
რატომ კვდება რუსეთი?
წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელსაც 14 (!) მეზობელი სახელმწიფო ჰყავს და მხოლოდ სამ მათგანთან აქვს მეგობრული ურთიერთობები;
წარმოიდგინეთ ქვეყანა ჩინეთთან 4,209.3-კილომეტრიანი (!!) სადავო საზღვრით, თუმცა გაჟღერებული “შიშით”, რომ მას ლიეტუვა, პოლონეთი, ან საქართველო დაესხმება თავს;
წარმოიდგინეთ დედამიწის 1/6-ზე (!!!) გადაჭიმული ტერიტორიული ერთეული 11 სასაათე ზოლით და ახალი მიწების დაპყრობის მუდმივი ლტოლვით;
წარმოიდგინეთ ეს ქეყანა და მის სათავეში მყოფი კაცი, რომელსაც უკვე 23 (!!!!) წელია მონური მდუმარებით ემორჩილება თითქმის 145 მილიონი ადამიანი;
წარმოიდგინეთ მართლმადიდებელი ქვეყანა, რომლის დედაქალაქის ცენტრშიც იმ არსების გვამის კულტი იფურჩქნება უკვე 98 წელია, რომელმაც ათასობით ტაძარი შებღალა, დალეწა და მიწასთან გაასწორა;
წარმოიდგინეთ სივრცე, რომელშიც სახელმწიფო ტელევიზია იმდენად ტოქსიკურია, რომ მოძმე ერი საძულველ ნაცისტურ წარმონაქმნად აქცია საზოგადოებრივ წარმოდგენაში;
წარმოიდგინეთ სახელმწიფო, რომელიც უფრო მეტ ფულს ხარჯავს ფარულ მიყურადებასა და თვალთვალზე პასუხისმგებელ უწყებაზე, ვიდრე განათლება-მეცნიერებაზე.
ეს რუსეთია. ქვეყანა, სადაც შეგიძლია აბსოლუტურად ყველაფერი მოაგვარო კარგი სანაცნობო წრით ან/და ბევრი ფულით: ციხიდან თავი დაიხსნა, სამშენებლო ნებართვა მოიპოვო, სექსუალური მოძალადე სასჯელისგან გაათავისუფლებინო, შვილი უმაღლეს სასწავლებელში მოაწყო, ნათესავი ჯარიდან დაიხსნა, უკანონოდ ივაჭრო, დაჩაგრო, მოკლა, დაემუქრო, იყაჩაღო.
ეს უზარმაზარი ტერიტორია ვეღარაფერს ქმნის. ტექნოლოგიურად ჩამორჩა, საგანმანათლებლო სისტემა მოუძველდა, მეცნიერებაში მაჩანჩალა გახდა, კორუფციამ მისი ყლაპვა დაიწყო, ხოლო 23 წლის წინ ტახტზე ასული მეფის უახლოესი გარემოცვა ყველა თვალსაზრისით გაირყვნა. ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა ადამიანებმა, მათმა პირდაპირმა ვასალებმა და ნათესავებმა იმდენად დიდ ქონებას მოუყარეს თავი, რომ 10 სიცოცხლეც კი არ ეყოფათ ამ სიმდიდრის გასანიავებლად. თანამედროვე რუსული ელიტა გარყვნილი, რეალობას მოწყვეტილი და მორალურად გამოფიტული ექსკლუზიური კლუბი გახდა უზარმაზარი ვილებით, უძვირფასესი ავტომობილების კოლექციებით, 30 წლით უმცროსი საყვარლებით, აღვირახსნილი ფანტაზიებით, ჰარვარდში გაგზავნილი შვილებით, ოფშორულ ზონებში გადამალული მილიარდებით, მრავალმილიონიანი წვეულებებით …
სხვებიც ვახსენოთ. იმავე ქვეყანაში, თუმცა განსხვავებულ მოცემულობაში, მილიონობით “ნაკლებად იღბლიანი” ოჯახიც ცხოვრობს. ამ ხალხს დიდი განსაცდელი აქვს დღეს – მათი 18-19 წლის ვაჟები ბიო მასად მიჰყავთ უკრაინაში. რუსეთის უკიდეგანო პროვინციებიდან წამოყვანილი “უპატრონო” პირტიტველა ბიჭები, ან საერთო სამარხში ასრულებენ ფიზიკურ არსებობას, ან ფსიქიკურად აშლილი, სადისტი სამხედრო დამნაშავეები ხდებიან. ეს ყველაფერი კი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ 23-წლიანი მეფობის შემდეგ, ერთმა ადამიანმა აკვიატებული იდეა რუსეთის დიადი იმპერიის აღდგენის გარდაუვლობის შესახებ იმდენჯერ გაუმეორა საკუთარ თავს, რომ ბოლოს თავადვე დაიჯერა.
რუსეთი კვდება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ტვინები დასავლეთში, იაპონიაში, ან ყატარში გარბიან, არამედ იმიტომ, რომ მონური მორჩილება არა დროებითი მოვლენა, არამედ თანამედროვე რუსეთის ცხოვრების წესი, იდენტობის ნაწილი გახდა.
რუსეთი კვდება, რადგან იქ, დიდი ხნის მკვდარი საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეა კვლავ მიმზიდველი გახდა – მიცვალებულის საფლავიდან წამოყენება. ანუ იმ სისტემის გაცოცხლება, რომელიც დაინგრა, გაქრა, დროს ვერ აყვა.
კრემლის კიდევ ერთი მომაკვდინებელი შეცდომა ის იყო, რომ ბოლო 20 წელია დაუღალავად ცდილობდა არ დამსგავებოდა “ოჯახური ღირებულებებისგან დაცლილ” დასავლეთს, თუმცა დღეს იმდენად არის მასზე მიბმული, როგორც არასდროს. ამიტომაცაა მოახლოებული დეფიციტი და ფინანსური შიმშილი აპოკალიპტური რუსეთისთვის. გაუძლებს თუ არა ამ ყველაფერს რიგირთი მოქალაქე? დიახ, გაუძლებს, მაგრამ ეს უპრეცედენტოდ ამცირებს რუსეთის სახელმწიფოს ქმედითუნარიანობას საშუალო და შორეულ პერსპექტივაში.
ამ უზარმაზარი ქვეყნის რღვევა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც აურაცხელი რესურსების ათვისების ნაცვლად, ტერიტორიული ექსპანსია გახდა მიზანი; მთელი მმართველი ელიტა დასავლეთში გადაბარგდა და იქ, წარმოუდგენელი რაოდენობის მოპარული დოვლათი გადამალა; ემოციური, მაგრამ მიმტევებელი ქართველები გადაიმტერა; მოლდოველებს სულში ჩააფურთხა; აზერბაიჯანელებს ზურგში დანა ჩასცა; პროპაგანდაში უფრო მეტი ფულის ინვესტირება დაიწყო, ვიდრე თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევაში; ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მოსკოვში ან პეტერბურგში სეირნობისას, თვალში მოგხვდებათ უამრავი ადამიანი (ლამის ყოველი მესამე), რომელიც ტრანსპორტში, პარკში, ან კაფეში გაშეშებული ზის და წიგნს კითხულობს. მაგრამ, ვერაფრით ვხვდები ამ მოქმედების ვერც არსს და ვერც მიზანს. რა აზრი აქვს სამყაროს შეცნობის მცდელობას, თუკი ეს ყველაფერი მონობისგან გათავისუფლებას არ ემსახურება?
და რას გვთავაზობს თანამედროვე რუსეთი? რელიგიურ ძმობა-პატრონობას? ჩვეენ? ქართველებს? ერს, რომელსაც ძველი შუა მთა, ურბნისის წმინდა ტაძარი და ნეკრესი გვაქვს? ხალხს, რომელსაც ავტოკეფალია და ქართულენოვანი ლიტურგია რუსული სულის გაჩენამდე საუკუნეებით ადრე გვქონდა? საზოგადოებას, რომლის ათეისტებიც კი ხმამაღლა რელიგიას დასცინიან, თუმცა სასიცოცხლო საფრთხის დადგომისას მაინც ღმერთს ევედრებიან ჩუმად?
დაბოლოს, ის ისტორიული უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, კიდევ უფრო აჩქარებს რუსეთის კვდომის მოახლოებას. იგი უკვე დიდი ხანია ვეღარაფერს სთავაზობს მსოფლიოს ახალს, მიმზიდველს ან როგორც მინიმუმ, საინტერესოს. მხოლოდ შიშის დანერგვით, ძველი დიდების ტირაჟირებით, გენიალური პუშკინის ციტირებითა და ბირთული იარაღის ჟღარუნით დიდხანს ვერ შეაკავებ გარდაუვალს. კრემლის ერთადერთი “არგუმენტი” ხომ დასავლეთის მანკიერებებით აპელირებაა. როდემდე? განა, იმპერიული ამბიციების მქონე რომელიმე სახელმწიფოს გაუძლია ამ რეჟიმში დიდხანს?
ეს მხოლოდ დროის საკითხია, მაგრამ არა ათწლეულების … ჩემი აზრით, არც ათწლეულის.
ოდესღაც თეიმურაზ მეფე წერდა ერეკლეს: “სადაც ბოროტი შეგვემთხვევის, იქ სიკეთეც მოგველის”-ო.
დაე!
გრიგოლ ჯულუხიძე
საგარეო პოლიტიკს საბჭოს დირექტორი