ტრამპის ბუნდოვანი პოლიტიკური მომავალი

ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება, პოლიტიკურმა დაძაბულობამ კი დუღილის წერტილს უკვე მიაღწია. წინასაარჩევნო პერიოდის მეტ-ნაკლებად მშვიდი მიმდინარეობა 8 აგვისტოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ტრამპის ფლორიდის სახლში ჩატარებულმა რეიდმა დაარღვია, რომლის შედეგად ძალოვანმა უწყებამ 11 კლასიფიცირებული დოკუმენტი ამოიღო. მათი ნაწილი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის დატოვების შემდეგ კლასიფიცირებული დოკუმენტების შენახვა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და დანაშაულის შესაბამისად კონკრეტული ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კანონი ნებისმიერ პირს თანამდებობის დატოვების შემდეგ გასაიდუმლოებული ინფორმაციის კონგრესისთვის ჩაბარებას ავალდებულებს და ეს წესი თანაბრად ვრცელდება როგორც ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ რიგით ოფიცერზე, ისე აშშ-ის პრეზიდენტზე. კლასიფიცირებული დოკუმენტების დამალვის ფაქტები წარსულშიც მომხდარა, თუმცა, არასდროს პრეზიდენტის მიერ. ყოფილი ექსპრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რესპუბლიკურ პარტიასა და ზოგადად, ამერიკულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობს, ამიტომ მისი საქმე დიდი ალბათობით პოლიტიკურ სიბრტყეზე გადავა, რაც ტრამპს პასუხისმგებლობის აცილების შესაძლებლობას მისცემს. საინტერესოა ისიც, რომ აშშ-ის ისტორიაში ჯერ არცერთი პრეზიდენტი დაუკავებიათ, ამიტომ სავარაუდოა, რომ ციხეში არც ტრამპი ჩაჯდება. თუმცა, საფრთხეშია ტრამპის პოლიტიკური მომავალი, რადგან კანონმდებლობა ასეთი დარღვევების შემთხვევაში პოლიტიკური თანამდებობის სამომავლოდ დაკავებას კრძალავს. საინტერესოა, შეძლებს ყოფილი პრეზიდენტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თუ მისი პოლიტიკური კარიერა სამუდამოდ დასრულდება?

კლასიფიცირებული დოკუმენტების შენახვა ტრამპის პირველი კანონდარღვევა არაა. დღემდე მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე საკითხზე, სადაც, შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტის დანაშაული გამოიკვეთოს. მათ შორისაა:

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა – 2020 წლის დეკემბერში, როდესაც რამდენიმე შტატში ჯერ კიდევ ხმების გადათვლის პროცესი მიმდინარეობდა, ტრამპმა ჯორჯიის შტატის მდივან ბრედ რაფენსპერგერთან სატელეფონო ზარი განახორციელა. მან მდივანს დამატებითი 11 700 ხმის „პოვნა“ მოსთხოვა. ხმების ეს რაოდენობა ტრამპს ჯორჯიის შტატის მოსაგებად სჭირდებოდა. ხელისუფლების გადაბარების შემდეგ ჯორჯიის შტატის სასამართლომ ტრამპის წინააღმდეგ ძალაუფლების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს;

6 იანვრის ამბოხში მონაწილეობა – მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენმა ოფიციალურად გაიმარჯვა, ტრამპმა დამარცხება არ აღიარა და განაცხადა, რომ მას არჩევნები გაუყალბეს. 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და საკანონმდებლო ორგანო დაარბიეს. ტვიტერის რამდენიმე განცხადებაში ტრამპმა მის მომხრეთა მოქმედებებს მხარი ღიად დაუჭირა. კაპიტოლიუმის დარბევის შემდეგ კონგრესში შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელსაც უნდა გაერკვია, იყო თუ არა ტრამპი ამბოხების მომზადებაში პირდაპირ ან ირიბად ჩართული. თუმცა, კონგრესს არ აქვს ტრამპის გასამართლების უფლება, მას შეუძლია მოგროვებული მასალების საფუძველზე პროკურატურაში სარჩელი შეიტანოს. გამოძიება, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება;

გადასახადების დამალვა – ტრამპს ასევე ბრალად ედება წლების განმავლობაში გადასახადებისთვის თავის არიდება. ყოფილ პრეზიდენტს დღემდე არ აქვს წარმოდგენილი კონკრეტული წლების ბუღალტრული ანგარიშები, რასაც 2016 წლის საპრეზიდენტო დებატებში ტრამპის წინააღმდეგ მისი მეტოქე, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი იყენებდა. გადასახადების დამალვაზე ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება მრავალი წელია მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.

ტრამპის იურიდიული საქმეები შუალედური არჩევნების კონტექსტში – შუალედურ არჩევნებამდე 3 თვით ადრე, მმართველი დემოკრატიული პარტია არახელსაყრელ მდგომარეობაშია. მაღალი ინფლაცია, სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდა და მასობრივი მკვლელობები დემოკრატიული პარტიის არჩევნებში გამარჯვების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს. დაახლოებით ერთი თვის წინ, თითქმის ყველა გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ რესპუბლიკური პარტია წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც დემოკრატებს უმრავლესობას წაართმევდა, თუმცა, ტრამპის სახლში გასაიდუმლოებული დოკუმენტების აღმოჩენის შედეგად, ვითარება ნაწილობრივ შეიცვალა. რესპუბლიკური პარტიის შანსები ისეთი გამოკვეთილი აღარაა, როგორც მანამდე. მაგალითად, FiveThirtyEight ივლისში მიიჩნევდა, რომ სენატს რესპუბლიკელები მცირე უპირატესობით მოიგებდნენ. 17 აგვისტოს საზოგადოებრივი გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ სენატის არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების შანსი 63%-ია, რესპუბლიკელების კი 37%.

შუალედური არჩევნები ტრამპისთვის მხოლოდ და მხოლოდ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელი ეტაპია. იანვრიდან მოყოლებული, ყოფილმა პრეზიდენტმა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისში 200-ზე მეტ კანდიდატს დაუჭირა მხარი, რომელთა უმრავლესობამ საკუთარ ნომინაციაში უპრობლემოდ გაიმარჯვა. მაგალითად, არიზონას საგუბერნატორო ნომინაცია დიდი უპირატესობით მოიგო ყოფილმა ტელეწამყვანმა, კარი ლეიკმა, რომელიც ეთანხმება ტრამპის განცხადებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ. იმავე არიზონაში ტრამპის რჩეულმა, ბლეიკ მასტერსმა სასენატო ნომინაცია მარტივად გაინაღდა. ტიმ მიჩელსი (გუბერნატორობის კანდიდატი ვისკონსინიდან), ჯო კენტი (კონგრესმენობის კანდიდატი ვაშინგტონიდან), ჰერშელ უოკერი (გუბერნატორობის კანდიდატი ჯორჯიიდან), მეჰმეტ ოზი (სენატორობის კანდიდატი პენსილვანიიდან), ტედ ბადი (კონგრესმენობის კანდიდატი ჩრდილო კაროლინიდან), რასელ ფრაი (კონგრესმენობის კანდიდატი სამხრეთ კაროლინიდან), ადამ ლაქსალტი (სენატორობის კანდიდატი ნევადიდან), დენ კოქსი (კონგრესმენობის კანდიდატი მერილენდიდან), დარენ ბეილი (სენატორობის კანდიდატი მერილენდიდან), მერი მილერი (კონგრესმენობის კანდიდატი ილინოისიდან), ჯეი დი ვენსი (სენატორობის კანდიდატი ოჰაიოდან) და ალექს მუნი (კონგრესმენობის კანდიდატი დასავლეთ ვირჯინიიდან) – თითოეული ეს პოლიტიკოსი რესპუბლიკური პარტიის სახელით ნოემბერში თანამდებობის დაკავებისთვის იბრძოლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპის გავლენა რესპუბლიკურ პარტიაზე ჯერ კიდევ ძლიერია.

პარტია უკანასკნელ პერიოდში ორ ძირითად ნაწილად გაიყო: ტრამპის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისიც შეგვიძლია ერთგვარ რეფერენდუმად ჩავთვალოთ, რომლის მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს – მოახერხებს თუ არა ტრამპი შუალედურ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატების უმრავლესობის გაყვანას? თუ ეს ასე მოხდება, შანსი, რომ პარტია საპრეზიდენტო კანდიდატად 2024 წლის არჩევნებისთვის ტრამპს აირჩევს, მნიშვნელოვნად გაიზრდება. ტრამპის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის, ირგვლივ შემოიკრიბება, რომელსაც მოცემული მომენტისთვის, ტრამპის დამარცხების საუკეთესო შანსი აქვს. რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისის შედეგები მიახლოებით წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, თუ ვინ შეიძლება ვიხილოთ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებად 2024 წლის დასაწყისისთვის.

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის ფლორიდის სახლში აღმოჩენილი გასაიდუმლოებული დოკუმენტები აშშ-ში წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ვითარებას მნიშვნელოვნად ცვლის. ერთი შეხედვით წინასწარ განწირული დემოკრატიული პარტია თამაშში ბრუნდება. ტრამპის პოლიტიკური მომავალი კი ჯერ კიდევ ბუნდოვანია – დემოკრატიული პარტია შეეცდება, რომ დოკუმენტების საქმე იურიდიულ სიბრტყეზე დატოვოს, რაც მომავალი არჩევნებიდან ტრამპის ჩამოშორების ერთადერთი შანსია. რაც შეეხება ტრამპს, ის მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და დემოკრატებს „კუდიანებზე ნადირობაში“ სდებს ბრალს. საქმისთვის პოლიტიკური სარჩულის მიკერება ტრამპის ინტერესში შედის და მისთვის რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლის კონსოლიდაციის კარგი შანსია. შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური დაძაბულობა სულ უფრო გაიზრდება. მოახერხებენ თუ არა ტრამპის მხარდაჭერილი კანდიდატები შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას, ამას ნოემბერში გავიგებთ.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s