
ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებამდე თვეზე ოდნავ მეტი რჩება. იმის გასარკვევად, თუ კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად პარტიის რომელი კანდიდატი იბრძოლებს, აშშ-ში შიდაპარტიული არჩევნები იმართება, რომელზეც პარტიის ამომრჩევლები საკუთარ პოლიტიკურ პრეფერენციას აფიქსირებენ. შიდაპარტიული არჩევნების ერთ-ერთი სახეა კოკუსი, რომელიც აშშ-ის მხოლოდ რამდენიმე შტატში ტარდება. ესაა სახალხო ყრილობა, რომელზეც პარტიის ამომრჩევლები ერთ სივრცეში იკრიბებიან და საკუთარი ფავორიტისადმი მხარდაჭერას ღიად გამოხატავენ. შტატების უმრავლესობაში შიდაპარტიულ არჩევნებს პრაიმერისის სახე აქვს, რომელიც ფარულ კენჭისყრას გულისხმობს. 2022 წლის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების გამოსავლენად პრაიმერები ტეხასში 1 მარტს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი კენჭისყრა 13 სექტემბერს დელავერში, ნიუ-ჰემფშირსა და როდ აილენდში ჩატარდა. პრაიმერები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომავალი შუალედური არჩევნების შედეგებზე, რამდენადაც მისი მეშვეობით ცნობილი ხდება ვინ დაუპირისპირდება ერთმანეთს 8 ნოემბერს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიიდან თითოეული საშტატო თუ ფედერალური თანამდებობისთვის. პრაიმერების დასრულებიდან თითქმის 3 კვირის თავზე უკვე შესაძლებელია შიდაპარტიული არჩევნების შეჯამება და მის სამომავლო გავლენაზე მსჯელობა.
პრაიმერების შედეგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი პარტიის ამომრჩეველთა აქტივობაა. წლევანდელ პრაიმერებში მონაწილეობა დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველთა 46%-მა მიიღო, ხოლო რესპუბლიკურ პარტიაში ეს რიცხვი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 53%-ს შეადგენდა. ოპოზიციაში მყოფი პარტიის ამომრჩევლის მაღალი აქტივობა სახელისუფლებო პარტიის ამომრჩეველთან შედარებით აშშ-ში პოლიტიკურ კანონზომიერებას წარმოადგენს, თუმცა, ჩვეულებრივ, მათ შორის სხვაობა 2-3%-ს არ აჭარბებს. თუ სხვაობა 5%-ზე მეტია, ასეთ არჩევნებში მმართველი პარტია ყოველთვის მარცხდება. იგივე მოხდა 2018 წლის შუალედურ არჩევნებზეც. 2016 წლის არჩევნების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატაში საპარლამენტო უმრავლესობას რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ (241 მანდატი), დემოკრატებს კი 194 მანდატი ჰქონდათ. 2018 წლის პრაიმერებში მონაწილეობა დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველთა 53%-მა, ხოლო რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა 46%-მა მიიღო (2022 წლის საპირისპირო მონაცემები). შედეგად, 2018 წლის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში დემოკრატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს (235 მანდატით 200-ის წინააღმდეგ). პრაიმერებზე პარტიის ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა გაბრაზებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდაზე მიუთითებს. როდესაც მათი რაოდენობა შესამჩნევად იმატებს, არჩევნებში მოქმედი ხელისუფლების მარცხის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. ძირითადად, სწორედ გაბრაზებული ამომრჩევლის შესამჩნევი ზრდა განაპირობებს საზოგადოებრივ გამოკითხვათა შედეგებსაც, რომელთა მიხედვით, მომავალ შუალედურ არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატაში საპარლამენტო უმრავლესობას რესპუბლიკელები მოიპოვებენ. მაგალითად, FiveThirtyEight-ის მონაცემებით, რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების 68%-იანი შანსი აქვთ.
რაც შეეხება სენატის არჩევნებს, საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შანსი გაცილებით მაღალია. FiveThirtyEight-ის კვლევის მიხედვით, დემოკრატიულ პარტიას სენატში უმრავლესობის მოპოვების 68%-იანი შანსი აქვს. ამ გამოკითხვის შედეგები ძირითადად სენატის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა პერსონალურ რეიტინგებს ეფუძნება. დემოკრატების უპირატესობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ 35 შტატიდან 23-ში მოქმედი სენატორი რესპუბლიკელია, თუმცა, მხოლოდ მათი მცირე ნაწილი (5) სარგებლობს პოპულარობით საკუთარ შტატში. დანარჩენ 18 შტატში სენატორები ისეთი რესპუბლიკელი პოლიტიკოსები არიან, რომელთა მიმართ შტატის მოქალაქეთა ნდობა საკმაოდ მცირეა. ამას ემატება ისიც, რომ რესპუბლიკური პარტიის სენატორობის კანდიდატთა უმრავლესობა აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მხარდაჭერით სარგებლობს, რომლის პერსონალური რეიტინგი მოცემული მომენტისთვის უკიდურესად დაბალია.
პრაიმერების დაწყებამდე თუ მისი მიმდინარეობისას, ტრამპმა მხარი დაუჭირა 240-ზე მეტ კანდიდატს, რომელთა უმრავლესობამაც (91%) შიდაპარტიულ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ტრამპმა ჯამში მხარი დაუჭირა კონგრესმენობის 155 კანდიდატს. მათი უმრავლესობა (131) მოქმედი კონგრესმენები არიან. ტრამპის მიერ მხარდაჭერილი 131 მოქმედი კონგრესმენიდან, პრაიმერებში გამარჯვება 130-მა მათგანმა (99%) შეძლო. წარმომადგენელთა პალატის პრაიმერისში მხოლოდ ჩრდილოეთ კაროლინის შტატის მოქმედი კანონმდებელი, მედისონ ქოუთორნი, დამარცხდა. ზემოხსენებული 155 შემთხვევიდან ტრამპის მხარდამჭერები მოქმედი კონგრესმენების ჩელენჯერებს მხოლოდ 6-ში წარმოადგენდნენ. ამ 6-დან მათ 4-ში (67%) გაიმარჯვეს. ვაიომინგში მოქმედი კანონმდებელი ლიზ ჩეინი ჰარიეტ ჰაგემანმა დაამარცხა, ხოლო მიჩიგანში ჯონ გიბსმა მოქმედ კონგრესმენ პიტერ მეიჯერს მოუგო. საინტერესოა ისიც, რომ ჩეინმაც და მეიჯერმაც ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი. დარჩენილი 18 შემთხვევა ღია კონტესტი იყო, რომელთაგან 16 (89%) ტრამპის მხარდაჭერილმა კანდიდატებმა მოიგეს. საერთო ჯამში, კონგრესმენობის პოზიციაზე ტრამპის მხარდაჭერილ კანდიდატთა წარმატების მაჩვენებელი 97%-ია.
რაც შეეხება სენატს, ტრამპმა მხარი ჯამში 20 კანდიდატს (10 მათგანი მოქმედი სენატორია, დანარჩენი 10 კი ღია კონტესტში მონაწილეობდა) დაუჭირა. პრაიმერებში ოცივე მათგანმა გაიმარჯვა, რაც წარმატების 100%-იანი მაჩვენებელია. ტრამპის მხარდაჭერილ სენატორობის კანდიდატებს შორისაა: მეთმეტ ოზი (პენსილვანია), ჯეი დი ვენსი (ოჰაიო), ბლეიქ მასტერსი (არიზონა), ჰერშელ უოქერი (ჯორჯია), ტედ ბადი (ჩრდილოეთ კაროლინა), რენდ პოლი (კენტუკი), მაიკ კრაპო (აიდაჰო), ქეითი ბრიტი (ალაბამა), ჯონ ბუზმენი (არკანზასი), ადამ ლაქსალტი (ნევადა), მარკვეინ მულინი (ოკლაჰომა), მაიკ ლი (იუტა), ტიმ სკოტი (სამხრეთ კაროლინა), ჯერი მორანი (კანზასი), რონ ჯონსონი (ვისკონსინი), მარკო რუბიო (ფლორიდა). სენატის არჩევნებში დემოკრატთა გამარჯვების მაღალი შანსი დიდწილად სწორედ იმითაა განპირობებული, რომ სენატორობის რესპუბლიკელ კანდიდატთა უმრავლესობას ტრამპთან აფილაციის გამო დაბალი პერსონალური რეიტინგი აქვს.
ზემოხსენებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ უკანასკნელ პერიოდში ამერიკულ საზოგადოებაში გაბრაზებული ამომრჩევლის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, ჩვეულებრივ, სტატუს-კვოს ცვლილებაზე მიუთითებს ხოლმე. მძიმე ეკონომიკური კრიზისი, სამომხმარებლო პროდუქტებზე და განსაკუთრებით საწვავზე ფასების მატება, მასობრივ მკვლელობათა შემთხვევების ზრდა, ბაიდენის ართცთუ პოპულარულ ფიგურას კიდევ უფრო არაპოპულარულს ხდის. ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობით უკმაყოფილო ადამიანთა რაოდენობის მატება წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატთა მარცხის შანსს მნიშვნელოვნად ზრდის. მაღალი ალბათობით, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაკარგავენ (საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, რესპუბლიკელები პალატაში 230-240 კანონმდებელს გაიყვანენ). რაც შეეხება სენატის არჩევნებს, სავარაუდოა, რომ ზედა პალატის კონტროლი ისევ დემოკრატების ხელში დარჩება. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ სენატორობის კანდიდატთა პრაიმერებში ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა პოლიტიკოსებმა 20-დან 20 შემთხვევაში გაიმარჯვეს. თავის მხრივ, ამერიკულ საზოგადოებაში ტრამპის პოპულარობაც მცირდება. მის წინააღმდეგ გამოძიება ათამდე საქმეზე მიმდინარეობს, მათ შორის 2020 წლის არჩევნების მიმდინარეობაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაზე, 6 იანვრის ამბოხში პირდაპირ მონაწილეობაზე, გადასახადებისგან თავის არიდებაზე, კლასიფიცირებული დოკუმენტების შენახვაზე და ა.შ.
მომავალი შუალედური არჩევნები ტრამპის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელიც იქნება. თუ შუალედურ არჩევნებში ტრამპის მხარდაჭერილ კანდიდატთა უმრავლესობა გაიმარჯვებს, გაიზრდება იმის შანსი, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი 2024 წლის არჩევნებისთვის ყოფილი პრეზიდენტი იქნება. თუ შუალედურ არჩევნებში ტრამპის მხარდაჭერილ კანდიდატთა უმეტესობა დამარცხდება, მაღალი ალბათობით, რესპუბლიკური პარტია რომელიმე ანტიტრამპისტი კანდიდატის (სავარაუდოდ, რონ დე სანტისის) ირგვლივ კონსოლიდირდება.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი