ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა. ეს არის მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას. ამ დარგის განვითარებას ყოველთვის საფუძვლად ედო რაიმე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა, ან პოლიტიკური ძვრა. მისი განხილვა შეიძლება ორი, ძველი და ახალი, მიდგომით – კლასიკური გაგებით მიმართულია ქვეყნის საგარეო საფრთხეების პრევენციაზე, ხოლო თანამედროვე გაგებით იგი, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ემსახურება სოციალური სიმშვიდის უზრუნველყოფას.
მე-20 საუკუნეში, უშიშროებას და უსაფრთხოებას, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ქვედარგს ევროპასა და აზიაში, ანტი-ამერიკულ გამოგონებად მიიჩნევდნენ. კონცეფცია ძირითადად სამხედრო-მილიტარულ ჭრილში განიხილებოდა და მისი ფორმირება ოთხ S-ს ეყრდნობოდა: States – სახელმწიფოები, რომლებიც იკვეთებოდნენ უსაფრთხოების მთავარ აქტორებად და რეფერენტებად; Strategy – სტრატეგია, რომელიც გულისხმობდა სამხედრო დაგეგმარებას; Science – მეცნიერება, ამ შემთხვევაში ზუსტი მეცნიერებები, რომლებსაც ზემოთხსენებული სამხედრო დაგეგმარება ეფუძნებოდა და Status quo – იმ გაგებით, რომ უსაფრთხოება განიხილებოდა როგორც ომისშემდგომი მსოფლიო წესრიგის შენარჩუნების საშუალება.
დღესდღეობით უშიშროების გარანტირების ინტერესი იმდენად მაღალია, რომ გარკვეულ შემთხვევაში, შეიძლება დაისვას ადამიანის ზოგიერთი ძირითად უფლებასთან მიმართებით მისი კონკურენციის საკითხი. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიული ფონის გათვალისწინებით კონკურენციის ფარგლები მკაცრად არის შეზღუდული.
პოსტაბჭოთა სივრცეში, ეროვნული უსაფრთხოების მოწესრიგების თვალსაზრისით, ესტონეთის მაგალითი სქემატური და დახვეწილია. როგორც ოფიციალური ცნობები იუწყებიან, ეროვნული უსაფრთხოება განიხილება ორი მიმართულებით – ეროვნული თავდაცვა და საგარეო პოლიტიკა. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
– ეროვნული თავდაცვა სტრუქტუირებულია შემდეგ პრინციპებზე:
ესტონეთის ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი არის NATO-ს კოლექტიური თავდაცვისა და ესტონეთის დამოუკიდებელი თავდაცვითი შესაძლებლობების კოორდინაცია;
ეროვნული თავდაცვითი ხარჯები შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს;
ესტონეთი პერმამენენტულად გამოთქვამს მზადყოფნას ნატო-ს, გაეროსა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღებაზე;
მოქმედებს „ეროვნული თავდაცვის აქტი“, რომელშიც მოისაზრება სამხედრო თავდაცვა, სოციალური უსაფრთხოება და ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერება;
მტკიცე საფუძველი ეყრება ,,ნებაყოფლობითი თანამონაწილეობის ლიგას“;
ყურადღება ექცევა სამხედრო ვეტერანების რესოციალიზაციას და მისიებიდან გამოწვევის შემდეგ მათ ჰოსპიტალურ მდგომარეობას.
– საგარეო პოლიტიკის მხრივ, გამოიყოფა შემდეგი პრინციპები:
ევროკავშირის მხარდაჭერა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში;
რუსეთ-ესტონეთის სასაზღვრო ხელშეკრულების რატიფიცირება;
ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერა – დიპლომატიური წარმომადგენლების გაგზავნა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში;
სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის გზით საერთაშორისო და ციფრულ ბაზრებზე ესტონელი მეწარმეების კონკურენტუნარიანობის გაზარდა;
აღსანიშნავია ესტონეთი მიერ ეროვნული უსაფრთხოების ციფრულ შინაარსზე გადასვლა. ამ უკანასკნელმა წარადგინა ამბიციური გეგმა საერთაშორისო კიბერსამართლის ნორმების განახლებით, რომლის მიზანია კიბერშეტევების, კიბერტეტორიზმის თავიდან აცილება და მოსახლეობის პერსონალური, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაცვა. უახლეს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას დაემატა მიმართულება, „ციფრული უწყვეტობის უზრუნველყოფა“, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული მმართველობის ჩარჩოებში ე.წ. სარკისებურ და სარეზერვო მონაცემთა შექმნას, აგრეთვე ვირტუალური საელჩოების ფუნქციონირებას სხვადასხვა ქვეყნებში. პროექტის ფარგლებში გამოიყენება ,,ოფ ვებ-გვერდები“, სადაც განთავსდება მოქალაქეთა დუბლირებული პირადი მონაცემები, საკუთრების დამადასტურებელი საბუთები, დიპლომები და ა.შ. პროექტის სატესტო რეჟიმის ნიმუშია ,,გარაჟი 48“, რომელიც ეხმარება სტარტაპერებს სამეწარმეო სამართლებრივი მხარის მოწესრიგებასა და სისტემატიზაციაში. აგრეთვე ჩამოყალიბდა ახალი ხელოვნური ინტელექტის მქონე მონაცემთა ბაზა, რომელიც აგენერირებს საქვეუწყებო სტრუქტურების, პოლიციის ოქმების, საპარლამენტო საქმიანობის და ჯანდაცვის პოლიტიკის დოკუმენტებს.
ამრიგად, ესტონეთის რესპუბლიკის ზემოთხსენებული ინოვაციები სხვადასხვა მიზეზით შეიძლება აიხსნას:
2007 წლის კიბერთავდასხმა – 2007 წლის 27 აპრილს რუსეთმა განახორციელა კიბერშეტევა ესტონეთის რესპუბლიკაზე. ეს გახლდათ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველაზე დიდი თავდასხმა სპეცოპერაცია „ტიტანების წვიმის“ შემდეგ, როგორც მასშტაბების, აგრეთვე ზარალის მხრივ. სამიზნე ობიექტებს წარმოადგენდა პარლამენტის აპარატი, ბანკები, სამინისტროები, სამაუწყებლო არხები და ინტერნეტ გაზეთები. სპამები და ვირუსები გავრცელდა ყველა დიდ პორტალსა და სერვერზე. უფრო კონკრეტულად, ესტონეთის შიდასახელმწიფოებრივი ქსელი, რომლებსაც ე.წ. „ფაირვოლების“ სისტემა იცავდა გაირღვა. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო დაჯგუფება ,,ნაშიმ“, რომლის პროტეჟედ დღემდე კრემლი მოიაზრება.
„საბჭოთა დაღი“ და ევროპულ ქვეყნად ტრანსფორმაცია – ესტონეთს საბჭოთა სივრცემ დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური ხვრელი დაუტოვა,თ უმცა ეს უკანასკნელი გახლავთ მისაბაძი მაგალითი გარდამავალ პერიოდში მყოფ სახელმწიფოებს შორის. ესტონეთი ეროვნული უსაფრთხოებით ამტკიცებს, რომ შეუძლია იყოს ევროპის სრულფასოვანი წევრი და ციფრულ სამყაროში თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას;
პოლიტიკური ფონი – ესტონეთსა და რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობებია. რუსეთის მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს სპეც-სამსახურების დაფინანსება, პროპაგანდა და კიბერთავდასხმები. ესტონეთმა, ზემოთხსენებული პროექტით, ნულოვან ნიშნულამდე დაიყვანა რუსი ჰაკერების წვდომა მონაცემებზე;
სახელმწიფო ინტერვენციის შემცირება – მსოფლიოს ეკონომიკური გამოცდილება ცხადყოფს,რომ ცხოვრების დონე მაშინ მაღლდება,როცა სახელმწიფოს მხრიდან სამეწარმეო საქმიანობაზე ზეწოლა მცირდება.ესტონეთის რესპუბლიკა „ციფრული უწყვეტობის“ მექანიზმის მეშვეობით ,ერთი მხრივ, ამცირებს ბიურაკრატიას, მეორე მხრივ, რეგულაციური ჩაურევლობის გარანტიით ასტიმულირებს ბიზნესს.
ესტონეთმა შექმნა “აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრი”, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა ინსტრუმენტებით – ტრენინგებით, კომუნიკაციის დახვეწით ა.შ. ეს ერთი მხრივ ამცირებს რუსეთის კიბერშეტევებს აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ციფრული ბაზრებისა და სერვერული კავშირების ჩამოყალიბებას.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ესტონეთის რესპუბლიკა წარმოადგენს პიონერს ე.წ. “ქლაუდ” სისტემის დანერგვაში. საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ესტონეთმა პროგრესული ნაბიჯები გადადგა მულტისექტორული მიმართულებით – სისტემატიურად მიმდინარეობს გადამზადებები საჯარო და დემოკრატიული მმართველობის მდგრადი განვითარებისთვის. რაც შეეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, კიბერუსაფრთხოების მხრივ ესტონეთმა საქართველოს შესთავაზა მხარდაჭერა, რომელიც შემდეგში ფორმულირდება:
ა) ტრენინგები – სპეციალურად საქართველოსთვის ესტონეთის რესპუბლიკამ შეიმუშავა კიბერსტრატეგიის დახვეწის სერია, რომელშიც მოიაზრება ქვეყნის ციფრული უწყვეტობის, შიდასახელმწიფოებრივი ინსტიტუტებისა და საჯარო სამსახურების უსაფრთხო მუშაობას;
ბ) კიბერ თანამეგობრობა – ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს უსაფრთხოების სამსახარუბეთან, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინიტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან,საქართველოს დაზვერვის სამსახურთან, თავდაცვის სამინიტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. თანამშრომლობა გამოიხატაება პერსონალის მოწვევით, ე.წ ,,Oracle” ბაზების დახვეწასა და ინფორმაციის გაცვლაში;
დ) უნივერსალური მოცვა – ზემოთხსენებული პროექტით,მომავალ წლებში,გათვალისწინებულია სახელმწიფო სექტორის უნივერსალური მოცვა უმაღლესი დონის კიბერთავდაცვის სისტემებითა და კიბერტერორიზმის პრევენციის ცოდნი მქონე პერსონალით;
სამწუხაროდ, საქართველოში კიბეუსაფრთხოების მექანიზმის პროგრესის ტენდენცია არ შეინიშნება. ამის დამადასტურებელია უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში თავდასხმები კერძო სექტორზე, უსაფრთხოების სამსახურებსა და პერსონალურ მონაცემებზე. თუ, პირობითად, კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას ჯაჭვურ რეაქციას ვუწოდებთ, პირველი რგოლი გახლავთ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების გაწერა, მეორე რგოლია უცხოური გამოცდილების პრაქტიკულ ჭრილში ათვისება, მესამე რგოლი კი სახელმწიფოს მხრიდან რესურსების მაქსიმალური ალოკაციაა, რომელიც ბოლო რგოლით, ძლიერი და უსაფრთხო კიბერსივრცით, მთავრდება.
დავით შაქარიშვილი
1 Comment