან საზღვაო ძალებს ფლობს. თუკი ტექნოლოგიურის ნაცვლად, რიცხვობრივად შევადარებთ, ჩინური საზღვაო ძალები აშშ-ის გაცხადებულ საზღვაო ძალებს აღემატება კიდეც, თუმცა, ცხადია, ომის მოგება მხოლოდ რაოდენობაზე არაა დამოკიდებული, რაც ჩინეთმა ძალიან კარგად იცის და ამიტომაც ერიდება ტაივანთან ახალ დაპირისპირებას.

თუმცა ბოლო ათწლეულია ჩინეთი აღარ ერიდება აგრესიულ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ხელახალ გამოღვიძებას. ამის მაგალითებია: დასავლეთ ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში, ასიათასობით უიღური, თურქულენოვანი ეთნიკური ჯგუფი, საკონცენტრაციო ბანაკებში ჰყავთ განთავსებული, რომლებსაც პროფესიულ სასწავლებლებს უწოდებენ; სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ოფიციალური პეკინის ბრძანებით ჩინელი სამხედროები ხელოვნურ კუნძულებს ქმნიან და პერმანენტულ სამხედრო ბაზებს აწყობენ, რითიც, პაქტიკულად, იკავებენ ტაივანის, ფილიპინებისა და ვიეტნამის ეკონომიკური აქტივობის ზონებს; ტიბეტში ეთნორელიგიური ნიშნით რეპრესიები ჩვეულ ამბად იქცა; ინდოეთი-ჩინეთის საზღვარზე ბოლო თვეების განმავლობაში შეტაკებების რაოდენობამ იმატა, რასაც ათეულობით სამხედრო ემსხვერპლა ორივე მხრიდან; ჰონგ-კონგის ავტონომიამ სიმბოლური სახე მიიღო და მოსახლეობამ თავისუფლება თითქმის სრულად დაკარგა. საბოლოოდ კი ჩინეთი არც აშშ-სთან ეკონომიკურ ომში ჩაბმაზე ამბობს უარს, რასაც ესკალაციის სხვადასხვა ფორმა შეიძლება ჰქონდეს.

აშშ-ტაივანის ურთიერთობა რიჩარდ ნიქსონისა და ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის პერიოდში შეიცვალა. ტაივანის ოფიციალური ხელისუფლების, როგორც ჩინეთის ლეგიტიმური მთავრობის აღიარება, კომუნისტური პეკინის სასარგებლოდ შეიცვალა, რისი მიზეზიც ჩინეთ-საბჭოთა კავშირის ურთიერთობების დაძაბვა და აშშ-სთან დაახლოების შესაძლებლობა გახდა. მიუხედავად ოფიციალური სამართლებრივი ურთიერთობების გაწყვეტისა, აშშ-ს არასდროს მიუტოვებია ტაივანი სამხედრო თვალსაზრისით. გარდა იმისა, რომ ის  ჩაბმული იყო ტაივანის არმიის გადამზადების პროცესში, ამასთანავე მის მიერვეა შექმნილი სამხედრო ინფრასტრუქტურა და ოფიცერთა კორპუსი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ძლიერი სამხედრო კულტურის ჩამოყალიბებაზე.

მიუხედავად ტაივანის ფაქტობრივი გამორჩეულობისა, მისი თანამედროვე სტატუსი არამყარია. აღიარებების რაოდენობა არ იზრდება, არმიაში ახალწვეულთა რაოდენობა მცირდება, აშშ-ჩინეთს შორის დაპირისპირება კი რამდენადაც შესაძლებლობის ფანჯარას ხსნის ტაივანისათვის, იმდენად აქცევს მას ჩინური აგრესიის ლოგიკურ სამიზნედ, როგორც აშშ-ის აზიური უსაფრთხოების ჯაჭვის შედარებით სუსტ რგოლს.

აშშ-ის მხრიდან ჩინური აგრესიის შეკავების გარანტია არ არსებობს. შესაძლოა, ტაივანის შენარჩუნებას იმაზე მეტი ფასი ჰქონდეს აშშ-სათვის, ვიდრე მას ეს უღირს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი სრულმასშტაბიან ჩინურ აგრესიამდე მივიდა საქმე. მიუხედავად მაღალი რისკიანობისა, ჩინეთს აშშ-ს პოლიტიკური ნების შემოწმების სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც. მეორე მხრივ, აშშ-სათვის ტაივანის დაკარგვა პოლიტიკური კატასტროფაა და მისი მოკავშირეებისათვის დემორალიზაციის გამომწვევი მნიშვნელოვანი პრეცედენტი. ჩინეთი მზარდი ძალაა და მისი შეჩერება ყოველი შემდგომი წარმატებული ნაბიჯის შემდეგ კიდევ უფრო რთულდება. შესაბამისად, დასაკარგი აშშ-ს ბევრად მეტი აქვს, ვიდრე მხოლოდ სტრატეგიული მნიშნელობის კუნძულის უსაფრთხოებაა, რომელიც, თავისმხრივ, მრავალმხრივ პოზიტიურად გამორჩეული შემთხვევაა.

გარდა ჩინური რეგიონალური დომინაციისა და ჰეგემონობის სწრაფვის მცდელობისა, ტაივანი ჩინეთის შიდა უსაფრთხოებისთვისაც წარმოადგენს ნეგატიური პრეცედენტს. ტაივანის მაგალითმა აჩვენა, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ღონისძიებებს აზრი აქვს და სწორი საერთაშორისო პარტნიორების მოძიების შემთხვევაში სასურველი მიზნის მიღწევაც შესაძლებელია. სწორედ ეს აძლევს ჩინეთს კიდევ ერთ მოტივაციას, რომ ტაივანი, ოდესღაც მეკობრეთა უმთავრესი აზიური ბაზა და შემდგომ იაპონიის იმპერიის მიერ ანექსირებული კუნძული, პერმანენტულად მიზანში ჰყავდეს ამოღებული.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s