
2022 წლის 8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართება, რომელზეც მოსახლეობა წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 დეპუტატს, 34 სენატორსა და 36 გუბერნატორს აირჩევს. საერთაშორისო მედიის განსაკუთრებული ყურადღება წარმომადგენელთა პალატის არჩევნებისკენ იქნება მიმართული, რადგან მისი შედეგები მომავალი ორი წლის მანძილზე კონგრესში დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შორის არსებულ ძალთა ბალანსს განსაზღვრავს. დასავლური დემოკრატიების უმრავლესობაში საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის არჩევნები ყოველ 4 ან 5 წელიწადში ერთხელ იმართება, ხოლო აშშ-ში წარმომადგენელთა პალატის დეპუტატები მანდატისთვის 2 წელში ერთხელ იბრძვიან, რაც მათი ანგარიშვალდებულების ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის.
აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო ორი პალატისგან შედგება. ზედა პალატა, სენატი, 100 კანონმდებელს აერთიანებს. მასში თითოეულ შტატს 2 სენატორი წარმოადგენს. რაც შეეხება ქვედა, წარმომადგენელთა პალატას, ის 435 კანონმდებლისგან შედგება. აშშ-ის ტერიტორია დაყოფილია 435 ერთმანდატიან ოლქად, რომელშიც თითოეული ოლქი დაახლოებით 760 000 მოსახლეს აერთიანებს. შტატების საარჩევნო წონა მათი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. აშშ-ის 50-დან 6 შტატი (ალასკა, ჩრდ. დაკოტა, სამხრ. დაკოტა, ვაიომინგი, დელავერი და ვერმონტი) მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქითაა წარმოდგენილი, შესაბამისად, ისინი მხოლოდ 1 კანონმდებელს ირჩევენ. დანარჩენ 34 შტატში საარჩევნო ოლქების რაოდენობა მათი მოსახლეობის მიხედვით 2-დან 52-ის ჩათვლით მერყეობს. მაგალითად, როდ აილენდი, მონტანა და მეინი 2 საარჩევნო ოლქისგან შედგება, რადგან მათი მოსახლეობა 1-1.5 მილიონი ადამიანის ფარგლებში მერყეობს. ხოლო დიდი შტატები, მათ შორის: ფლორიდა (მოსახლეობა: 21.9 მილიონი) ტეხასი (29.7 მილიონი) და კალიფორნია (39.6 მილიონი) შესაბამისად 28, 38 და 52 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქს აერთიანებს.
იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის დემოგრაფიული და ეთნიკური შემადგენლობა დროთა განმავლობაში იცვლება, აშშ-ის საარჩევნო რუკა პერიოდულად, 10 წელიწადში ერთხელ ახლდება. საარჩევნო რუკის ცვლილება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს ეფუძნება. შტატებს, რომელთა მოსახლეობა შესამჩნევად იზრდება, მანდატები ემატება, ხოლო შტატებს, რომელთა მოსახლეობა შემცირების ტენდენციას განიცდის, მანდატების რაოდენობა აკლდება. მოსახლეობის უკანასკნელი აღწერა აშშ-ში 2020 წელს ჩატარდა, თუმცა, COVID-19 პანდემიის გავრცელების გამო შედეგების დამუშავება დროში გაიწელა. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები 2021 წლის აგვისტოში გასაჯაროვდა. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობამ 2021 წლისთვის 332 მილიონი ადამიანი შეადგინა. 36 შტატში მოსახლეობის ცვლილება იმდენად უმნიშვნელო აღმოჩნდა, რომ მათი საარჩევნო ოლქების რაოდენობა უცვლელი დარჩა. რაც შეეხება დანარჩენ 13 შტატს, მათში საარჩევნო რუკის ცვლილება საჭირო გახდა. მონტანას (2), ორეგონს (6), კოლორადოს (8), ჩრდ. კაროლინასა (14) და ფლორიდას (28) ერთი, ხოლო ტეხასს (38) ორი საარჩევნო ოლქი დაემატა. დანარჩენ 8 შტატში საარჩევნო ოლქების რაოდენობა თითო ერთეულით შემცირდა. ეს შტატებია: კალიფორნია (52), ილინოისი (17), მიჩიგანი (13), ოჰაიო (15), დასავლეთ ვირჯინია (2), პენსილვანია (17) და ნიუ-იორკი (26).

მას შემდეგ რაც, ცნობილი გახდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები, თითოეული შტატი (ერთმანდატიანი „ოლქი-შტატების“ გამოკლებით) საარჩევნო რუკაზე მუშაობას იწყებს, რომელშიც ოლქები თანაბარი მოსახლეობის მქონე რაიონებად უნდა დაიყოს. ამერიკული კანონმდებლობა თითოეულ შტატს ავალდებულებს ჰქონდეს მოსახლეობის რაოდენობის პროპორციული წარმომადგენლობა პალატაში და ამასთან, შტატის თითოეული საარჩევნო ოლქიც თანაბარი მოსახლეობის რაიონებით (დაახლოებით 760 000 ადამიანი) იყოს დაკომპლექტებული. თუმცა, გეოგრაფიულად როგორ დაჯგუფდება საარჩევნო ოლქები, ამის გადაწყვეტა შტატის პრეროგატივას წარმოადგენს. ამგვარი ჩარჩო პარტიებს ოლქების მათი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად დაჯგუფების შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, მოსახლეობის 2021 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, კალიფორნიას წარმომადგენელთა პალატაში 52 დეპუტატის ყოლის უფლება ექნება. შესაბამისად მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით შტატი უნდა დაიყოს 52 ტოლ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქად, თუმცა, როგორი გეოგრაფიული კონფიგურაციით მოხდება გადანაწილება, ამას კალიფორნიის შტატის კანონმდებლები გადაწყვეტენ. სწორედ ამიტომ ცდილობენ პარტიები თითოეული შტატის საარჩევნო რუკა იმგვარად შეადგინონ, რომელიც მათ ელექტორალურ უპირატესობას მისცემს.
პოლიტიკურ მეცნიერებაში საარჩევნო ოლქებით მანიპულირებას ჯერიმანდერინგი (Gerrymandering) ეწოდება. საარჩევნო ოლქებით მანიპულირების შემთხვევებს თითქმის ყველა ქვეყანაში ვხვდებით. ასეთ დროს, შესაძლოა არჩევნებში ერთმა კანდიდატმა მეტი პირდაპირი ხმა მიიღოს, თუმცა, არჩევნებში მაინც დამარცხდეს, ან პირიქით. მაგალითად, 2018 წლის შუალედურ არჩევნებში ვისკონსინის შტატის მოქმედმა გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა სკოტ ოულკერმა, მოწინააღმდეგეზე 30 000 ხმით ნაკლები მიიღო, თუმცა, რესპუბლიკელებმა შტატის 99-დან 63 რაიონში მაინც შეძლეს გამარჯვება.
არსებობს ჯერიმანდერინგის რამდენიმე ძირითადი სტრატეგია. ერთ-ერთია „გათიშვის“ მეთოდი, რაც იმას გულისხმობს, რომ პარტია ერთმანეთს აშორებს ისეთ ოლქებს, რომელშიც, როგორც წესი, მოწინააღმდეგე პარტიის გავლენა ძლიერია. მეორე მანიპულაცია „შეკრების“ მეთოდია, რაც საარჩევნო ოლქების იმგვარ განაწილებას გულისხმობს, რომელშიც მოწინააღმდეგის ელექტორალური გავლენა მთლიანად ერთ ოლქშია მოქცეული. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია „თმობს“ ერთ ოლქს სხვებში გავლენის შესანარჩუნებლად. 2022 წლის 12 მაისისთვის, საარჩევნო რუკა დამტკიცებულია 45 შტატში. დარჩენილია მხოლოდ 5 შტატი: მისური, ნიუ-იორკი (სადაც რუკის დამტკიცების საბოლოო თარიღი 20 მაისია), ნებრასკა, ნიუ-ჰემფშირი (1 ივნისი), და ფლორიდა (13 ივნისი).
საარჩევნო რუკის განახლებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში ძალთა ბალანსის ცვლილებაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების უმრავლესობა საკმაოდ მყიფეა. დემოკრატები პალატაში 221, ხოლო რესპუბლიკელები 214 მანდატს აკონტროლებენ. არსებული საარჩევნო რუკის მიხედვით (რომელიც 45 შტატის მონაცემებს შეიცავს), შუალედურ არჩვენებში დემოკრატიული პარტია მოახერხებს 161 მანდატის მოპოვებას, რაც ძველ რუკებთან შედარებით 7 ერთეულით გაუმჯობესებული შედეგია. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, ის შეძლებს 176 მანდატის მოპოვებას (ძველ რუკებთან შედარებით 3 ერთეულით შემცირებული რიცხვი), ხოლო იმ ოლქების რიცხვი, რომელშიც ორივე პარტიას დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა აქვთ, 31-ს შეადგენს.
საარჩევნო რუკის ცვლილება გავლენას მოახდენს არამხოლოდ უახლოესი ორი წლის, არამედ მომავალი ათწლეულის პოლიტიკურ პროცესებზე. ამჟამად დემოკრატიული პარტიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღკვეთოს რესპუბლიკელთა ჯერიმანდერინგის მცდელობა ფლორიდაში. თავის მხრივ, რესპუბლიკელები ცდილობენ ხელი შეუშალონ დემოკრატების მიერ საარჩევნო ოლქებით მანიპულაციას ნიუ-იორკში, რომელიც ე.წ. „ლურჯ შტატად“ ითვლება. საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა დემოკრატების ორწლიანი მმართველობით, განსაკუთრებით ეკონომიკის ნაწილში, თუმცა, ასევე უნდობლობას უცხადებს რესპუბლიკური პარტიის იმ კანდიდატებს, რომელსაც ექსპრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, უჭერს მხარს. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მისაღებად პარტიამ შუალედურ არჩევნებზე მინიმუმ 218 მანდატი უნდა მიიღოს. ამ ბარიერის დაძლევა როგორც დემოკრატიულ, ისე რესპუბლიკურ პარტიას თავისუფლად შეუძლია. შუალედურ არჩევნებამდე 6 თვეა და ამ პერიოდში საზოგადოებრივი განწყობები აშშ-ში კიდევ მრავალჯერ შეიცვლება, თუმცა, ერთი რამ ნათელია – მომავალი შუალედური არჩევნები ბოლო პერიოდის არჩევნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული იქნება.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი