30-წლიანი მმართველობის შემდეგ, 19 მარტს ყაზახეთის პრეზიდენტი ყველასათვის მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საზოგადებასთან სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.
“გადავწყვიტე, დავტოვო პრეზიდენტის თანამდებობა. წელს ჩემი მმართველობის 30 წელი სრულდება.” – აღნიშნა 78 წლის ნაზარბაევმა, რომელიც 1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ენერგორესურსებით მდიდარი ყაზახეთის პრეზიდენტი იყო. “ჩემმა ხალხმა საშუალება მომცა, რომ დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი გავმხდარიყავი”.
დაგეგმილ არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი, კასიმ-ჟომარტ ტოკაევი შეასრულებს.
რამდენად რეალურია ნაზარბაევის გადადგომა?
ყურადსაღებია, რომ გადადგომის მიუხედავად, ის უშიშროების საბჭოს მდივნად და მმართველი პარტიის ლიდერად რჩება, რაც რეალურად ნაზარბაევს უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს, ვიდრე მას პრეზიდენტობის დროს გააჩნდა.
“მიუხედავად თანამდებობის დატოვებისა, მე მაინც თქვენთან ვრჩები“; “ქვეყნისა და ხალხის ინტერესები ჩემს ინტერესებად რჩება”- განაცხადა მან სატალევიზიო მიმართვისას.
ვინ არიან სავარაუდო მემკვიდრეები?
დღესდღეობით ექსპერტები ორ კანდიდატს გამოყოფენ.
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი, რომელიც არჩევნებამდე ქვეყნის მეთაურის მოვალეობას შეასრულებს. იგი საბჭოთა სკოლის დიპლომატია, თავისუფლად ფლობს ინგლისურსა და ჩინურ ენებს და ზურგს წარმატებული საერთაშორისო კარიერა უმაგრებს – 4 წლის განმავლობაში ტოკაევი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა.
სამატ აბიში – ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და მოქმედი პრეზიდენტის ძმის შვილი (40 წლის აბიში – ნაზარბაევის გარდაცვლილი ძმის შვილია) დამთავრებული აქვს ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტისა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის აკადემიები.
ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მემკვიდრის კანდიდატურას სწორედ ნაზარბაევი შეარჩევს. ის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს, მაგრამ რჩება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად და მმართველი პარტიის „ნურ ოტანის“ ლიდერად. აღნიშნული თანამდებობები ყაზახეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე სრულ კონტროლს გულისხმობს.
უფრო მეტიც, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს უკვე ყოფილი პრეზიდენტის გადადგომიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, მისი უფროსი ქალიშვილი ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს.
55 წლის დარიგა ნაზარბაევა 20 მარტს სენატის წევრებმა ერთსულოვნად აიეჩიეს. ყაზახეთის კონსტიტუციის თანახმად, ის თანამდებობაზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე, 2020 წლის აპრილამდე დარჩება.
ნაზარბაევა დიდი ხნის განმავლობაში მოიაზრებოდა მამის შესაძლო მემკვიდრედ, რომელიც მმართველი პარტიის „ნურ ოტანის“ ხელმძღვანელი და ქვეყნის უშიშროების საბჭოს უვადო თავმჯდომარეა.
ნაზარბაევა 2016 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა სენატის საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს. ამქამდე ის პრემიერ მინისტრის მოადგილეც გახლდათ. იგი ამჟამად ყაზახეთის პოლიტიკურ იერარქაში მე-2 ადგილს იკავებს და მას შესაძლებლობა ეძლევა დაიკავოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია მოქმედი პრეზიდენტის გარდაცვალების, ან სხვა გაუთვალისცინებელი მოვლენის შემთხვევაში.
ელისო ფოფხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი