ევროკავშირში გაწევრიანებიდან 16 წლის შემდეგ: რა შეიცვალა პოლონეთში?

გასულ კვირას პოლონეთმა ევროპის კავშირში გაწევრიანებიდან 16 წლის თავი იზეიმა. აქედან მოყოლებული, პოლონეთი ძლიერ და მდიდარ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელიც სხვა გავლენიან ქვეყნებთან ერთად (მაგ: გერმანია, საფრანგეთი, იტალია) ბებერ კონტინენტზე პოლიტიკურ ამინდს ქმნის. ევროპის კავშირში გაწევრიანება პოლონეთისთვის წყალგამყოფი მნიშვნელობის მოვლენა აღმოჩნდა. საინტერესოა, რა შეცვალა ევროგაერთიანების წევრობამ პოლონეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში და რა ფაქტორებმა განაპირობა ქვეყნის თვალსაჩინო წარმატება 21-ე საუკუნეში? მოცემულ სტატიაში შევეცდები, ამ კითხვებს პასუხი გავცე.

1948-1989 წლებში პოლონეთი კომუნისტური ბლოკის წევრი სახელმწიფო იყო. 1955 წელს სსრკ-მა და მისმა სატელიტმა აღმოსავლეთ ევროპულმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს ვარშავის პაქტს, რომელმაც დააფუძნა მოსკოვის მიერ კონტროლირებადი კოლექტიური უსაფრთხოების ინსტიტუცია – ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია (Warsaw Treaty Organization, WTO), რომლის ძირითად მიზანს ნატოს შეკავება და ევროპაში გავლენის გაფართოება წარმოადგენდა. საბჭოთა მმართველობისას პოლონეთის ეკონომიკური სისტემა კოლექტიური საკუთრებისა და ცენტრალიზაციის პრინციპებზე იყო დაფუძნებული. შესაბამისად, რესურსების ექსპლუატაციაზე მონოპოლია სახელმწიფოს გააჩნდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ პოლონეთის ხელისუფლება მიხვდა, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება შესაძლებელი მხოლოდ მტკივნეული ცვლილებების შემდეგ გახდებოდა. 1989 წელს ქვეყანამ რეფორმების მთელი წყება გაატარა, რომლებიც ე.წ. „შოკური თერაპიის“ სახელითაა ცნობილი. ამ რეფორმების ინიციატორი პოლონეთის წამყვანი ეკონომისტი და შემდგომში უკვე ფინანსთა მინისტრი – ლეშეკ ბალცეროვიჩი იყო. მისი რეფორმების მთავარ მიზანს პოლონეთის ცენტრალიზებული ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაცია და კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის რელსებზე გადაყვანა წარმოადგენდა. ცხადია, ტრანზიციის პროცესი უმტკივნეულოდ არ წარმართულა. დამოუკიდებლობის პირველ წლებში ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში საგრძნობლად გაუარესდა. 2004 წლამდე პოლონეთი ერთი ჩვეულებრივი პოსტ-სოციალისტური ქვეყანა იყო, მეზობლებთან (მაგ: გერმანია, საფრანგეთი და ავსტრია) შედარებით საკმაოდ სუსტი ეკონომიკით, თუმცა ევროპის კავშირში გაწევრიანებამ ყველაფერი შეცვალა: 1. გააძლიერა პოლონეთის უსაფრთხოების გარემო; 2. წაახალისა სწრაფი ეკონომიკური განვითარება; 3. პოლონეთის პოლიტიკური და სოციალური ცხოვრება შეცვალა და ხელი შეუწყო დემოკრატიზაციის პროცესის გაძლიერებას.

  1. ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესება – 1999 წელს პოლონეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო) წევრი სახელმწიფო გახდა. ნატოს ქარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი მე-5 მუხლის მიხედვით, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად აღიქმება და ამ შემთხვევაში, ალიანსის ყველა სახელმწიფო მისი დაცვის ვალდებულებას იღებს. პოლონეთის სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანებამ რეგიონული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ნატოს თავდაცვითი ქოლგა  ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გარანტი გახდა. ევროკავშირში გაწევრიანებამ ფინანსური უსაფრთხოებაც გააუმჯობესა. საერთაშორისო ინვესტორებმა დაინახეს, რომ ქვეყანა დიდი რაოდენობით ინვესტიციების განსახორციელებლად უსაფრთხო ადგილი იყო. გარდა ამისა, დღესდღეობით პოლონეთში დაახლოებით 5000 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული. 2018 წლის სექტემბერში, პოლონეთის პრეზიდენტმა – ანჯეი დუდამ ამერიკის პრეზიდენტს მდინარე ვისლაზე, პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვართან, აშშ–ის სამხედრო ბაზის გახსნა სთხოვა, რომელსაც ვარშავა საკუთარი ხარჯებით დააფინანსებდა. გარდა ამისა, პოლონეთის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგის გულის მოგება სცადა და პოტენციურ ამერიკულ ბაზას „ტრამპის ციხესიმაგრე“ უწოდა. ერთი დიდი ბაზის აშენების მაგივრად ვაშინგტონმა ვარშავას ამერიკული ჯარების მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბაზებზე განაწილება შესთავაზა, მათ შორის: რეჯიკოვოში, პოზნანსა და ოჟიშში. ცხადია, ევროატლანტიკური სტრუქტურების (ნატოსა და ევროპის კავშირის) წევრობა პოლონეთს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სახელმწიფოდ ხდის.
  2. სწრაფი ეკონომიკური განვითარება – ევროპის კავშირში გაწევრიანების შემდეგ პოლონეთის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ძირითადი მაკროეკონომიკური ინდექსები აჩვენებს, რომ ქვეყანამ გაერთიანების წევრობით მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო. 2004 წელს პოლონეთის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა მხოლოდ 225 მილიარდი აშშ დოლარი იყო, 2020 წელს კი მისი რიცხვი 600 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა (6 600 $ – 2004; 17 800 $ – 2019). პოლონეთი უკანასკნელ წლებამდე ევროკავშირის კოჰესიისა და სხვა რეგიონული ფონდების მთავარი ბენეფიციარი იყო. 2004-დან 2020 წლამდე ევროგაერთიანებამ პოლონეთში 130 მილიარდი ევროს რაოდენობის ინვესტიცია ჩადო. ეს უზარმაზარი ფულია. შედარებისთვის, მოცემული რაოდენობა თანამედროვე პოლონეთის ნომინალური მშპ-ის 20%-ს შეადგენს. პოლონეთის 15 ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან 13 სწორედ ევროკავშირის ქვეყანაა. პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანებამ ხელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოზიდვასაც შეუწყო. 2004 წელს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ პოლონეთში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 2.3 მილიარდ ევროს, ხოლო 2019 წელს 8.7 მილიარდ ევროს შეადგენდა. აშკარაა, რომ პოლონეთისა და ევროპული გაერთიანების პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა წლიდან წლამდე პროგრესირებს. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.
  3. ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ცვლილება – ევროკავშირში გაწევრიანებამ პოლონეთის პოლიტიკური და სოციალური ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. უპირველეს ყოვლისა, გაძლიერდა დემოკრატიზაციის პროცესი, რამაც პოლონელ მოქალაქეებს პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები გაუზარდა. 2004 წელს თავისუფლების ინდექსი პოლონეთში შესაძლებელი 10 ქულიდან მხოლოდ 6.2-ს შეადგენდა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 7.73-მდე გაიზარდა. CATO-ს 2020 წლის კვლევის მიხედვით, პოლონეთში ადამიანის უფლებები 8.6 ქულით შეფასდა, ხოლო ეკონომიკური თავისუფლების ინდიკატორი 6.88-ს შეადგენდა. World Population Review-ის მიხედვით, 2004 წელს 192 ქვეყნიდან პოლონეთი ცხოვრების სტანდარტის მაჩვენებლით 48-ე ადგილზე იყო, 2020 წლისთვის კი ქვეყანა 11 საფეხურით დაწინაურდა და 37-ე ადგილი დაიკავა. ევროკავშირის წევრობამ პოლონეთის სოციალური ცხოვრებაც მნიშვნელოვნად შეცვალა. ერთიან ბაზარზე შესვლის პერიოდიდან მოყოლებული ქვეყანაში უახლესი ტექნოლოგიები, ინვესტიციები და ცოდნა შევიდა.  საქონლის, მომსახურების,  კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალმა გადაადგილებამ კი ვარშავისა და ბრიუსელის დაახლოებას ხელი კიდევ უფრო მეტად შეუწყო. შენგენის ზონის წევრობა პოლონელ მოქალაქეებს ევროპის კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს. შედეგად, ქვეყანა დაახლოებით ორმა მილიონმა პოლონელმა დატოვა და ევროგაერთიანების სხვა წევრ სახელმწიფოებში ემიგრირდა. თუმცა, ცხადია, ეს ცალმხრივი პროცესი არ ყოფილა. ემიგრაციის კვალდაკვალ გაიზარდა იმიგრაციის მაჩვენებელიც. უკანასკნელ წლებში პოლონეთში სამუშაოდ და დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად ევროკავშირის ასობით ათასი მოქალაქე შევიდა.

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ 2004 წლის 1-ლი მაისი თანამედროვე პოლონეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ევროპის კავშირში გაწევრიანებამ პოლონეთი ძლიერ და მდიდარ ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნა. ევროკავშირის წევრობამ გააუმჯობესა უსაფრთხოების გარემო, ხელი შეუწყო სწრაფ და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას, ისევე, როგორც დემოკრატიზაციის პროცესის გაძლიერებას. ნებისმიერი საზომით, ევროგაერთიანებაში შესვლა ქვეყნისთვის წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა. პოლონეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გაატაროს თითოეულმა ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესები ევროატლანტიკური ინტეგრაციის დახმარებით.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s