რუსეთ-უკრაინის ომი: მსოფლიო პუტინის წინააღმდეგ

გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, საერთაშორისო საზოგადოების მთელი ყურადღება უკრაინაზეა მიპყრობილი. ამ პერიოდში რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა, რასაც პუტინი რუსულ-ბელარუსული სამხედრო წვრთნების საჭიროებით ამართლებდა და აცხადებდა, რომ კრემლი უკრაინაზე თავდასხმას  არ გეგმავდა. დეკემბერშივე პუტინმა ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალურად მოსთხოვა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია აღმოსავლეთით აღარ გაფართოებულიყო. პუტინის მოთხოვნაზე საპასუხოდ ნატოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ სამხედრო ალიანსი გააგრძელებს „ღია კარის“ პოლიტიკას და რომ თითოეულ სახელმწიფოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის დამოუკიდებლად ფორმირების უფლება აქვს.

იანვრის ბოლოსთვის უკრაინის საზღვართან მობილიზებული რუსი ჯარისკაცების რაოდენობამ 190 000-სს გადააჭარბა. აშშ-სა და ბრიტანეთის დაზვერვა ამტკიცებდა, რომ პუტინს გადაწყვეტილი ჰქონდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია. დაზვერვის მონაცემები სარწმუნო გახადა 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლამ, რომელშიც მან დუმას დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებისკენ მოუწოდა. ამ ნაბიჯით მინსკის შეთანხმება ანულირდა. ამის შემდეგ ცხადად გამოჩნდა, რომ უკრაინაში რუსული ინტერვენცია გარდაუვალი იყო. რატომ დაკარგავდა რუსეთის პრეზიდენტი ასეთ მნიშვნელოვან ბერკეტს კიევთან ურთიერთობაში, თუ მას უკრაინაში შეჭრა არ ჰქონდა გადაწყვეტილი? გარდა ამისა, რუსული არმიის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ტერიტორია არ ემთხვეოდა ამ რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებს. ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება კი ადმინისტრაციულ საზღვრებში მოხდა, რაც პუტინის აზრით, რეგიონში რუსული არმიის შეყვანისთვის საკმარის საფუძველს ქმნიდა. 24 თებერვლის გამთენიისას, პუტინმა რუსი მოქალაქეების დაცვის მოტივით უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო. დილის 7 საათისთვის რუსულმა სამხედრო შენაერთებმა საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყეს.

საომარი მოქმედებების მიმდინარეობა: რუსეთის ფედერაციამ სამხედრო მოქმედებები 3 ძირითადი მიმართულებით გაშალა: 1. ჩრდილოეთის ფრონტი, რომელშიც კრემლი საბოლოო მიზნად, ქვეყნის დედაქალაქის, კიევის აღებას ისახავს. თუ მანამდე დასავლური სამყარო ფიქრობდა, რომ პუტინი მხოლოდ დონეცკისა და ლუჰანსკის „ადმინისტრაციულ საზღვრებში დაბრუნებას“ შეეცდებოდა, ომის პირველივე დღეს რუსული სამხედრო შენაერთების დედაქალაქის შემოგარენში გამოჩენამ, აჩვენა, რომ ეს მოსაზრება მცდარი აღმოჩნდა და პუტინის მიზანი ქვეყნის სრული ანექსირებაა; 2. ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტი – ამ ფრონტზე პუტინის ძირითადი სამიზნე სიდიდით მეორე ქალაქი, ხარკოვია, რომლის აღებაც რუსულ არმიას ოკუპირებულ დონბასთან დააკავშირებს; 3. სამხრეთის ფრონტი, რომელიც კრემლისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან დასაკავშირებელ სახმელეთო დერეფანს ვერ აკონტროლებს. რუსული არმიის მიერ სამხრეთის საპორტო ქალაქების (ხერსონი, მარიუპოლი, ოდესა) ხელში ჩაგდება უკრაინას შავ და აზოვის ზღვებზე გასასვლელს წაართმევს. შესაბამისად, ომის პირველივე დღეებიდან პუტინის მიზანი იყო: 1. ყირიმზე სახმელეთო დერეფნის გაჭრა; 2. კიევის აღება და მთავრობის შეცვლა; 3. ბლიცკრიგით უკრაინის არმიის დემორალიზება, რასაც ხელს შეუწყობდა დაბომბვები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

24 თებერვალს აშშ-სა და ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსული არმია კიევის აღებას 72 საათში გეგმავდა, ხოლო მათი მონაცემებით რუსული არმია ამ მიზნის მიღწევას 96 საათში შეძლებდა. ორივე ეს ვარაუდი მცდარი გამოდგა, რადგან არ ითვალისწინებდა სამ მნიშვნელოვან ფაქტორს: 1.  უკრაინის არმიის მომზადების დონე იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ამას რუსეთი ან დასავლეთი წარმოიდგენდა; 2. უკრაინელების მაღალი საბრძოლო მოტივაცია, რაც გამოწვეული იყო სამშობლოსა და თავისუფლების დაცვის სურვილით. უკრაინელებისგან განსხვავებით, რუსი ჯარისკაცების მოტივაცია საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა, რომელთა დიდმა ნაწილმა, როგორც შემდეგ გამოჩნდა, საერთოდ არ იცოდა რომ უკრაინასთან ომში აგზავნიდნენ; 3. გაწელილი ფრონტი და შეფერხებული ლოჯისტიკა – უკრაინა ფართობით ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოა და მისი საზღვარი როგორც დასავლეთი-აღმოსავლეთის, ისე ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით რამდენიმე ათას კილომეტრზე ვრცელდება. გაწელილი ფრონტის ხაზი სამხედრო აგრესიის ინიციატორი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის, მათ შორის მას ურთულდება არმიის ლოჯისტიკური მომარაგება, რამაც რუსული ჯარის წინსვლა მრავალი მიმართულებით შეანელა.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, უკრაინულმა ჯარმა ქვეყნის ყველა რეგიონში რუსულ სამხედრო ნაწილებს ეფექტური წინააღმდეგობა გაუწია. ომის მერვე დღის ბოლოსთვის, გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობამ 8000-ს გადააჭარბა (შედარებისთვის ჩეჩნეთის ორივე ომში ერთად რუსების დანაკარგი 10 000 მებრძოლს შეადგენდა), ხოლო უკრაინელთა მხრიდან საბრძოლო მოქმედებებს 2800 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდა ამისა, უკრაინელებმა შეძლეს 70-მდე   ავიაგამანადგურებლისა და ვერტმფრენის, 300-მდე ტანკის, 1000-მდე ჯავშანტრასნპორტიორის, 100-მდე ქვემეხის, 18 საჰაერო თავდაცვითი სისტემის, 30 GRAD-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემისა და 2 გემის განადგურება.

მდგომარეობა ფრონტზე 4 მარტისთვის:

4 მარტისთვის რუსებმა დიდი ქალაქებიდან მხოლოდ საპორტო ქალაქის, ხერსონის აღება მოახერხეს, ხოლო საშუალო და პატარა ქალაქებიდან მათ კონტროლი მელიტოპოლზე, ბერდიანსკზე, კუპიანსკსზე, კონოტოპსა და ჩერნობილზე დაამყარეს. ჯერჯერობით ყველაზე დაცული კიევის მიმართულებაა, ხოლო რუსებს ყველაზე მეტი წინსვლა სამხრეთის ფრონტზე აქვთ.

მდგომარეობა უკრაინაში 4 მარტის 23:00-სთვის

ჩრდილოეთის ფრონტი: რამდენიმე დღის წინ, რუსული არმიის დაახლოებით 60 კილომეტრიანი სატანკო კოლონა კიევის მიმართულებით დაიძრა, რომელიც ლოჯისტიკური შეფერხებებისა და უკრაინელი ჯარისკაცების მძლავრი წინააღმდეგობის გამო, ფაქტობრივად წინ ვერ მიდის. ეს კოლონა, კიევიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით დგას. ბრძოლები მიმდინარეობს კიევის შემოგარენისთვის, მათ შორის მცირე ქალაქების: ბუჩასა და ირპინისთვის, სადაც უკრაინელები ჯერჯერობით წარმატებით იგერიებენ რუსული არმიის თავდასხმებს. მუდმივად მიმდინარეობს საუბარი იმაზეც, რომ კიევზე გადამწყვეტ თავდასხმაში ბელარუსული არმიაც ჩაერთვება, რომელიც ომში რუსეთის ძირითადი მოკავშირეა. უკანასკნელ დღეებში, ბელარუსული საჯარისო ნაწილები საზღვარზე განლაგდნენ და საომარ პოზიციაში არიან, რაც ზემოხსენებულ ვარაუდს კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის.

ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტი: ამ ფრონტზე ბრძოლა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვისთვის, მიმდინარეობს, რომელსაც რუსები ომის დასაწყისიდან მოყოლებული, მძიმედ ბომბავენ. რუსები არამხოლოდ სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებს, არამედ სამოქალაქო შენობებსაც, მათ შორის სკოლებს, საავადმყოფოებსა და უნივერსიტეტებს ანადგურებენ. დაიბომბა ქალაქის ცენტრალური ქუჩა, თავისუფლების მოედანი, პოლიციის შტაბ-ბინა და მერიის შენობა. ხარკოვში განსაკუთრებით დიდია სამოქალაქოების მსხვერპლი (უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან რუსულ აგრესიას ჯამში უკრაინის 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა). თუმცა, დაბომბვების მიუხედავად, რუსეთის სახმელეთო ჯარები ქალაქის აღებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

სამხრეთის ფრონტი: რუსულ არმიას ყველაზე ხელშესახები წარმატება სამხრეთის მიმართულებით აქვს, სადაც მათ უკვე აიღეს ქალაქები მელიტოპოლი და ხერსონი, ახლოს არიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქის, მარიუპოლის, აღებასთან და წინსვლას განაგრძობენ მიკოლაევის მიმართულებითაც. მარიუპოლის აღების შემთხვევაში, კრემლი ანექსირებულ ყირიმთან დასაკავშირებელ სახმელეთო დერეფანს მოიპოვებს, ხოლო მიკოლაევის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ალყაში მოაქცევს ოდესას. თუმცა, ჯერჯერობით მარიუპოლი, რომელსაც ელიტური აზოვის ბატალიონი იცავს, რუსული ჯარის თავდასხმას უძლებს, ხოლო ოდესის მოსახლეობაც თავდაცვით ზღუდეებს ამაგრებს.

მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე: ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მხარეებმა მოლაპარაკებები 28 თებერვალს დაიწყეს, როდესაც რუსული და უკრაინული დელეგაცია უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეიკრიბა. რუსულმა მხარემ მოლაპარაკებებზე უკრაინის „დენაციფიკაცია“, დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი მოითხოვა, ხოლო უკრაინის ძირითადი მოთხოვნა ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და ქვეყნიდან რუსული ჯარების გაყვანა იყო. მხარეთა მოთხოვნებს შორის ასეთი რადიკალური განსხვავების გამო, მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, წარუმატებლად დასრულდა. მხარეებმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 3 მარტს საღამოს განაახლეს, რომელზეც მხარეები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ქალაქებიდან მშვიდობიანად გასვლის შესაძლებლობას მისცემდა. თუმცა, შეთანხმების მიუხედავად, რუსულმა მხარემ უკრაინული ქალაქების დაბომბვა განაგრძო. სავარაუდოა, რომ მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ მიიღწევა იქამდე, სანამ მხარეთა მოთხოვნები არ შეიცვლება, ან მნიშვნელოვნად არ შერბილდება.

საერთაშორისო გამოხმაურება: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ინტერვენციას კრემლისთვის მძიმე ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგები მოჰყვა. კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთის ფედერაციას უმძიმესი, აქამდე პრაქტიკულად უპრეცედენტო სანქციები დაუწესა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია რუსული ბანკების უმრავლესობის გლობალური ფინანსური სისტემიდან – SWIFT-დან გათიშვა, რაც მათთვის ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებას შეუძლებელს ხდის. დასავლეთმა რუსეთს უცხოეთში განთავსებულ სავალუტო რეზერვებზე წვდომაც შეუზღუდა, რომლის ჯამური ღირებულება  450 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. პუტინის უახლოეს გარემოცვას, რუს დეპუტატებსა და ოლიგარქებს დასავლეთში არსებული ფინანსური აქტივების უმეტესობა გაეყინა. რუსეთში ოპერირება შეწყვიტა საერთაშორისო კომპანიების უმრავლესობამ, რაც ასობით ათასი სამუშაო ადგილისა და ბიუჯეტში შესატანი ასობით მილიარდი დოლარის დაკარგვას გულისხმობს. ქვეყნების უმრავლესობამ გაანახევრა ან საერთოდ შეწყვიტა ვაჭრობა რუსეთთან, განსაკუთრებით კი სამხედრო მრეწველობის, ნავთობმოპოვებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, რაც რუსეთის ფედერაციის შემოსავლების დაახლოებით 70%-ს შეადგენს. გერმანიამ შეაჩერა ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი და კომპანია, რომელიც მას ახორციელებდა, მალევე გაკოტრდა. დასავლური ქვეყნების უმრავლესობამ განაცხადა, რომ რუსულ ნავთობსა და გაზს აღარ შეიძენს და ბაზრის დივერსიფიკაციას უფრო „სანდო“ სახელმწიფოების მოძიებით შეეცდება. სწრაფად გაუფასურდა რუსული რუბლიც, რომლის ღირებულებაც 3 მარტისთვის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა და ერთ აშშ დოლართან მიმართებაში 117 ერთეული შეადგინა. სავალუტო რეზერვების გაყინვის პირობებში, რუსეთის ცენტრალურ ბანკს არ აქვს შესაძლებლობა სავალუტო ოპერაციების მეშვეობით ეროვნული ვალუტა დაასტაბილუროს. ზემოხსენებული უმძიმესი სანქციებიდან გამომდინარე, რუსეთის ეკონომიკა მაქსიმუმ 2-3 კვირაში სრული ჩამოშლის პირას აღმოჩნდება.

სამომავლო სცენარები: 3 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, რომლის შემდეგაც განაცხადა, რომ პუტინი ომის შეწყვეტას არ აპირებს. მაღალი ალბათობით, ეს ასეცაა, რადგან ჯერჯერობით უკრაინაში რუსული სამხედრო კამპანია წარუმატებელად მიმდინარეობს. პუტინი, სავარაუდოდ, იქამდე არ შეწყვეტს ომს, სანამ მისი მოთხოვნების უმეტესობა არ დაკმაყოფილდება ან ტერიტორიის უდიდეს ნაწილს არ გააკონტროლებს. თუმცა, გასული წლების სამხედრო კამპანიებისგან განსხვავებით, ამჯერად რუსეთის პრეზიდენტი დროში შეზღუდულია. ომში გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად მას დაახლოებით 7-10 დღე აქვს, რის შემდეგაც რუსული ეკონომიკა ფაქტობრივად ჩამოშლილი იქნება და რუსული ჯარის მომარაგება წარმოუდგენლად გართულდება. გარდა ამისა, სანქციების დამძიმება პირდაპირპროპორციულად გაზრდის ქვეყნის შიგნით პუტინის მმართველობით უკმაყოფილო მოქალაქეების რიცხვს. სავარაუდოა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ქუჩებში სულ უფრო მეტი ადამიანი გამოვა პუტინის გადადგომისა და უკრაინაში ომის დასრულების მოთხოვნით. თუ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, პუტინი ვერ მოახერხებს კიევის აღებას, პუტინის მარცხი ამ ომში გარდაუვალი იქნება. ომში მარცხი კი რუსეთის ნებისმიერი ლიდერისთვის პოლიტიკური სუიციდის ტოლფასია. როგორც ჩანს, დასავლეთი ომში ფსონს უკრაინული არმიის ბრძოლისუნარიანობასა და რუსი მოქალაქეების კეთილგონიერებაზე დებს. ჯერჯერობით, ეს ფსონი ამართლებს, რადგან კრემლი ომში საკუთარ მიზნებს ვერ აღწევს. პუტინის სამოქმედო სივრცე საკმაოდ შეზღუდულია. დრო მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. თუ მას ომში გარდამტეხი ცვლილების შეტანა სურს, მან ეს უახლოეს დღეებში უნდა მოახერხოს.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s