ბლეფი, ომი, თუ დიპლომატია? რუსული ჯარი უკრაინის საზღვართან

უკრაინა ისევ აღმოჩნდა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. მიზეზი კვლავ რუსეთია. მედია საშუალებები აქტიურად იუწყებიან გარდაუვალი ომის შესახებ, რუსეთის საოკუპაციო გეგმებზე და ასე შემდეგ. საუბარია რუსული ჯარის მობილიზაციასთან უკრაინის საზღვართან. თუ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დავუჯერებთ ეს მხოლოდ მომავალი სწავლებისთვის ქმედითი ნაბიჯებია, თუმცა ამავდროულად თუ სერგეი ლავროვის და ვლადიმერ პუტინის ბოლო დროინდელ განცხადებებს მივადევნებთ თვალს, სამხედრო მოქმედებები საკმაოდ რეალური ოფცია ხდება. სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავ რუსეთის ქცევის მადეტერმინირებელ ფაქტორებს, რისკებს და უშუალოდ ჯო ბაიდენის პოზიციას.

რუსეთს სურს ითამაშოს დიადი ქვეყნის თამაშის წესებით.

ცივი ომის დასრულებამ ერთ პოლუსიანი მსოფლიო წესრიგი გამოიწვია. მართალია დღეს ბევრს საუბრობენ, რომ შტატებმა ხელიდან გაუშვა უნიკალური შესაძლებლობა, რომ დარჩენილიყო ერთადერთ სუპერ სახელმწიფოდ საერთაშორისო სისტემაში, თუმცა ეს დისკუსია უკვე წარსულია. ავღანეთის და ერაყის წარუმატებელმა კამპანიებმა საბოლოო დაღი დაასვა შეერთებული შტატების ერთპიროვნულ ლიდერობას. ძალთა ბალანსის გარიჟრაჟზე გამოჩდნენ რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც აქტიურად ცდილობენ გამოჩენილი ვაკუუმის შევსებას. დღეს მათ რევიზიონისტულ ძალებად მოვისაზრებთ. სწორედაც რომ რუსეთის ქმედებები დიადი სახელმწიფოს სტრატეგიის ჩარჩოებში უნდა განვიხილოთ?

შეკითხვაზე თუ რა გახლავთ რუსეთის როგორც სახელმწიფოს აგრესიული პოლიტიკის მთავარი მოტივატორი ეს გახლავთ უსაფრთხოება. ქვეყნის კოლექტიური მეხსიერება დაფუძნებულია თვითგადარჩენის ინსტინქტზე, რომელიც სახმელეთო ექსპანსიას გულისხმობდა. რუსეთის რუსეთშივე დამარცხება სცადეს შვედებმა, პოლონელებმა, ფრანგებმა და გერმანელებმა ორჯერ. შესაბამისად, პუტინი იქნება თუ სხვა ლიდერი იმოქმედებს სწორედ მსგავსი საგზაო რუკით. მაგრამ არსებობს გარემოება, როდესაც აღნიშნული შესაძლოა შეიცვალოს. ამ შემთხვევაში კონსტრუქტივიზმის თეორიას თუ დავეფუძნებით, აუცილებელი პირობაა რომ რუსეთმა „სხვები“ აღარ აღიქვას საფრთხეებად. ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ რუსეთმა შეწყვიტოს ჰობსიანურ სამყაროში ცხოვრება, სადაც პირდაპირი ბრძოლაა გაჩაღებული გადარჩენისთვის. გამოიწვია თუ არა დასავლეთმა რუსეთის ასეთი ყოფა ეს საინტერესო შეკითხვა იქნებოდა. მეარშაიმერი ამ კითხვაზე დადებით პასუხს სცემს და ამბობს, რომ უკრაინისა და საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების აუცილებელმა პირობამ ყირიმის ანექსია გამოიწვია. სხვათაშორის საინტერესოა, ვლადიმერ პუტინის ბოლო დროინდელი რიტორიკა, როდესაც ის დღევანდელ კრიზისში ბრალს დასავლეთს სდებს. ის ფაქტიურად არ ითვალისწინებს არც კიევის ლეგიტიმურ ხელისუფლების და არც უკრაინელი ხალხის არჩევანს. მას რომ კითხოთ უკრაინა საერთოდ არ არსებობს, ეს შექმნილი ქვეყანაა და ფაქტიურად რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.

ცალკე საკითხია პუტინის პერსონალური ამბიციები. საინტერესო ფაქტია, რომ პეტერბურგში პუტინის კაბინეტში პეტრე დიდის პორტრეტს შეხვდებოდით. პეტრე დიდი რუსეთის ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი, ვინაიდან სწორედ მან მოახდინა რუსეთის მოდერნიზაცია. საერთოდ, ყველა რუსეთის მეფის თუ ლიდერის მიზანი იყო ქვეყნის ფართობის გაზრდა. პუტინიც არ გახლავთ გამონაკლისი. ის ძალიან კარგად აცნობიერებს შექმნილ ვითარებას და ხშირად რისკავს კიდეც. ჯერჯერობით, რისკი ამართლებს, თუმცა ამჟამად დგას მთავარი საკითხი გარისკავს თუ არა პუტინი, თუ ის უბრალოდ პოკერის ენაზე რომ ვთქვათ ბლეფაობს?

რატომ უკრაინა?

აღნიშნული შეკითხვის პასუხის საფუძველს წინა პარაგრაფებში ჩავუყარე. რუკას თუ ჩავხედავთ უმალვე მივხვდებით, რომ რუსეთისთვის საქართველო და უკრაინა არც თუ უსაფუძვლოდ გახლავთ წითელი ხაზების გადამკვეთი წერტილები. პუტინიც უსაფრთხოების პარადიგმებიდან ამოდის და ღიად აცხადებს, რომ მას აწუხებს იგივე სარაკეტო სისტემის განთავსება, რაც პოლონეთშია მაგალითად. და რა გარანტიას მიიღებს რუსეთი რომ უკრაინაში მსგავსი რამ არ მოხდება. სწორედ, გარანტიებია ის რისი მიღებაც რუსეთს სურს. გარანტიები, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთით. ეს ფაქტიურად ძველი გავლენის სფეროების დაბრუნებას ჰგავს, რომლის შემდეგაც მსოფლიომ გრძელი მშვიდობა იხილა და ცივი ომი ცხელში არ გადასულა. საინტერესოა ვიკითხოთ თუ რამდენად რეალურია მსგავსი გარანტიების მიცემა? ლეგალურად რა თქმა უნდა შეუძლებელია, რომ ნატო-ს კარი დაიხუროს ასპირანტი ქვეყნებისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს სურს ესე, თუმცა დიპლომატიურად მსგავსი გარანტიების გაცემა შესაძლებელია, მხოლოდ ვერბალურად და ისიც იმ პირობით, რომ ეს საჯარო არ გახდება. ეთიკურად ეს ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ როდესაც სამხედრო კრიზისი დგება, ხშირად ეთიკა ბოლო პლანზე იწევს. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი საჯაროდ გამორიცხავს ამ ვარიანტს, რეალობიდან გამომდინარე ჯერჯერობით უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი არამგონია უახლოეს მომავალში განიხილებოდეს, მითუმეტეს როცა რისკები ასეთი მაღალია. რუსეთი არ შეეგუება მოვლენების სხვა განვითარებას და მით უფრო მოახდენს ვითარების დაძაბვას უკრაინის საზღვრებთან. გავითვალისწინოთ ისიც რომ სიტუაცია მოგვარებისგან შორსაა დონეცკში და ლუგანსკში, სადაც უკრაინას და რუსეთს განსხვავებული პოზიციები აქვთ. აკადემიურ სივრცეში საუბარია უკვე მინსკ 3-ის შეთანხმებაზე, რაც წინა შეთანხმების გადახედვას გულისხმობს.

რაზე მეტყველებს უკრაინის კრიზისი?

პირველ რიგში განსაკუთრებით აღსანიშნია შეერთებული შტატების პოზიცია. განსხვავებით დონალდ ტრამპისაგან, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ბაიდენის მულტილატერალურ რეჟიმში მუშაობის სურვილი. მას შემდეგ, რაც პუტინთან ვიდეო კონფერენცია დასრულდა ამერიკის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს დაუკავშირდა და კოორდინირებული ქმედებები განსაზღვრა. რაც შეეხება პუტინთან შემდგარ საუბარს, მიუხედავად იმისა რომ ეს დიალოგი არ იყო დაძაბული ადამიანური პრიზმიდან (პუტინმა მწუხარებაც კი გამოთქვა, რომ G20-ის სამიტზე პირისპირ არ მიეცათ შეხვედრის საშუალება და იმედს გამოთქვამდა, რომ შემდეგში ექნებოდათ) ბაიდენმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ რუსეთის ქმედებას სერიოზული პასუხი მოჰყვებოდა. როგორც ჯეკ სულივანის თქმით ამერიკა ამჟამად განსხვავებულად უპასუხებს აგრესიას. ამით ის მიანიშნებს ქმედებებზე, რომლებიც 2014 წელს არ იქნა გამოყენებული. კულუარებში საუბრობენ რუსეთის SWIFT – ქსელიდან გათიშვაზე, რაც უპირობოდ ისედაც მძიმე ეკონომოკურ მდგომარეობას რუსეთს კიდევ უფრო გაურთულებს. დამატებით საუბარი მიდის ჩრდილოეთ-ნაკადი 2-ის პროექტის შეჩერებაზე გერმანიის მხრიდან, რომელსაც უკვე ახალი კანცლერი ჰყავს. საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაიდენი არ გაგზავნის ჯარისკაცებს ომის შემთხვევაში, თუმცა გამოიყენებს სერიოზულ ეკონომიკურ ბერკეტებს, რადგან ეს ომი თავიდან აიცილოს. შეგახსენებთ, ასევე რომ ამ შემთხვევაში ის სარგებლობს სენატის მხარდაჭერით, რომელმაც უკვე დაამტკიცა 300 მლნ-ითმ ეტი დახმარება უკრაინისთვის. ვიდრე პრეზიდენტისგან იყო ინიცირებული.

უკრაინის კრიზისმა ასევე გამოავლინა რუსული სტრატეგიის გამოკვეთილი ნაწილი. ეს არის სწორი დროის შერჩევა. ამჟამად ევროპა პანდემიის ტალღას ებრძვის, გერმანიის ახალი კანცლერი უკვე ვახსენე, ბაიდენი ახალი დემოკრატიული ლიგის შეკრებითაა დაკავებული და მისი ადმინისტრაცია ჩინეთზე უფრო აკეთებდა აქცენტს, ცალკე საკითხია კოვიდ მდგომარეობა. ბევრს გაახსენდებოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც „დაემთვა“ პეკინის ოლიმპიურ თამაშებს. 

რაც შეეხება უშუალოდ უკრაინას, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინა მზად არის იბრძოლოს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. რუსეთისადმი დამოკიდებულება ქვეყანაში უკვე კარგა ხანია შეცვლილია. ხალხს თავად სურს არჩევანის გაკეთება და ეს არჩევანი პროდასავლური გახლავთ. რაც დღეს უკრაინას ჭირდება ეს არის დასავლეთისგან და უფრო მეტწილად შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარება, რათა პუტინმა უფრო მეტი იფიქროს, ვიდრე შეტევის ბრძანებას გასცემს. სამხედრო თვალსაზრისით რა თქმა უნდა რუსეთს უპირატესობა გააჩნია, მაგრამ საკითხის მეორე მხარეა რამდენად შეძლებს რუსული არმია კონკრეტული ამოცანების შესრულებას.

და ბოლოს გარისკავს თუ არა პუტინი? მე დავეთანხმები ჯორჯ ფრიდმანს რომელიც ამბობს: “მე ფსონს გავაკეთებდი, რომ არა, მაგრამ არც სახლს ჩავიდოდი ამაში.” 

შოთა მგელაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s