
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც სტევო პენდაროვსკიმ გაიმარჯვა. მმართველი გუნდის – სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ხმათა 51.66% მოიპოვა და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი გახდა.
56 წლის პენდაროვსკის კონკურენტი მეორე ტურში ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, მაკედონიის უნივერსიტეტის პროფესორი და იურისტი, 63 წლის გორდანა სილიანკოვსკა–დავკოვა გახლდათ, რომელმაც არჩევნებში ხმათა 44.73% მიიღო.

პენდაროვსკიმ, როგორც მოსალოდნელი იყო, მხარდაჭერა ეთნიკურად ალბანური მოსახლეობისგანაც მიიღო, გამომდინარე იქიდან, რომ მმართველ პარტიაში ორი ალბანური პარტიაა და თავის საპრეზიდენტო კამპანიის მანძილზე არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ალბანური უმცირესობების მიმართ.
მისი გამარჯვება ქვეყნის ევროპულ და ევროატლანიკურ ინტეგრაციას კიდევ უფრო მყარს გახდის, რომელიც მკვეთრად პროდასავლური რიტორიკის მხარდამჭერია.
“ეს გამარჯვება ნიშნავს ჩრდილოეთ მაკედონიის მომავალს და ბილეთს ევროპაში”, – განაცხადა პენდაროვსკიმ შედეგების გამოცხადების შემდეგ.
ამავდროულად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ზორან ზაევმა, მიულოცა პენდაროვსკის გამარჯვება და განაცხადა, რომ არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებით ქვეყანამ აჩვენა მზაობა ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ.
აღსანიშნავია, რომ სახელწოდების შესახებ შეთანხმებამ კვლავ გაუხსნა გზა ევროკავშირში სკოპიეს, რომელიც 2005 წლიდან კანდიდატის სტატუსით სარგებლობს. ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წელს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება.
ამავდროულად, 6 თებერვალს ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის 29 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა. ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება საბერძნეთთან სახელწოდებასთან დაკავშირებული მრავალწლიანი დავის მოგვარების შემდეგ ხდება შესაძლებელი.
ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშების მიხედვით, არჩევნები დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში გაიმართა.
ჩრდილოეთ მაკედონიაში პრეზიდენტს ცერემონიალური როლი აქვს. იგი ნიშნავს ელჩებს და არის ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
თორნიკე ცირამუა
უფროსი მკვლევარი