პუტინის ინდური გამბიტი

მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ინდურ-რუსული ყოველწლიური სამიტის ფარგლებში ნიუ-დელის ეწვია. შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, მხარეებმა მრავალი საკითხი განიხილეს, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივები თავდაცვის, ეკონომიკისა და ენერგოუსაფრთხოების სფეროში. სამიტზე რუსეთისა და ინდოეთის ლიდერებმა 28 ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნებს შორის მომავალი 10 წლის მანძილზე სამხედრო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის შეთანხმება იყო. 2014 წლიდან მოყოლებული ეს რუსეთის პრეზიდენტსა და ინდოეთის პრემიერს შორის რიგით მეთორმეტე შეხვედრაა. უკანასკნელ წლებში, პუტინსა და მოდის შორის საკმაოდ თბილი პერსონალური ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც მათ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაზეც აისახა. როგორი იყო რუსეთისა და ინდოეთის ურთიერთობები ცივი ომის პერიოდში და როგორია მისი განვითარების დინამიკა 21-ე საუკუნის მესამე ათწლეულში? რამდენად რეალურია მოსკოვსა და დელის შორის შესაძლო ალიანსის ჩამოყალიბების პერსპექტივა ჩინურ-ამერიკული რეგიონული დაპირისპირების კონტექსტში? მოცემულ სტატიაში შევეცდები ზემოხსენებულ კითხვებს ვუპასუხო.

რუსეთისა და ინდოეთის ურთიერთობები ცივი ომის პერიოდში – მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და დეკოლონიზაციის პროცესის დაწყების პარალელურად, ახლადჩამოყალიბებულმა ინდურმა სახელმწიფომ მის ძირითად საგარეო ვექტორად მიუმხრობლობა გამოაცხადა, რაც დაპირისპირებულ სამხედრო ბლოკებში გაწევრიანებაზე უარის თქმასა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარებას გულისხმობდა. მიუმხრობლობა არ ნიშნავდა ნეიტრალიტეტსა და იზოლაციას, პირიქით, ინდოეთი მთელი ცივი ომის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო პოლიტიკაში და სათავეში ედგა მიუმხრობელთა მოძრაობას. ინდოეთსა და საბჭოთა კავშირს შორის თანამშრომლობას რეგიონულ პოლიტიკაში ძირითად ინტერესთა თანხვედრა განაპირობებდა. აშშ-მა ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაწყებულ კონფლიქტში ამ უკანასკნელის მხარე დაიჭირა და მასთან მჭიდრო სამხედრო და ეკონომიკური კავშირი დაამყარა. აშშ-სთვის პაკისტანი კომუნისტური ჩინეთის შეკავებისა და მიუმხრობელი ინდოეთის დაბალანსებისთვის საჭირო რეგიონული მოკავშირე იყო. ვაშინგტონისა და ისლამაბადის სტრატეგიულმა თანამშრომლობამ ინდოეთისა და სსრკ-ს დაახლოებას შეუწყო ხელი, რაც კიდევ უფრო გაამყარა მოსკოვის მხრიდან ბანგლადეშის სახელმწიფოს მხარდაჭერამ. შედეგად, 1971 წლის აგვისტოში მხარეებმა მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ მისმა სამართალმემკვიდრემ, რუსეთის ფედერაციამ, ინდოეთთან თანამშრომლობა პოლიტიკის მრავალ სფეროში გააგრძელა, ხოლო ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლის შემდეგ რუსულ-ინდური ურთიერთობები ახალ საფეხურზე ავიდა. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი 2000 წლის ოქტომბერში მოეწერა. სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარების პარალელურად, რუსეთმა და ინდოეთმა თანამშრომლობა თავდაცვის სფეროშიც გააღრმავეს. 2018 წელს ინდოეთმა რუსეთისგან 5.4 მილიარდ აშშ დოლარად S-400 სარაკეტო სისტემის კომპლექტი შეიძინა. გარდა ამისა, პუტინი აქტიურად ცდილობს ინდოეთსა და მის მიერ დომინირებად ევრაზიულ ეკონომიკურ გაერთიანებას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას, რაც კრემლს 1.3 მილიარდიან ინდურ ბაზარს გაუხსნიდა. ეს უკანასკნელი დელიში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო და ლიდერთა შეფასებით, მათ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

რუსულ-ინდური ურთიერთობები დიდ სახელმწიფოთა გლობალური დაპირისპირების კონტექსტში

ინდოეთის პერსპექტივა – ინდოეთის რესპუბლიკისთვის რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას რამდენიმე ძირითადი მოტივი განსაზღვრავს: 1. აშშ-ის გავლენის დაბალანსება – მართალია უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ვაშინგტონსა და დელის შორის ურთიერთობები საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა, ინდოეთისთვის მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს დამოუკიდებელი რეგიონული მოთამაშის სტატუსი და მთლიანად აშშ-ის მხარდაჭერაზე არ იყოს დამოკიდებული. ინდოეთი აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას მზარდი ჩინური საფრთხის შესაკავებლად იყენებს, თუმცა, თავის მხრივ, ამერიკული გავლენის დაბალანსებას ის კრემლთან თანამშრომლობით ცდილობს; 2. ჩინეთის შეკავება – ინდოეთისთვის მნიშვნელოვანია დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც პეკინის გაზრდილი გეოპოლიტიკური ამბიციები ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ინდოეთთან ამ უკანასკნელის მიერ ადმინისტრირებადი ლადახის რეგიონის გამო სასაზღვრო კონფლიქტი აქვს. სასაზღვრო შეტაკებებს 2020 წელს ორივე მხრიდან რამდენიმე ათეული ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალური დელის აღქმით, ჩინეთის შეკავების საუკეთესო საშუალება  თანამედროვე, ეფექტური სარაკეტო სისტემების ფლობაა. სწორედ ამიტომ იყიდა ინდოეთმა რუსეთისგან S-400-ების სრული კომპლექტი; 3. პოტენციური რუსულ-ინდური ალიანსი – კრემლმა უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ორმხრივი ურთიერთობები ჩინეთთანაც, რასაც ინდოეთი ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს, ამიტომ მისი მიზანია მოსკოვს ჩინურ-რუსული ალიანსის პოტენციური ალტერნატივა შესთავაზოს.

რუსეთის პერსპექტივა – მოსკოვს ინდოეთი უპირველესად აშშ-ის რეგიონული გავლენის შესასუსტებლად სჭირდება. კრემლის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანი თანამედროვე ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლა და აშშ-ის საერთაშორისო გავლენის შემცირებაა, განსაკუთრებით კი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში, სადაც ჩინურ-ამერიკული დაპირისპირების მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება. ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია აშშ-ს რეგიონული მოკავშირეები წაართვას. ინდოეთის უდიდესი სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, დელი მოსკოვისთვის განსაკუთრებით ძვირფასი შესაძლო მოკავშირეა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ორმხრივი სავაჭრო პოტენციალის ოპტიმიზებაც. მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ინდოეთი ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე სახელმწიფოა (1.3 მილიარდი ადამიანი), ამიტომ დელისთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება კრემლისთვის ეკონომიკის დივერსიფიცირების ერთ-ერთი შესაძლო წყაროა;

აშშ-ის პერსპექტივა – 2009 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ობამას ადმინისტრაციამ „აზიური ღერძის სტრატეგია“ შეიმუშავა, ამერიკის შეერთებული შტატების მთელი ყურადღება ჩინეთისკენაა მიპყრობილი, ჩინეთის მზარდი პოლიტიკური ამბიციების მოთოკვა კი რეგიონის სახელმწიფოებთან სამხედრო, ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. ცალკე აღებულ აშშ-ის არცერთ აზიურ მოკავშირეს (სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია, ფილიპინები და ა.შ.) არ აქვს ჩინეთის გამოწვევის პოტენციალი. გამონაკლისი ამ მხრივ მხოლოდ ინდოეთია, რომლის სამხედრო, ეკონომიკური თუ დიპლომატიური რესურსები ჩინეთის გარკვეულ დონეზე დაბალანსების  შესაძლებლობას აჩენს. სწორედ ზემოხსენებული ფაქტორი განაპირობებს ინდოეთის სასიცოცხლო მნიშვნელობას აშშ-ის აზიური სტრატეგიისთვის. ვაშინგტონის მიზანია ინდოეთის გაწევრიანება იმ რეგიონულ ორგანიზაციებში, რომლებიც ჩინეთის გავლენის შესაკავებლადაა შექმნილი. ინდოეთი ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგს (QUAD) 2017 წელს შეუერთდა. ამერიკული დიპლომატია ასევე აქტიურად მუშაობს სადაზვერვო ორგანიზაცია – The Five Eyes-ში დელის გაწევრიანებაზე.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ რუსულ-ინდური ურთიერთობები უკანასკნელ ხანებში შესამჩნევად პროგრესირებს, რასაც მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ძირითადი რეგიონული ინტერესების თანხვედრა განაპირობებს. ინდოეთი აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის ლავირების პოლიტიკას მიმართავს და თითოეული მათგანისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აშშ-სა და ჩინეთს შორის რეგიონული დაპირისპირება ინდოეთს სტრატეგიულად მომგებიან პოზიციაში აყენებს, რადგან აშშ-ის მთელი ყურადღება პეკინისკენაა მიპყრობილი. სწორედ ამიტომ ის ჯერჯერობით არ უპირისპირდება ინდოეთის მცდელობას, გააღრმავოს ურთიერთობები მოსკოვთან. სავარაუდოა, რომ ამერიკული ადმინისტრაცია დროთა განმავლობაში უფრო მეტად გადაერთვება ჩინეთზე, რითაც კრემლს ინდოეთზე გავლენის მოსაპოვებლად მნიშვნელოვან სამოქმედო სივრცეს დაუტოვებს. თუმცა,  აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინდოეთის უდიდესი პოტენციალის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ რუსულ-ინდურ ურთიერთობებში სიმძიმის ცენტრი მალე ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაიხრება, რაც მოსკოვის ბერკეტებს დელიზე მნიშვნელოვნად შეამცირებს. ასეთი სცენარის განვითარებას ვარაუდობს რუსეთის პრეზიდენტიც და სწორედ ამიტომ ცდილობს ინდოეთთან რაც შეიძლება სწრაფად დაახლოებას, რათა მინიმალურ დროში მისგან მაქსიმალურად მეტი სარგებელი მიიღოს.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s