ვენესუელა: კრიზისის მიმოხილვა

Rally against Venezuelan President Nicolas Maduro's government in Caracas

ლათინური ამერიკის ერთ–ერთი წევრი სახელმწიფოვენესუელა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 30 მილიონს აღწევს, დიდი ხანია კრიზისულ ვითარებაშია. ამ პროცესს დღითიდღე ამძაფრებს მზარდი პოლიტიკური არასტაბილურობა, სერიოზული ეკონომიკური ვარდნა, პანდემია და მის წინაშე მდგარი გადაუჭრელი ამოცანები. ერთი შეხედვით, ასეთ მდგომარეობაში შეიძლება ბევრი ქვეყანა იყოს, მაგრამ აქ დაწყებული პროცესების კომპლექსურობა არ გვაძლევს საშუალებას, შევადაროთ სხვაგან  მიმდინარე კრიზისებს. ვენესუელის კრიზისს თავისებური საწყისი აქვს. თუმცა,მათ განხილვამდე, აუცილებელია, თვალი გადავავლოთ ისტორიულ პასაჟს.

ვენესუელა გამოირჩეოდა (გამოირჩევა) ნავთობის უდიდესი რეზერვებით, რომლის ოდენობა, დაახლოებით, 300 მილიონ ბარელს შეადგენდა. მდიდარია ბუნებრივი აირითა სხვადასხვა წიაღისეულით. თუმცა, ქვეყანა ვერასდროს ახერხებდა ამ რესურსების სწორ კონტრიბუციასა სიმდიდრის გამოყენებას გამართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებისა და საზოგადოების მშენებლობისთვის, თუ არ ჩავთვლით გასული საუკუნის 70–იან წლებს, როდესაც ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით ვენესუელა უსწრებდა ესპანეთსა დასოფლიოს პირველ ოცეულთანაც კი იყო ახლოს. მაგრამ ვითარება მალევე შეიცვალა. სახელმწიფომ დაიწყო დეფიციტური ხარჯვა და აქტიური სუბსიდირება, რამაც გამოიწვია ნავთობზე ფასის მკვეთრად დაცემა, ინფლაცია და ქვეყნის კრიზისამდე მიყვანა. 90–იანი წლებისთვის ვენესუელა სიღარიბის უკიდურეს ზღვრამდე მივიდა და ეკონომიკური ვარდნა უკონტროლო გახდა. საჭირო იყო ლიდერი, რომელიც სახელმწიფო პასუხისმგებლობას აიღებდა საკუთარ თავზე და ქვეყანას  უკიდურესი მდგომარეობიდან გამოიყვანდა .

1999 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ანტიამერიკული და ზოგადად, ანტიდასავლური რიტორიკის მატარებელი სოციალისტური პარტიის ლიდერი- ჰუგო ჩავესი, რომლის მმართველობის პერიოდში ვენესუელაში ნამდვილად შეინიშნებოდა წინსვლა სიღარიბის დაძლევის კუთხით, ასევე გაიზარდა ხელმისაწვდომობა განათლებასა და ჯანდაცვაზე, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მიღწეული წარმატებების პარალელურად, ჩავესმა ააგო ისეთი არამდგრადი სისტემა, რომელიც თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის. ნავთობის ფასის ზრდას პირდაპირპროპორციულად მოყვა საგარეო ვალის ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი, საწარმოების ნაციონალიზაცია და ფიქსირებული ფასების დაწესება ხელისუფლების მიერ. დროთა განმავლობაში, ამ ყველაფერმა  ინფლაცია, ქვეყნის მთლიანი წარმოების განადგურება და იმპორტზე მაქსიმალური დამოკიდებულება გამოიწვია. იმპორტმა, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ნაღდი ფულის მოცულობის ზრდას და ეროვნული რეზერვების არამიზნობრივ ხარჯვას. ერთი სიტყვით, ჩავესმა „პერსპექტიული“ ეკონომიკა ახალი კრიზისის წინაშე დააყენა.

2014 წელს ჩავესის ადგილს იკავებს მისი თანამოაზრე – ნიკოლას მადურო, რომელმაც კრიზისი უკიდურეს მასშტაბებამდე მიიყვანა. სწორედ მისი სათავეში მოსვლიდან იწყება ნავთობზე ფასის კლება და ინფლაციის, უმუშევრობის, საგარეო ვალის უპრეცედენტო ზრდა, რამშპ–ის საგრძნობ შემცირებაზე აისახა. ამის ფონზე განვითარდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი.

მადუროს მალევე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგები. 2016 წელს, ვენესუელის ისტორიაში პირველად, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა სოციალისტური პარტია და პარლამენტი დაკომპლექტდა ოპოზიციური ძალით, რომელსაც კაპრილესი ჩაუდგა სათავეში. მაგრამ მადურომ მალევე მოიფიქრა ალტერნატიული გამოსავალი– კორუმპირებული უზენაესი სასამართლოს დახმარებით შეინარჩუნა ძალაუფლება და მეტიც, შექმნა ახალი საკონსტიტუციო ორგანო – საკონსტიტუციო ასამბლეა,რომელიც უამრავი საპროტესტო აქციისა და სასტიკი დარბევების მიუხედავად, ლეგიტიმურად გამოცხადდა. მალევე დაიწყო ოპოზიციის ლიკვიდაცია, მასობრივი დაპატიმრებები, უკონტროლო მიგრაცია, გაიზარდა კრიმინალის დონე, უკიდურესად შეიზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ავტორიტარი ლიდერი მარტივად დაადგა ტოტალიტარიზმის გზას, მაგრამ ისევ გამოჩნდა შემაფერხებელი ძალა ხუან გუაიდოს სახით.

2019 წლის 23 იანვარს, ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნული ასამბლეის  თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ, მასობრივი სახალხო პროტესტებისა გაუსაძლისი მდგომარეობის ფონზე, თავი ვენესუელის დროებით ლეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა. ამას საფუძვლად ედო 2018 წლის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ვენესუელის მოსახლეობაში. საერთაშორისო მხარდაჭერით გაძლიერებულმა გუაიდომ მართვის გარკვეული სადავეები აიღო ხელში, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რამდენად ეყოფა ოპოზიციონერ ლიდერს ძალა, დაამარცხოს დიქტატურა, რადგან თუ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს გადავავლებთ თვალს, ნიკოლას მადურო არ აპირებს მარტივად დანებებას და გარკვეულწილად, არმიის მხარდაჭრით ახერხებს კიდეც სტაბილურობის“ შენარჩუნებას.

მნიშვნელოვანია დიდი სახელმწიფოების ინტერესები და პოზიციები ვენესუელის კრიზისთან დაკავშირებით. ყურადღება გავამახვილოთ ორ დიდ მოთამაშეზე – რუსეთსა და აშშ–ზე. აშშ–მა აღიარა ხუან გუაიდო ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და მას მიბაძა ევროკავშირმაც,  მეორე მხრივ, მადუროს და მის რეჟიმს რუსეთი უცხადებს ღია მხარდაჭერას. ამ ორი დიდი მოთამაშის ინტერესები აქაც  გადაიკვეთა და ეს შემთხვევითი სულაც არ არის.

აშშ, როგორც ლიბერალური ღირებულებების შემოქმედი, არ ურიგდება ფაქტს, რომ ვენესუელაში სასტიკად ილახება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ამიტომ ვალდებულებად ისახავს, საერთაშორისო საზოგადოებას დააკისროს ქმედებაზე პასუხისმგებლობა და ამგვარად შეაკავოს რეჟიმის აგრესია. აშშ–ის მოწოდების მიუხედავად, ჩატარებულიყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისამართლებრივ ნორმებში, მადურომ  პოსტის  შენარჩუნება ტრადიციული არალეგიტიმური გზით განიზრახა და განაგრძო თავისი პოლიტიკის გატარება. აშშ–მა, საპასუხოდ, ვენესუელის ნავთობის  კომპანიას დაუწესა სერიოზული ეკონომიკური სანქციები, რამაც გამოიწვია ისედაც დასუსტებული რეჟიმის კოლაფსში მოქცევა. თუმცა, მადურო კრიზისში არ დატოვა მეგობარმა რუსეთმა და ამ გარემოებამ, შეიძლება ითქვას, შეამცირა სამხედრო ინტერვენციის საფრთხე. აღსანიშნავია, რომ ვენესუელის მოსახლეობის უმრავლესობაც არ უჭერს მხარს ქვეყანაში სამხედრო ინტერვენციას და იწონებს იდეას,  პრობლემა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით.

რუსეთის ინტერესი ვენესუელის მიმართ ნათელია. ის მაქსიმალურად ცდილობს,შეინარჩუნოს სტრატეგიული კავშირები ამერიკის კონტინენტზე და არ დაკარგოს გავლენის სფეროები. ის ხშირად გვევლინება ავტორიტარული რეჟიმების დამცველად და ჰიბრიდული ტაქტიკების გამოყენებით ეხმარება ამ რეჟიმებს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში. მიუხედავად ინტერესების დაპირისპირებისა, ნაკლებად სავარაუდოა აშშ-ისა და რუსეთის მიერვენესუელის კრიზისში სამხედრო გზით ჩარევა და ურთიერთობის ერთმანეთთანუფრო მეტად დაძაბვა, განსაკუთრებით, ახალი გლობალური საფრთხის, COVID-19-ის პირობებში, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მსოფლიო დღის წესრიგი.

პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ვენესუელის კრიზისი. ნიკოლას მადურო რეჟიმი ახალი მტრის წინაშე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების არეალი არც ისე მასშტაბურია და სულ  17 გარდაცვალებდაფიქსირებული, ქვეყნის ძალიან გაუმართავმა ჯანდაცვის სისტემამ, ადამიანებზე რეპრესიამ, პოლიტიკურმა დაძაბულობამ და ახალმა ეკონომიკურმა გამოწვევებმა ვენესუელა ჩიხში შეიყვანა. პანდემიის პერიოდში ვენესუელის ირგვლივ რამდენიმე საინტერესო მოვლენამ იჩინა თავი და აუცილებელია მათი მნიშვნელობის გააზრება ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ჭრილში.

ნიკოლას მადუროს ახალი თავსატეხი 8 მარტს დაიწყო, როდესაც რუსეთისა და საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ნავთობის მოპოვების შემცირებას და ფასებზე ომის შეწყვეტასითვალისწინებს. ამ შეთანხმების შედეგად, ვენესუელის ნავთობი, რომელიც ქვეყნის მთავარ მამოძრავებელი ძალაა, დიდწილად გამოუსადეგარი გახდა. სიტუაცია დამატებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც მთავარმა ნავთობპარტნიორმა, „როსნეფტმა“, რომელსაც თავის დროზე აშშ–მა დიდი სანქციები დაუწესა, გამოაქვეყნა განცხადება ვენესუელაში საქმიანობის, ყველა პროექტის შეწყვეტისა და წილების გაყიდვის შესახებ. ამ წილების შემსყიდველი აღმოჩნდა კომპანია, რომლის 100%–ს რუსეთის მთავრობა ფლობს. მრავალი ცდის მიუხედავად, მადურომ ვერ იხსნა თავი ამ საფრთხისგან.

ამ მოვლენების ფონზე აშშ გააქტიურდა და სანქციების შემსუბუქება დააანონსა, თუკი ნიკოლას მადურო ქვეყანას საშუალებას მისცემს, ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები და გადადგას ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისკენ. მადუროს რეჟიმს ავიწროვებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც უარს აცხადებს ვენესუელისთვის 5 მილიარდიან დახმარებაზე კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად. პარალელურად, ხუან გუაიდო ხვდება აშშ–ისა და ევროკავშირის ლიდერებს და იღებს მათგან ღია მხარდაჭერას.

ამ უკიდურესი სიტუაციის მიუხედავად, ნიკოლას მადურო დანებებას არ აპირებს და ცდილობს ახალი პარტნიორების მოძიებას. სწორედ ამ დროს, თამაშში შემოდის ახალი მონაწილე, ირანი, რომელმაც პანდემიის პერიოდში, მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს დახმარების ხელი გაუწოდა ვენესუელას და მოამარაგა საწვავით. ამის შემდეგ მადურომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ის აუცილებლად ეწვევა ირანს, რათა პირადად გადაუხადოს მადლობა დახმარებისთვის და გააფორმოს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები.

პანდემიამ,  აშშ–ის ზეწოლამ, რუსეთის გაძლიერებამ და ახალი მოთამაშის (ირანის) გამოჩენამ  შეიძლება  სრულიად განსხვავებული სურათი შექმნას რეგიონში. თუმცა რთულია ვივარაუდოთ, კონკრეტულად რომელი ძალა, რა გზით გაიმარჯვებს ამ სარბიელზე და რა სახის ცვლილებები განხორციელდება ვენესუელის შიდა თუ გარე პოლიტიკასა და ეკონომიკაში. პოზიტიური პროგნოზით, ნიკოლას მადუროს დიქტატურა დასრულდება და ვენესუელა დაადგება დემოკრატიის გზას, ან ცუდ შემთხვევაში, რეჟიმი გაგრძელდება და ქვეყანას თვითმკვლელობამდე მიიყვანს.

ანა მიქაია

საგარეო პოლიტიკის საბჭოს უმცროსი მკვლევარი

Leave a comment