
ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუჰანში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც თავისი მასშტაბებით მსოფლიო შეძრა, ჩინური სახელმწიფოსთვის უკვე იქცა მნიშვნელოვან გამოწვევად. აღნიშნულ ვირუსთან დაკავშირებული წმინდა სამედიცინო ფატალური საფრთხის გარდა, რომელიც ჩინურ და მსოფლიო საზოგადოებას ემუქრება, ასევე არსებობს რისკი, მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას ჩინურ და საერთაშორისო ეკონომიკას, ჩინეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ამაზე უკვე აქტიურად იწერება მსოფლიოში წამყვან ანალიტიკურ ცენტრებსა და საინფორმაციო საშუალებებში.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მხოლოდ ჩინეთში 20 000-მდე ინფიცირებული და 400-მდე გარდაცვლილია, საგანგაშო ის ფაქტია, რომ აღნიშნული სტატისტიკა მზარდი ხასიათისაა. უკანასკნელ დღეებში არაერთი ვარაუდი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ახლადაღმოცენებულკორონავირუსს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია როგორც ჩინური, ასევე გლობალური ეკონომიკისთვის. ჩინეთი, რომელიც დღემდე ამომავალ ზესახელმწიფოდ მიიჩნევა, მშპ-ის მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა, რომელიც ყველაზე მსხვილი მანუფაქტურული მწარმოებელი და ნავთობის ნომერ პირველი იმპორტიორია. ყოველწლიურად საშუალოდ 163 მილიონი ჩინელი ტურისტი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოგზაურობს და 300 მილიარდამდე დოლარს ხარჯავს. თავის მხრივ, ჩინეთი მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს ნახულობს ჩამოსული ტურისტებით. სავარაუდოდ, ეს არასრული სტატისტიკა მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების გამო შემცირდება, ხოლო ჩინური წარმოების რიგი მიმართულებები მნიშვნელოვნად შეფერხდება. კორანავირუსის კრიზისი უარყოფითად აისახება ჩინეთის საგარეო პოლიტიკასა და ვაჭრობაზე. გაუქმებული ფრენები, შეჩერებული გადაზიდვები, ვირუსის ირგვლივ გავრცელებული შეთქმულების თეორიები, დაავადების მზარდი სტატისტიკა– ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ჩინეთს ვირუსის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში თავს დაატყდა. 14 პროვინცია და ქალაქი ამ ეტაპზე დროებით იზოლირებულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ მცხოვრები 50 მილიონზე მეტი ადამიანი ვერ ერთვება საწარმოო საქმიანობაში, ხოლო აღნიშნულ პროვონციებზე ჩინური წარმოების ორი მესამედი მოდის.
უკვე არაერთ ქვეყანაში გამოიცა ბრძანება ჩინეთთან ფრენების გაუქმების შესახებ. ბრიტანეთის, ამერიკისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ავიახაზებმა უარი თქვეს ჩინეთიდან მომავალი რეისების მიღებაზე. (კონკრეტული ქვეყნებისა და ავიაკომპანიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამავდროულად, მონაცემები მუდმივად იცვლება). ისეთი მაღალბიუჯეტიანი კომპანიები, როგორებიც „ჯენერალ მოტორსი“, „ჰონდა“ ან „ეფლი“ არიან, იძულებულნი გახდნენ, მათი ვუჰანში არსებული საწარმოები დროებით დაეხურათ. ეს სტატისტიკაც საკმაოდ გრძელია. რას მოასწავებს ეს სურათი ჩინეთის ეკონომიკისთვის? დღეს არსებული ვითარებით, ეს მოცემულობა დროებითი ხასიათისაა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსის გაუვნებელყოფაზე, რაც უფრო სწრაფად შეძლებს ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსის კერების ჩაქრობასა და დაავადების კონტროლზე აყვანას, მით უფრო სწრაფად გადაილახება ეკონომიკური შეფერხებაც. რაც შეეხება ქვეყნის მთავრობას, დაავადების გავრცელების ტემპმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს ჩინეთის კომუნისტურპარტიასაც. ვინაიდან ჩინურ საზოგადოებაში პროპაგანდით გამყარებული წარმოდგენა კომპარტიის ეფექტური მმართველობის შესახებ, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უკვე მესამედ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, სი ძიმპინის ძალაუფლების, ვადის გასახანგრძლივებლად კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისა და ჰონგ-კონგის კრიზისის შემდეგ კორონავირუსი იქცა იმ ფაქტორად, რამაც ადგილობრივ საზოგადოებაში მმართველი წრეების მიმართ უკმაყოფილება გაზარდა. ამ უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამძაფრებს საინფორმაციო და ინტერნეტ ცენზურა, თუმცა გააღვივებს თუ არა ეს მოვლენა ხალხში რაიმე სახის ანტისამთავრობო მუხტს, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა.
კორონავირუსის გავრცელებამ ჩინეთს პრობლემები შეუქმნა რეგიონშიც. ისევ აქტუალური გახდა პეკინის წინააღმდეგ მიმართული არაერთი შეთქმულების თეორია, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. მაგალითად,ინდონეზიაში ანტიჩინურმა კამპანიამ რასისტული სახე მიიღო, ადგილობრივ საზოგადოებაში ფეხს იკიდებს აზრი, რომ ჩინური წარმოების ტექნიკები:„ქსიაომი“, „ჰუავეუი“ და ა.შ. – არ შეიძინონ, ხოლო ვისაც აქვს, სასწრაფოდ უნდამოიშოროს თავიდან. ამავე დროს, ინდონეზიის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინელებს, მათ შორის ინდონეზიური წარმოშობის სეგმენტს, თავი უნდა მოარიდონ.
კორონავირუსის მასშტაბების გაზრდის ან არსებული მდგომარეობის ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში მოვლენები შესაძლოა შემდეგნაირად წარიმართოს:
ეკონომიკური მხარე: ჩინური ეკონომიკა დაკარგავს მილიარდობით დოლარის ინვესტიციას. შემცირდება ტურისტების ნაკადი. შესაძლოა,ჩინეთში განთავსებულმა უცხოურმა საწარმოებმა ქვეყანა დატოვონ. შენელდება ჩინური პროდუქციის წარმოების ტემპები. გაიზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ჩინური პროდუქციის იმპორტზე უარს იტყვიან და ეცდებიან სხვა ალტერნატივა მონახონ. ჩინეთი დაკარგავს სანდო და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯს და ამ ხმრივ, ჩამოვა იმაზე ქვევით,ვიდრე დღეს არის.
პოლიტიკური მხარე:
საშინაო პოლიტიკა-შესაძლოა, ლეგიტიმაციის კრიზისი დაუდგეს მმართველ კომუნისტურ პარტიას. ეკონომიკური პრობლემების გამო,შესაძლოა, ხელისუფლების არაეფექტურობა გაიზარდოს, რასაც ავტორიტარულ ქვეყნებში თან სდევს სოციალური პრობლემები.
საგარეო პოლიტიკა-ეკონომიკური ზარალის შემთხვევაში, დიდი შანსია,ჩინეთმა უარი თქვას მთელ რიგ საერთაშორისო პროექტებზე აფრიკაში, სამხრეთ ამირიკასა და ცენრალურ აზიაში, ვერ დააფიანსოს იქ არსებული ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო თუ სხვა სახის პროექტები. შესაძლოა, ხანგრძლივი ვადით გადაიდოს ჩინური ზესახელწმიფოს იდეა.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ეკონომიკური ზარალია, რომელიც ,როგორც წესი, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ბარიერია (შემაფერხებელია)საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის გავრცელებას მილიარდობით დოლარის ზარალი მოჰყვება როგორც ჩინურ, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში, თუმცა ციფრებში როგორ გამოისახება ეს მაჩვენებელი, ამას სამომავლო სტატისტიკა გვიჩვენებს. ცნობისთვის, 2003 წელს ჩინეთში გავრცელებულმა დაავადებამ, „მწვავე რესპირატორულმა სინდრომმა“ (SARS), დაახლოებით 40 მილიარდის ზარალი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მაშინდელი ჩინეთის ეკონომიკა დაახლოებით დღევანდელი იტალიისას უტოლდებოდა, ხოლო კორონავირუსი დიდი ალბათობით გადაასწრებს (SARS)-ის მასშტაბებს, გლობალური ზარალი შესაძლოა ბევრად მეტი აღმოჩნდეს.
გიორგი ფიფია
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი