ჩინურ-რუსული ურთიერთობები: სტრატეგიული პარტნიორობა თუ სიტუაციური მოკავშირეობა?

გასულ კვირას ჩინეთის პრეზიდენტი და კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, სი ძინფინგი, სახელმწიფო ვიზიტით, მოსკოვს ეწვია. პირველ დღეს სი ძინფინგსა და ვლადიმერ პუტინს შორის არაფორმალური საუბარი შედგა, მეორე და მესამე დღეები კი ფორმალურ შეხვედრებსა და პრესკონფერენციებს დაეთმო. რა მიზანს ისახავდა ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტი? ჩაიტანდა თუ არა ჩინეთი მოსკოვში უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალ გეგმას? ავიდოდა თუ არა ახალ სიმაღლეზე ჩინურ-რუსული ეკონომიკური ურთიერთობები? გამოიკვეთებოდა თუ არა ჰიპოთეტური ჩინურ-რუსული სამხედრო და პოლიტიკური ალიანსის კონტურები? ამ კითხვებზე პასუხს მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ინტერესით ელოდა.

ჩინურ-რუსულ-დასავლური გეოპოლიტიკური სამკუთხედი

რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს, ამ კითხვაზე პასუხი სამგანზომილებიანია: I – რა მნიშვნელობა ჰქონდა ვიზიტს საკუთრივ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის? II –  რა მნიშვნელობა ჰქონდა ვიზიტს რუსეთის ფედერაციისთვის? III – რა მნიშვნელობა ჰქონდა დასავლური სამყაროსთვის, განსაკუთრებით უკრაინის ომის კონტექსტში?

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა: სი ძინფინგის მოსკოვში ვიზიტს ჩინეთისთვის ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა: I – შიდაპოლიტიკური მოხმარება; II – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო პრესტიჟის გაზრდა. სი ძინფინგი გასული წლის ოქტომბერში ჩინეთის პრეზიდენტად და კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად კიდევ ერთხელ აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ავტორიტარული სახელმწიფოა, ზედიზედ მესამე ვადით მის გაპრეზიდენტებას მრავალი გავლენიანი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა. სი ძინფინგს ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესი ჯერ დასრულებული არ აქვს, რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიმართ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში კონცენტრირებულია საკმაოდ ძლიერი საპროტესტო მუხტი, რაც გამოწვეული იყო კოვიდისადმი მთავრობის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით. მართალია, კომუნისტურმა პარტიამ მარტის დასაწყისში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი შეზღუდვა გააუქმა, თუმცა, ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში ჯერ კიდევ არსებობს მძლავრი პროტესტი, რომლის განეიტრალებასაც ასევე გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ჩინეთის მოსახლეობა პრობლემად აღიქვამს ეკონომიკური ზრდის შენელებულ ტემპსაც. 2022 წელს ჩინეთის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 3%-ით გაიზარდა, რაც პეკინისთვის უპრეცედენტოდ დაბალ თამასას წარმოადგენს. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით ჩინეთის მმართველ პარტიას მრავალი შიდაპოლიტიკური პრობლემა აქვს. სხვა ავტორიტარულ სახელმწიფოთა ლიდერების მსგავსად, ჩინეთის პრეზიდენტსაც ურჩევნია, რომ მოსახლეობის ყურადღება შიდაპოლიტიკური პრობლემებიდან საგარეო პოლიტიკურ წარმატებებზე იყოს გადატანილი.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ვიზიტის მთავარი მიზანი მთელი მსოფლიოსთვის იმის ჩვენება იყო, რომ ჩინეთი საერთაშორისო სისტემის ერთადერთი დიდი სახელმწიფოა, რომელიც დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს და რომელიც გულწრფელად ცდილობს საერთაშორისო მშვიდობის დაცვას. მოსკოვში ვიზიტით სი ძინფინგმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ პეკინი დაპირისპირებულია დასავლეთთან და ის ყველაფერს გააკეთებს თანამედროვე ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის ჩამოსაშლელად, ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიის დასამხობად და საერთაშორისო ურთიერთობებში მულტიპოლარულობის აღსადგენად. მეორე მხრივ, სი ძინფინგს სურს აჩვენოს მსოფლიოს, რომ ის ერთადერთია, ვისაც რუსეთის პრეზიდენტზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება შეუძლია. ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის კადრებმა, საერთო პრესკონფერენციამ და მათ მიერ ხელმოწერილი შეთანხმებების სულისკვეთებამ აჩვენა, რომ რუსეთს უფრო მეტად სჭირდება ჩინეთი და არა პირიქით, რომ ჰიპოთეტურ “ჩინურ-რუსულ ალიანსში” რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ უმცროსი ძმის როლს უნდა დასჯერდეს. სი ძინფინგს სურს აჩვენოს რუსეთის პრეზიდენტს, რომ ჩინეთი დღეს ერთადერთი დიდი სახელმწიფოა, რომელმაც მას ამ მძიმე პერიოდში ზურგი არ აქცია. როგორც ჩანს, სი ძინფინგს კარგად აქვს გათავისებული აშშ-ის 25-ე პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის, ცნობილი სიტყვები „რბილად საუბრისა და ზურგსუკან დამალული დიდი ჯოხის“ საჭიროების შესახებ. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკური მიმართულებით სი ძინფინგის მოსკოვში ვიზიტის მიზანს ჩინეთის საერთაშორისო პრესტიჟისა და რბილი ძალის ზრდა წარმოადგენდა.

რუსეთის ფედერაცია: რუსეთის ფედერაციისთვის ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს მხოლოდ ერთი მიზანი შესაძლოა ჰქონოდა – დანარჩენი მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ ამ რთულ მომენტში, როდესაც ის დასავლეთის მძიმე ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციების ქვეშაა, მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახით ჰყავს მოკავშირე, რომელთანაც საერთო სტრატეგიული მიზნები და ამოცანები აკავშირებს, რომ რუსულ-ჩინური ალიანსის შესაძლებლობა მართლაც არსებობს და ამით გააფრთხილოს დასავლეთი, რომ არსებული წესრიგის შესაცვლელად წამოწყებულ ბრძოლაში რუსეთი მარტო არაა.

დასავლეთი: დასავლურ სამყაროს ყველაზე მეტად აინტერესებდა, მოამარაგებდა თუ არა ჩინეთი რუსეთს ლეტალური შეიარაღებით, დე-ფაქტო ჩაებმებოდა თუ არა ჩინეთი ომში რუსეთის მხარეს, ანუ არსებობდა თუ არა უკრაინის ომის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის საფრთხე. ყველაზე მეტად დასავლეთში სწორედ რუსულ-ჩინურ სტრატეგიულ ალიანსს უფრთხიან. ამ ორი სახელმწიფოს ერთობას აქვს პოტენციალი, რომ თანამედროვე საერთაშორისო წესრიგს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას. ამიტომ, დასავლეთში ასევე დიდი ყურადღებით ელოდნენ სი ძინფინგის მოსკოვში ვიზიტის შედეგებს და მის მიერ მოსკოვში ჩატანილ ძირითად მესიჯებს.

რაზე შეთანხმდნენ ჩინეთი და რუსეთი

ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ვაჭრობისა და ეკონომის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. სი ძინფინგი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური ტრანზაქციები ეროვნულ ვალუტებში უნდა განხორციელდეს. მოცემული მომენტისთვის, საერთო ტრანზაქციების 2/3 ჩინურ იუაში და რუსულ რუბლში ხორციელდება. ლიდერები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ეს რიცხვი უნდა გაიზარდოს. პრეზიდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება ენერგოსექტორში თანამშრომლობასა და საზღვრისპირა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებაზე გაამახვილეს. ენერგოუსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობა ორივე სახელმწიფოსთვის მომგებიანია. რუსეთისთვის ეს არის შანსი, საკუთარი ენერგორესურსების ბაზრის დივერსიფიციკაცია მოახდინოს. ეს განსაკუთრებით საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ევროპის კავშირმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება ხუთჯერ შეამცირა. თავის მხრივ, ჩინეთისთვის ეს არის შესაძლებლობა, მინიმალური დანახარჯით შეავსოს საკუთარი ენერგორეზერვები, რაც მისი ინდუსტრიის ეფექტური ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რუსეთსა და ჩინეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმებები აჩვენებს ორივე მხარის მზაობას სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით.

სი ძინფინგის მოსკოვში ვიზიტის გავლენა უკრაინის ომზე

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უკრაინის ომში მხარეებს შორის სამშვიდობო მედიატორის როლის მორგებას აქტიურად ცდილობს. გასულ თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ 12 პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა, რომელსაც, მისი შეფასებით, რუსეთისა და უკრაინის შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაფუძნებოდა. ჩინეთის სამშვიდობო გეგმას კრემლი დიდი ენთუზიაზმით შეხვდა, ხოლო დასავლეთმა პეკინის მიერ შემოთავაზებული პროექტი გააკრიტიკა. საინტერესოა, რა იყო ამ 12 პუნქტიან გეგმაში ჩინეთის მთავარი გზავნილები. უპირველეს ყოვლისა, გეგმაში აღნიშნული იყო უკრაინის სუვერენიტეტის გარანტირების აუცილებლობა, თუმცა, არაფერი იყო ნათქვამი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა განიხილეს სამშვიდობო გეგმა, რომელიც მოცემული მომენტისთვის კრემლის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დატოვებს. 12 პუნქტიან გეგმაში ასევე ხაზგასმულია, რომ კონფლიქტის გადაჭრის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მხარის სტრატეგიული ინტერესები. ეს ჩინეთის მხრიდან რუსეთის „სასიცოცხლო სივრცის“ ზონაში კრემლის ექსკლუზიური გავლენის არსებობის აღიარებას წარმოადგენს. მაღალი ალბათობით, ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გეგმის მიხედვით, უკრაინამ მშვიდობის სანაცვლოდ უარი უნდა თქვას ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და მიიღოს უბლოკო სტატუსი.

12 პუნქტიან გეგმაში ჩინეთი გმობს ზოგიერთი სახელმწიფოს უნილატერალურ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად კონფლიქტის გახანგრძლივებას  და რუსეთზე წნეხის გაზრდას ისახავს. ეს განცხადება დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების ირიბი კრიტიკაა. მოსკოვში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კონფლიქტის საკითხზე ჩინეთის მიუკერძოებელ პოზიციას პატივს სცემს და რომ მომავალი სამშვიდობო შეთანხმებები სწორედ ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ 12 პუნქტიან გეგმას უნდა დაეფუძნოს.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ გეგმა დღის სინათლეს ვერ იხილავს. უკრაინა ყველა გეგმას უარყოფს, რომელიც მისი ტერიტორიიდან რუსული ჯარის სრულად გაყვანასა და ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას არ ითვალისწინებს. ჩინურ პროექტს არც დასავლეთი დათანხმდება. დასავლეთში მიღწეულია კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ომში აუცილებლად უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ეს ჩინეთის პრეზიდენტმაც იცის. სი ძინფინგს არ სურს პუტინის მსგავსად საერთაშორისო კეთროვანი გახდეს და რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემისგანაც თავს სწორედ ამ მოტივით იკავებს. მოკლედ რომ ვთქვათ, სი ძინფინგს მოსკოვში ახალი არაფერი ჩაუტანია, რასაც ფრონტზე არსებული სიტუაციის რადიკალურად შეცვლა შეუძლია. საუბრები სხვა აქტორების მხრიდან ომის გაჭიანურების მცდელობაზე მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, რადგან კონფლიქტის გახანგრძლივება უპირველესად სწორედ ჩინეთის ინტერესში შედის ორი მიზეზის გამო: 1. ომის გახანგრძლივებით სუსტდება დასავლეთიც და რუსეთიც; 2. დასავლეთის ყურადღება უკრაინაზეა ფოკუსირებული, რაც ჩინეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თავისუფლებად მოქმედებისთვის ხელ-ფეხს უხსნის.

ჩინურ-რუსული ალიანსის მომავალი

სი ძინფინგის მოსკოვში ვიზიტის მთავარი ინტერესი იყო ის, გამოიკვეთებოდა თუ არა დასავლეთის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული ჩინურ-რუსული ალიანსის კონტურები. აქვს თუ არა ჩინურ-რუსულ ალიანსს მომავალი, ეს კომპლექსური საკითხია. ამ ორ სახელმწიფოს როგორც საერთო, ისე ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები გააჩნია. საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტურ საკითხებში ჩინეთი და რუსეთი იზიარებენ საერთო პოზიციებს. ორივე სახელმწიფოს მთავარი მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიის დამხობა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებზე დაფუძნებული წესრიგის ჩამოშლა და გავლენის სფეროებზე/რეალპოლიტიკაზე დაფუძნებული წესრიგის აღდგენაა, რომელშიც მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე დიდ სახელმწიფოთა „სასიცოცხლო სივრცე“ მოხაზული იქნება.

საერთო პოზიციების გარდა, არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებიც. ჩინეთისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს მრავალ რეგიონში ეჯახება, მათ შორის სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში, სადაც ჩინეთმა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიკიდა ფეხი. ცენტრალურ აზიას რუსეთი ექსკლუზიური გავლენის ზონად აღიქვამს და ჩინეთის ნებისმიერ მცდელობაზე, ამ რეგიონში ფესვები გაიდგას, ის მტკივნეულად რეაგირებს. საიდუმლოს არც ის ფაქტი წარმოადგენს, რომ პეკინს გარკვეული ინტერესები აქვს ციმბირში, სადაც ბოლო პერიოდში სინათლის სისწრაფით ფუძნდება ახალ-ახალი ჩინური დასახლებები. უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა არაერთი რუკაც, სადაც ციმბირის ტერიტორიის ნაწილი ჩინეთის შემადგენლობაში შედის. შესაძლოა ამ მომენტში ციმბირის საკითხი პუტინისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩანდეს, თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კრემლს დიდ პრობლემებს შეუქმნის.

რუსეთი მტკივნეულად აღიქვამს ჩინეთის ეკონომიკის გეომეტრიული პროგრესიით ზრდის ტემპსაც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2030 წლისთვის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობით ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს გაასწრებს და მსოფლიოში პირველი ეკონომიკა გახდება. პეკინი სწრაფი ტემპით ავითარებს შეიარაღებასაც. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ათწლეულის ბოლოს მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმია უკვე არა რუსეთს, არამედ ჩინეთს ეყოლება. ვლადიმერ პუტინი აცნობიერებს, რომ დროთა განმავლობაში რუსულ და ჩინურ ეკონომიკას, რუსულ და ჩინურ შეიარაღებას, რუსულ და ჩინურ რბილ ძალას შორის ნაპრალი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ჩინეთის მხრიდან რეგიონული ჰეგემონიის მიღწევის შანსებს ერთიორად გაზრდის. თან ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, რომ რუსეთს უკვე რეგიონული ძალის სტატუსის შენარჩუნებაც კი უჭირს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთისთვის მხოლოდ სიტუაციური მოკავშირეები შეიძლება იყვნენ და არა გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორები.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s