
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება, რომელზეც გაირკვევა, მოახერხებს თუ არა დემოკრატიული პარტია კონგრესსა და სენატში უმრავლესობის შენარჩუნებას. საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში დემოკრატებს მყიფე უმრავლესობა აქვთ. წარმომადგენელთა პალატაში ისინი 219 მანდატს აკონტროლებენ (უმრავლესობის მოსაპოვებლად კი 218 მანდატია საჭირო). რაც შეეხება სენატს, აქ მანდატები თანაბრად, 50/50-ზეა განაწილებული, დემოკრატების უმრავლესობას კი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გადამწყვეტი ხმა ქმნის. ჩვეულებრივ, შუალედურ არჩევნებს პრეზიდენტის პარტია თითქმის ყოველთვის აგებს. 1974 წლიდან მოყოლებული მმართველი პარტია შუალედურ არჩევნებში ორი შემთხვევის (1998 წელი კლინტონის II ვადა და 2002 წელი ჯორჯ ბუშ უმცროსის I ვადა) გარდა ყველა ჯერზე დამარცხდა. დემოკრატების შანსებს ამცირებს მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, დაბალი პერსონალური რეიტინგი, ამერიკელი მოქალაქეების უკმაყოფილება კონგრესის მუშაობით და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკა.
პრეზიდენტის რეიტინგი – შუალედური არჩევნები აშშ-ში ერთგვარ რეფერენდუმად აღიქმება, რომელზეც ამომრჩეველი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორწლიან მმართველობას აფასებს. შესაბამისად, შუალედური არჩევნების შედეგებს დიდწილად სწორედ პრეზიდენტის პერსონალური რეიტინგი განსაზღვრავს. მოცემული მომენტისთვის, ბაიდენის მუშაობას დადებითად მოქალაქეთა 41%, ხოლო უარყოფითად 53% აფასებს. ეს მაჩვენებელი ყველა დროის ისტორიულ მინიმუმს (38%) ოდნავ აღემატება. ამ ანტირეკორდის ავტორი ჯორჯ ბუშ უმცროსია, რომელსაც ასეთი რეიტინგი 2006 წლის შუალედურ არჩევნებამდე ჰქონდა. არჩევნებში მისმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში 30 მანდატი დაკარგა. ბაიდენის იდენტური 41%-იანი რეიტინგი ჰქონდა დონალდ ტრამპს 2018 წლის შუალედურ არჩევნებამდე. ამ წელს ტრამპის რესპუბლიკური პარტია წარმომადგენელთა პალატაში 40 მანდატს გამოეთხოვა. ასევე დაბალი პერსონალური რეიტინგი (42%) დააფიქსირა რონალდ რეიგანმა 1982 წელს და ამ შემთხვევაშიც მისმა პარტიამ 26 მანდატით იზარალა. საპრეზიდენტო რეიტინგების ანალიზი აჩვენებს, რომ ორივე შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტის პარტიამ შუალედური არჩევნების მოგება შეძლო, თეთრი სახლის მეთაურის პოპულარობა 60%-იან ნიშნულს სცდებოდა. 1998 წელს კლინტონის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 66% აფასებდა, ხოლო 2002 წელს ბუში უმცროსის რეიტინგი 63% იყო. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს მეთაურის რეიტინგი 60%-ს ჩამოცდა, მმართველი პარტია შუალედურ არჩევნებში დამარცხდა.
კონგრესის რეიტინგი – შუალედური არჩევნების შედეგებს განსაზღვრავს ისიც, თუ როგორ აფასებს ამერიკელი ამომრჩეველი კონგრესის 2 წლიან მუშაობას. მოცემული მომენტისთვის, კონგრესის საქმიანობას დადებითად მხოლოდ მოქალაქეთა 18% აფასებს, რაც 1974 წლის შემდეგ ისტორიული მინიმუმია. ორივე შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტის პარტიამ შუალედური არჩევნები მოიგო, კონგრესის საქმიანობას დადებითად მოქალაქეთა 40%-ზე მეტი აფასებდა (1998 წელს 44%, ხოლო 2002 წელს 50%). ყველა დანარჩენ შემთხვევაში, როდესაც კონგრესის რეიტინგი 40%-იან ნიშნულს ქვემოთ იყო, მმართველი პარტია არჩევნებში დამარცხდა. კონგრესის საქმიანობის შეფასების კუთხით ისტორიულ მინიმუმად ამ დრომდე 2014 წელი ითვლებოდა, როდესაც ობამას I ვადაში კონგრესს 20%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
ხელისუფლების საქმიანობისა და მისი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ კმაყოფილების მაჩვენებელი – ამ დრომდე ხელისუფლების საქმიანობის შეფასების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 22% იყო, რომელიც ობამას ადმინისტრაციამ 2010 წელს დააფიქსირა. დემოკრატების მოქმედი ხელისუფლების საქმიანობას კი მოცემული მომენტისთვის მოქალაქეთა მხოლოდ 16% აფასებს, რაც 2010 წლის მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით გაუარესებული შედეგია. ორივე შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტის პარტიამ შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა, ამერიკელი მოქალაქეების 45%-ზე მეტი ხელისუფლებას ნდობას უცხადებდა (1998 წელს ამომრჩეველთა 60%, 2002 წელს 48%). რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, აქ კიდევ უფრო მწვავე ვითარებაა. დემოკრატიული პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს, ვიდრე დადებითად (-32%). ესეც ისტორიული მინიმუმია (-31 დაფიქსირდა ობამას ადმინისტრაციის პერიოდში 2010 წელს, როდესაც აშშ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მძიმე შედეგების აღმოფხვრას ცდილობდა). სამივე ზემოხსენებული ინდიკატორი ერთ რამეზე მიანიშნებს: მაღალი ალბათობით, დემოკრატიული პარტია შუალედური არჩევნების მოგებას ვერ მოახერხებს და ორივე პალატაში უმრავლესობას დაკარგავს.
საინტერესოა, რა ფაქტორები განაპირობებს დემოკრატიული პარტიის მმართველობით ამერიკელი ამომრჩევლის უკმაყოფილებას. ქვემოთ გამოვყოფ 3 ძირითად ფაქტორს, რომლებიც ხელს უწყობს მოქალაქეებში ბაიდენის ადმინისტრაციის პოპულარობის შემცირებას.
ეკონომიკური რეცესია – ამერიკის შეერთებული შტატები მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია, რომელიც ექსპერტების შეფასებით, საერთოდაც, შესაძლოა რეცესიაში გადაიზარდოს. 2022 წლის პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 1.5%-ით შემცირდა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გათვლებით, აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი 2022 წელს 3%-ით გაიზრდება, 2023 წელს ზრდის ტემპი 2.7%-მდე, 2024 წელს კი 1.5%-მდე შემცირდება. მოცემული მომენტისთვის ამერიკული საზოგადოებისთვის ყველაზე დიდ პრობლემად მაღალი ინფლაცია რჩება, რაც, თავის მხრივ, სამომხმარებლო ფასების ზრდას განაპირობებს. 2022 წლის მაისში ინფლაციამ 8.6%-ს მიაღწია, რაც 21-ე საუკუნის ანტირეკორდია. უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში საწვავზე ფასები 47%-ით, საკვებზე 10%-ით, ხოლო უძრავ ქონებაზე 5.5%-ით გაიზარდა. საწვავის ფასმა შტატების უმრავლესობაში 5 დოლარს გადააჭარბა, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია (შედარებისთვის, 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი საწვავის მაქსიმალური ფასი 4.1 აშშ დოლარს არ აღემატებოდა). ამერიკელი ამომრჩევლის პოლიტიკური პრეფერენციის განსაზღვრაში გადამწყვეტ როლს სწორედ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა თამაშობს. დემოკრატების დაბალი რეიტინგი გასაკვირი არაა იმ ფონზე, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ეკონომიკა რეცესიაში წავიდა და მოქალაქეებს ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუძვირდა.
მასობრივი მკვლელობები – მასობრივი მკვლელობები აშშ-ის ერთ-ერთ სერიოზულ შიდაპოლიტიკურ გამოწვევას წარმოადგენს, უკანასკნელ ხანებში კი მისი მასშტაბები გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. 14 მაისს ბუფალოს ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ზუსტად 10 დღის შემდეგ, უვალდეში, ტექსასის შტატში, შეიარაღებული პირი სკოლაში შეიჭრა. მან 21 ადამიანი მოკლა, 17 კი მძიმედ დაჭრა. გარდაცვლილთა და დაშავებულთა უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ივნისის დასაწყისისთვის აშშ-ში მომხდარი მასობრივი მკვლელობების რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა. 2020 წელს ეს რიცხვი 610-ს, ხოლო 2021 წელს 692-ს შეადგენდა. ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აქტიურად საუბრობდა მასობრივი მკვლელობების პრობლემაზე და ამომრჩეველს იარაღის ფლობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას ჰპირდებოდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წლის აპრილში 6 აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელსაც უნდა გაემკაცრებინა იარაღის ფლობის წესები. თუმცა, ეს კანონები ძირითადად ფასადური გამოდგა, რამაც ძირითადი პრობლემა ვერ აღმოფხვრა. იარაღის ფლობის საკითხთან დაკავშირებით ამერიკული საზოგადოება ორ ნაწილადაა გაყოფილი – ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ იარაღის ფლობა საერთოდ უნდა აიკრძალოს, რაც მასობრივი მკვლელობების რაოდენობას შეამცირებს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამგვარი შემთხვევებისგან თავდასაცავად სწორედ იარაღის ფლობაა საჭირო. იარაღის ფლობისა და შენახვის წესების გამკაცრებას ძირითადად დემოკრატიული პარტია ლობირებს, თუმცა, კონსტიტუციის მეორე დამატება კანონმდებლობითაა გარანტირებული და ამის გამო დემოკრატების ბრძოლა მის წინააღმდეგ, ყოველთვის წარუმატებლად სრულდება.
COVID-19 – ერთი შეხედვით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კოვიდპანდემიის ყველაზე მძიმე პერიოდი უკან მოიტოვა. 2022 წლის იანვარში პანდემიით ყოველდღიურად 1 მილიონამდე ადამიანი ინფიცირდებოდა. მიუხედავად ამისა, კოვიდის საბოლოოდ დამარცხებაზე საუბარი ჯერ ისევ ადრეა. ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ 2022 წლის შემოდგომაზე გრიპის სეზონის დაწყებასთან ერთად შესაძლოა COVID-19-ის ახალი ვარიანტები გამოჩნდეს, რომელიც სავარაუდო გათვლებით, 100 მილიონს ადამიანს დააინფიცირებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ წარმატებით დაასრულა საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი, თუმცა, რამდენად ეფექტური იქნება ის ახალ შტამებთან ბრძოლაში, ეს ჯერ კიდევ დაუდგენელია. ამ შემთხვევაში ერთადერთი, რაც თეთრ სახლს შეუძლია გრიპის სეზონისთვის მომზადება და ლეტალური შემთხვევების მაქსიმალურად თავიდან არიდებაა.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიული პარტია მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია. მაღალი ინფლაცია, მასობრივი მკვლელობების ზრდა და COVID-19-ის შესაძლო ახალი ვარიანტების გამოჩენა ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ ამომრჩევლის უკმაყოფილებას მნიშვნელოვნად ზრდის. ბაიდენის რეიტინგი 41%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ისტორიულ მინიმუმზეა ამომრჩევლის მიერ კონგრესის მუშაობისა და ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შეფასების მაჩვენებლებიც. ყველა ეს ინდიკატორი იმაზე მიანიშნებს, რომ სავარაუდოდ დემოკრატიული პარტია მომავალ შუალედურ არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატასა და კონგრესში მყიფე უმრავლესობას დაკარგავს. თუმცა, არჩევნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვე რჩება, რაც დემოკრატებს მდგომარეობის გამოსწორების შანსს აძლევს. რამდენად შეძლებს პარტია ელექტორატის ნდობის აღდგენას, ამას უახლოეს პერიოდში ვიხილავთ.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი