
„ერთადერთი პუტინისტი მმართველი ევროკავშირში”; „იღბლიანი პოპულისტი“; „ავტორიტარი მძიმე ხასიათით”; „პუტინიზმის ექსპორტიორი ევროპაში” ……
ამ ადამიანს, ახალი მსოფლიო წესრიგის იდეის მხარდამჭერად და ნეო–ნაციონალიზმის მქადაგებლად მოიხსენიებენ. მისი მმართველობის პერიოდში, ქვეყანამ ევროსკეპტიკოსთა ბანაკში გადაინაცვლა და „იმედისმომცემი პოსტ-სოციალისტური შუქურის” სტატუსი დაკარგა. იგი ხშირად აკრიტიკებს დასავლეთს, ლიბერალურ ღირებულებებს, ევროკავშირის ეკონომიკურ პოლიტიკას, ბრუსელის მოუქნელობას და მაინც … ყველა არჩევნებში იმარჯვებს!
გაიცანით უნგრეთის პრემიერ–მინისტრი – ბატონო ვიკტორ ორბანი!
ორბანის “პოლიტიკური ნათლობა” 1989 წლის ივნისში შედგა, როდესაც მან, როგორც ახალგაზრდული ანტი-კომუნისტური მოძრაობის (Fidesz – „ფიდეს”) ლიდერმა, უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული გმირის, იმრე ნადის (Imre Nagy) სამოქალაქო პანაშვიდზე (სიმბოლური ღონისძიება, რომელიც მარშით დაგვირგვინდა) უმკაცრესად გააკრიტიკა საბჭოთა ხელისუფლება. მისი ემოციური სიტყვის უმთავარესი ნაწილი, 1956 წლის „ბუდაპეშტურ ტერორსა” და საბჭოთა ჯარების 80 000-იანი კონტიგენტის უნგრეთიდან გაძევებას ეხებოდა.
საწყისი ფურორის შემდეგ, ახალგაზრდა ლიდერმა მალევე შეძლო მზარდი და პროგრესირებადი მოძრაობა, პოლიტიკურ გაერთიანებად ექცია.
პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, ორბანი ლიბერალური ღირებულებების ერთგულ მხარდამჭერად/მომხმარებლად ითვლებოდა, თუმცა მისი „ფლირტი” ლიბერალიზმთან დიდხანს არ გაგრძელებულა. ბევრი უნგრელი პოლიტიკური ანალიტიკოსის აზრით, ამის მიზეზი, „დემოკრატიით იმედგაცრუება” იყო (იმ ხანად, ძალიან ბევრს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, გადამეტებული მოლოდინი გაუჩნდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ კაპიტალიზმისა და დემოკრატიის „იმპორტს”, არნახულად სწრაფი/ზღაპრული შედეგები მოჰყვებოდა). რთულია, ორბანის გარდაქმნის ზუსტი მიზეზების დადგენა, თუმცა მის პოლიტიკურ ტრანსფორმაციას სრულებითაც არ შეუშლია ხელი 1998 წლის საარჩევნო ტრიუმფში – 35 წლის იურისტი და ანტი-საბჭოთა დისიდენტი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახდა!
Fidesz და ორბანი 4 წელი იყვნენ ხელისუფლებაში, თუმცა უნგრულ საზოგადოებას თავი ვერაფრით დაამახსოვრეს, გარდა მკვეთრად გამოხატული ნაციონალისტური და ცენტრალიზებული მმართველობისა, შედეგად, 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთის სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა (MSZP) – ვიკტორი ოპოზიციაში გადავიდა.
სოციალისტებმა მომდევნო არჩევნებშიც იმარჯვეს 2006 წელს, თუმცა 2008 წლის მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა და უნგრული ეკონომიკის 7%-იანმა წლიურმა ვარდნამ, სამუშაო ადგილების მკვეთრმა შემცირებამ, გარე ინვესტიციების შეჩერებამ, უძრავ ქონებაზე ფასების დაცემამ ახალი ასპარეზი მისცა უნგრეთის სამოქალაქო გაერთიანებას (Fidesz). შედეგად, 2010 წელს ორბანი მეორე ვადით აირჩიეს მთავრობის ხელმძღვანელად – უნგრეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ციკლი დაიწყო!
ორბანმა თავიდანვე მკვეთრად კრიტიკული პოზიცია დაიკავა ბრიუსელის მიმართ. იგი თავიდანვე თამამი იყო განცხადებებში. მაგალითად: მან მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, უკანასკნელი ასწლეულის მეოთხე ყველაზე მასშტაბური გლობალური შოკი უწოდა (პირველი და მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ). მან დასავლეთის მთავრობები უმოქმედებაში დაადანაშაულა და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, დასავლეთის კრახი უწოდა.
უნგრეთის პრემიერის თეორიის მიხედვით, “მიმდინარეობს შეჯიბრი, ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისათვის, რათა შეიქმნას სახელმწიფო, რომელიც ორიენტირებული იქნება ერის წარმატებაზე” (“a race to invent a state that is most capable of making a nation successful”).
Fidesz-ის ლიდერი არც თავის სიმპათიებს მალავს არალიბერალური ღირებულებებს მიმართ. რუმინთში, ეთნიკურ უნგრელ სტუდენტებთან შეხვედრისას ორბანმა განცხადა, რომ „ევროკავშირის წევრობა არ გამორიცხავს ახალი არალიბერალური სახელმწიფოს შექმნას, რომელიც დაფუძნებული იქნება ეროვნულ ფუნდამენტზე.”
