
სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის იმპერიული მიზნები პირველად 2008 წელს გამოვლინდა. მას წინ უძღოდა ჩეჩნეთის ომი და საშინაო დონეზე ძალის ვექტორის გაძლიერება. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ განხორციელებულ რუსეთის სამხედრო აგრესიას მცირედით დაგვიანებული, თუმცა, საერთაშორისო დონეზე მკაფიო რეაქცია მოჰყვა, დასავლეთში, როგორც აღმოჩნდა, მაინც არ ფიქრობდნენ, რომ ამ სახის აგრესიულ გამოვლინებებს რუსეთის მხრიდან განგრძობადი სახე ექნებოდა. მაშინ რთულად სავარაუდო იყო ის, რომ აგვისტოს ომიდან სულ რაღაც არასრულ 6 წელიწადში რუსეთის ფედერაცია ყირიმის ანექსიას მოახდენდა. თავის მხრივ,ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წარმართული სამხედრო კონფლიქტი აღმოჩნდა ის წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც ყველასთვის ნათელი გახდა, რომ კრემლი მხოლოდ ამას არ დასჯერდებოდა. თუ საქართველო ევროკავშირის უშუალო მოსაზღვრე არ იყო და ნატოს ქვეყნებიდან მხოლოდ თურქეთს ესაზღვრებოდა, უკრაინა ევროკავშირისა და ნატოს უშუალო მომიჯნავე, 40 მილიონამდე მოსახლეობის მქონე, ბევრად მნიშვნელოვანი როლის მოთამაშე აქტორს წარმოადგენდა, რაც, რა თქმა უნდა, კარგად უწყოდნენ ნატოს წამყვანმა სახელმწიფოებმა. სწორედ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არასტაბილური გარემო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის პოსტკომუნისტური და პოსტსაბჭოთა ქვეყნების უსაფრთხოებას.
უსაფრთხოების გაზრდის განსაკუთრებული მოთხოვნა გაჩნდა პოლონეთსა და ბალტიის სახელმწიფოებში. პოლონეთმა შარშან აშშ-ის მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზების მიღებასთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვაც კი გაუგზავნა ამერიკის მთავრობას. ცხადია, არსებული ფორმაციის საერთაშორისო სისტემაში დღევანდელ რუსეთის ფედერაციას არ გააჩნია ეკონომიკური, სამხედრო ან პოლიტიკური სახის ისეთი გავლენა, როგორიც თავის დროზე სსრკ-ს ჰქონდა და ისიც წარმოუდგენელია, რომ სამხედრო იერიში მიიტანოს აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ სახელმწიფოებზე, თუმცა, ფაქტია და არაერთხელ დადასტურდა, რომ მოსკოვი აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპულკავშირსა და ნატოში დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობს და მომავალშიც შეეცდება. ჰიბრიდული ომი, პროპაგანდისტული მანქანის ამუშავება, ინტერნეტ სივრცეში წარმოებული საინფორმაციო ომი– სწორედ უკრაინის მოვლენების შემდეგ იწყებს აქტიურ ფაზაში შესვლას. ნახსენები ფაქტები არასრული ჩამონათვალია კრემლის იმ ქმედებებისა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ნატოს და განსაკუთრებით მის რუსეთთან უშუალოდ მოსაზღვრე, აღმოსავლეთ ფლანგს.
დღესდღეობით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან ხუთი წლის შემდგომ,საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ამოღებულია უკრაინის პრობლემა, ანექსირებული ტერიტორიის საკითხი, რაც საშიში პრეცედენტია აღმოსავლეთ ევროპის, ნატოს არაწევრი სახელწმიფოებისთვის. სიმშვიდის საფუძველი არც რეგიონის ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ, რადგან რაც უფრო იზრდება რუსეთის გავლენა საერთაშორისო დონეზე, პირდაპირპროპორციულად იზრდება კრემლის ზეწოლა მათზეც. ამ ფონზე, აშშ-სა და ნატოს მიერ ოქტოემბერში დაანონსებული მასშტაბური სამხედრო წვრთნები “Defender 2020”, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.
ევროპის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ დაანონსებული სამხედრო წვრთნები ცივი ომის შემდეგ სიდიდით მესამე და ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სწავლებაა, რომელიც 2020 წლის გაზაფხულში გაიმართება. აღნიშნულ სამხედრო წვრთნებში 20 000-მდე ამერიკელ სამხედროსთან ერთად 10 000-მდე ევროპელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა, ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. უნდა აღინიშნოს, რომ „Defender 2020” 18 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, გერმანიას, პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოს. რასაკვირველია, მსგავსი მასშტაბის სამხედრო სწავლების დაანონსება სპონტანურად არ მომხდარა და განპირობებულია ბოლო წლებში აღმოსავლეთ ევროპასა და მსოფლიოში არსებული არასტაბილური უსაფრთხოების გარემოს არსებობით. სირიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, აშშ-თურქეთს შორის გართულებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, გაზრდილია რუსეთის პოლიტიკური როლი საერთაშორისო დონეზე, რასაც აუცილებლად ექნება გავლენა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზეც. სამხედრო სწავლების შინაარსი ერთგვარი პრევენციული ხასიათის მკაფიო სიგნალი იქნება რუსეთისთვის, დემონსტრირება იმისა, რომ ეს რეგიონი აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია და საჭიროების შემთხვევაში, ამერიკა მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა თავისი ევროპელი პარტნიორების დასაცავად. ოფიციალურ დონეზეც მსგავსი ხასიათის განცხადებები გაჟღერდა, როგორც ნატოს სახმელეთო სამხედრო სამეკავშირეო ძალების უფროსმა განაცხადა, სამხედრო წვრთნების მიზანი ნატოს საჯარისო მზადყოფნის გაზრდა და მიმდინარე თუ პოტენციურ გამოწვევებთან ეფექტური გამკლავება იქნება. ამ ეტაპზე რთულია იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რა შედეგების მომტანი იქნება დაანონსებული მასშტაბური სამხედრო სწავლება აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფობითვის, თუმცა, ნათელია, რომ აღნიშნული წვრთნები განსაკუთრებით სჭირდება რეგიონის იმ ქვეყნებს, რომლებიც პერმანენტულად აწყდებიან რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების სხვადასხვაგვარ გამოვლინებებს.
გიორგი ფიფია
მკვლევარი