რა მითები დაანგრია უკრაინა-რუსეთის ომმა?

რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სამხედრო ინტერვენციიდან თვეზე მეტი გავიდა. საერთაშორისო მედიები, ამერიკულ და ბრიტანულ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, ვარაუდობდნენ, რომ კიევი 96 საათში დაეცემოდა, თუმცა, მალევე გამოჩნდა, რომ ეს ვარაუდი მცდარ გათვლებს ემყარებოდა. უკრაინის არმია იმაზე ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსეთის ფედერაციის ირგვლივ შექმნილი რამდენიმე ღრმად ფესვგადგმული მითი დაანგრია. დავწრილებით განვიხილოთ ისინი:

#1 – მითი რუსული არმიის უძლეველობის შესახებ – მას შემდეგ, რაც 2009 წელს რუსეთის ფედერაციამ არმიის სრული რეფორმირება დაასრულა, კრემლმა რუსული ჯარის უძლეველობის შესახებ ნარატივის აქტიურად გავრცელება დაიწყო. პუტინს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ რუსეთის არმია მსოფლიოში საუკეთესოა ჯარისკაცთა მომზადების ხარისხით, გამოცდილი სამეთაურო ჯაჭვითა და თანამედროვე, უანალოგო შეიარაღებით. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ კომპონენტზე გამახვილდა. კრემლის ერთ-ერთი პროპაგანდისტული გზავნილის მიხედვით, რუსეთის სამხედრო არსენალში ისეთი სახის იარაღებიც მოიძებნება, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. გარდა კონვენციური ტექნიკისა, პუტინი მუდმივად აპელირებდა რუსეთის უპირატესობაზე ბირთვულ შეიარაღებაში სხვა ბირთვულ სახელმწიფოებთან შედარებით. ის აცხადებდა, რომ რუსეთის ფედერაცია სტრატეგიული ბირთვული შეიარაღებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო რუსეთის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა ტაქტიკური ბირთვულ არსენალში, რომლის რაოდენობით რუსეთის ფედერაცია თითქმის 10-ჯერ აღემატება აშშ-ს. რიცხვებით მანიპულირების მეშვეობით პუტინი რუსული არმიის უძლეველობის მითის გამყარებას ცდილობდა, რომელიც კრემლს ახლო საზღვარგარეთში დაშინების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევის შესაძლებლობას აძლევდა, ხოლო დასავლეთის თვალში მის პრესტიჟს მნიშვნელოვნად ზრდიდა.

უკრაინაში აგრესიის განხორციელებამდე, Global Firepower-ის შეფასებით, რუსული ჯარი სამხედრო შესაძლებლობების კუთხით აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე იყო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მცირედით უსწრებდა. რაც შეეხება უკრაინას, ეს უკანასკნელი ამავე რეიტინგში 22-ე ადგილს იკავებდა. თუმცა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გამოჩნდა, რომ მსოფლიო გადაჭარბებულად აფასებდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო შესაძლებლობებს, ხოლო უკრაინის ხისტი ძალა კი პირიქით, სათანადოდ არ იყო შეფასებული. ნატოს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან საომარ მოქმედებებს 7-15 000 რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც იმას ნიშნავს, რომ უხეში გათვლებით, საომარი მოქმედებებიდან დამატებით 21-45 000 ჯარისკაცია გამოთიშული. ჯამში 30 000-დან 60 000-მდე რუსი სამხედრო განეიტრალებულია, რაც უკრაინაში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტის 15-30%-ს შეადგენს.

აღმოჩნდა, რომ რუსული შეიარაღება არა თანამედროვე, არამედ, ძირითადად, მოძველებული საბჭოთა ტექნიკისგან შედგებოდა, რამაც უკრაინელებს მათი განადგურება გაუმარტივა. 31 მარტის მდგომარეობით, უკრაინელებმა გაანადგურეს 625 ტანკი, 1750 ჯავშანტრანსპორტიორი, 316 საარტილერიო სისტემა, 143 ავიაგამანადგურებელი, 131 საბრძოლო ვერტმფრენი და 1220 შეჯავშნული მანქანა. უკრაინელთა წარმატება ომში სამი განსხვავებული ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა: 1. უკრაინული არმიის მომზადების მაღალი დონე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესა თავდაცვის სექტორში 2016 წელს დაწყებულმა ყოვლისმომცველმა სამხედრო რეფორმამ. უკრაინული არმია ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდა და მან თანამედროვე, დასავლური სამხედრო შეიარაღება შეისყიდა; 2. უკრაინელთა მაღალი/რუსების დაბალი საბრძოლო მოტივაცია – უკრაინელი ჯარისკაცების მაღალ საბრძოლო სულისკვეთებას სამშობლოსა და  თავისუფლების დაცვის მოტივი განაპირობებს, ხოლო რუსი სამხედროების საბრძოლო მოტივაცია უკიდურესად დაბალია, რადგან მათი დიდი ნაწილისთვის გაუგებარია რატომ იბრძვის რუსეთი უკრაინაში; 3. გაწელილი ფრონტი – უკრაინაში საომარი ფრონტი რამდენიმე ათას კილომეტრზეა გადაჭიმული, რაც რუსული ჯარის ლოჯისტიკურ მომარაგებას ერთიორად ართულებს. საბოლოო ჯამში, უკრაინის ომმა დაანგრია რუსული არმიის უძლეველობის მითი და აჩვენა, რომ კრემლის სამხედრო ძლიერება ზედმეტად გადაფასებულია.

#2 – მითი პუტინის შეუდარებელ პოლიტიკურ და სტრატეგიულ უნარებზე – კრემლი ორი ათწლეულის მანძილზე ქმნიდა ვლადიმერ პუტინის გამორჩეულობის მითს და ცდილობდა მსოფლიოს დარწმუნებას იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტი საუკეთესო პოლიტიკოსია და მისი პოლიტიკური უნარები სხვების, განსაკუთრებით დასავლური სამყაროს ლიდერების, პოლიტიკურ უნარებს მნიშვნელოვნად აღემატება. კრემლი ყურადღებას ყოველთვის პუტინის ზუსტ სტრატეგიულ კალკულაციებზე ამახვილებდა და აჩვენებდა, რომ მის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი დანახარჯისა და სარგებლიანობის ზედმიწევნით ზუსტი ანალიზით იყო გათვლილი და სწორედ ამიტომ აღწევდა ის საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მინიმალური დანახარჯებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს აქამდე გარკვეულწილად სიმართლე იყო. პუტინის მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიები (2008 წლის აგვისტოს ომი, 2014 წელს ყირიმის ანექსია და ომი დონბასში, 2015 წელს სირიის სამოქალაქო ომში ჩართვა) წარმატებით განხორციელდა, რადგან რუსეთის პრეზიდენტი მცირე სამიზნეებს არჩევდა, ქმნიდა მორალურ საფუძველს და მაქსიმალურად ფრთხილად აანალიზებდა დიდი სახელმწიფოების შესაძლო პასუხს მის მოქმედებებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ის 2022 წლამდე საერთაშორისო პოლიტიკაში თამაშის წესების ფარგლებში მოქმედებდა. ერთია მეზობელი სახელმწიფოს გარკვეული ნაწილის ოკუპაცია ან რომელიმე ქვეყანაში proxy-ების საშუალებით ომი, ხოლო მეორეა სუვერენული სახელმწიფოს სრულად ანექსირების მცდელობა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგის პრინციპებსა და ნორმებს სრულიად ეწინააღმდეგება. სახეზეა მისკალკულაციის კლასიკური შემთხვევა. პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა საერთაშორისო საზოგადოების ერთსულოვანი პასუხი მის მორიგ აგრესიაზე.

სწორედ პუტინის მიერ ყირიმის ანექსიამ მისცა ბიძგი უკრაინელი ერის და უკრაინული იდენტობის საბოლოო კონსოლიდაციას. ყირიმის ანექსიამ და დონბასში დაწყებულმა ომმა განაპირობა ის, რომ 2022 წლისთვის ვერსად ნახავთ მსოფლიოში უკრაინაზე უფრო ანტირუსულად განწყობილ სახელმწიფოს. პუტინმა „მოახერხა“ ის, რომ სამუდამოდ დაასრულა საუბარი ნატოსა და ევროპის კავშირის საჭიროებაზე. პუტინმა გადაიმტერა ყოფილი მოკავშირეების უდიდესი ნაწილი, რომლებიც მხარს კრემლისთვის ახალი სანქციების დაწესებას უჭერენ. სწორედ პუტინმა გააერთიანა ცივილიზებული სამყარო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. შესაბამისად, მითი აქამდე რაციონალურ მოთამაშედ მოაზრებულ პუტინსა და მის სტრატეგიულ ნიჭზე, ასევე სამუდამოდ დაინგრა.

#3 – მითი რუსული იმპერიის შესახებ – რუსეთის მოსახლეობაში პუტინის რეჟიმის მთელი ლეგიტიმაცია მის იმპერიალისტურ ამბიციებს ემყარებოდა. 2005 წელს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სსრკ-ს დანგრევა მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. აქედან მოყოლებული ცხადი გახდა, რომ მისი მიზანი პოსტსაბჭოთა სივრცის სრული კონსოლიდაცია იყო. თუმცა, გავლენიანი პოლიტოლოგები ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას იმაზე, რომ პუტინის რეჟიმს იმპერიალისტური ამბიციების განსახორციელებლად საკმარისი რესურსები არ აქვს.

რუსეთის ფედერაცია მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოა, რომელიც ხმელეთის სრული ფართობის 12%-ს იკავებს. ამავე დროს მისი ეკონომიკა იტალიის ეკონომიკაზე მცირეა, რომელიც მასზე 56-ჯერ პატარა სახელმწიფოა. რუსეთი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობით (GDP Per Capita) პირველ ორმოცდაათეულშიც არაა და მას ბალტიისპირა სახელმწიფოებიც უსწრებენ. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ბიუჯეტი 60 მილიარდი აშშ დოლარია, რაც 4-ჯერ მცირეა ჩინეთის, ხოლო 12-ჯერ მცირეა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტზე. რუსული ეკონომიკა სრულადაა დამოკიდებული ნავთობისა და გაზის ექსპორტზე, ეკონომიკის ტრანსფორმირება და ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულების აღმოფხვრა კი პუტინის რეჟიმის პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. სწორედ ამიტომაა მისი ეკონომიკა საერთაშორისო ვაჭრობასა და გლობალურ საფინანსო ინსტიტუტებზე დამოკიდებული. რუსეთის ფედერაცია მაღალი ტექნოლოგიების განვითარების კუთხით დიდ სახელმწიფოებს შორის ყველაზე ჩამორჩენილი სახელმწიფოა და ამ მიმართულებით ის საუკეთესო ათეულშიც ვერ შედის.  ერთადერთი, რაც პუტინის რეჟიმს იმპერიალისტური ამბიციების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა, ხისტი ძალა იყო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არათუ ნატოს საპირწონეა, არამედ მასზე თითქმის 30-ჯერ მცირე უკრაინასაც კი ვერ უგებს ომს. ორ ათწლეულში რუსეთის ფედერაცია რეგიონული მასშტაბის მოთამაშეც აღარ იქნება. ჩინეთის, ინდოეთის, ინდონეზიის განვითარების ტემპი გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ დროის ამ მონაკვეთში მოსკოვი ამ სახელმწიფოებს საგრძნობლად ჩამორჩება, რაც კრემლის იმპერიალისტურ ამბიციებს საბოლოოდ მოუღებს ბოლოს.

#4 – მითი რუსული რბილი ძალისა და პროპაგანდის ეფექტურობის შესახებ – რბილი ძალა და პროპაგანდა პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი მძლავრი იარაღი იყო, რომელსაც მეზობელ სახელმწიფოებში პრორუსული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის იყენებდა. რბილი ძალის მიმართულებით პუტინმა მრავალი პროექტი განახორციელა, რომელთა შორისაც ყველაზე გამორჩეული „რუსული სამყაროს“ (Русский мир) ფონდია, რომლის მეშვეობითაც პუტინმა ახლო საზღვარგარეთში რუსული ენის, კულტურისა და მართლმადიდებლური ეკლესიის პოპულარიზება სცადა. „რუსული სამყაროს“ პროექტის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე უკრაინა იყო, რომლის მოსახლეობის 1/3 რუსულ ენაზე საუბრობს. ესაა ქვეყანა, რომელსაც ისტორიის მანძილზე მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსულ კულტურასთან და რომლის მოსახლეობის ნახევარი მართლმადიდებელი ქრისტიანია. პუტინი 2007-2013 წლებში აქტიურად მუშაობდა უკრაინაში რუსეთის მიმართ პოზიტიური საზოგადოებრივი განწყობების შექმნაზე, თუმცა, ამ მცდელობებს თავისივე ხელით მოუღო ბოლო 2014 წლის მარტში, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძული არალეგიტიმურად, ძალისმიერი მეთოდებით შეიერთა და აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონში ომი დაიწყო.

უკრაინის ომმა ნათლად წარმოაჩინა რუსული პროპაგანდის არაეფექტურობაც. შესაძლოა რუსული პროპაგანდა სახელმწიფოთა გარკვეულ ნაწილში ისევ ახერხებდეს მოსახლეობისთვის „ტვინების გამორეცხვას“ და პრორუსული ნარატივების ეფექტურად გავრცელებას, თუმცა, როდესაც ის უპირისპირდება მთელ მსოფლიოს, მისი მარცხი გარდაუვალია. სწორედ ასე მოხდა უკრაინაშიც. რუსეთმა საინფორმაციო ომი პირწმინდად წააგო – თითქმის მთელი მსოფლიოსთვის უკრაინაში მიმდინარე ომში ერთადერთი დამნაშავე რუსეთის ფედერაციაა, რომელმაც უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან გაქრობა სცადა.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, უკრაინაში მიმდინარე ომმა მინიმუმ 4 ღრმად ფესვგადგმული პრორუსული მითი დაანგრია. გამოჩნდა, რომ არც რუსული არმიაა დაუმარცხებელი, არც პუტინია უბადლო სტრატეგოსი, არც კრემლს ჰქონია იმპერიალისტური ამბიციების განხორციელებისთვის საჭირო რესურსი და არც რუსული რბილი ძალა და პროპაგანდა ყოფილა ისეთი ეფექტური, როგორც გასული ორი ათწლეულის მანძილზე გვეგონა. თუმცა, ცხადია, ამ მითების დეკონსტრუირება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცივილიზებულ მსოფლიოს ყურადღების მოდუნების ფუფუნება აქვს. კრემლს ჯერ კიდევ შეუძლია პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთს მრავალი მიმართულებით სერიოზული გამოწვევები შეუქმნას, ამიტომ დასავლეთი რუსული იმპერიის რღვევის პროცესში უკრაინას მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს. უკრაინას აქვს შესაძლებლობა, რომ რუსული იმპერიის სასაფლაო გახდეს.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s