რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისი: მზადება ტრამპის დაბრუნებისთვის?

2022 წლის 8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართება, რომელზეც აშშ-ის მოსახლეობა წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 კანონმდებელს, 34 სენატორს, 36 გუბერნატორსა და რამდენიმე ასეულ საშტატო თანამდებობის პირს აირჩევს. თითოეულ ამ პოზიციაზე ნომინანტების გამოსავლენად, როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტია შიდაპარტიულ არჩევნებს, ე.წ. პრაიმერებს მართავს, რომელზეც პარტიის წევრები და ამომრჩევლები თითქმის ყველა შტატიდან მათთვის სასურველ კანდიდატს ირჩევენ. პრაიმერისის სისტემა აშშ-ის 46 შტატში მოქმედებს და მასში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ნებისმიერ ინდივიდს შეუძლია, თუ პარტიის მიერ მოთხოვნილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. პრაიმერისი შეიძლება იყოს ღია ან დახურული. დახურულ პრაიმერისში მონაწილეობენ მხოლოდ კონკრეტული პარტიის წევრები, ხოლო ღია პრაიმერისში თითოეული პარტიის კანდიდატისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს მისი პოლიტიკური აფილაციის მიუხედავად შეუძლია. ასეთ შემთხვევაში, დემოკრატიული პარტიის წევრს შეუძლია ხმა მისცეს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს და პირიქით. პრაიმერისის სისტემა ახალისებს შიდაპარტიულ დემოკრატიას, რამდენადაც ის ხელს უწყობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პარტიის წევრებისა და ამომრჩევლების ფართო ჩართულობას. ამერიკის შეერთებულ შტატებში, შუალედური არჩევნების წელს პრაიმერები მარტში იწყება და სექტემბრის მეორე კვირაში სრულდება.

წელს გასამართი პრაიმერები ორი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინებითაა მნიშვნელოვანი: 1. ის გავლენას მოახდენს შუალედური არჩევნების შედეგებზე. მოცემული მომენტისთვის, დემოკრატებს სენატშიც და წარმომადგენელთა პალატაშიც მყიფე უმრავლესობა აქვთ. წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები 221 მანდატს აკონტროლებენ,  რესპუბლიკელები კი 209-ს. რაც შეეხება სენატს, აქ მანდატები თანაბრად, 50-50-ზეა გაყოფილი, თუმცა, დემოკრატებს საჭირო მომენტში ვიცე-პრეზიდენტის გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ. კონგრესში მყიფე უმრავლესობას ემატება ისიც, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უკმაყოფილოა დემოკრატიული პარტიის მმართველობით და მეტწილად უარყოფითად აფასებს მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობას (FiveThirtyEight-ის მიხედვით, ბაიდენის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 40.8% აფასებს, ხოლო უარყოფითად 54.5%). გარდა ამისა, ჩვეულებრივ, უმრავლესობაში მყოფი პარტია შუალედურ არჩევნებში თითქმის ყოველთვის მარცხდება. ამომრჩევლის უკმაყოფილების ფონზე, დემოკრატიული პარტიის პრაიმერებში ახალი კანდიდატების გამოჩენამ და პარტიის გადახალისებამ შესაძლოა მომავალ არჩევნებში დემოკრატების შანსი გაზარდოს; 2. ფართო კონტექსტში, ორივე პარტიის პრაიმერები გავლენას მოახდენს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და განსაკუთრებით მკაფიოდ ეს რესპუბლიკური პარტიის შემთხვევაში ჩანს. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში დასაბრუნებლად ბრძოლა განაგრძო. რესპუბლიკური პარტია დღეს ორ ნაწილად: ტრამპის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებადაა გაყოფილი. 2022 წლის პრაიმერების დაწყებამდე ტრამპმა მხარდაჭერა რესპუბლიკური პარტიის 190-ზე მეტ კანდიდატს გამოუცხადა, რომლებიც ჯერ შიდაპარტიული არჩევნების მოგებას, ხოლო შემდეგ, ნოემბერში, შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას შეეცდებიან. შესაბამისად, პრაიმერების შედეგი პირდაპირ კავშირშია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან და ტრამპის პოლიტიკურ მომავალთან.

წელს პრაიმერები მარტის დასაწყისში, ტეხასში გაიხსნა. შემდეგი იყო ოჰაიოს, ნებრასკის, დასავლეთ ვირჯინიის, აიდაჰოს, კენტუკის, ორეგონის, ჩრდ. კაროლინისა და პენსილვანიის პრაიმერები. უკანასკნელი პრაიმერები 24 მაისს, 5 შტატში: ტეხასში (მეორე ტურები), ჯორჯიაში, ალაბამაში, მინესოტასა და არკანზასში ჩატარდა. მედიის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი გუბერნატორის თანამდებობაზე ჯორჯიის შტატში, სადაც ერთმანეთს ტრამპის მხარდაჭერილი კანდიდატი, დევიდ პერდიუ, და მოქმედი გუბერნატორი, ბრაიან კემპი დაუპირისპირდნენ. შიდაპარტიულ არჩევნებში ამ უკანასკნელმა დამაჯერებლად, ხმების 74%-ით, გაიმარჯვა. ტრამპის მხარდაჭერილი კიდევ ერთი კანდიდატი, ჯოდი ჰაისი, ჯორჯიის შტატის მდივნობისთვის გასამართ პრაიმერისში მოქმედ მდივანთან, ბრედ რაფენსპერგერთან, დამარცხდა. ტრამპის კანდიდატები დამარცხდნენ ასევე ნებრასკასა და აიდაჰოში.

ზემოხსენებული რამდენიმე მარცხის მიუხედავად, ტრამპის კანდიდატებმა ზოგიერთ შტატში გამარჯვება მაინც შეძლეს. ჯორჯიაში, ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა სენატორობის კანდიდატმა, ჰერშელ ოუქერმა, ხმების 68% მიიღო. არკანზასში, როგორც მოსალოდნელი იყო, ტრამპის მხარდაჭერილმა გუნერბატორობის კანდიდატმა, სარა ჰაკაბი სანდერსმა, ხმების 83%-ით გაიმარჯვა. მედია განსაკუთრებული ინტერესით ელოდა ტეხასში პროკურორის თანამდებობაზე გამართული პრაიმერისის მეორე ტურის შედეგებს, სადაც ერთმანეთს ტრამპის კანდიდატი, კენ პაქსტონი და ჯეფ ბუშის შვილი, ჯორჯ პრესკოტ ბუში დაუპირისპირდნენ. პრაიმერისში პაქსტონმა კომფორტული უპირატესობით (68%-32%-ის წინააღმდეგ) გაიმარჯვა. ამერიკულმა მედიამ ეს მოვლენა ბუშების „დინასტიის დასასრულად“ მონათლა. ჩრდილოეთ კაროლინაში, რესპუბლიკური პარტიის წევრებმა სენატორობის კანდიდატობისთვის გასამართ პრაიმერისში, ასევე ტრამპის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატი, ტედ ბადი აირჩიეს. ბადი ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა. მან 2020 წლის არჩევნების ხელახლა ჩატარება მოითხოვა, რადგან ტრამპის მსგავსად ისიც მიიჩნევდა, რომ არჩევნები გაყალბდა. ტრამპის კანდიდატმა, დაგლას მასტრიანომ გაიმარჯვა პენსილვანიაშიც, რომელმაც ხმების 44% მიიღო და შუალედურ არჩევნებზე შტატის გუბერნატორობისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. ყველაზე დაძაბული ბრძოლა ასევე პენსილვანიაში შედგა, სადაც სენატორობის კანდიდატობისთვის ერთმანეთს ორი ტელეწამყვანი, ტრამპის ფავორიტი მეჰმეტ ოზი და დეივ მაკკორმიკი დაუპირისპირდა. ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოზმა 31.2% აიღო, ხოლო მაკკორმიკმა 31.1%. განსხვავება მხოლოდ 900 ხმას შეადგენს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ საჭირო გახდება ხმების ხელახალი გადათვლა.

26 მაისის მდგომარეობით, პრაიმერები მხოლოდ 13 შტატშია ჩატარებული. უახლოესი პრაიმერისი 7 ივნისს კალიფორნიაში გაიმართება. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით პრაიმერები დარჩენილ 33 შტატშიც ჩატარდება. რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნებში ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაუნდობელი ბრძოლაა გაჩაღებული. ტრამპმა მხარდაჭერა ჯამში 190-ზე მეტ კანდიდატს გამოუცხადა. ჯორჯიაში, ნებრასკასა და აიდაჰოში ტრამპის კანდიდატებმა მძიმე მარცხი იწვნიეს, თუმცა, რამდენიმე შტატში, მათ შორის: ალაბამაში, არკანზასში, ტეხასში, ჩრდ. კაროლინასა და პენსილვანიაში, მათ დამაჯერებლად გაიმარჯვეს. პრაიმერების დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და იმის წინასწარმეტყველება, საბოლოოდ რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში ტრამპის რამდენი კანდიდატი გაიმარჯვებს, თითქმის შეუძლებელია. თუმცა, ერთი რამ ცხადია – ყოფილმა პრეზიდენტმა თეთრ სახლში დასაბრუნებლად ბრძოლა უკვე დაიწყო. რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მხარს სწორედ მას უჭერს, ამიტომ სულაც არ იქნება გასაკვირი თუ 2024 წელს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად სწორედ ტრამპი მოგვევლინება. როგორი იქნება კონგრესმენობის, სენატორობის, გუბერნატორობისა და სხვა მუნიციპალური თანამდებობებისთვის მებრძოლ რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატთა სია, ამას სექტემბრის ბოლოსთვის გავიგებთ.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s