
საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში დრო და დრო იჩენს ხოლმე თავს ცალკეული ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან, საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა, როგორც ქვეყნის სტრაგეგიული არჩევანის საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა.
იმისათვის, რომ განვსაჯოთ მისაღებია თუ არა ნეიტრალიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, საჭიროა კარგად გავერკვეთ ტერმინის არსში და ამასთანავე განვიხილოთ, როგორც მსოფლიოში არსებული პრეცენდენდენტები, ასევე არსებული პოლიტიკური რეალობა მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ტერმინი ნეიტრალიტეტი გულისხმობს სახელმწიფოს სამართლებრივ სტატუსს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო სხვა სახელმწიფოთა შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობს.
შესაბამისად არსებობს რამდენიმე სახის ნეიტრალიტეტი: მუდმივი ნეიტრალიტეტი, შეიარაღებული ნეიტრალიტეტი, ლეგალური და ფორმალური ნეიტრალიტეტი.
ყველა ეს ფორმა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება, თუმცა თავისი არსით გულისხმობს სახელმწიფოს განზე დგომას სამხედრო დაპირისპირებებისაგან, მხოლოდ იმის გამოკლებით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის თავდაცვას.
იმისათვის რომ სახელმიწფო იყოს ნეიტრალური რამდენიმე პირობაა საჭირო.
პირველ რიგში, ჰააგის მე-5 კონვენციის მიხედვით, იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელსაც სურს ნეიტრალიტეტის გამოცხადება არ უნდა იდგეს არც ერთი უცხო ქვეყნის ჯარი. მეორე მნიშვნელოვანი პირობაა, რომ სახელმწიფო უნდა იყოს აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იყოს იმდენად მაღალი, რომ მან მოახერხოს შესაძლო თავდასხმების მოგერიება. რაც საყურადღებო და გასათვალისწინებელია, ნეიტრალიტეტის შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მეზობლების როლი.
თანამედროვე საქართველოში მიმდინარე დისკუსიების უდიდესი ნაწილი, ამ საკითხის ირგვლივ გულისხმობს „მუდმივი ნეიტრალიტეტის“ გამოცხადებას, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი.
ნეიტრალიტეტის მომხრეთა უდიდესი ნაწილი, მისი გამოცხადების მიზეზებად ასახელებს არაერთ ყველასათვის ნაცნობ ფაქტორს, როგორებიცაა: რუსეთის ფაქტორი, უფრო კონკრეტულად კი რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესები. მათი აზრით, პრობლემა რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში დგას, სწორედ საქართველოს უბლოკო სტატუსის არქონიდან მომდინარეობს.
რუსული დეზინფორმაციული პოლიტიკა, ძალიან დიდ ფულს და სხვა რესურსებს ხარჯავს და მართავს, ამგვარი მითის ჩამოსაყალიბებლად. სინამდვილეში კი რეალობა სრულებით სხვაა.
საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა, მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ინტერესებზე ასხვას წყალს. ისტორიაში არაერთი მაგალითი არსებობს როდესაც, სახელმწიფო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მიუხედავად მაინც გამხდარა აგრესიის მსხვერპლი. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ ბელგია, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა მალევე გახდა მესამე რაიხის მსხვერპლი.
როდესაც საუბარია, საქართველოს შემთხვევაში ერთი სახელმწიფოს ინტერესებზე, ცხადია ვსაუბრობთ რუსეთზე, რომელსაც არაერთხელ არაფრად ჩაუგდია ჩვენი დარი ქვეყნების ნეიტრალიტეტი. ამის კარგი მაგალითია: უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევები.
2010 წელს ვიქტორ იანუკოვიჩმა, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, მისი წინამორბედისგან განსხვავებული საგარეო პოლიტიკური კურსი აირჩია და ე.წ „უბლოკო სტატუსი“ სპეციალური კანონით მიიღო. იგი იმედოვნებდა რომ „უბლოკო სტატუსი“ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებდა უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ დაპირისპირებას. მიუხედავად პრეზიდენტის ამგვარი მოლოდინისა, თვალსაჩინო გახდა, რომ რუსეთი მხოლოდ „უბლოკო სტატუსს“ არ დასჯერდებოდა. „უბლოკო სტატუსის“ გამოცხადების შემდეგ მან უკრაინისგან მოითხოვა ქვეყნის გაზის ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის გადაცემა და „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანება.
ნეიტრალიტეტის გამოხადების მსგავსი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა რუსეთისგან ათასგზის დაჩაგრულ მოლდოვასაც. 1992 წელს, იგი ჩვენი ქვეყნის მსგავსად, მსხვერპლი გახდა რუსეთის ფედერაციისა. დაკარგა რა დნესტრისპირეთის რეგიონი და შემდგომ ქვეყანა სხვადასხვა გზით შეეცადა მის დაბრუნებას. პირველი, რაც ქვეყანამ მოიმოქმედა, ნეიტრალიტეტის გამოცხადება იყო ომის დასრულებიდან 2 წელიწადში. 1994 წლის შემდეგ 26 წელი გავიდა, დნესტრისპირეთის სტატუსი კი ისევ უცვლელი რჩება.
შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი პირველი რესპუბლიკის ბედი არანაკლებ ტრაგიკულია. 1918 წელს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, რომელიც მათ შორის ბოლშევიკურმა რუსეთმაც აღიარა. 1921 წელს, საბჭოთა კავშირმა, ისე რომ არც გახსენებია ჩვენი ქვეყნის აღიარება, 70 წლით დაასამარა თავისუფალი საქართველოს იდეა. საქართველო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს შეუერთა.
გარდა ისტორიული კონტექსტისა, ცხადია საქართველო ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ნეიტრალური ქვეყნის სტატუსის შემთხვევაშია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე რუსეთის ფედრაციის სამხედრო ნაწილები იმყოფებიან. ამასთან ერთად, არ არსებობს რაიმე საერთაშორისო კონტექსტი, რომელიც საქართველოს ნეიტრალიტეტის სტატუსს მნიშვნელობას მიანიჭებს. გარდა ამისა, როგორც ვთქვით იმისიათვის, რომ ქვეყანამ საკუთარი ნეიტრალიტეტის დაცვა უზრუნველყოს საჭიროა ძლიერი თავდაცვა, რისი ფუფუნებაც სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. ამასთან ერთად, საქართველოს მეზობლები არ გამოირჩევიან იმგვარი პოლიტიკური სტაბილურობით, რომ ხელი შეეწყოს საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეას. მეტიც, რუსეთის ფედრაციას, რომელიც 2008 წლის შემდეგ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს ცალკე ქვეყნებად აღიარებს, 2016 წლის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში, უმთავრეს მიზნად ისახავს ურთიერთობების გაღრმავებას სეპარატისტულ მთავრობებთან.
ყოველივე ამის გათვალისწინებით და დამატებით იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი პირდაპირ კავშირშია საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევასთან, ნათელია ვინ დგას საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის უკან.
დავით გელაძე