
ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებამდე 2 კვირაზე ნაკლები რჩება. 8 ნოემბერს ამერიკელი მოქალაქეები წარმომადგენელთა პალატის 435 დეპუტატს, 35 სენატორსა და 36 გუბერნატორს აირჩევენ. აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო 2 პალატისგან: წარმომადგენელთა პალატისა და სენატისგან შედგება. წარმომადგენელთა პალატის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. მას 435 დეპუტატი აკომპლექტებს. მანდატების რაოდენობა შტატების მოსახლეობის მიხედვით განისაზღვრება. 2020 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობამ 332 მილიონი ადამიანი შეადგინა. შესაბამისად, წარმომადგენელთა პალატის თითოეული წევრი დაახლოებით 763 000 ადამიანს წარმოადგენს. ერთი საარჩევნო ოლქით აშშ-ის მხოლოდ 6 შტატია (ალასკა, ჩრდ. დაკოტა, სამხრ. დაკოტა, ვაიომინგი, დელავერი და ვერმონტი) წარმოდგენილი, დანარჩენ 44 შტატში კი საარჩევნო ოლქები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 2-დან 52-ის ჩათვლით მერყეობს. მაგალითად, როდ აილენდი, მონტანა და მეინი 2 საარჩევნო ოლქისგან შედგება, რადგან მათი მოსახლეობა 1-1.5 მილიონი ადამიანია, ხოლო დიდი შტატები, მათ შორის: ფლორიდა (მოსახლეობა: 21.9 მილიონი) ტეხასი (29.7 მილიონი) და კალიფორნია (39.6 მილიონი) შესაბამისად 28, 38 და 52 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქს აერთიანებს. სენატის არჩევნების სრული ციკლი 6 წლიან პერიოდს მოიცავს, თუმცა, სენატის არჩევნები წარმომადგენელთა პალატის არჩევნების მსგავსად ასევე ორ წელიწადში ერთხელ ტარდება როტაციის პრინციპით (ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამერიკელი მოქალაქეები 35 სენატორს ირჩევენ). რაც შეეხება საგუბერნატორო არჩევნებს, ის 4 წელიწადში ერთხელ იმართება.
2020 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას დემოკრატები აკონტროლებენ, თუმცა, მათი უპირატესობა საკმაოდ მყიფეა. წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები 420 მანდატს აკონტროლებენ, რესპუბლიკელები კი 412-ს (უმრავლესობის მისაღებად საჭირო მანდატების რაოდენობა 418-ია). სენატში ძალთა თანაფარდობა 50-50-ზეა. დემოკრატთა უმრავლესობას ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის, გადამწყვეტი ხმა განაპირობებს. რაც შეეხება შტატების ადგილობრივ თვითმმართველობებს, აქ რესპუბლიკელებს კომფორტული უპირატესობა აქვთ (50 შტატიდან 28 შტატის გუბერნატორი რესპუბლიკელია). წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს უმრავლესობის მოპოვების 80%-იანი შანსი აქვთ, ხოლო საგუბერნატორო არჩევნებში დემოკრატები მცირე უპირატესობით ლიდერობენ. ყველაზე დაძაბული სენატის არჩევნებია, სადაც დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად სტატუს-კვოს შენარჩუნება სჭირდებათ. ამისთვის სენატორობის დემოკრატმა კანდიდატებმა 35 შტატიდან 14-ში უნდა გაიმარჯვონ. ზემოხსენებული 35 შტატიდან, 19-ში რესპუბლიკელებს კომფორტული უპირატესობა აქვთ, 11-ში დემოკრატებს, 5 კი გადაუწყვეტელი შტატია. ეს შტატებია: არიზონა, ჯორჯია, პენსილვანია, ოჰაიო და ნევადა. სწორედ ეს შტატები გადაწყვეტენ შუალედური არჩევნების ბედს. დავწრილებით განვიხილოთ თითოეული მათგანი:
არიზონა: ტრადიციულად, არიზონა „წითელი შტატია“, რომელმაც უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში მხოლოდ 2 დემოკრატი პრეზიდენტი აირჩია (კლინტონი 1996 წელს და ბაიდენი 2020 წელს). 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება დიდწილად ესპანურენოვან მოსახლეობაში მისმა პოპულარობამ განაპირობა. შტატის ეთნიკური შემადგენლობა საკმაოდ ჭრელია. თეთრკანიანები მოსახლეობის 53%-ს შეადგენენ, ესპანურენოვანი მოსახლეობის წილი 32%-ია, აფროამერიკელების კი 5%. დემოკრატები იმედოვნებენ, რომ შტატში გამარჯვებას ისევ ესპანურენოვანი მოსახლეობის მხარდაჭერის ხარჯზე შეძლებენ. თუმცა, უკანასკნელი კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის ამ სეგმენტში დემოკრატიული პარტიის პოპულარობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2020 წელს ბაიდენმა არჩევნებში ესპანურენოვანი მოსახლეობის 71%-ის მხარდაჭერა მიიღო. ახალი კვლევები აჩვენებს, რომ დემოკრატიული პარტიის პოპულარობა ესპანურენოვან მოქალაქეებში 55%-მდე დაეცა. არიზონას შტატში სენატორობისთვის მოქმედი დემოკრატი სენატორი, მარკ კელი, და რესპუბლიკელი ბლეიქ მასტერსი იბრძვიან. ეს უკანასკნელი ვიცე-პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის მხარდაჭერილი კანდიდატია. მოცემული მომენტისთვის, კელის მცირე უპირატესობა აქვს (55%-45%), თუმცა, შტატის ელექტორალური ისტორია გვაფიქრებინებს, რომ სენატის არჩევნები არიზონაში იმაზე უფრო დაძაბული იქნება, ვიდრე ეს სოციოლოგიური კვლევებიდან ჩანს. საგუბერნატორო არჩევნებში ერთმანეთს დემოკრატი ქეითი ჰობსი და რესპუბლიკელი კარი ლეიკი უპირისპირდებიან. ლეიკი ტრამპის კიდევ ერთი მხარდაჭერილი კანდიდატია, რომელმაც რესპუბლიკური პარტიის ელექტორატში პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. საზოგადოებრივ გამოკითხვათა შედეგების მიხედვით, საგუბერნატორო არჩევნებში გამარჯვების შანსები 50/50-ზეა. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის 9 საარჩევნო ოლქს, 4-ში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. რესპუბლიკელებს მცირე უპირატესობა აქვთ სამ ოლქში (1-ელი, მე-2 და მე-6 საარჩევნო ოლქები), ხოლო უფრო მეტად ურბანულ მე-4 ოლქში სავარაუდოდ, დემოკრატი კანდიდატი გაიმარჯვებს.
ჯორჯია: არიზონას მსგავსად, ჯორჯიაც ტრადიციულად “წითელი შტატია”. კლინტონის (1992) შემდეგ ბაიდენი იყო პირველი დემოკრატი პრეზიდენტი, რომელმაც „ატმების შტატში“ გაიმარჯვა. უკანასკნელი ორი არჩევნების განმავლობაში, ჯორჯია გადაუწყვეტელ შტატად ჩამოყალიბდა და ორივე შემთხვევაში გამარჯვებულმა ხმების მცირე რაოდენობით მოიგო (ტრამპმა 2016 წელს კლინტონს 190 000 ხმით აჯობა, ხოლო 2020 წელს ბაიდენის უპირატესობა მხოლოდ 12 000 ხმას შეადგენდა). თუ არიზონაში გადამწყვეტი ფაქტორი ესპანურენოვანი მოსახლეობაა, ჯორჯიის მოსაგებად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სეგმენტი აფროამერიკელები არიან. ისინი შტატის საერთო მოსახლეობის 33%-ს შეადგენენ. ბოლო პერიოდში, შავკანიანი მოსახლეობა უმეტესად დემოკრატიულ პარტიას ირჩევს, თუმცა, წინა არჩევნების შემდეგ დემოკრატების პოპულარობა შავკანიან მოსახლეობაშიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ჯორჯიის შტატის სენატის არჩევნები, პენსილვანიის სენატის არჩევნებთან ერთად, შუალედურ არჩევნებზე ყველაზე დაძაბული იქნება. სენატორობისთვის მოქმედი დემოკრატი სენატორი, რაფაელ უორნოკი და რესპუბლიკელი კანდიდატი, ჰერშეულ ოუკერი იბრძვიან. ეს უკანასკნელი ყოფილი ფეხბურთის ვარსკვლავია, რომელმაც პარტიაში დაწინაურება ტრამპთან ახლო კავშირების დამყარებით შეძლო. ექსპრეზიდენტი მხარს უჭერს ოუკერს, რომელმაც ეჭვქვეშ არაერთხელ დააყენა 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობა. FiveThirtyEight-ის საზოგადოებრივ გამოკითხვათა შედეგები უორნოკს გამარჯვების 51%-იან შანსს აძლევს (ოუკერის შანსი 49%-ია). დაძაბულია საგუბერნატორო არჩევნებიც, სადაც ერთმანეთს მოქმედი რესპუბლიკელი გუბერნატორი, ბრაიან კემპი, და გუბერნატორობის დემოკრატი კანდიდატი, სტეისი აბრამსი, უპირისპირდებიან. ჯორჯიის შტატის მოსახლეობის დიდი ნაწილი კემპის მმართველობას უარყოფითად აფასებს, თუმცა, ის შუალედური არჩევნების წინ მყიფე უპირატესობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს (52%-48%). რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის არჩევნებს, 14 საარჩევნო ოლქიდან 9-ში უპირატესობა რესპუბლიკელებს, ხოლო 5-ში დემოკრატებს აქვთ.
პენსილვანია: პენსილვანია ტრადიციულად გადაუწყვეტელი შტატების კატეგორიას განეკუთნება. 2016 წელს პენსილვანიაში ტრამპის გამარჯვებამდე დემოკრატებმა ზედიზედ ექვსი არჩევნები მოიგეს. ბაიდენის გაპრეზიდენტებაც 2020 წელს დიდწილად სწორედ ამ შტატში გამარჯვებამ განაპირობა. პენსილვანიის მოსახლეობის 12%-ს ესპანურენოვანი მოქალაქეები, ხოლო 9%-ს აფროამერიკელები შეადგენენ, ამიტომ თითოეული პარტიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერის მოპოვება. ამ მხრივ დემოკრატებს მცირე უპირატესობა აქვთ, რესპუბლიკელთა ელექტორალურ ბაზას კი ძირითადად შტატის თეთრკანიანი ამერიკელები წარმოადგენენ. პენსილვანიის შტატის სენატორობისთვის მოქმედი დემოკრატი სენატორი, ჯონ ფეტერმანი, და რესპუბლიკელი კანდიდატი, მეჰმეტ ოზი, იბრძვიან. ფეტერმანმა წლის დასაწყისში ინფარქტი გადაიტანა. მოქმედი სენატორის ჯანმრთელობის გაუარესება რესპუბლიკელების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ამერიკელი მოქალაქეები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ პოლიტიკოსების ჯანმრთელობას. რაც შეეხება მეჰმეტ ოზს, ის მედიცინის დოქტორია, რომელიც პოლიტიკაში უკანასკნელ წლებში ჩაერთო. ოზი ტრამპის მხარდაჭერით სარგებლობს, რამაც განაპირობა კიდეც რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისში მისი გამარჯვება. გასული კვირისთვის, სოციოლოგიური გამოკითხვები უპირატესობას ფეტერმანს (60%), ანიჭებდა, თუმცა, ორშაბათს სენატორობის კანდიდატთა შორის გამართულ დებატებში მეჰმეტ ოზის განსაკუთრებით კარგი პერფორმანსის შემდეგ, კანდიდატებს შორის სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა (55% ფეტერმანის სასარგებლოდ). დაძაბულია შტატის საგუბერნატორო არჩევნებიც, რომელშიც ერთმანეთს დემოკრატი ჯონ შაპირო და რესპუბლიკელი დაგ მასტრიანო უპირისპირდებიან. მოცემული მომენტისთვის, შაპიროს მცირე უპირატესობა აქვს. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, შტატის 17 საარჩევნო ოლქიდან 8-ში რესპუბლიკელი კანდიდატები ლიდერობენ, 6-ში დემოკრატები, ხოლო 3 ოლქში კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ სამომავლო პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია.
ოჰაიო: პენსილვანიის მსგავსად, უკანასკნელ წლებში ოჰაიოც გადაუწყვეტელ შტატად ჩამოყალიბდა. 21-ე საუკუნეში გამართული 6 საპრეზიდენტო არჩევნებიდან 4-ში (2000, 2004, 2016, 2020) რესპუბლიკელმა, ხოლო 2-ში (2008, 2012) დემოკრატმა კანდიდატმა გაიმარჯვა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოჰაიომ ტრამპი აირჩია, რომელსაც მხარი შტატის მოსახლეობის 51%-მა დაუჭირა. შტატის ეთნიკური შემადგენლობა საკმაოდ ერთგვაროვანია. მოსახლეობის 80%-ს თეთრკანიანი ამერიკელები შეადგენენ, ხოლო აფროამერიკელთა რაოდენობა 12.3%-ს უტოლდება. ოჰაიოს ეთნიკური შემადგენლობა რესპუბლიკელების უპირატესობაა, რადგან რადგან შტატის თეთრკანიანი მოქალაქეების უმეტესობა „ძველი დიდი პარტიის“ ელექტორალურ ბაზას წარმოადგენს. შტატის სენატორობისთვის მოქმედი დემოკრატი სენატორი, მარკ კელი, და რესპუბლიკელი კანდიდატი, ჯეი დი ვენსი, იბრძვიან. ეს უკანასკნელი ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი კანდიდატია. სოციოლოგიური კვლევები მომავალ არჩევნებში უპირატესობას ჯეი დი ვენსს (60%) ანიჭებს. საგუბერნატორო არჩევნებში ერთმანეთს მოქმედი რესპუბლიკელი გუბერნატორი, მაიკ დევაინი და დემოკრატი ჩელენჯერი, ნენ ვეილი, უპირისპირდებიან. მაღალი ალბათობით, საგუბერნატორო არჩევნებს დევაინი მოიგებს. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, ოჰაიოს 14 საარჩევნო ოლქიდან, 11-ში რესპუბლიკელები ლიდერობენ, ხოლო დემოკრატებს უპირატესობა მხოლოდ 3 მათგანში აქვთ.
ნევადა: 1980 წლიდან 2012 წლამდე „ვერცხლის შტატში“ ყოველთვის ის კანდიდატები იგებდნენ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებდნენ. სიტუაცია 2016 წელს შეიცვალა, როდესაც შტატი დემოკრატმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა, მოიგო. 2020 წლის არჩევნებშიც დემოკრატმა კანდიდატმა გაიმარჯვა, ამიტომ ამერიკულ აკადემიურ წრეებში ღიად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ „ვერცხლის შტატი“ დემოკრატიული პარტიის ელექტორალური დასაყრდენი გახდა. არიზონას მსგავსად, ნევადაც მრავალრიცხოვანი ესპანურენოვანი მოსახლეობითაა გამორჩეული. ისინი შტატის საერთო მოსახლეობის 30%-ს შეადგენენ. ნევადის სენატორობისთვის მოქმედი დემოკრატი კანონმდებელი, კეტრინ კორტეზ მასტო, და რესპუბლიკელი კანდიდატი, ადამ ლაქსალტი, იბრძვიან. ლაქსალტიც ტრამპის მხარდაჭერილი კანდიდატია, რომელმაც ეჭვქვეშ არაერთხელ დააყენა 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობა. FiveThirtyEight-ის საზოგადოებრივი გამოკითხვები მცირე უპირატესობას ლაქსალტს (54%) ანიჭებს. დაძაბულია საგუბერნატორო არჩევნებიც, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი დემოკრატი გუბერნატორი, სტივ სისოლაკი, და რესპუბლიკელი ჩელენჯერი, ჯო ლომბარდო, უპირისპირდებიან. საგუბერნატორო არჩევნებში გამარჯვების შანსები მოცემული მომენტისთვის 55%-45%-ზეა ლომბარდოს სასარგებლოდ. შტატის 4 საარჩევნო ოლქიდან 2-ში (1-ელი და მე-4) მცირე უპირატესობა დემოკრატებს აქვთ, ერთში (მე-2) რესპუბლიკელებს, მე-3 ოლქში კი პარტიათა მხარდაჭერა კი დაახლოებით თანაბარია.
2022 წლის შუალედურ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, გარკვეული პროგნოზების გაკეთება უკვე შეიძლება. მაღალი ალბათობით, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები მოიპოვებენ, საგუბერნატორო არჩევნებში კი მეტი დემოკრატი კანდიდატი გაიმარჯვებს. რაც შეეხება სენატს, ზედა პალატის არჩევნების შედეგების პროგნოზირება საკმაოდ რთულია, რადგან რამდენიმე შტატში კანდიდატებს შორის განსაკუთრებით დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს. არიზონა, ჯორჯია, პენსილვანია, ოჰაიო და ნევადა – ეს ის შტატებია, რომლებიც აშშ-ის შუალედური არჩევნების ბედს გადაწყვეტს.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი