
2023 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით დაიწყო. წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კევინ მაკართის არჩევა, ბაიდენის სახლში კლასიფიცირებული დოკუმენტების აღმოჩენა და უკრაინისთვის ახალი სამხედრო და ფინანსური დახმარების გადაცემა ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც იანვარში ვაშინგტონის პოლიტიკურ ცხოვრებას განსაზღვრავდა.
კონგრესის ახალი შემადგენლობა – კონგრესის არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული წლის ნოემბერში გაიმართა. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა, ხოლო სენატის კონტროლი დემოკრატებმა შეინარჩუნეს. არჩევნებამდე არსებობდა მოლოდინი, რომ ამერიკას „წითელი ტალღა“ გადაუვლიდა და წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტია კომფორტულ უპირატესობას მიიღებდა, თუმცა, წინასაარჩევნო მოლოდინები არ გამართლდა. მართალია, „დიდმა ძველმა პარტიამ“ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა (222 მანდატი დემოკრატების 213 მანდატის წინააღმდეგ), თუმცა, ეს უპირატესობა საკმაოდ მყიფეა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერად კალიფორნიის შტატის კონგრესმენი, კევინ მაკართი, ჩამოყალიბდა, რომელიც 2020-2022 წლებში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თანამდებობას იკავებდა. არჩევნებში რესპუბლიკელთა გამარჯვების შემდეგ პარტიის წევრთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ მაკართი წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პირველივე კენჭისყრით გახდებოდა, თუმცა, კონგრესმენს პოზიციის დასაკავებლად პალატაში მძიმე ბრძოლების გადატანა მოუხდა.
მაკართი წარმომადგენელთა პალატის სპიკერი 7 იანვარს, მხოლოდ მეთხუთმეტე კენჭისყრის შემდეგ გახდა. ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში მაკართი რესპუბლიკური პარტიის 20-მდე წევრის დაყოლიებას ვერ ახერხებდა, რაც ზემოხსენებულ ჯგუფსა და მაკართის გუნდს შორის იდეოლოგიური განსხვავებებით იყო განპირობებული. ეს ჯგუფი რესპუბლიკური პარტიის ყველაზე რადიკალური ნაწილია, რომელთა სრული უმრავლესობა მხარს ექსპრეზიდენტ ტრამპს უჭერს. ტრამპის უშუალო მოწოდებისა და მნიშვნელოვანი დათმობების შემდეგ ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელებმა მაკართის კანდიდატურას მხარი საბოლოოდ მაინც დაუჭირეს. დათმობების სია ასე გამოიყურება: 1. კონგრესის ნებისმიერ წევრს წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა ექნება. ზომიერი რესპუბლიკელები შიშობენ, რომ ეს დათმობა პალატის სპიკერის ძალაუფლებას მნიშვნელოვნად შეზღუდავს და დემოკრატებს ხელში დამატებით ბერკეტს ჩაუგდებს; 2. კონგრესი კენჭს უყრის სხვადასხვა კანონპროექტს, მათ შორის დაბალანსებული ბიუჯეტისა და სასაზღვრო უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე კანონპროექტებს; 3. მაკართი რადიკალ მემარჯვენე რესპუბლიკელთა ჯგუფს დაჰპირდა, რომ აქტიურად იმუშავებს სამთავრობო ხარჯების შემცირებასა და ეროვნული ვალის ზედა ზღვრის განსაზღვრაზე; 4. ჰოლმანის წესის (Holman Rule) აღდგენა, რაც მთავრობის წევრებისთვის სახელფასო ჭერის დაწესებას ითვალისწინებს.
გავლენებისთვის ბრძოლას რესპუბლიკურ პარტიაში 3 ძირითადი შედეგი ექნება: 1. წარმომადგენელთა პალატაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გავლენა შესუსტდება; 2. პარტიის ზომიერ ფრთას ულტრამემარჯვენე ჯგუფის დღის წესრიგის გათვალისწინება მოუწევს; 3. კონგრესში რესპუბლიკელებს თითოეული კანონპროექტის გასატანად დემოკრატებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების წარმოება მოუწევთ. შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას საკუთარი დღის წესრიგის კანონებად ქცევა გაუჭირდება.
კლასიფიცირებული დოკუმენტების სკანდალი – მას შემდეგ, რაც გასული წლის აგვისტოში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში 300-ზე მეტი კლასიფიცირებული დოკუმენტი აღმოაჩინეს, გამოძიების ფედერალური ბიუროს რეიდებმა მთელ ამერიკას გადაუარა. FBI-მ საიდუმლო დოკუმენტები ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისა და მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, სახლებშიც აღმოაჩინა. ამ უკანასკნელის ბინაში დაახლოებით ორი ათეული კლასიფიცირებული დოკუმენტი ინახებოდა, რომელიც მისი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს (2009-2017) განეკუთვნება. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პირველი დოკუმენტი 2 ნოემბერს, არჩევნების კვირაში იპოვა, თუმცა, ეს ინფორმაცია მაშინვე არ გავრცელებულა. ტრამპისგან განსხვავებით, რომელიც აცხადებდა, რომ ეს მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იყო, ბაიდენმა დოკუმენტების აღმოჩენისთანავე სპეციალურ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით, თანამდებობის დატოვების შემდეგ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ყველა დოკუმენტი ეროვნულ არქივს უნდა დაუბრუნდეს.
კლასიფიცირებული დოკუმენტების საქმეს ორი განზომილება აქვს: სამართლებრივი და პოლიტიკური. სამართლებრივად, ბაიდენი, ხელშეუხებელია, რადგან აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის დროს საპრეზიდენტო იმუნიტეტი იცავს. რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, ამ მხრივ, ბაიდენს უფრო სერიოზული პრობლემები აქვს. მის ბინაში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით პრეზიდენტმა დაკარგა ის მორალური უპირატესობა, რომელიც მას ტრამპთან მიმართებაში ჰქონდა. კლასიფიცირებული დოკუმენტების სკანდალმა კიდევ უფრო შეამცირა ბაიდენის ისედაც საკმაოდ დაბალი პერსონალური რეიტინგი და უარყოფითად აისახა დემოკრატიული პარტიის პოპულარობაზეც. სკანდალი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ის შეამცირებს 3 ყველაზე გავლენიანი კანდიდატის: ბაიდენის, ტრამპისა და პენსის, შანსებს. კლასიფიცირებული დოკუმენტების სკანდალი ფლორიდის შტატის მოქმედი გუბერნატორის, რონ დე სანტისის, წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც მოცემული მომენტისთვის, რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის დამარცხების ყველაზე რეალური შანსი აქვს.
უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება – დასავლურ სამყაროში არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ომი კიევის საბოლოო და სრული გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ომში გამარჯვებისთვის უკრაინას კრიტიკულად სჭირდება დასავლეთის სამხედრო და ფინანსური დახმარება. უკრაინის მხარდაჭერის საკითხში მოწინავე სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელმაც რუსეთის ინტერვენციის დღიდან მოყოლებული, უკრაინას დაახლოებით 60 მილიარდი აშშ დოლარის რაოდენობის დახმარება გამოუყო. დასავლეთის სახელმწიფოები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სამხედრო დახმარების მიმართულებით გააქტიურდნენ. ჯერ კიდევ 6 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო, რომელიც უკრაინისთვის ათობით ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემისა და ათასობით ფრთოსანი რაკეტის გადაცემას ითვალისწინებდა. 20 იანვარს უკრაინის დახმარების ჯგუფი გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, შეიკრიბა და უკრაინისთვის თანამედროვე ტანკების გადაცემაზე შეთანხმდა. დასავლური სახელმწიფოები უახლოეს თვეებში უკრაინას 300-ზე მეტი ტანკით შეაიარაღებენ. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას M1A1 Abrams ტიპის 31 ტანკს, ბრიტანეთი 14 Challenger ტიპის ტანკს, ხოლო სხვა დასავლური სახელმწიფოები გერმანული წარმოების 200-ზე მეტ მოდიფიცირებულ Leopard ტიპის ტანკს გადასცემენ. ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას აქტიურად ეხმარება როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. სავარაუდოა, რომ თეთრი სახლი მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის მაქსიმალურ დასუსტებაზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ 2023 წლის იანვარში აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკაში სამი ძირითადი საკითხი: წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევნები, კლასიფიცირებული დოკუმენტების სკანდალი და უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება დომინირებდა.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი