
დღეს, 2022 წლის 10 მარტს შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ უახლოეს თვეებში ან წლებში მსოფლიო სამუდამოდ შეიცვლება.
არასდროს გამიკეთებია პროგნოზი და არც ამ კონკრეტული შემთხვევის შემდეგ ვაპირებ ამ წესის დარღევავს, რადგან „ნათელმხილველობა“ საერთაშორისო ურთიერთობებში ღიმილისმომგვრელი ან წამგებიანია.
რუსეთი ინგრევა და მასთან ერთად მისი მმართველის ამბიციებიც, რომ პეტრე I-ის, ნიკოლოზ I-ის ან ალექსანდრე II-ის მსგავსად, ძლევამოსილი იმპერიის ხელისუფალი გამხდარიყო.
თანამედროვე რუსეთი არასდროს ყოფილა იმპერია (შეუძლებელია მსგავს მოცემულობასთან გვქონდეს საქმე, როდესაც შენი ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, შეიარაღებული ძალები უკრაინის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არმიას ვერ უმკლავდება და პროპაგანდაში დახარჯული ფული განათლების ფედერალურ ბიუჯეტს აღემატება). მარტივად რომ ვთქვათ, მხოლოდ კალიფორნიის შტატი უფრო მდიდარია, ვიდრე რუსეთის ფედერაცია.
თუ დააკვირდებით დასავლური სამყაროს ევოლუციას, ყოფილი იმპერიები მაშინ გადაიქცნენ მიმზიდველ, მდიდარ და მოქალაქეებზე ორიენტირებულ სახელმწიფოებად, როდესაც იმპერიულ ამბიციებზე თქვეს უარი და მთელი მატერიალურ-ინტელექტუალური რესური სახელმწიფოს შექმნაში (state-building-ზე) ჩადეს. სამწუხაროდ, კრემლმა არათუ ეს გაკვეთილები, არამედ წარსულში დაშვებული შეცდომებიც კი ვერ გაითავისა (ყირიმის ომი, რუსეთ-თურქეთის ომი ა.შ.). აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ რუსეთის იმპერიაში სტატუსით „აღმატებული“ რუსი ხალხი დაპყრობილ ხალხებზე უარესად ცხოვრობდა, როგორც წესი. ამის მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის მხარს უჭერდა რუსეთის იმპერიულ ამბიციებს. გავიხსენოთ თუნდაც რუსეთ-თურქეთის ომი, როდესაც მონარქიას ღრმად ჰქონდა წყალი შემდგარი, მაგრამ „მოძმე სლავების დასაცავად“, ალექსანდრე II-მ საყოველთაო მობილიზება გამოაცხადა და მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ჯარი სტამბულისკენ დაძრა. საბოლოო ჯამში, რუსეთმა გაიმარჯვა, მაგრამ უმძიმესი დანაკარგების ფასად. შედეგად, რამდენიმე წელიწადში ალექსანდრე II მოკლეს, რუსეთის იმპერიამ საშინლად დასუსტდა, ხოლო არმია დაიქსაქსა.
პუტინის ამბიციები და რუსეთის იმპერიის შესაძლებლობები არასდროს შეესაბამებოდა ერთმანეთს …
თუ შეამჩნიეთ, რუსეთთან მიმართებაში ვახსენე სიტყვა „სამწუხაროდ“. შევეცდები მიზეზიც განვმარტო. ნამდვილად სამწუხაროა ის, რაც რუსეთს ემართება ბოლო 25 წელია, რადგან რაციონალური (და არა მაინცდამაინც საქართველოზე შეყვარებული) მმართველის პირობებში, რუსეთი ნატოს მთავარი პარტნიორი, საქართველო-უკრაინის უახლოესი მოკავშირე და ჩინეთის დამბალანსებელი მთავარი დემოკრატიული ძალა უნდა ყოფილიყო (რა თქმა უნდა, არც თბილისს და არც კიევს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ექნებოდა ასეთ შემთხვევაში). მაგრამ, მოცემულობა სხვა არის და არც კი ღირს ამ დისკუსიაში ჩაბმა. დავამატებდი მხოლოდ იმას, რომ 10-15-20-30-40 წელიწადში რუსეთს ამის პოტენციალი აქვს.
დღეს რუსეთი მარცხდება, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თუ ეკონომიკური პარამეტრით. სამხედრო-ეკონომიკურ საკითხებს არ და ვერ ჩავუღრმავდები, რადგან შესაბამისი ცოდნა არ მაქვს. ამ კუთხით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ რამდენიმე დღეში რუსეთის ეკონომიკა გაბანკროტებას დაიწყებს, ხოლო არმია – სტაგნაციას. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან, პოლიტიკურ ასპექტს: დაინგრა უძლეველი და ქველი სტრატეგის, ვლადიმირ პუტინის ირგვლივ შექმნილი მითები, რომელმაც მთელი კაპიტალი (რომელსაც ლამის 23 წელი აგროვებდა) უკრაინის ელვისებურ დაპყრობაში ჩადო ფსონის სახით და …
იმსხვრევა რუსული პროპაგანდისტული მანქანაც. შეუძლებელია, სიცრუეზე, პრიმიტიულ ტყუილებსა და ცარიელ იდეოლოგიაზე აგებული modus operandi-მ შედეგები მოგიტანოს ხანგრძლივ პერსპექტივაში.
მხოლოდ 2 კვირაში, ვლადიმირ პუტინმა მოახერხა ის, რაც ვერცერთმა დასავლეთელმა ლიდერმა ბოლო 20 წელიწადში: გააქრო ნატოს დაშლის ჰიპოთეზა; ახალი ენერგია შთაბერა ევროკავშირს; ძალიან დიდი ხნით გადაიმტერა მონათესავე უკრაინელი ერი; კიდევ უფრო გაამყარა უკრაინის ეროვნული იდენტობა; გამოაფხიზლა დასავლეთი; ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები; ევროპაში კრემლის ტროას ცხენებსაც კი მოსკოვის მხარდამჭერი ყოველგვარი მორალური არგუმენტი წაართვა (მილოშ ზემანი, მატეო სალვინი, ვიკტორ ორბანი, ბეპე გრილო, მარიან კოტლება …); იმდენად დააზიანა რუსული ეკონომიკა, რომ კატასტროფულად შემცირდება მეხუთე კოლონების დაფინანსება; დახურა Nord Stream 2; ოკუპირებული ტერიტორიებიდან სატანკო ბატალიონები გაიყვანა; თუ პენტაგონს დავეყრდნობით, შეიარაღებული ძალების 95% უკრაინაში გადაისროლა; უამრავი ჯარისკაცი დაკარგა; რუს ოლიგარქებს ფინანსებზე წვდომა გაურთულა; პროპაგანდისტებს ისედაც თითიდან გამოწოვილი კონსპირაციებით მანევრირების საშუალება წაართვა … და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ყველაზე კარგ შემთხვევაშიც კი, თუკი პუტინი ძალაუფლებას შეინარჩუნებს და რუსული პოლიტიკური ელიტის გადატრიალების მსხვერპლი არ აღმოჩნდება, ასეთი აუტანელი სანქციების პირობებში ვეღარც „რუსკი მირ“-ის ფსიქოპატურ იდეას წარმოაჩენს მიმზიდველად და ვერც გაბედული სამხედრო კამპანიების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული. მას ერთადერთი გზა რჩება – იზოლაცია.
მესმის ხოლმე არგუმენტი, რომ „რიგითი რუსები მაინც გაუძლებენ ყველაფერს“. შესაძლებელია და სიმართლე გითხრათ, არც არასდროს მქონია მოლოდინი, რომ მოქალაქეები ხელისუფლებას შეცვლიან კრემლში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავლენიანმა სამხედრო და ოლიგარქიულმა კასტებმა აიტანონ ეს ყველაფერი – ადამიანებმა, რომელთა შვილებიც დასავლეთში ცხოვრობენ, სწავლობენ, ცხოვრებით ტკბებიან, ქონებას ინახავენ. სხვათა შორის, ოლიგარქებზე დაკისრებული სანქციები არა კონფისკაციას, არამედ ფინანსური სახსრების „დროებით გაყინვას“ ნიშნავს …
კიდევ ერთი საკითხი და თამამი პროგნოზი. რუსეთი ვერ გახდება ჩრდილოეთ კორეა. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ პუტინი ისეთი ერთპიროვნული მმართველი ვერ არის, როგორც კიმ ჩენ ინი. ჩრდ. კორეული რუსეთი არაორგანული, დამანგრეველი და შეუძლებელი ჩანასახია. შესაძლოა, პუტინი ფსიქოპატია, მაგრამ მისი უახლოესი გარემოცვის 100% – არა. ისტორიულად, როდესაც „ცარი“ სუსტდებოდა, მას ყოველთვის „ცვლიდნენ“, თუმცა დასავლეთი მუდამ ამ შეცდომას უშვებდა: მის გარკვეულ ნაწილს ახალ იმპერატორთან/გენ. მდივანთან/პრეზიდენტთან მიმართებაში მაინც პოზიტიურ-სასურველი სენტიმენტები უჩნდებოდა. ყოველი ასეთი ექსპერიმენტი კრახით დასრულდა.
ახლაც იბადება ისტორიული შანსი, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი არნახულად დიდია, რადგან რუსეთი მსოფლიოსთვის აქამდე არასდროს ყოფილა ასეთი მორალურად დეგრადირებული (საქართველოში ყოველთვის ვიცოდით ამის შესახებ, მაგრამ ყველას ისტერიულები ვეგონეთ).
რუსეთისადმი დაკისრებული სანქციები დიდხანს არ/ვერ მოიხსნება. თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება. ზელენსკი, რომელიც ახლა მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული პოლიტიკოსია, იმდენად წონადი ფიგურაა, რომ მისი სიტყვა პოლიტიკური დატვირთვით ლამის აშშ-ის პრეზიდენტისას უტოლდება. როგორ ფიქრობთ, იგი ხელს მოაწერს ნეიტრალური უკრაინის სტატუსს? დათანხმდება ამჟამინდელ მდგომარეობის გაყინვას? რეპარაციებისგან რუსეთის გათავისუფლებას? პუტინთან სამომავლო თანამშრომლობას? უკრაინული ქალაქების დაბომბვის შემდეგ ეუთოს ფორმატში ლავროვთან ერთად თბილ დარბაზში ჯდომას? MAP-ის ლოდინს?ვფიქრობ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი არის „არა“, რაც რუსეთს ცუგცვანგში აყენებს – კრემლის ყოველი მომდევნო სვლა წინაზე უარესია. საბედნიეროდ, დასავლეთსაც მსგავსი მოტივები გაუჩინა პუტინის უგუნურმა ქმედებებმა.
დიახ, პუტინის რუსეთი მარცხდება და მაღალი ალბათობით დამარცხდება (თვეებში ან უახლოეს წლებში). მთავარია, ამით აშშ-მ, დასავლეთმა, უკრაინამ და რაც მთავარია, საქართველომ ისარგებლოს.
გრიგოლ ჯულუხიძე
FPC დირქტორი