ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს რუსეთის შესახებ

ნება მომეცით თანამედროვე დასავლეთის პოლიტიკურ კურსზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც შედგება, ერთი მხრივ – ძლიერებისა და სისუსტისაგან, მეორე მხრივ – სიამაყისა და სიფრთხილისაგან.

საკუთარი არსებობის მანძილზე ჩემი ქვეყანა (საბჭოთა კავშირი) არაერთი ბოროტებისა და ენითაღუწერელი მასობრივი წმენდის ავტორია. იგი მონაწილეობდა საერთაშორისო პოლიტიკურ ტერორიზმში, ხელს უწყობდა ტოტალიტარული რეჟიმების ჩამოყალიბება-აღზევებას და მუდმივად არღვევდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. დღეს მის ტრადიციებს რუსეთი აგრძელებს.

დღეს დასავლეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის ექსპანსიას, რაც ერთი მხრივ, იმედით მავსებს, ხოლო მეორე მხრივ – შეშფოთებით, რადგან თანამედროვე მსოფლიოში გამეფებული გლობალური პოლიტიკური გამოწვევები კიდევ უფრო ამძიმებს სურათს.

ჩემი შეშფოთების უმთავრესი მიზეზი ის მითებია, რომლებიც დასავლეთში რუსეთის შესახებ მოჭარბებულად არის გავრცელებული. ეს მითები კიდევ უფრო ძლევამოსილ სახეს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ყოფილი კგბ) სპეც-განყოფილებებში მომუშავე გამოცდილი თანამშრომლების წყალობით იძენს.

ერთ-ერთი უმთავრესი მითი ის გახლავთ, რომ რუსეთმა (საბჭოთა კავშირმა) ფაშიზმისაგან იხსნა მსოფლიო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება! მე-19 საუკუნის შუა ნახევრიდან,იმპერიას, საბჭოთა კავშირსა და თანამედროვე რუსეთის ფედერაციას არავინ გაუთავისუფლებია. ერთადერთი, რასაც ისინი აკეთებდნენ ხალხის დამონება იყო (მათ შორის, საკუთარის).

მეფე-განმათავისუფლებელი ალექსანდრე II, რომელმაც 1861 წელს ბატონ-ყმობა გააუქმა, მოგვიანებით იმ ტერორისტებმა მოკლეს, რომლებიც საკუთარ თავს „ხალხის ნება“-ს უწოდებდნენ.

დიახ, ჰიტლერის არმია საბჭოთა სისხლში დაიხრჩო და საბჭოელების გვამებში დაიმარხა. ისიც სიმართლეა, რომ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა იმაზე ნაკლები გააკეთეს, ვიდრე შეეძლოთ, თუმცა ეს სულ სხვა თემაა. სამხედრო გამარჯვებაში საბჭოთა კავშირის გამორჩეული წვლილი ყველაზე ნაკლებად იყო განპირობებული ვინმეს გათავისუფლების სურვილით. აღმოსავლეთ ევროპელ და გერმანელ ხალხს, რომლებიც ორი ტირანის – ჰიტლერისა და სტალინი მიერ იყვნენ დაპყრობილნი, კარგად მოეხსენებათ ამის შესახებ.

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული და საშიში სტერეოტიპი, გახლავთ ის, რომ რუსეთის უკვდავება და პოლიტიკური ბარბარიზმი, თავად რუსეთის შიდა საქმეა. ეს არ არის სიმართლე, რადგან თანამედროვე სამყაროში, ასეთი სახის გამოწვევები გლობალური პრობლემაა და ყველაზე აისახება. არავინ იცის როგორ გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიულ ექსპანსიას, თუმცა ძალიან ბევრი თანხმდება იმაზე, რომ უმოქმედება სამარცხვინო და საშიშია.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ გამოწვევაზე არ გვაქვს პასუხი, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რა არ უნდა გავაკეთოთ. შენ არ შეგიძლია დააშოშმინო აგრესორი. შენ არ უნდა იყიდო საკუთარი უსაფრთხოება და გაზმომარაგება სხვისი სიცოცხლის სანაცვლოდ. ამორალური პოლიტიკური პრაგმატიზმით ხელმძღვანელობა მიუნჰენისა და იალტის ხელშეკრულებების სამარცხვინო დანატოვარია. ამ მემკვიდრეობის გადალახვა ჩვენი დიდი ხნის მოვალეობაა.

დასავლეთის პოლიტიკური ნების დეფიციტი ჩრდილს აყენებს მის კარგ განზრახვებსაც კი. თითოეული რუსული აგრესიის საპასუხოდ დასავლეთი მხოლოდ შეშფოთებას გამოთქვამდა. 1990 წელს რუსი „მშვიდობისმყოფელების“ მიერ პროვოცირებული ეთნიკური წმენდა აფხაზეთში (ქართველების მასობრივი გამოდევნა); 2008 წელს ორი რუსული სატელიტის შექმნა საქართველოს ტერიტორიაზე – რამაც ისევ და ისევ ზოგადი აღშფოთება გამოიწვია. თუმცა ყველა ეს „წყენა“ მალევე გადაავწიყდათ დასავლეთში.

გარდა ამისა, ევროპის საბჭოს არაეფექტური და გაურკვეველი ფაციფუცი ჩეჩნეთში რუსეთის ძალმომრეო პოლიტიკაზე.

ახლა უკრაინის ჯერი დადგა.

ყირიმის ოკუპაცია თითქმის გადაავიწყდა საზოგადოებას. ევროკავშირმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტის აღსრულებაც კი გადადო უკრაინასთან, ხოლო ევროპულ პარლამენტს არც კი გაუპროტესტებია აღნიშნული გადაწყვეტილება. ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯით უკრაინა არანაირ ეკონომიკურ ზარალს არ ნახულობს და არც რუსეთს ანიჭებს რაიმე სახის სარგებელს. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთი არანაირ სარგებელს არ ეძებს; მას უბრალოდ უკრაინის ევროპული პერსპექტივა აშინებს. უფრო მეტიც, რუსეთი თავის სასარგებლოდ იყენებს ამ დროში გაწელილ „გადადების“ პოლიტიკას და კიდევ უფრო აძლიერებს ზეწოლას. ამასობაში ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი უკრაინული ეკონომიკა კიდევ უფრო სუსტდება და ნაკლებად კონკურენტუნარიანი ხდება.

იყო დრო, როცა ევროპაში ფიქრობდნენ, რომ ბერლინის კედლის დანგრევასთან ერთად ცივი ომიც დასრულდა. თუმცა ეს არ არის სიმართლე. რუსეთს უბრალოდ ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. წარმოიდგინეთ, ომგამოვლილ გერმანიას გესტაპო რომ ხელშეუხებელი დაეტოვებინა, ან აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახურის პოლკოვნიკი, გერმანიის კანცლერი გამხდარიყო. ასეთი არის და იქნება ის რუსეთი, რომელთანაც პარტნიორობასა და ურთერთანამშრომლობას ცდილობთ. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს სამართლიანად, თუ აიძულებთ. მას ვერ დაარწმუნებ.

ბევრი მზადაა დათმობებზე წავიდეს რუსეთთან ლოგიკით: „კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა უფრო საშიშია.“ სიმართლეა! მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვირთხა, გნებავთ კუთხეში მიმწყვდეული და გნებავთ – თავისუფალი, შავი ჭირის მატარებელია. გადაავლეთ თვალი ისტორიას და გაიხსენეთ რამდენი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა შავმა ჭირმა იქამდე სანამ, 100 წლის განმავლობაში იმაზე ორჭოფობდნენ, თუ როგორ დაემარცხებინათ იგი. არჩევანი შეზუდულია: ან ებრძვი შავ ჭირს, ან პუშკინის სიტყვებით, რომ ვთქვათ: „ილხენ ჭირის დროს“.

2010 წელს ევროპარლამენტმა მე და ჩემს კოლეგებს ანდრეი სახაროვის ჯილდო გადმოგვცა და მსურს, რომ ეს ჩანაწერი იყოს ღია წერილი დასავლეთისათვის. მე კარგად ვიცნობდი ანდრეი სახაროვს. დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც და წარშულშიც იგი თანამედროვე სამყაროს გაცილებით უფრო მტკიცე და გაბედული მოქმედებისკენ მოუწოდებდა (ტირანიის წინააღმდეგ). მე არ ვაპირებ კონკრეტული ქმედებები განვხილო, რუსული აგრესიის მსხვერპლთა მხარდასაჭერად, თუმცა მსურს ჩემს მკითხველებს შევახსენო ისტორიული მაგალითი იმისა, თუ რა სარგებელი მოუტანა კაცობრიობას ლენდ-ლიზის აქტმა და მარშალის გეგმამ დემოკრატიის დაცვის საქმეში.

„ბოროტების იმპერიის“ აღმასვლისათვის ქმედითი წინააღმდეგობის გასაწევად მაქსიმალურ ძალისხმევაა საჭირო, რადგან ზეგ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს.

სერგეი კოვალიოვი

თარგმანი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s