ყველაფერი, რაც აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე უნდა იცოდეთ

სამშაბათს, 8 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები იმართება, რომელზეც ამერიკელი მოქალაქეები სამ ძირითად არჩევანს გააკეთებენ. ისინი წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 დეპუტატს, 35 სენატორსა და 36 გუბერნატორს აირჩევენ. ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნები საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც მომავალი ორი წლის მანძილზე მსოფლიოს ერთადერთი სუპერსახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს განსაზღრავს. შუალედურ არჩევნებს ამერიკის შიდა პოლიტიკაზე მინიმუმ 3 მიმართულებით ექნება გავლენა: 1. ის განსაზღვრავს კონგრესში ძალთა ბალანსის განაწილებას დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შორის; 2. ის ერთგვარი რეფერენდუმია, რომელზეც ამერიკელი მოქალაქეები ბაიდენის ადმინისტრაციის ორწლიან მმართველობას შეაფასებენ; 3. შუალედური არჩევნების შედეგები გავლენას მოახდენს 2024 წლის საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევის პროცესზეც. მაღალი ალბათობით, დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, იქნება. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, ის ორ ბანაკად: ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მომხრეებად და მის მოწინააღმდეგეებადაა გაყოფილი. შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის ტრამპის მიერ მხარდაჭერილი ათობით კანდიდატი, რომელთა არჩევნებში გამარჯვება ტრამპის მიერ პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვების შანსებს ერთიორად გაზრდის. იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების უმრავლესობა არჩევნებში დამარცხდება, გაიზრდება იმის ალბათობა, რომ რესპუბლიკური პარტია 2024 წლისთვის სხვა კანდიდატის გარშემო კონსოლიდირდება. მოცემული მომენტისთვის, რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის გამოწვევის თეორიული შანსი მხოლოდ ფლორიდის შტატის მოქმედ გუბერნატორს, რონ დე სანტისს, აქვს. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, შუალედური არჩევნების შედეგები განსაზღრავს უკრაინის მომავალი სამხედრო და ფინანსური დახმარების ბედს. ფინანსების განკარგვა კონგრესის პრეროგატივას წარმოადგენს, ამდენად, უკრაინის დახმარების საკითხზე გადამწყვეტი გავლენა სწორედ კონგრესის ახალ შემადგენლობას ექნება. მოცემულ სტატიაში შევეცდები დაწვრილებით განვიხილო წინასაარჩევნო ბატალიები, სოციოლოგიურ გამოკითხვათა შედეგები და წინასაარჩევნო პროგნოზები.

სენატის არჩევნები: ყველაზე დაძაბული და საინტერესო სენატის არჩევნებია. ის 2 წელიწადში ერთხელ ტარდება როტაციის პრინციპით და მასზე სენატის შემადგენლობის 1/3 (33-35 კანონმდებელი) აირჩევა. 2020 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, სენატში ძალთა ბალანსი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის 50/50-ზე განაწილდა, ხოლო დემოკრატების უმრავლესობა ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის, გადამწყვეტმა ხმამ განაპირობა. დემოკრატებს სენატში უმრავლესობის შესანარჩუნებლად 35-დან 14 შტატში გამარჯვება სჭირდებათ. შესაბამისად, სტატუს-კვოს შენარჩუნება დემოკრატიული პარტიის ინტერესებში შედის. რესპუბლიკურმა პარტიამ უმრავლესობის მისაღებად მინიმუმ 1 ახალი შტატი უნდა მოიგოს.

სოციოლოგიურ გამოკითხვათა შედეგები წინასაარჩევნოდ სწრაფად იცვლება. თუ, მაგალითად, ერთი კვირის წინ დემოკრატების უპირატესობა სენატის არჩევნებში 55%-ს შეადგენდა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე უკვე რესპუბლიკურ პარტიას აქვს სენატის არჩევნებში გამარჯვების 55%-იანი შანსი. 35 შტატიდან, 11-ში დემოკრატებს გამოკვეთილი უპირატესობა აქვთ, 17-ში რესპუბლიკელებს, ხოლო 7 შტატი (არიზონა, ნევადა, პენსილვანია, ჯორჯია, ოჰაიო, ვისკონსინი და ჩრდ. კაროლინა) „გადაუწყვეტელია“. ამ 7 შტატიდან 5-ში (ოჰაიო, ჩრდილო კაროლინა, ნევადა, ჯორჯია და ვისკონსინი) რესპუბლიკური პარტიის კანდიდატთა გამარჯვების შანსები 58-83%-ს შორის მერყეობს, 2 შტატში (არიზონა და პენსილვანია) დემოკრატ კანდიდატებს მცირე უპირატესობა აქვთ (53-64%-ის ფარგლებში).

ცხრილი N1 – სენატის არჩევნებში კანდიდატთა გამარჯვების ალბათობა FiveThirtyEight-ის მიხედვით

შტატირესპუბლიკური პარტიის კანდიდატიდემოკრატიული პარტიის კანდიდატიარჩევნებში გამარჯვების ალბათობა (FiveThirtyEight-ის მიხედვით)
ვაშინგტონიტიფანი სმაილიპატი მარი91% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
ორეგონიჯო რაე პერკინსირონ ვაიდენი99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
კალიფორნიამარკ მოიზერიალექს პადილა99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
კოლორადოჯონ ო’დეამაიკლ ბენეტი91% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
ჰავაიბობ მაკდერმოტიბრაიან შატცი99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
ილინოისიკეიტი სალვიტამი დაქვორსი99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
მერილენდიკრის ჩეიფიკრის ვან ჰოლენი99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
კონექტიკუტილეორა ლევირიჩარდ ბლუმენტალი99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
ნიუ-იორკიჯო პინიონიჩარლზ შუმერი99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
ვერმონტიჯერალდ მალოიპიტერ ველში99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
ნიუ-ჰემფშირიდონალდ ბოლდუკიმეგი ჰასანი74% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
არიზონაბლეიქ მასტერსიმარკ კელი64% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
პენსილვანიამეჰმეტ ოზიჯონ ფეტერმანი53% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
აიდაჰომაიკ კრაპოდევიდ როთი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
იუტამაიკ ლიევან მაკმულინი (დამოუკიდებელი)96% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ჩრდ. დაკოტაჯონ ჰიოვენიკატრინა კრისტიანსენი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
სამხ. დაკოტაჯონ თიუნიბრაიან ბენგსი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
კანზასიჯერი მორანიმარკ ჰოლანდი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ოკლაჰომაჯეიმს ლაკფორდიმედისონ ჰორნი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ოკლაჰომა IIმარქვეინ მულინიკენდრა ჰორნი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
აიოვაჩაკ გრესლიმაიკლ ფრენკენი97% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
მისურიერიკ შმიტიტრუდი ბუშ ვალენტინი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
არკანზასიჯონ ბუზმანინატალი ჯეიმსი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ლუიზიანაჯონ კენედიდევიდ ლენს გრეჰემი (რესპუბლიკელი)93% კენედის სასარგებლოდ
ინდიანატოდ იანგიტომას მაკდერმოტი98% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
კენტაკირენდ პოლიჩარლზ ბუკერი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ალაბამაკეიტი ბრიტივილ ბოიდი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ჩრდ. კაროლინატედ ბადიჩერი ბიზლი81% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდს
სამხ. კაროლინატიმ სკოტიკრისტლ მეთიუსი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ფლორიდამარკო რუბიოვალ დემინგსი95% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ალასკალიზა მურკოვსკიკელი ჩიბაკა (რესპუბლიკელი)50%-49%-ზე მურკოვსკის სასარგებლოდ
ოჰაიოჯეი დი ვენსიტიმ რაიანი83% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ვისკონსინირონ ჯონსონიმანდელა ბარნსი78% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ნევადაადამ ლაქსალტიკეტრინ კორტეზ მასტო58% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ჯორჯიაჰერშელ უოკერირაფაელ უორნოკი58% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ

როგორც ვხედავთ, 35-დან 22 შტატში რესპუბლიკელი კანდიდატები ლიდერობენ. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე მსგავსი შედეგი დაფიქსირდება, რესპუბლიკელები სენატში 51 კანონმდებელს გაიყვანენ და უმრავლესობას დაიბრუნებენ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ, დემოკრატმა კანდიდატებმა დამატებით კიდევ ერთ შტატში შეძლეს გამარჯვება, ისინი სენატში უმრავლესობას შეინარჩუნებენ.

სურათი N1 – სენატის არჩევნების რუკა –  მუქ ლურჯად აღნიშნულია სოლიდურად დემოკრატიული შტატები, ღია ლურჯად შტატები, სადაც დემოკრატებს მცირე უპირატესობა აქვთ. მუქ წითლად აღნიშნულია სოლიდურად რესპუბლიკური შტატები, ღია წითლად კი შტატები, სადაც რესპუბლიკელები მცირე სხვაობით ლიდერობენ. ყავისფრად და ნაცრისფრად აღნიშნულია ე.წ. „გადაუწყვეტელი“ შტატები.

წარმომადგენელთა პალატის არჩევნები: სენატისგან განსხვავებით, შუალედურ არჩევნებზე ამერიკელი მოქალაქეები ყველა, 435 კონგრესმენს აირჩევენ. საარჩევნო ოლქების რაოდენობა თითოეულ შტატში მოსახლეობის მიხედვით განსხვავდება. 6 შტატი ერთადერთი ოლქითაა (At large district) წარმოდგენილი, ხოლო დანარჩენ 44 შტატში საარჩევნო ოლქების რაოდენობა 2-დან 52-ის ჩათვლით მერყეობს. 15-ზე მეტი საარჩევნო ოლქი მხოლოდ 6 შტატს: პენსილვანია, ილიონოისი (17), ნიუ-იორკი (26), ფლორიდა (28), ტეხასი (38) და კალიფორნია (52) აქვს. საარჩევნო ოლქების თითქმის ნახევარი სანაპირო შტატებშია (ჩრდილო-აღმოსავლეთის 13 შტატი, კალიფორნია, ორეგონი და ვაშინგტონი) თავმოყრილი, მეორე ნახევარი კი ცენტრალურ ამერიკაში. როგორც წესი, წყნარი და ატლანტისოკეანისპირა შტატები დემოკრატიული პარტიის ელექტორალურ ბაზას წარმოადგენს, ხოლო ცენტრალური ნაწილი, რომელსაც ხშირად მიდვესტსაც ეძახიან, ხმას, ძირითადად, რესპუბლიკურ პარტიას აძლევს ხოლმე. წინასაარჩევნო სოციოლოგიურ გამოკითხვათა შედეგების მიხედვით, 435-დან 202 საარჩევნო ოლქი სოლიდურად რესპუბლიკურია, 176 კი სოლიდურად დემოკრატიული. 18 ოლქში რესპუბლიკელ კანდიდატებს მცირე უპირატესობა აქვთ, 19-ში დემოკრატებს. დარჩენილი 20 ოლქი გადაუწყვეტელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოლქებში ორივე პარტიის კანდიდატს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს. სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ რესპუბლიკელების მიერ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის დაბრუნების შანსი, 85%-ს შეადგენს.

სურათი N2 – წარმომადგენელთა პალატის ოლქების განაწილება 2021 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით – ნაცრისფრად აღნიშნულია შტატები, სადაც საარჩევნო ოლქების რაოდენობა არ შეცვლილა. მუქ მწვანედ აღნიშნულია შტატები, რომელსაც მოსახლეობის აღწერის შემდეგ 2 ოლქი დაემატა. ღია მწვანედ აღნიშნულია შტატები, რომელსაც მოსახლეობის აღწერის შემდეგ 1 ოლქი დაემატა. მუქ ყვითლად აღნიშნულია შტატები, რომელთაც მოსახლეობის აღწერის შედეგად თითო საარჩევნო ოლქი დაკარგეს.

განვიხილოთ აშშ-ის ორმოცდაათივე შტატის საარჩევნო ოლქები და მათში თითოეული პარტიის გამარჯვების ალბათობა:

ალაბამა (AL) – მოსახლეობა: 5 039 877 (დედაქალაქი: მონტგომერი)

ალაბამა 7 საარჩევნო ოლქითაა წარმოდგენილი. წინასწარი გამოკითხვებით 1-6 ოლქებში  რესპუბლიკელები ლიდერობენ, ხოლო მეშვიდე ოლქში დემოკრატები.

ალასკა (AK) – მოსახლეობა: 739 081 (დედაქალაქი: ჯუნო)

მთელი შტატი ერთ საარჩევნო ოლქს (At large district) წარმოადგენს. მაღალი ალბათობით, შტატს დემოკრატები მოიგებენ.

არიზონა (AZ) – მოსახლეობა: 7 151 502 (დედაქალაქი: ფენიქსი)

არიზონა 9 საარჩევნო ოლქისგან შედგება. მე-5, მე-8 და მე-9 ოლქები სოლიდურად რესპუბლიკურია, მე-3 (დედაქალაქი ფენიქსი) და მე-7 (ქალაქი ტუკსონი) სოლიდურად დემოკრატიული. 1-ელი, მე-2 და მე-6 ოლქები რესპუბლიკელი კანდიდატებისკენაა გადახრილი, მეოთხე კი დემოკრატი კანდიდატისკენ. სავარაუდოა, რომ ამ შტატში ხმები 5-4-ზე  გაიყოფა დემოკრატების სასარგებლოდ.

არკანზასი (AR) – მოსახლეობა: 3 013 756 (დედაქალაქი: ლითლ როკი)

არკანზასი 4 საარჩევნო ოლქისგან შედგება და ოთხივეში რესპუბლიკელებს სოლიდური უპირატესობა აქვთ.

კალიფორნია (CA) – მოსახლეობა: 39 185 605 (დედაქალაქი: საკრამენტო)

„ოქროს შტატი“ ელექტორალური თვალსაზრისით ყველაზე მსხვილი შტატია, რომელიც 52 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქისგან შედგება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვათა შედეგების მიხედვით, 40 ოლქში დემოკრატი კანდიდატები, ხოლო 12 ოლქში რესპუბლიკელი კანდიდატები ლიდერობენ.

კოლორადო (CO) – მოსახლეობა: 5 773 707 (დედაქალაქი: დენვერი)

კოლორადო 8 საარჩევნო ოლქისგან შედგება. 1-ელი, მე-2 და მე-6 ოლქები სოლიდურად დემოკრატიულია, მე-4 და მე-5 კი სოლიდურად რესპუბლიკური. მე-7 ოლქში მცირე უპირატესობა აქვს დემოკრატ კანდიდატს, ხოლო მე-3 და მე-8 ოლქში რესპუბლიკელ კანდიდატებს. მაღალი ალბათობით, პარტიები შტატის ოლქებს თანაბრად, 4-4-ზე, გაიყოფენ.

კონექტიკუტი (CT) – მოსახლეობა 3 605 944 (დედაქალაქი: ჰარტფორდი)

„კონსტიტუციის შტატი“ 5 საარჩევნო ოლქისგან შედგება. კონექტიკუტში ბოლოს რესპუბლიკელმა კანდიდატმა 2006 წელს გაიმარჯვა. შუალედური არჩევნების წინ, შტატის ხუთივე ოლქში დემოკრატი კანდიდატები ლიდერობენ.

დელავერი (DE) – მოსახლეობა: 1 003 384 (დედაქალაქი: დუვრი)

მთელი დელავერი ერთი საარჩევნო ოლქია (At large). კონექტიკუტის მსგავსად, ბაიდენის მშობლიურ შტატში, მაღალი ალბათობით, დემოკრატები გაიმარჯვებენ.

ფლორიდა (FL) – მოსახლეობა: 21 538 187 (დედაქალაქი: ტალაჰასი)

ფლორიდა კალიფორნიისა (52) და ტეხასის (38) შემდეგ სიდიდით მესამე შტატია, რომელიც 28 საარჩევნო ოლქს აერთიანებს. 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 მე-8, მე-11, მე-12, მე-13, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე, 26-ე, 27-ე და 28-ე ოლქებში მყარად ლიდერობენ რესპუბლიკელები. დემოკრატი კანდიდატები სოლიდურად გამოიყურებიან მე-9, მე-10 (ორლანდო), მე-14 (ტამპა), მე-20, 24-ე და 25-ე ოლქებში (მაიამი), ხოლო მათი უპირატესობა მცირეა 23-ე ოლქში. საზოგადოებრივ გამოკითხვათა შედეგების მიხედვით, ფლორიდაში ოლქები 20-8-ზე განაწილდება რესპუბლიკელთა სასარგებლოდ.

ჯორჯია (GA) – მოსახლეობა: 10 711 908 (დედაქალაქი: ატლანტა)

ჯორჯია 14 საარჩევნო ოლქისგან შედგება. 1-ელ, მე-3, მე-6, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 და მე-14 ოლქში სოლიდური უპირატესობა აქვთ რესპუბლიკელებს, ხოლო მე-4, მე-5, მე-7 და მე-13 ოლქებში დემოკრატებს. დემოკრატები მხოლოდ შტატის დედაქალაქ ატლანტასა და და მის შემოგარენში ლიდერობენ.

ჰავაი (HI) – მოსახლეობა: 1 455 271 (დედაქალაქი: ჰონოლულუ)

ჰავაი 2 საარჩევნო ოლქს აერთიანებს. ორივე მათგანში დემოკრატ კანდიდატებს გამოკვეთილი უპირატესობა აქვთ.

აიდაჰო (ID) – მოსახლეობა: 1 839 106 (დედაქალაქი: ბოისე)

შტატი 2 საარჩევნო ოლქისგან შედგება.2020 წლის არჩევნებში აიდაჰოს ორივე ოლქში რესპუბლიკელმა კანდიდატებმა 30%-იანი სხვაობით გაიმარჯვეს. ამდენად, მაღალი ალბათობით, რესპუბლიკელებს აიდაჰოს ორივე ოლქში გამარჯვება არც წელს გაუჭირდებათ.

ილინოისი (IL)– მოსახლეობა: 12 812 508 (დედაქალაქი: სპრინგფილდი)

ილინოისი 17 საარჩევნო ოლქს აერთიანებს. 1-ელ, მე-2, მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 ოლქებში (ჩიკაგო და მისი შემოგარენი) დემოკრატ კანდიდატებს სოლიდური უპირატესობა აქვთ. მე-6, მე-11, მე-13 (შტატის დედაქალაქი სპრინგფილდი) და მე-14 ოლქებში დემოკრატები მცირე უპირატესობით ლიდერობენ. რაც შეეხება რესპუბლიკელ კანდიდატებს, მათ უპირატესობა მე-12, მე-15 და მე-16 ოლქებში აქვთ. მე-17 ოლქში კანდიდატებს შორის მაღალი კონკურენციაა. სავარაუდოა, რომ შტატის 17-დან 13 ან 14 ოლქს დემოკრატები მოიგებენ.

ინდიანა (IN) – მოსახლეობა: 6 785 528 (დედაქალაქი: ინდიანაპოლისი)

შტატი 9 საარჩევნო ოლქისგან შედგება. 9 ოლქიდან 7-ში რესპუბლიკელი კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ, ხოლო ორში უპირატესობა დემოკრატებს აქვთ. დემოკრატი კანდიდატები ლიდერობენ პირველ (ქალაქი საუს ბენდი) და მეშვიდე (შტატის დედაქალაქი ინდიანაპოლისი) ოლქში.

აიოვა (IA) – მოსახლეობა: 3 190 369 (დედაქალაქი: დე მოინი)

შტატის ოთხივე საარჩევნო ოლქში უპირატესობა რესპუბლიკელ კანდიდატებს აქვთ. სავარაუდოდ, რესპუბლიკელები ოთხივე ოლქს მარტივად მაოიგებენ.

კანზასი (KS) – მოსახლეობა: 2 940 865 (დედაქალაქი: ტოპეკა)

„მზესუმზირების შტატი“ 4 საარჩევნო ოლქს აერთიანებს. 1-ელ, მე-2 და მე-4 ოლქში რესპუბლიკელ კანდიდატებს სოლიდური უპირატესობა აქვთ, ხოლო მე-3 ოლქი (დედაქალაქი ტოპეკა) უფრო მეტად დემოკრატი კანდიდატისკენაა გადახრილი. მაღალი ალბათობით, ტოპეკას დემოკრატი კანდიდატი მოიგებს, ხოლო დარჩენილ 3 ოლქში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ.

კენტაკი (KY) – მოსახლეობა: 4 509 342 (დედაქალაქი: ფრანკფორტი)

შტატის 6-დან 5 ოლქში რესპუბლიკელი კანდიდატები ლიდერობენ, მე-3 ოლქი კი შტატის ყველაზე დიდ ქალაქს, ლუისვილს, ფარავს, რომელშიც უპირატესობა დემოკრატ კანდიდატს აქვს.

ლუიზიანა (LA) – მოსახლეობა: 4 657 757 (დედაქალაქი: ბატონ რუჟი)

კენტაკის მსგავსად, ლუიზიანაც 6 საარჩევნო ოლქს აერთიანებს. 6-დან 5 ოლქში რესპუბლიკელ კანდიდატებს დამაჯერებელი უპირატესობა აქვთ. გამონაკლისი მხოლოდ მე-2 ოლქია (დედაქალაქი ბატონ რუჟი), რომელსაც, მაღალი ალბათობით, დემოკრატი კანდიდატი მოიგებს.

მეინი (ME) – მოსახლეობა: 1 362 359 (დედაქალაქი: ავგუსტა)

ჩრდილო-აღმოსავლეთის უკიდურესი განაპირა შტატი 2  საარჩევნო ოლქისგან შედგება. პირველ ოლქში (შტატის დედაქალაქი ავგუსტა და უდიდესი ქალაქი პორტლენდი) დემოკრატ კანდიდატს სოლიდური უპირატესობა აქვს, ხოლო მეორე ოლქი შედარებით კონკურენტულია.

მასაჩუსეტსი (MA) – მოსახლეობა: 6 984 783 (დედაქალაქი: ბოსტონი)

„ყურის შტატი“ 9 საარჩევნო ოლქითაა წარმოდგენილი. 1997 წლიდან მოყოლებული რესპუბლიკელებს არცერთ ოლქში გაუმარჯვიათ. სავარაუდოა, რომ ცხრავე ოლქს ისევ დემოკრატები მოიგებენ.

მერილენდი (MD) – მოსახლეობა: 6 177 224 (დედაქალაქი: ანაპოლისი)

მერილენდის 8 ოლქიდან რესპუბლიკელ კანდიდატს მხოლოდ ერთში (1-ელი) აქვს უპირატესობა, დანარჩენი 7 ოლქი კი გამოკვეთილად დემოკრატიულია.  

მიჩიგანი (MI) – მოსახლეობა: 10 077 331 (დედაქალაქი: ლანსინგი)

„დიდი ტბების შტატი“ 13 საარჩევნო ოლქისგან შედგება. 1-ელი, მე-2, მე-4, მე-5, მე-9 და მე-10 ოლქები გამოკვეთილად რესპუბლიკურია. მე-6, მე-11, მე-12 და მე-13 ოლქები (შტატის დიდი ქალაქები: დეტროიტი და ენ არბორი) სოლიდურად დემოკრატიულია. ყველაზე კონკურენტული მე-7 ოლქია, რომელიც დედაქალაქ ლანსინგს მოიცავს. მაღალი ალბათობით, შტატის 7 ოლქს რესპუბლიკელები მოიგებენ, 6-ს კი დემოკრატები.

მინესოტა (MN) – მოსახლეობა: 5 707 940 (დედაქალაქი: სენტ პოლი)

შტატი 8 საარჩევნო ოლქისგან შედგება. მე-3, მე-4 და მე-5 ოლქები (შტატის დედაქალაქი სენტ-პოლი და უდიდესი ქალაქი მინეაპოლისი) მყარად დემოკრატიულია. მეორე ოლქი კონკურენტულია, ხოლო დანარჩენ ოლქებში რესპუბლიკელი კანდიდატები ლიდერობენ. შესაძლებელია, რომ შტატის საარჩევნო ოლქები პარტიებს შორის 4-4-ზე გაიყოს.

მისისიპი (MS) – მოსახლეობა: 2 963 914 (დედაქალაქი: ჯექსონი)

„მაგნოლიის შტატი“ 4 საარჩევნო ოლქს აერთიანებს. მე-2 ოლქი, რომელშიც შედის შტატის დედაქალაქი ჯექსონი, დემოკრატიულია, დანარჩენი 3 ოლქი კი რესპუბლიკური.

მისური (MO) – მოსახლეობა: 6 160 281 (დედაქალაქი: ჯეფერსონ სიტი)

მისური 8 საარჩევნო ოლქისგან შედგება. 1-ელი და მე-5 ოლქები სოლიდურად დემოკრატიულია, დანარჩენ 6-ში კი რესპუბლიკელ კანდიდატებს გამოკვეთილი უპირატესობა აქვთ.

მონტანა (MT) – მოსახლეობა: 1 085 407 (დედაქალაქი: ჰელენა)

2021 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებამდე მონტანა ერთ დიდ საარჩევნო ოლქს (At large district) წარმოადგენდა. აღწერის შედეგების საფუძველზე, შტატში ოლქების რაოდენობა 2-მდე გაიზარდა. ორივე შტატში რესპუბლიკელებს დამაჯერებელი უპირატესობა აქვთ.

ჩრდილო კაროლინა (NC) – მოსახლეობა: 10 551 162 (დედაქალაქი: რალეი)

შტატი 14 საარჩევნო ოლქს აერთიანებს. მე-2, მე-4 და მე-12 ოლქები მყარად დემოკრატიულია, 1-ელ, მე-4 და მე-7 ოლქში დემოკრატებს მცირე უპირატესობა აქვთ. ყველა დანარჩენი ოლქი გამოკვეთილად რესპუბლიკურია. სავარაუდოა, რომ 8 ოლქს რესპუბლიკელები მოიგებენ, 6-ს კი დემოკრატები.

ჩრდილო დაკოტა (ND) – მოსახლეობა: 774 948; (დედაქალაქი: ბისმარკი)

მთელი შტატი ერთი დიდი საარჩევნო ოლქია (At large), რომელშიც რესპუბლიკელ კანდიდატს გამარჯვების 90%-იანი შანსი აქვს.

ნიუ-ჰემფშირი (NH) – მოსახლეობა: 1 377 529; (დედაქალაქი: კონკორდი)

„გრანიტის შტატი“ 2 საარჩევნო ოლქისგან შედგება. მაღალი ალბათობით, ორივე ოლქს დემოკრატი კანდიდატები მოიგებენ.

ნიუ-ჯერსი (NJ) – მოსახლეობა: 9 288 994; (დედაქალაქი: ტრენტონი)

შტატი 12 საარჩევნო ოლქს აერთიანებს. მე-2, მე-4 ე და მე-7 ოლქში მცირე უპირატესობით რესპუბლიკელი კანდიდატები ლიდერობენ, დანარჩენი 9 ოლქი კი სოლიდურად დემოკრატიულია.

ნიუ-მექსიკო (NM) – მოსახლეობა: 2 117 522 (დედაქალაქი: სანტა ფე)

შტატის 3 საარჩევნო ოლქიდან 2-ში დემოკრატი კანდიდატები ლიდერობენ, ხოლო ერთში (მე-2 ოლქი) რესპუბლიკელი კანდიდატი.

ნიუ-იორკი (NY)– მოსახლეობა: 20 215 751 (დედაქალაქი: ოლბანი)

ნიუ-იორკი 26 საარჩევნო ოლქს აერთიანებს. 18-ში დემოკრატი, 8-ში კი რესპუბლიკელი კანდიდატები ლიდერობენ.

ნებრასკა (NB)– მოსახლეობა: 1 961 504 (დედაქალაქი: ლინკოლნი)

ნებრასკა 3 საარჩევნო ოლქისგან შედგება. მაღალი ალბათობით, ტრადიციულად წითელი შტატის ყველა ოლქში რესპუბლიკელი კანდიდატები გაიმარჯვებენ.  

ნევადა (NV) – მოსახლეობა: 3 104 614 (დედაქალაქი: კარსონ სიტი)

„ვერცხლის შტატის“ 4 საარჩევნო ოლქიდან 2-ში რესპუბლიკელ კანდიდატებს აქვთ უპირატესობა, 2-ში კი დემოკრატებს.  

ოჰაიო (OH) – მოსახლეობა: 11 780 017 (დედაქალაქი: კოლუმბუსი)

ოჰაიო 15 საარჩევნო ოლქითაა წარმოდგენილი. დემოკრატ კანდიდატებს უპირატესობა მხოლოდ მე-3 (შტატის დედაქალაქი კოლუმბუსი), მე-11 (შტატის უდიდესი ქალაქი კლივლენდი) და მე-9 (ქალაქი ტოლედო) ოლქებში აქვთ, დანარჩენი 11 ოლქი კი გამოკვეთილად რესპუბლიკურია.

ოკლაჰომა (OK) – მოსახლეობა: 3 986 639 (დედაქალაქი: ოკლაჰომა სიტი)

ტრადიციულად წითელი შტატის ხუთივე საარჩევნო ოლქში რესპუბლიკელებს მყარი უპირატესობა აქვთ.

ორეგონი (OR) – მოსახლეობა: 4 246 155 (დედაქალაქი: სალემი)

წყნარიოკეანისპირა ეს შტატი 6 საარჩევნო ოლქს აერთიანებს. უდიდესი, მე-2 ოლქი სოლიდურად რესპუბლიკურია. მე-5 ოლქი კონკურენტულია,დანარჩენ 4 ოლქში კი დემოკრატი კანდიდატები ლიდერობენ.

პენსილვანია (PA) – მოსახლეობა: 13 011 844 (დედაქალაქი: ჰარისბურგი)

„დამფუძნებელი შტატი“ 17 საარჩევნო ოლქს აერთიანებს. მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ოლქები (შტატის უდიდესი ქალაქი ფილადელფია და მისი შემოგარენი) დემოკრატიულია. კონკურენტულია მე-8 და მე-17 ოლქები, ხოლო დანარჩენ ოლქებში რესპუბლიკელი კანდიდატები ლიდერობენ.

როდ აილენდი (RI) – მოსახლეობა 1 098 163 (დედაქალაქი: პროვიდენსი)

შტატის ორივე საარჩევნო ოლქი გამოკვეთილად დემოკრატიულია.

სამხრეთ კაროლინა (SC)– მოსახლეობა: 5 190 705 (დედაქალაქი: კოლუმბია)

სამხრეთ კაროლინა 7 საარჩევნო ოლქისგან შედგება. მე-6 ოლქში დემოკრატი კანდიდატი ლიდერობს, ხოლო ყველა დანარჩენში უპირატესობა რესპუბლიკელებს აქვთ.

სამხრეთ დაკოტა (SD) – მოსახლეობა: 895 379 (დედაქალაქი: პიერი)

მთელი შტატი ერთ დიდ საარჩევნო ოლქს (At large) წარმოადგენს, სადაც რესპუბლიკელი კანდიდატი დიდი სხვაობით ლიდერობს.

ტენესი (TN) – მოსახლეობა: 6 916 897 (დედაქალაქი: ნეშვილი)

ტენესის 9 საარჩევნო ოლქიდან 8-ში რესპუბლიკელი კანდიდატები ლიდერობენ, ხოლო მეცხრე ოლქი (შტატის დედაქალაქი ნეშვილი) დემოკრატიულია.

ტეხასი (TX) – მოსახლეობა: 29 145 505 (დედაქალაქი: ოსტინი)

ტეხასი კალიფორნიის შემდეგ მეორე ყველაზე მსხვილი შტატია და 38 საარჩევნო ოლქს აერთიანებს. 38 ოლქიდან 25-ში რესპუბლიკელებს აქვთ უპირატესობა, 12-ში დემოკრატებს, 34-ე ოლქი კი კონკურენტულია.

იუტა (UT) – მოსახლეობა: 3 271 616 (დედაქალაქი: სოლტ ლეიკ სიტი)

კონსერვატორი მორმონებით დასახლებული იუტა 4 საარჩევნო ოლქისგან შედგება. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ რესპუბლიკელი კანდიდატები ოთხივეში დამაჯერებლად ლიდერობენ.

ვირჯინია (VA) – მოსახლეობა: 8 654 542 (დედაქალაქი: რიჩმონდი)

ვირჯინიის 11 საარჩევნო ოლქიდან 7-ში დემოკრატი კანდიდატები ლიდერობენ, ხოლო 4-ში რესპუბლიკელები.

ვერმონტი (VT) – მოსახლეობა: 643 503 (დედაქალაქი: მონპელიე)

„მწვანე მთების შტატი“ ერთი დიდი საარჩევნო ოლქია (At large), რომელიც ტრადიციულად დემოკრატ კანდიდატს ირჩევს.

დასავლეთ ვირჯინია (WV)– მოსახლეობა: 1 793 716 (დედაქალაქი: ჩარლსტონი)

შტატის ორივე ოლქში რესპუბლიკელი კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ.

ვაშინგტონი (WA)- მოსახლეობა: 7 887 965 (დედაქალაქი: ოლიმპია)

„მარადმწვანე შტატი“ ტრადიციულად დემოკრატიულია. შტატის 10-დან 7 ოლქში დემოკრატებს აქვთ უპირატესობა, სამში კი რესპუბლიკელებს.

ვისკონსინი (WI) – მოსახლეობა: 5 893 718 (დედაქალაქი: მედისონი)

ვისკონსინის 8 ოლქიდან მხოლოდ ორია დემოკრატიულად განწყობილი, დანარჩენ 6 ოლქში კი რესპუბლიკელები დომინირებენ.

ვაიომინგი (WY) – მოსახლეობა: 675 850 (დედაქალაქი: ჩეინი)

„თანასწორობის შტატი“ ერთი დიდი საარჩევნო ოლქია (At large), რომელიც ძირითადად რესპუბლიკელ კანდიდატებს ირჩევს ხოლმე.

საგუბერნატორო არჩევნები: საკანონმდებლო ორგანოს გარდა, 8 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც იმართება, სადაც 36 შტატის მოსახლეობა გუბერნატორებს აირჩევს. საგუბერნატორო არჩევნები აშშ-ში ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება. მოცემული მომენტისთვის, 50-დან 28 შტატს რესპუბლიკელი, ხოლო 22-ს დემოკრატი გუბერნატორი მართავს. საზოგადოებრივ გამოკითხვათა სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ წინასაარჩევნოდ ზემოხსენებული 36 შტატიდან 18-ში რესპუბლიკელი კანდიდატები ლიდერობენ, 15-ში დემოკრატები, სამი შტატი კი გადაუწყვეტელია. დემოკრატებს საგუბერნატორო არჩევნებში თეორიული გამარჯვების შანსი აქვთ, თუმცა, ეს შანსი საკმაოდ მცირეა. დემოკრატ კანდიდატებს  36-დან მინიმუმ 20 შტატში გამარჯვება სჭირდებათ, რაც ნაკლებად დამაჯერებელ წარმოადგენს.

ცხრილი N2 – საგუბერნატორო არჩევნებში კანდიდატთა გამარჯვების ალბათობა FiveThirtyEight-ის მიხედვით

შტატიდემოკრატიული პარტიის კანდიდატირესპუბლიკური პარტიის კანდიდატიარჩევნებში გამარჯვების ალბათობა (FiveThirtyEight-ის მიხედვით)
კალიფორნიაგევინ ნიუსამიბრაიან დეილი99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
ჰავაიჯოშ გრინიდიუკ აიონა99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
კოლორადოჯარედ პოლისიჰეიდი განალი99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
ნიუ-მექსიკომიშელ ლუხან გრიშემიმარკ რონჩეტი84% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
კანზასილორა კელიდერეკ შმიდტი67% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
მინესოტატიმ უოლცისკოტ ჯენსენი94% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
ილინოისიჯეი ბი პრიცკერიდარენ ბეილი99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
მიჩიგანიგრეტჩენ უიტმერიტიუდორ დიქსონი87% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
პენსილვანიაჯოშ შაპიროდაგლას მასტრიანო97% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
მერილენდივეს მურიდენ კოქსი99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
კონექტიკუტიედვარდ ლამონტირობერტ სტეფანოვსკი99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
როდ აილენდიდანიელ მაკკიეშლი კალუსი99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
მასაჩუსეტსიმაურა ჰილიჯეოფ დიელი99% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
მეინიჯანეტ მილსიპოლ ლეპეიჯი88% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
ნიუ-იორკიქეითი ჰოჩულილი ზელდინი97% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
ორეგონიტინა კოტეკიკრისტინ დრაზანი54% დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ
ალასკალეს გარამაიკ დანლივი87% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
აიდაჰოსტივენ ჰაიდტიბრედ ლითლი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
არიზონაქეითი ჰობსიკარი ლეიკი63% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ვაიომინგიტერეზა ლივინგსტონიმარკ გორდონი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
სამხრეთ დაკოტაჯეიმი სმითიკრისტი ნოემი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ნებრასკაკეროლ ბლადიჯიმ პილენი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ოკლაჰომაჯოი ჰოფმაისტერიკევინ სტიტი90% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ტეხასიბეტო ო’რურკიგრეგ აბოტი98% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
აიოვადეიდრე დეჯეარიკიმ რეინოლდსი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
არკანზასიკრის ჯონსისარა ჰაკაბი სანდერსი99% რეპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ოჰაიონენ ვეილიმაიკ დივაინი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ტენესიჯეისონ ბრენტლი მარტინიბილ ლი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ალაბამაიოლანდა როშელ ფლაუერსიქეი ივი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ფლორიდაჩარლი კრისტირონ დე სანტისი98% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ჩრდ. კაროლინაჯო ქანინგჰემიჰენრი მაკმასტერი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ჯორჯიასტეისი აბრამსიბრაიან კემპი93% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ვერმონტიბრენდა სიგელიფილ სკოტი99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ნიუ-ჰემფშირიტომ შერმანიკრისტოფერ სუნუნუ99% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ნევადასტივ სისოლაკიჯო ლომბარდო53% რესპუბლიკელი კანდიდატის სასარგებლოდ
ვისკონსინიტონი ევერსიტიმ მიჩელსი50%-50%-ზე

სურათი N3 – საგუბერნატორო არჩევნების რუკა – მუქ ლურჯად აღნიშნულია სოლიდურად დემოკრატიული შტატები, ღია ლურჯად შტატები, სადაც დემოკრატებს მცირე უპირატესობა აქვთ. მუქ წითლად აღნიშნულია სოლიდურად რესპუბლიკური შტატები, ღია წითლად კი შტატები, სადაც რესპუბლიკელები მცირე სხვაობით ლიდერობენ. ყავისფრად და ნაცრისფრად აღნიშნულია ე.წ. „გადაუწყვეტელი“ შტატები.

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ 8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი არჩევნები გამორჩეული მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც მომავალი ორი წლის მანძილზე აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვექტორს განსაზღვრავს. წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში სოციოლოგიური გამოკითხვები რესპუბლიკურ პარტიას გამარჯვების 85%-იან შანსს უწინასწარმეტყველებენ. გუბერნატორობის რესპუბლიკელი კანდიდატებიც, მაღალი ალბათობით, 18 შტატში მაინც გაიმარჯვებენ. ყველაზე საინტერესო და დაძაბული სენატის არჩევნებია, სადაც დემოკრატებს უმრავლესობის კონტროლისთვის სტატუს-კვოს შენარჩუნება (50-50-ზე) სჭირდებათ. სენატის არჩევნების ბედს „გადაუწყვეტელი“ შტატები (არიზონა, ნევადა, პენსილვანია, ოჰაიო ჯორჯია, ვისკონსინი და ჩრდ. კაროლოლინა) გადაწყვეტს.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s