კოლონიალიზმის მემკვიდრეობა ლათინურ ამერიკას

მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ვატიკანისა და ესპანეთის მთავრობას ლათინური ამერიკის დაპყრობისა და ექსპლუატაციისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. მან ოფიციალური წერილი გაუგზავნა ესპანეთის მეფეს – ფელიპე მეექვსესა და პაპ ფრანცისს. ტაბასკოს ისტორიული შტატიდან ვიდეოჩართვისას, მან პირდაპირ განაცხადა, რომ კოლონიალიზმი ძალადობით – ხმლითა და ჯვრით ხორციელდებოდა.

არსებობს მოსაზრება, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ძირითადად მხოლოდ პოპულიზმსა და ხალხში ავტორიტეტის ამაღლებას ემსახურება, თუმცა მექსიკის პრეზიდენტის განცხადება, რომ ბოდიშის მოხდა შერიგებისათვისაა აუცილებელი, სხვა დატვირთვასაც ატარებს. უპირველეს ყოვლისა, ის, რომ მსგავსი დისკურსი დავიწყებას არ მიეცემა და მეორე – იმ მემკვიდრეობის რეალური გააზრება, რომელიც კოლონიალიზმმა დაუტოვა ლათინურ ამერიკას. ორაზროვნობისა და ტრივიალურობის გამო რთულია გაანალიზო სინამდვიკეში რა მიზანს ემსახურებოდა ლოპეს ობრადორის განცხადება, თუმცა ფაქტია, რომ რეგიონი ღრმა ეკოლოგიურ კრიზისშია.

კოლონიალიზმი, როგორც ზემოთ ხსენებული ქვეყნების საერთო ისტორიული გამოცდილება, მე-15  საუკუნიდან იღებს სათავეს. იმ დროიდან, როცა ევროპელები იწყებენ ამ რეგიონის ათვისებას. აღნიშნულ მოვლენაში ძირითადად ესპანელები დომინირებენ, თუმცა აღსანიშნავია პორტუგალიელების, ფრანგების, ბრიტანელებისა და ჰოლანდიელების მიერ გატარებული პოლიტიკაც. დღეს შეიძლება აღნიშნული ქვეყნები აღარ თამაშობდნენ იმავე როლს ამ რეგიონში, თუმცა ზემოთ ხსენებული მოვლენების შედეგებს დღემდე იმკიან ლათინური ამერიკის ქვეყნები.

სტატიის უკეთ აღქმისთვის განვმარტოთ ორი სიმბოლატი:

1. ტერმინი „ლათინური ამერიკა“ შემოიღეს სამხრეთ ამერიკის, შუა ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების აღსანიშნავად, რომლებიც რომანულ (ინდოევროპული ეთნოლინგვისტური ოჯახის ერთ-ერთი შტო) ენას იყენებენ, მასში შედის: ფრანგული, ესპანური და პორტუგალიური ენების მახასიათებლები. გეოგრაფიული არეალი მოიცავს: მექსიკას, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს, კარიბის ნაწილსა და მთლიანად სამხრეთ ამერიკას. მიუხედავად მრავალფეროვნებისა, ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა მსგავს კულტურულ და ისტორიულ გამოცდილებას ეფუძნება.

2. ეკოლოგიური კრიზისი – აღნიშნავს მოვლენას, როდესაც ბუნება იმ დონეზეა დაზიანებული, რომ აუცილებლად საჭიროებს ხელოვნურ ჩარევას. დროითი ინტერვალის მიხედვით, გამოვყოფთ ორ სხვადასხვა შუალედს. პირველი:  მოულოდნელი ბუნებრივი უბედურებები, ან კატასტროფა, რომელთა უკანაც ხელოვნურად გამოწვეული მოვლენები დგას და მეორე – მოიცავს უფრო ხანგრძლივ პერიოდს, რაც თავის თავში მოიაზრებს დროთა განმავლობაში დაგროვებულ პრობლემებს (რა თქმა უნდა, უკანასკნელშიც ადამიანს მიუძღვის ბრალი).

ისტორიული რაკურსი – კოლონიალიზმი და მისი შედეგები

ლათინური ამერიკის ექსპლუატაციის პერიოდი პირდაპირ კავშირშია კოლონიალიზმთან,  კაპიტალიზმის აღზევებასა და მათი წარმომადგენელი ქვეყნების იმპერიულ მისწრაფებებთან. ძირითადად ეს ქვეყნები მოიცავდნენ დასავლეთ ევროპის ნაწილს, უფრო კონკრეტულად – ესპანეთს, ინგლისსა და პორტუგალიას, გამონაკლისია  შეერთებული შტატები, როგორც არაევროპული სახელმწიფო. ადამიანური (მონების სახით) და მატერიალური რესურსები, როგორებიცაა: ოქრო, სპილენძი, ალუმინი და სხვა ძვირფასი ქვები, მიედინებოდა კარგად ორგანიზებული სატრანზიტო გზების მეშვეობით, რომელსაც კონრეტული ქვეყნების  პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები აძლევდა საფუძველს, რასაც ვიქტორ ფიგუეროა „ინდუსტრიული კოლონიალიზმის მესამე ეტაპს“ უწოდებს. 

ხსენებული ეტაპი მოიცავდა წიაღისეულის ექსპლუატაციას და მათ ექსპორტს ლათინური ამერიკიდან, რასაც კოლონიალიზმის დასაწყისიდან ვხვდებით. ეს ნეგატიურად აისახებოდა ტყეებსა და იმ მიმდებარე მიწებზე, სადაც  სამუშაოები მიმდინარეობდა. მძიმე შრომა და არაჯანსაღი პირობები რთულ მდგომარეობაში აყენებდა ადგილობრივ მოსახლეობას და ზრდიდა დაავადებათა რისკს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ეგრეთწოდებული „შავი ყვავილი“- დაავადება, რომელიც ევროპელებმა დაუტოვეს ადგილობრივ მოსახლეობას. ხშირ შემთხვევაში, ევროპელებს არ აღელვებდათ მსგავსი საკითხები, რადგან  მათი ძირითადი მიზანი სარგებლის მიღება იყო, ასევე, მდინარეების დაბინძურება, მიწის ეროზია და ტყის ჩეხვა კიდევ უფრო დრამატულს ხდიდა არსებულ სურათს. ზემოთ ხსენებული ფაქტორები დაკავშირებული გახლდათ ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ უთანასწორობასთან. საერთო ჯამში, სიღარიბის მაჩვენებელი მთლიან კონტინენტზე მოსახლეობის 30 პროცენტს მოიცავს.

კოლონიალიზმი და მისი ზეგავლენა მნიშვნელოვანი გახლავთ გარემოს კრიზისის აღსაქმელად, რისი მოგვარებაც ლათინური ამერიკის პრობლემად დღემდე რჩება. გამოწვევის მიზეზად ვერ გამოვყოფთ ერთ კონკრეტულ ფაქტს, როგორც უმთავრეს ელემენტს, არამედ აღსანიშნავია სოციალური სისტემის ინტერაქცია სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ ისტორიულ პერიოდში. ძირითადად გამოყოფენ სამ პერიოდს. პირველი პერიოდი მოიცავს შედარებით ყველაზე გრძელ ეტაპს, რომელიც იწყება კონტინენტზე ადგილობრივი მოსახლეობის გამრავლებისას და სრულდება  1500-1550 წლებში. მეორე პერიოდი მოიცავს ევროპულ დომინაციას კონტინენტზე მე-16 საუკუნიდან მე-19-მდე , რომელიც ხასიათდება პერიფერიული ეკონომიკებით, რომლებიც ინტეგრირებულნი გახლდათ გლობალურ სავაჭრო ქსელში. ბოლო ეტაპი კი ყველაზე მოკლე პერიოდიზაციით ხასიათდება – 1870 წლიდან 1970-მდე, როდესაც კაპიტალისტური ურთიერთობების ფორმები ყალიბდება. 1980 წლიდან კი ვაწყდებით ეკონომიკური მოდელის ტრანსფორმაციასა და ეკოლოგიურ კრიზისს, რომელიც დღემდე გრძელდება.

იმპერიალისტურმა დამოკიდებულებამ თავისი გავლენა იქონია პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებზე.  მაგალითად, ადგილობრივი მოსახლეობა, დაახლოებით 90 მილიონამდე ადამიანი, ფაქტობრივად შეეწირა ევროპელების მიერ გატარებულ პოლიტიკას.  ასი წლის შემდეგ მათი რაოდენობა შემცირდა 75დან 95 პროცენტამდე. სხვა მონაცემებით, იმ დროისთვის კონტინენტზე არსებული მოსახლეობა მთლიანი კაცობრიობის 20 პროცენტს წარმოადგენდა, რომელიც 3 პროცენტამდე დაეცა. აქვე აღსანიშნავია, რომ  მატება მხოლოდ მე-18 საუკუნიდან იწყება.

გასაკვირი არაა, რომ მოსახლეობა იზრდებოდა იმ რეგიონებში, რომლებიც უფრო მეტ შემოსავალს იძლეოდნენ, ასევე, მუშახელი ივსებოდა აფრიკიდან ჩამოყვანილი მონებით, რომლებიც ცალკე საზოგადოებრივ ჯგუფს ქმნიდნენ. ძირითადად მათ ვხვდებით კარიბიის და ჩრდილოეთ ბრაზილიის ტერიტორიაზე. შედეგად ჩვენ მივიღეთ ოთხი ტიპის საზოგადოება: პირველი-ადგილობრივები , რომლებიც გადაურჩნენ კოლონიალიზმს, მეორე-აფრიკელი მონები, მესამე- დანარჩენი ორი შერეული ტიპის მოსახლეობა  ევროპული ფესვებით, რომლებიც შეერივნენ ადგილობრივებს და მეოთხე აფრიკელები, რომლებმაც განიცადეს ასიმილაცია ლათინურ ამერიკაში.

დომინანტური დისკურსი სამხრეთ ამერიკაში სათავეს იღებს ზემოთ ხსენებული საზოგადოებების ჩამოყალიბებიდან და დღემდე არსებობს განსხვავებული პოზიციები იმის შესახებ, თუ რომელი იმყოფება ამ საზოგადოებიდან სტრუქტურული იერარქიის მაღალ საფეხურზე. პასიური, მაგრამ ანტაგონისტური დამოკიდებულება ფორმულირდება ჩრდილოეთ ამერიკული იდეალების გასწვრივ, როგორებიცაა: ცივილიზაცია ბარბაროსობის, განვითარებული განუვითარებლის პროგრესი ჩამორჩენილობის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. რასაკვირველია, მსგავსი მიდგომა აღიზიანებთ ადგილობრივ და აფრიკული ფესვების მქონე მოსახლეობას, რაც კონფლიქტის კიდევ ერთი წყაროა.

კულტურულ-ორგანიზაციულ საკითხში კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საზოგადოების მოწყობამ. მეოცე საუკუნემდე სამხრეთ ამერიკის ორგანიზაციული დონე ფაქტობრივად იდენტურია XVI-XVII საუკუნის ესპანურ და პორტუგალიურ მოდელებთან, სადაც დომინანტური, ინტელექტუალური ძალა ეკლესიასა და სამხედროებს უპყრიათ.

ინტელიგენცია  ძირითადად იზიარებდა ამერიკულ იდეალებს 1980 წლამდე, როდესაც უკვე ვხვდებით მკვეთრ ცვლილებას, მაგალითად: ისინი უკვე ღიად აფიქსირებენ აზრს, რომ ამ დრომდე უმნიშვნელო ეკონომიკური ზრდა ვერანაირ პროგრესს ვერ ასახავს და პირიქით, მსგავსი მიდგომა საზიანოა შორეულ პერსპექტივაში. მათი ძირითადი პროტესტი უკავშირდებოდა გაზრდილ ექსპორტს, რომელიც მართლდებოდა დიადი სარგებლის მიღებით.

ისტორიკოსი დონალდ ვორსტერი თავის ესეში ,,დედამიწის ტრანსფორმაცია ’’სამი სახის ანალიზის საჭიროებას გამოყოფს. მოვლენების სწორად გასაანალიზებლად ის ყურადღებას ამახვილებს სტრუქტურულ ანალიზსა და გარემოს რესურსების გადანაწილებაზე, ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, ასევე, მნიშვნელოვანია არა მარტო ტექნოლოგიებისა და შრომის განაწილების გააზრება, არამედ ბუნების ტრანსფორმაცია, დაბოლოს, იდეოლოგიების და კანონების გათვალისწინება, რაც ერთგვარ უმთავრეს ნაწილად იქცა ადამიანებისა და ბუნების ურთიერთობებში.

ეკოლოგიური კრიზისი ლათინურ ამერიკაში მოიცავს 22 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობს, სადაც დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

მართალია, მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა გარემოზე ზრუნვის სტანდარტის ასამაღლებლად, მაგალითად: შემოღებული კანონები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, 2012 წელს მექსიკა იყო პირველი, რომელმაც ეს განახორციელა, ეკუადორი კი პირველი ქვეყანა გახლავთ, რომელმაც ბუნებას კონსტიტუციური უფლებები მიანიჭა, მაგრამ მდგომარეობა მაინც საგანგაშოა. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, 2015 წელს 185 მწვანე აქტივისტი იქნა მოკლული, აქედან ორი მესამედი ლათინური ამერიკის ქვეყნებზე მოდის. მიზეზები, რა თქმა უნდა, განსხვავებულია , თუმცა, უმეტესწილად საქმე გვაქვს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტთან მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომ კომპანიებს ენიჭებათ უფლება ააშენონ ჰესები და განახორციელონ სხვა მსგავსი პროექტები ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების გარეშე. ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ მსგავს მოქმედებებს, ხშირად  ეს სიცოცხლის ფასად უჯდებათ. 2002 წლიდან 2015 წლამდე გარდაცვლილია 900- მდე აქტივისტი. ჩვენ მივიღეთ საკმაოდ მძაფრი ტენდენცია, როდესაც სახელმწიფოს პოლიტიკას ძალიან ბევრი ადამიანი ეწირება. ყველაფერი იწყება ინვესტიციების მოზიდვის იდეით, როდესაც სახელმწიფო იღებს ახალ კანონებს, რომელიც ეხება შეზღუდვების მოხსნას სამრეწველო საქმიანიბაში. მაგალითისთვის, პერუმ დაიწყო მსგავსი პოლიტიკის გატარება 2014 წლიდან და დაახლოებით 62-მილიარდიან ინვესტიციის მოლოდინში, რომლის ძირითადი სფერო სპილენძის მოპოვება გახლდათ, 69 ადამიანის მკვლელობა ფიქსირდება და მათგან ნახევარზე მეტი მწვავედ აპროტესტებდა ზუსტად ამ პოლიტიკას. პერუ არ გახლდათ გამონაკლისი, ჰონდურასმა 2010 წელს 47 ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც შეცვალეს კანონი სახელმწიფოს ქონებაში მყოფი მიწების გაყიდვის შესახებ. პროექტებს, უმეტეს შემთხვევაში, უცხოული კაპიტალი აფინანსებს. მაგალითისთვის, მსოფლიო ბანკმა 2009 წლიდან 2013 წლამდე 50 მილიარდი გამოყო სესხის სახით იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ გარემოსთვის. ასევე აღსანიშნავია კანადური კერძო კომპანიები, რომლებსაც დიდად არ აწუხებთ გარემოს დაცვის საკითხები. 2012 წლის მონაცემებით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სექტორში 70% კანადურ ინვესტიციაზე მოდის, საიდანაც 22 პროექტი არღვევს ადამიანის უფლებებს და შეიცავს გარემოს დაბინძურების საფრთხეს.

დასასრულისკენ ვნახოთ რამდენად მწვანეა ლათინური ამერიკა, რათა უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნას იმაზე, თუ რა პოტენციალს ფლობს ლათინური ამერიკის ქვეყნები დღევანდელი მონაცემებით. (EPI) Environmental Performance Index, ინდიკატორი, რომელიც შეიმუშავა Yale Center for Environmental Law and Policy წარმოდაგენს სტატისტიკას, სადაც ასახულია 24 სხვადასხვა მაჩვენებელზე დამოკიდებული მონაცემები.

რეგიონების მიხედვით ლათინური ამერიკა მეოთხე ადგილს იკავებს, რაც ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი, თუ გავითვალისწინებთ შემადგენელი ქვეყნების ეკონომიკურ მახასიათებლებს.

მეორე ცხრილში ნაჩვენებია შედეგები ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის, სადაც კოსტა რიკა უპირობოდ პირველ ადგილს იკავებს. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გაიანას აქვს და მას მოჰყვებიან: ჰონდურასი გვატემალა, ელ სალვადორი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ურუგვაი თავისი ენერგიის 78%-ს განახლებადი ენერგიის ხარჯზე იღებს. 

გარემოს დაცვა ლათინურ ამერიკაში აქტუალური საკითხია, თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე მოვლენებს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების მთელი ყურადღება გადატანილია ვენესუელას პოლიტიკურ კრიზისზე, თუმცა, ლათინური ამერიკის ქვეყნები კვლავ დგანან დილემის წინაშე, გაზარდონ ეკონომიკური მაჩვენებელი ინვესტიციების ხარჯზე, რაც როგორც ვხედავთ ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოზე, თუ ყურადღება გაამახვილონ გარემოს დაცვის საკითხებზე. გამოსაყოფია ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადება ამაზონის შესახებ, რომ მისი გამოყენება შეიძლება საზოგადოების საკეთილდღეოდ, აქვე მიანიშნებენ ამერიკული წარმომავლობის კომპანიების გაზრდილ დაინტერესებაზე. 2018 წელი არის შესაძლებობლობა ახლადარჩეული მთავრობებისთვის, რომ გაატარონ სწორი რეფორმები, რომელიც გულისხმობს არსებული გამოწვევების ადეკვატურ შეფასებას და შესაბამისი პოლიტიკის გატარებას. მოლოდონი არსებობს, თუმცა, რამდენად პრიორიტეტულია ეს საკითხი ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის ამას დრო გვიჩვენებს.

შოთა მგელაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s