e-Estonia – ციფრული ტრანსფორმაციის მაგალითი და ნატოს კიბერუსაფრთხოების ფლაგმანი

მას შემდეგ, რაც 1991 წელს სსრკ დაიშალა, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის მიზანს კაპიტალისტურ ეკონომიკურ სისტემაში სწრაფი ინტეგრაცია წარმოადგენდა. ამისთვის საჭირო იყო სწრაფი ეკონომიკური რეფორმები და მოდერნიზაცია, რადგან სხვაგვარად თავისუფალი ბაზრის პირობებში თავის დამკვიდრება შეუძლებელი იქნებოდა. სახელმწიფოებს თავად უწევდათ პრიორიტეტების განსაზღვრა, თუ რომელ სფეროში ჩაედოთ სახელმწიფო ინვესტიცია. მაშინ ესტონეთმა არჩევანი ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე გააკეთა. აღნიშნულ სფეროში ინვესტირების უპირატესობა მდგომარეობდა სახელმწიფო სერვისების საზოგადოებისთვის სწრაფად, მარტივად და გამჭვირვალედ მიწოდებაში. რასაკვირველია, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო განათლების სისტემის მოდერნიზაციითა და გაციფრულებით. 2000 წლისთვის, ესტონეთის ყველა სასწავლო დაწესებულების საკლასო ოთახი უკვე აღჭურვილი იყო კომპიუტერებით. მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს მიეცა საშუალება კომპიუტერული ტრენინგი უფასოდ გაევლო. გარდა ამისა, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ინვესტიცია გააკეთა ციფრული ინფრასტრუქტურის მასობრივი ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მიდგომამ ეფექტური შედეგები მოიტანა. თუ 2000 წლისთვის ესტონეთის მთლიანი მოსახლეობის 30% იყენებდა ინტერნეტს, ეს მაჩვენებელი დღეს თითქმის 100%-ს შეადგენს. ინტერნეტზე წვდომა ფაქტობრივად ადამიანის საბაზისო უფლებების რანგში გადის.

რასაკვირველია, სახელმწიფო თუ კერძო სექტორის მასობრივად ციფრულ ბაზაზე გადასვლა მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, რადგან ელექტრონული მონაცემების უსაფრთხოება მოითხოვს სათანადო დაცვას, სხვა შემთხვევაში მთლიანად ქვეყანა ხდება მოწყვლადი საგარეო კიბერ საფრთხეების წინაშე.დაახლოებით მსგავსი სცენარით განვითარდა მოვლენები 2007 წელს, როდესაც ესტონეთის პარლამენტზე, სამინისტროებზე, ბანკებსა და მედიასაშუალებებზე განხორციელდა კიბერთავდასხმების სერია, რამაც სახელმწიფო სერვისების დროებით პარალიზება გამოიწვია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კიბერთავდასხმის უკან რუსეთის ფედერაცია იდგა. ეს იყო ისტორიაში პირველი მასშტაბური კიბერშეტევა, რომელიც ერთმა სუვერენულმა სახელმწიფომ მეორეზე მიიტანა. საპასუხოდ 2008 წელს, ტალინში დაფუძნდა ნატოს ერთიანი კიბერთავდაცვის ცენტრი, რითაც ესტონეთი გახდა ნატოს კიბერუსაფრთხოების ფლაგმანი. ამ მოვლენამ, ესტონურ საზოგადოებას ბიძგი მისცა, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, უზრუნველეყო კიბერუსაფრთხოებაც.

დღესდღეობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით ესტონეთი ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა მსოფლიოში. 2008 წლიდან ქვეყანა ნატოს ციფრული სტაბილურიბის მთავარი კონტრიბუტორია, ნატოს კიბერთავდაცვის ცენტრში  წლიდან წლამდე იზრდება კიბერ უსაფრთხოების შესწავლისა და გაუმჯობესების მასშტაბები მულტიდისციპლინურ დონეზე. ცენტრი პასუხისმგებელია კიბერსაფრთხეების იდენტიფიცირებაზე და დროულ აღმოფხვრაზე, ატარებს კოორდინირებულ საგანმანათლებლო ტრენინგებს და უზრუნველყოფს როგორც ესტონეთის, ისე მთლიანად ალიანსის ციფრულ მდგრადობას. თავის მხრივ, ესტონელებმა შექმნეს კიბერ საფრთხეების  აღმოჩენისა და თავდაცვის პრევენციული სისტემა, რომელიც კერძო და საჯარო სექტორში კოორდინირებულად დაინერგა. ტალინის კიბერუსაფრთხოების საგანგებო სამსახურს თვეში  300-ზე მეტი კიბერინციდენტის გაუვნებელყოფა უწევს და ამ გამოცდილებას ესტონეთი არაერთ ქვეყანას უზიარებს, რაც თავისთავად მეტყველებს კიბერსივრცეში მათი ავტორიტეტის მნიშვნელობაზე.

ქვემოთ კი მსურს გაგაცნოთ სამი მნიშვნელოვანი ციფრული ინოვაცია, რომელიც ესტონეთში წარმატებულად დაინერგა და ცნობილია “e-Estonia” სახელით.

ციფრული მთავრობის კონცეფცია: აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფსმოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის ელექტრონულ კომუნიკაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას მთავრობასთან აქვს წვდომა ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერებისა თუ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე. მაგალითისთვის, ესტონეთის  საჯარო სერვისების თითქმის 100% ხელმისაწვდომია ონლაინ, 24 საათის განმავლობაში, უკვე დიდი ხანია დანერგილია ონლაინ გადასახადების სისტემა, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის თითქმის ნახევარმა ელექტრონულად დააფიქსირა პოლიტიკური არჩევანი და ა.შ.

კიდევ ერთი საინტერესო ინოვაცია, რომელიც ესტონეთში დაინერგა, არის  „ელოქტრონული ბინადრობა“, e-Residency, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ბიზნესის წარმოება ესტონეთში ადგილზე ყოფნის გარეშე. პროგრამამ, რომელიც 2014 წლიდან ამუშავდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 60 000-ზე მეტ ადამიანს მისცა საშუალება 7000-ზე მეტი ბიზნეს საქმიანობა წამოეწყო ესტონეთში. მხოლოდ ამ პროგრამიდან, გადასახადების სახით ესტონეთმა უკვე მიიღო 10 მილიონ ევრომდე თანხა, ხოლო სუფთა ეკონომიკური მოგება, რაც ქვეყანას დარჩა 25 მილიონ ევროს აღემატება.

2018 წლიდან, ესტონეთმა შეიმუშავა ეროვნული სტრატეგია ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ხელშეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. რასაკვირველია ეს მიდგომა გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი, თუმცა თუ გავითვალისწინეთ ქვეყნის ციფრული განვითარების ტემპებს, შესაძლოა იმაზე ბევრად ადრე მოხდეს ხელოვნური ინტელექტის სრულყოფა ვიდრე ნავარაუდებია. ფაქტია, რომ მცირე ბუნებრივი რესურსების, მოსახლეობის და ტერიტორიის მქონე პოსტ-საბჭოთა სახელმწიფომ შეძლო გამხდარიყო მოდელი, რომელსაც ჰყავს პირველი ციფრული საზოგადოება მსოფლიოში.

გიორგი ფიფია
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s