ირანის ბირთვული შეთანხმება: მოლაპარაკებების მიმდინარეობა და მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები

დეკემბრის დასაწყისში ვენაში აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განახლდა, რომლის მიზანი მხარეების ირანის ბირთვულ შეთანხმებაში (JCPOA) დაბრუნება იყო. ხელშეკრულება 2015 წელს აშშ-ს, ირანს, ჩინეთს, რუსეთს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის გაფორმდა და ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ ირანისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნას გულისხმობდა. ლოზანის ხელშეკრულებიდან აშშ-ის ექსპრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 2018 წელს ცალმხრივად გამოვიდა, რადგან მიიჩნევდა, რომ შეთანხმების პირობები აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესებს აზიანებდა. ტრამპმა ირანს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რაც რეჟიმზე „მაქსიმალური წნეხის“ გაზრდასა და მის კიდევ უფრო მძიმე საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას ემსახურებოდა. აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებას არ ემხრობოდნენ სხვა ხელისმომწერი სახელმწიფოები, თუმცა, ვაშინგტონის ჩართულობის გარეშე მათ შეთანხმების გადარჩენა ვერ შეძლეს. აშშ-ის პოლიტიკური და აკადემიური წრეები ტრამპის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას ღიად აკრიტიკებდნენ ორი ძირითადი მიზეზის გამო: 1. ხელშეკრულების ანულირება ირანული რეჟიმის მიერ ბირთვული პროგრამის განახლებას გულისხმობდა, რაც ადრე თუ გვიან ბირთვული იარაღის შექმნით დასრულდებოდა; 2. ბირთვული შეთანხმების დატოვებამ კიდევ უფრო შეასუსტა ტრანსატლანტიკური სოლიდარობა აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის, რომელთა ინტერესიც შეთანხმების შენარჩუნება იყო.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის დამარცხების შემდეგ არსებობდა ერთგვარი მოლოდინი, რომ ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ხელშეკრულებას თეთრი სახლის დაკავებისთანავე შეუერთდებოდა, რაც მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, თუმცა, ზემოხსენებული ვარაუდი არ გამართლდა და ინაუგურაციიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმებაში დაბრუნებას ჯერ კიდევ არ ჩქარობს. საინტერესოა, რამ განაპირობა მოქმედი ადმინისტრაციის პასიურობა ირანულ ფრონტზე და რა სავარაუდო სცენარები შეიძლება განვითარდეს ირანსა და აშშ-ს შორის უახლოეს მომავალში.

მოლაპარაკებების მიმდინარეობიდან სამი კვირის თავზე, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვენის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩავარდა, რაც ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: 1. ირანულმა მხარემ საკუთარი მოთხოვნები გაზარდა. ირანის დელეგაციამ უარი თქვა შეთანხმების იმ პირობებზე, რომელზეც მხარეები უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. თეირანი აღარაა თანახმა ბირთვული პროგრამის სრულ შეჩერებაზე და სურს უკანასკნელი 3 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესის შენარჩუნება. თეირანის გაზრდილი ამბიციების ერთ-ერთი მიზეზი ხელისუფლების ცვლილებაა. 2021 წლის ივნისში ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმათა დაახლოებით 70%-ით ულტრანაციონალისტმა კანდიდატმა, ებრაჰიმ რაისიმ, გაიმარჯვა. წინამორბედის, ჰასან როუჰანისგან, განსხვავებით, რაისი ბირთვული პროგრამის გაგრძელებისა და შეთანხმებაში ახალი, ირანისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებით დაბრუნების მომხრეა; 2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბირთვული სააგენტოს ცნობით, მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად, თეირანი აგრძელებს ურანის გამდიდრებას. ისრაელის სადაზვერვო მონაცემებით, ამ ეტაპზე თეირანს ურანი 20%-მდე აქვს გამდიდრებული. მოსადმა გასულ კვირას ვიზუალური მტკიცებულებაც წარმოადგინა, რომელზეც ასახულია, როგორ მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში ურანის გამდიდრების პროცესი ფორდოუს ბირთვულ ობიექტზე. ოფიციალური თელ-ავივის მტკიცებით, ირანის  საბოლოო მიზანი ურანის 90%-მდე გამდიდრებაა, რაც ბირთვული ენერგიის ატომურ იარაღად გარდაქმნისთვის საჭირო დონეა.

აშშ-ის მსგავსად ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას უკვე არც რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და გერმანია ჩქარობს. მათი შეფასებით, თეირანი ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის სრულად შეჩერებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს. ირანული რეჟიმი მოლაპარაკებებში მხოლოდ იმიტომ მონაწილეობს, რომ რაც შეიძლება მეტი დრო მოიგოს და ბირთვული პროგრესი კიდევ უფრო ხელშესახები გახადოს, რაც მას მოლაპარაკებების პროცესში მომგებიან პოზიციას მიანიჭებს. საინტერესოა, რა ბედი ეწევა ირანის ბირთვულ შეთანხმებას. ქვემოთ გთავაზობთ მოვლენების განვითარების სამ შესაძლო სცენარს:

სცენარი # 1 – მოკავშირეები ბრუნდებიან შეთანხმებაში ირანის მიერ შემოთავაზებული პირობებით – ამ სცენარის განვითარება ყველაზე ნაკლებ სავარაუდოა ორი ძირითადი მიზეზის გამო: 1. ირანის პირობებით შეთანხმებაში დაბრუნება არ გადაჭრის აშშ-ის გრძელვადიან პრობლემას. ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის სრულად შეჩერების გარეშე ვაშინგტონისთვის მუდმივად იარსებებს საფრთხე, რომ თეირანი ბოლომდე განავითარებს ატომურ იარაღს, რაც მისი რეგიონული პოლიტიკისა და მოკავშირეების ტერიტორიული მთლიანობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს; 2. ირანის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე დათანხმება აშშ-სა და შეთანხმების სხვა წევრებისთვის მძიმე დიპლომატიური მარცხის აღიარება იქნება, რაც მათ საერთაშორისო პრესტიჟს მნიშვნელოვნად დააზიანებს;

სცენარი # 2 – აშშ შეთანხმებაში არ ბრუნდება და ბირთვული საფრთხის გასანეიტრალებლად ირანთან პრევენციულ ომს იწყებს – ამ სცენარის განვითარებაზე საუბარი აშშ-სა და ირანს შორის განვითარებული ყოველი მწვავე კრიზისისას აქტუალური ხდება. მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში ამ სცენარის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან: 1. ბაიდენის ადმინისტრაციას მძიმე ტვირთად აწევს ავღანური გამოცდილება, ამიტომ ის უდიდესი ალბათობით, მოერიდება ცხელ ზონაში ახალი სამხედრო კონფლიქტის ინიცირებას; 2. პენტაგონის დანახარჯისა და სარგებლიანობის კალკულაცია აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანთან ნებისმიერი სახის სამხედრო კონფლიქტის დაწყება ძვირად დაუჯდება, რადგან ირანული რეჟიმი საკუთარ ტერიტორიაზე ომისთვის საკმაოდ კარგადაა მომზადებული და ავღანეთისა თუ ერაყის კამპანიებისგან განსხვავებით, ამერიკულ არმიას ადგილზე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერაც არ ექნება;

სცენარი # 3 – ირანის ბირთვულ ხელშეკრულებაში ხელახლა გაწევრიანებაზე შეთანხმება არ შედგება და აშშ ირანს ეკონომიკური სანქციების ახალ პაკეტს დაუწესებს – ზემოხსენებული სცენარი დანარჩენებთან შედარებით უფრო ზომიერია და შესაბამისად, უფრო მეტად სავარაუდოც. ირანის მცდელობას მოიგოს დრო და სრულყოს ბირთვული პროგრამა ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური სანქციებით უპასუხებს, რათა მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებში მოქმედება უფრო მყარი პოზიციიდან შეძლოს.

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების შესახებ დროებით ჩიხში შევიდა, თუმცა, მხარეები, მაინც ბოლომდე შეეცდებიან მის გადარჩენას. როგორ განვითარდება მოვლენები ამას მომავალი რამდენიმე თვე გვიჩვენებს, თუმცა, ერთი რამ ნათელია – ირანის ბირთვული პროგრამა აშშ-ის გრძელვადიან რეგიონულ ინტერესებს სრულიად ეწინააღმდეგება და დროთა განმავლობაში, ირანისგან მომდინარე საფრთხის ზრდის პარალელურად, მისი სამხედრო მეთოდებით განეიტრალების შანსებიც უფრო მეტად სავარაუდო გახდება.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s