აშშ-ის შუალედური არჩევნები: ეკონომიკა VS უფლებები

ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დემოკრატიულ პარტია მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშეა. შემცირებული ეკონომიკა, მაღალი ინფლაცია და საწვავზე გაზრდილი ფასები პირდაპირპროპორციულად აისახება აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგზე. მოცემული მომენტისთვის ბაიდენის საქმიანობას  დადებითად მოქალაქეთა 42.2%, ხოლო უარყოფითად – 52.5% აფასებს. ამერიკული საარჩევნო ტრადიციის მიხედვით, პარტია, რომლის ლიდერის რეიტინგი შუალედური არჩევნების მომენტისთვის, 50%-ზე ნაკლებია, წარმომადგენელთა პალატაში, საშუალოდ 37 მანდატს კარგავს.  აქედან გამომდინარე, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ წინასაარჩევნოდ, რესპუბლიკური პარტიის დღის წესრიგი ისეთ საკითხებზეა ფოკუსირებული, რომლებშიც ბაიდენის ადმინისტრაციას განსაკუთრებით დიდი ჩავარდნა აქვს. ასეთ სფეროებს განეკუთვნება ეკონომიკა, მიგრაცია და კრიმინალთან ბრძოლა. თავის მხრივ, დემოკრატები კაპიტალიზებას რესპუბლიკური პარტიის ტრამპთან გაიგივებითა და საკუთარი თავის უფლებადამცველ პოლიტიკურ ძალად წარმოჩენით ცდილობენ. მოცემულ სტატიაში განვიხილავ იმ ძირითად თემებს, რომლებიც შუალედური არჩევნების წინ რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების დღის წესრიგს განსაზღვრავს.

რესპუბლიკური პარტია:

ეკონომიკა: ამერიკელ მოქალაქეთა 66% ბაიდენის ეკონომიკურ პოლიტიკას უარყოფითად აფასებს. რესპუბლიკური პარტია მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ეკონომიკურმა პოლიტიკამ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა მნიშვნელოვნად გააღარიბა. შენელებულია აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი,  რომელმაც 2022 წელს ნავარაუდევი 3.6%-ის მაგივრად 2.1% შეადგინა. ივნისში ინფლაციის მაჩვენებელი 8.3% იყო, რაც უკანასკნელი 40 წლის ანტირეკორდია. საშუალო სტატისტიკური ამერიკელისთვის განსაკუთრებით მწვავე პრობლემა საწვავზე და სამომხმარებლო პროდუქტებზე გაზრდილი ფასებია. 2022 წლის ივნისში ერთი გალონი საწვავის ფედერალური ღირებულება 5 დოლარს აღემატებოდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ ზაფხულში საწვავზე გლობალური ფასების შემცირებით ისარგებლა და ფასი სექტემბრის დასაწყისისთვის მეტ-ნაკლებად დაასტაბილურა. ამ პერიოდისთვის გალონი საწვავის ღირებულება 3.7 დოლარს შეადგენდა, თუმცა, უკანასკნელი 10 დღის მანძილზე საწვავის ფასი ისევ გაიზარდა. საწვავის ფასის ზრდის მიზეზი ნავთობექსპორტიორ სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OPEC) გადაწყვეტილება გახდა, რომლის წევრი ქვეყნები პირველი ნოემბრიდან ნავთობის ყოველდღიური მოპოვების 2 მილიონი ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ. შემცირებული მიწოდება ეკონომიკაში ზრდის მოთხოვნას, გაზრდილი მოთხოვნა კი პროდუქტის ღირებულებას აძვირებს.

ბაიდენის ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკის ჩავარდნაზე მეტყველებს უძრავ ქონებაზე ფასების მატებაც, რომელიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში 19%-ითაა გაზრდილი. გაზრდილია ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზეც (მაგალითად, პურის ფასმა გასული 12 თვის განმავლობაში 11.4%-ით მოიმატა). ზემოხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის სუსტი ეკონომიკური პოლიტიკა წინასაარჩევნოდ რესპუბლიკელთა მთავარ კოზირს წარმოადგენს.

კრიმინალი – ამერიკელი მოქალაქეების შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციას ეკონომიკის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში (61%) აქვს. იუსტიციის დეპარტამენტის შუალედური ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში კრიმინალის საერთო რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობისას უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია მასობრივ მკვლელობათა რიცხვმაც. 2022 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, აშშ-ის სკოლებში 35 მასობრივი მკვლელობა მოხდა, რაც უკვე მეტია 2021 წლის შემთხვევათა საერთო რაოდენობაზე (34). ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წლის აპრილში 6 აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელსაც უნდა გაემკაცრებინა იარაღის ფლობისა და შენახვის წესები, თუმცა, ზემოხსენებული კანონი ძირითადად ფასადური გამოდგა, რის გამოც პრობლემა ვერ აღმოიფხვრა. რესპუბლიკელთა უმრავლესობა თვლის, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ზედმეტად რბილია კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. დემოკრატიული პარტია მხარს უჭერს პოლიციისთვის დაფინანსების შეკვეცას და გამოთავისუფლებული ფულის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ისეთ საკითხებზე დახარჯვას, როგორებიცაა: სოციალური სერვისები, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. რესპუბლიკელთა შეფასებით, კრიმინალის უპრეცედენტო ზრდას ხელისუფლების სწორედ ამგვარი პოზიცია განაპირობებს.

მიგრაცია – აშშ-ის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა ბაიდენის ლიბერალური საიმიგრაცი პოლიტიკით. თანამდებობის დაკავების შემდეგ, ბაიდენმა მალევე გააუქმა ის ძირითადი საიმიგრაციო შეზღუდვები (7 ისლამური სახელმწიფოს მოქალაქეთა აშშ-ში შემოსვლის აკრძალვა, კოვიდისგან გამოწვეული სასაზღვრო რეგულაციები და ა.შ.) რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციამ დააწესა. რესპუბლიკური პარტიის პოზიცია მიგრაციულ საკითხებში გაცილებით კონსერვატიულია. რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესებს აზიანებს, რადგან ქვეყანაში არალეგალურად შემოსული იმიგრანტების რაოდენობის მატება პირდაპირპროპორციულად ზრდის კრიმინალის დონეს. რესპუბლიკელები განსაკუთრებით აქტიურად ითხოვენ აშშ-მექსიკის საზღვრის იმ მონაკვეთების დაცვას, საიდანაც ყოველთვიურად ასობით ათასი არალეგალი იმიგრანტი შემოდის.

დემოკრატიული პარტია:

რესპუბლიკური პარტიის ტრამპთან აფილირება – დემოკრატები ცდილობენ რესპუბლიკური პარტიის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, აფილირებას, რომლის პერსონალური რეიტინგი საკმაოდ დაბალია. ტრამპი ისევ აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერებში მან მხარი 200-ზე მეტ კანდიდატს დაუჭირა, რომელთა უმრავლესობამაც შიდაპარტიული არჩევნები მარტივად მოიგო. დემოკრატები შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა გამარჯვების შემთხვევაში ტრამპის დაბრუნებით იმუქრებიან, რომლის მმართველობის პერიოდში ამერიკული დემოკრატია რეგრესირებდა, ადამიანის უფლებები კი უხეშად ირღვეოდა.

ადამიანის უფლებები – თუ წინასაარჩევნოდ რესპუბლიკელთა მთავარი კოზირი ბაიდენის ადმინისტრაციის არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკაა, დემოკრატებს აშკარა უპირატესობა აქვთ ადამიანის უფლებების საკითხში. 2022 წლის 24 ივნისს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა Roe V Wade საქმის გადაწყვეტილება, რომელმაც აბორტის უფლება კონსტიტუციურად დააკანონა. უზენაესმა სასამართლომ აბორტის დაკანონების საკითხი ფედერალურიდან საშტატო სიბრტყეზე გადაიტანა და შტატებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების პრეროგატივა მიანიჭა. მოცემული მომენტისთვის, აბორტი აშშ-ის 12 შტატში არალეგალურია, Roe V Wade საქმის გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ კი, შესაძლოა ის არალეგალური კიდევ უფრო მეტ შტატში გახდეს. დემოკრატიული პარტია მხარს ღიად უჭერს აბორტის უფლების საყოველთაოობას, მაშინ, როდესაც რესპუბლიკელთა უდიდესი ნაწილი მას მიუღებლად მიიჩნევს.

მოსაზრებას, რომ დემოკრატიული პარტია ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალაა, ამყარებს გასულ კვირაში ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, რომელმაც შეიწყალა ყველა ის ინდივიდი, რომელიც მარიხუანის შენახვისა და მოხმარებისთვის ფედერალურ სასჯელს იხდის. გარდა ამისა, ბაიდენი აქტიურად საუბრობს კონსტიტუციის მეორე დამატების გაუქმების აუცილებლობაზეც, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს იარაღის შეძენისა და შენახვის უფლებას აძლევს. ბაიდენის შეფასებით, მასობრივი მკვლელობებისა და კრიმინალის გაზრდილი რიცხვი კონსტიტუციაში მეორე დამატების არსებობითაა გამოწვეული, ამიტომ ის აუცილებლად უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, დემოკრატიული პარტიის მთავარი კოზირი წინასაარჩევნოდ ადამიანის უფლებებზე აპელირება იქნება.

ინსტიტუციების სიმყარე – დემოკრატები გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ თეთრ სახლში ბაიდენის შესვლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში „ნორმალურობა“ დაბრუნდა. ბაიდენისგან განსხვავებით, ტრამპის მმართველობისას, ამერიკული დემოკრატია მნიშვნელოვნად რეგრესირდა და მისი ინსტიტუციები შესუსტდა. ამის დასტურად დემოკრატები იხსენებენ ტრამპის განცხადებებს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, რამაც აშშ-ის დემოკრატიულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ტრამპს და მის მხარდამჭერებს ბრალად ედებათ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა, რაც აშშ-ის ისტორიაში მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა. ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში და განსაკუთრებით 2018 წლის შემდეგ (მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატებმა დაიბრუნეს) თეთრ სახლსა და კონგრესს შორის თანამშრომლობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი აქტიურად თანამშრომლობს სენატთან, წარმომადგენელთა პალატასთან, გუბერნატორებთან და სხვადასხვა საშტატო თანამდებობის პირებთან. ამერიკის მოქალაქეთა 49% დადებითად აფასებს ბაიდენის კოორდინაციას სხვა სახელმწიფო უწყებებთან, რაც, დემოკრატთა აზრით, ამერიკული პოლიტიკური ინსტიტუტების სიძლიერებაზე მეტყველებს. დემოკრატიული პარტიის კითხვა წინასაარჩევნოდ შემდეგში მდგომარეობს – გსურთ თუ არა ხელისუფლების სათავეში ისეთი პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, დემოკრატიას ძირს უთხრის და ამერიკულ ინსტიტუტებს ასუსტებს?

აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ორივე პარტიას პოლიტიკური დღის წესრიგი უკვე ჩამოყალიბებული აქვს. რესპუბლიკელები ყურადღებას ამახვილებენ ბაიდენის ადმინისტრაციის არაეფექტურ პოლიტიკაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეკონომიკა, კრიმინალთან ბრძოლა და მიგრაცია. თავის მხრივ, დემოკრატები ცდილობენ რესპუბლიკური პარტიის ტრამპთან გაიგივებას, რომელიც საკმაოდ არაპოპულარული ფიგურაა. ისინი საკუთარ თავს ადამიანის უფლებების დამცველ ძალად წარმოაჩენენ და აცხადებენ, რომ კონგრესში რესპუბლიკელების უმრავლესობის დაბრუნება ამერიკულ დემოკრატიას ძირს გამოუთხრის და მის ინსტიტუციებს შეასუსტებს.  სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ამ მომენტისთვის არსებული მდგომარეობით, რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების 70%-იანი შანსი აქვთ. რაც შეეხება სენატს, დემოკრატებს, ზედა პალატის კონტროლის შენარჩუნების 66%-იანი შანსი აქვთ. ის, თუ რამდენად გამართლდება სოციოლოგიური გამოკითხვების პროგნოზი, ამას დაახლოებით 1 თვეში გავიგებთ.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s