ახალი მსოფლიო წესრიგის „ამომავალ ვარსკვლავებად” კი, ჩინეთს, სინგაპურს, თურქეთსა და რუსეთს მიიჩნევს.
ორბანი ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირის ბიუროკრატიულ მმართველობით ფორმას, იმ მოტივით, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის რიგით მოქალაქეებს. გამომდინარე იქიდან, რომ Fidesz საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს პარლამენტში, ორბანი ხშირად მიმართავს საკონსტიტუციო შესწორებებსა, თუ ცვლილებებს. მაგალითად, მეტ-ნაკლებად დეცენტრალიზებული მმართველობითი ფორმა, მკაცრად ცენტრალიზებული გახდა.
რუსეთთან პოლიტიკური კეკლუცობისა და ევროსკეპტიკური განცხადებებს მიუხედავად, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ორბანი ტრიუმფალურად, ხმების 2/3-ით იმარჯვებს არჩევნებში.
შიდა პოლიტიკური არენისაგან განსხვავებით, უნგრეთის პრემიერი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის დასავლეთში პოპულარობით. მას ხშირად აკრიტიკებენ ევროკავშირის ლიდერები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, სხვადასხვა საერთაშორიშო ორგანიზაიები. ამ მხრივ, აშშ-ში აქტიურობენ განსაკუთრებით. მაგალითად, ბილ კლინტონმა Daily Show-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ვიკტორ ორბანი ავტორიტეტული კაპიტალიზმის მოყვარული-მიმდევარია და მას არაფერი აინტერესებს გარდა ფულის შოვნისა და ძალაუფლების რაც შეიძლება დიდი ხნით შენარჩუნებისა. ასევე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფის, ბოშების მდგომარეობა.
ორბანს მედიისა და ხელოვნების ცენტრალიზებასაც კი აბრალებენ (უფრო სწორად, პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას). პრემიერის კრიტიკოსების თქმით, უნგრეთში იმდენად ცენტრალიზებული მმართველობითი წესია, რომ „ბუდაპეშტის იკონოგრაფიაზეც კი, ორბანის კვალს აღმოაჩენთ”. ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში, 450 000-მდე ებრაელი გაასამართლა გერმანიამ, უნგრეთის ხელისუფლების ხელშეწყობითა და მდუმარე თანხმობით. თუკი უწინ, ეს ფაქტი სამარცხვინო იყო უნგრელებისათვის, დღეს, ორბანმა ისტორიის გადაწერა/სხვა კუთხით ჩვენება დაიწყო. ამის ნათელი მაგალითია მონუმენტი, რომელიც უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოს მახლობლად დგას. მონუმენტზე გამოსახულია ნაცისტური არწივი, რომელიც თავს ესხმის მთავარანგელოზ გაბრიელს (მთავარანგელოზი – უნგრეთი) და ბევრის აზრით, ამ ჩანაფიქრის უკან, ორბანის მცდელობაა, რომ უნგრეთის კავშირი წაშალოს ნაცისტურ გერმანიასთან, რათა უნგრეთი გამოჩნდეს არა, როგორც ნაცისტური გერმანიის მოკავშირე, არამედ ჩიხში მოქცეული მსხვერპლი.

ყველაფრის მიუხედავად, იშვიათად თუ მოიძებნება ევროკავშირში ლიდერი, რომელიც ასეთი წარმატებით „აბარებს საარჩევნო გამოცდებს”.
არანაკლებ საინტერესო იყო მმართველი პარტიის წინასაარჩევნო სლოგანი: „ჩვენი გზავნილი ბრუსელს: პატივი ეცით უნგრელებს!“
თუმცა გაცილებით უფრი საინტერესო, უნგრეთის მომავლის პერსპექტივაა.
საით წაიყვანს ორბანი უნგრეთს. თუკი 2010 წლამდე, იგი რუსეთის მწვავე კრიტიკოსი იყო, დღეს, პუტინის ერთ-ერთი ყველაზე სანდო დასაყრდენია ევროპაში. ორბანი აქტიურად აგრძელებს რუსეთთან დაახლოებას, რაც უკრაინასთან მიმართებაშიც გამოიხატა. მას არცერთხელ გაუკრიტიკებია მოსკოვი და მაქსიმალურად ცდილობს დისტაქნცირებული იყოს უკრაინის თემისაგან; უფრო მეტიც, პრემიერი დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები უნგრელებისთვის ავტონომიასაც კი ითხოვს.
სამაგიეროდ, უნგრეთი იმ თითზეჩამოსათვლელ ევროპულ სახელმწიფოთა შორის არის, რომელმაც პუტინის კეთილგანწყობა მოიპოვა.
როგორც ერთ-ერთი წამყვანი უნგრელი ანალიტიკოსი, პეტერ კრეკო ამბობს: მიუხედავად უნგრელების პრო-დასავლურობისა, ეს ქვეყანა ერთადერთ პრო-ევროპულ სახელმწიფოდ რჩება მკვეთრად ავტორიტეტული ხელისუფლებით.
დავით მორჩილაძე
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ წარმოადგენდეს საგარეო პოლიტიკის საბჭოს (The Foreign Policy Council) ხედვებს.