აშშ-ის მუნიციპალური არჩევნების ანალიზი – დემოკრატიული პარტია ღრმა პოლიტიკურ კრიზისში

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი წელი გავიდა. ზოგადად, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგი წელი არასაარჩევნო პერიოდად ითვლება, თუმცა შტატების გარკვეულ ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სწორედ ამ დროს ტარდება. გარდა ამისა, ამავე პერიოდში იმართება კონგრესის არჩევნებიც იმ შტატებში, სადაც რომელიმე კანონმდებელი გარდაიცვლება ან თანამდებობას დატოვებს. წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად აღიქმებოდა, რომელშიც აშშ-ის მოსახლეობას ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი ნაბიჯები უნდა შეეფასებინა. ჩვეულებრივ, არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი საკმაოდ მაღალია ხოლმე, თუმცა, აღმასრულებელი ხელისუფლების უკანასკნელი სამი ლიდერის შემთხვევაში ტენდენცია მკვეთრად კლებადია. მაგალითად, ბარაკ ობამას პოპულარობა მისი არჩევის მომენტში 68%-ს აღწევდა, თუმცა, თეთრი სახლის დაკავებიდან ერთიწლის თავზე, ის 50%-მდე შემცირდა. იგივე მოხდა ტრამპის შემთხვევაშიც, რომლის რეიტინგი არჩევის დღიდან (45%) პირველი წლის ბოლოსთვის 35%-მდე დაეცა. მნიშვნელოვან უკუსვლას აჩვენებს მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგიც. ბაიდენის საქმიანობას დადებითად 2021 წლის დასაწყისში აშშ-ის მოსახლეობის 56% აფასებდა, უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით კი ეს მაჩვენებელი მთელი 13 პუნქტითაა შემცირებული და მოცემული პერიოდისთვის მხოლოდ 43%-ს შეადგენს. ბაიდენის შემცირებული რეიტინგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზეც აისახა. პირველად 2009 წლის შემდეგ, ვირჯინიის გუბერნატორულ არჩევნებში დემოკრატი კანდიდატი დამარცხდა. იმის გამო, რომ ვირჯინიის შტატის კანონმდებლობის მიხედვით აკრძალულია ზედიზედ მეორე ვადით კენჭისყრა, მოქმედი გუბერნატორი, დემოკრატი რალფ ნორთჰემი, თანამდებობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზი ვირჯინიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ტერი მაკოლიფმა მოიგო, რომელიცარჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ნომინანტ, გლენ იანგკინთან, დაძაბულ ბრძოლაში (50.9%-49.1%-ის წინააღმდეგ) დამარცხდა. დემოკრატიული პარტიის მიმართ ამომრჩევლის უკმაყოფილებაზე მეტყველებს ნიუ ჯერსის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიც, რომელშიც მოქმედმა გუბერნატორმა, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ფილ მერფიმ, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, ჯეკ ჩატარელს, უმნიშვნელო უპირატესობით (50.4% – 49.6%-ის წინააღმდეგ) მოუგო. ნიუ-ჯერსი დემოკრატიული პარტიის მნიშვნელოვან ელექტორალურ დასაყრდენს წარმოადგენს, სადაც გასულ წელს ბაიდენმა ტრამპს ხმების 10%-ით აჯობა. რაც შეეხება ნიუ-იორკს, აქ მერის არჩევნები, როგორც მოსალოდნელი იყო, დემოკრატიული პარტიის ნომინანტმა, ერიკ ადამსმა, მოიგო, რომელმაც ხმების 67% მიიღო და თანამდებობაზე ასევე დემოკრატი პოლიტიკოსი, ბილ დე ბლაზიო, ჩაანაცვლა. საინტერესოა რა ფაქტორებმა განაპირობა თვითმმართველობის არჩევნების ამგვარი შედეგები? რა მოვლენებმა შეუწყო ხელი მოქმედი პრეზიდენტისა და დემოკრატიული პარტიის მიმართ ამომრჩევლის ნდობის შემცირებას? ქვემოთ გამოვყოფ იმ ძირითად საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ფაქტორებს, რომელმაც არჩევიდან ერთი წლის თავზე, დემოკრატიული პარტიისა და მისი ლიდერის მიმართ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ნეგატივის დაგროვება განაპირობა.

შიდაპოლიტიკური ფაქტორები: კოვიდკრიზისი

ბაიდენის ადმინისტრაციამ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა, საკმაოდ ეფექტურად დაიწყო. თეთრ სახლში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც კოვიდკრიზისის მძიმე შედეგებთან გამკლავება და მწვავე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურება დაევალა. სამუშაო ჯგუფის გეგმა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა: 1. ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალურად სწრაფად დასრულება; 2. ინფიცირების შემთხვევების ექსპონენციალური ზრდის შემთხვევაში, კრიზისისთვის წინასწარ მომზადება და საკმარისი რაოდენობის სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზება. ვაქცინაციის მიმართულებით, მოქმედ ადმინისტრაციას გაზაფხულზე გარკვეული პროგრესი პროგრესი ჰქონდა. ამ პერიოდში აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 50% სრულად, ორი დოზით აიცრა. თუმცა, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა აგვისტოს დასაწყისში, როდესაც აშშ-ში COVID-19-ის ახალი შტამი, ე.წ. დელტა ვარიანტი გამოჩნდა, რომელიც ინფიცირების სისწრაფითა და ლეტალობის მაჩვენებლით მნიშვნელოვნად აღემატება COVID-19-ის აქამდე ცნობილ ვარიაციებს. პანდემიის პირველად დაფიქსირების დღიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში 46 მილიონი ადამიანი (აშშ-ის სრული მოსახლეობის დაახლოებით 14%) დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 750 000 ინდივიდი (ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1.6%). დელტა ვარიანტის გავრცელებამ ხელი შეუშალა ვაქცინაციის პროცესის სწრაფად და ეფექტურად დასრულებას. დღესდღეობით, აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 59%-ია სრულად, ორი დოზითაცრილი, ხოლო ერთი დოზით ვაქცინირებულთა რაოდენობა მოქალაქეთა 67%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით აშშ არამხოლოდ დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოებს (გერმანია, სამხრეთ კორეა, იაპონია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ბელგია, დანია, გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, ავსტრალია და ა.შ.), არამედ სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აღმოსავლეთ აზიის განვითარებადი სახელმწიფოების გარკვეულ ნაწილსაც (საუდის არაბეთი, მაროკო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩილე, კამბოჯა, კუბა, სალვადორი, ურუგვაი და ა.შ.) ჩამორჩება.

ეკონომიკური რეცესია

კოვიდპანდემიის განგრძობითი საფრთხის პირობებში, აშშ-ის ეკონომიკაც მძიმე რეცესიას განიცდის. წლის დასაწყისში გავლენიანი ფინანსური გამოცემები ვარაუდობდნენ, რომ 2021 და 2022 წელს აშშ-ის ეკონომიკა, შესაბამისად, 5.7% და 4.4%-ით გაიზრდებოდა, თუმცა, ვაქცინაციის არასაკმარისად სწრაფმა ტემპმა და ვირუსის დელტა ვარიანტის გავრცელებამ აშშ-ის ეკონომიკური აღდგენა მნიშვნელოვნად შეაფერხა. Goldman Sachs-ის მონაცემებით, 2021 წელს აშშ-ის ეკონომიკა 4.5%-ით, ხოლო 2022 წელს მხოლოდ 4% -ით გაიზრდება. შემცირებულია სამუშაო ადგილების რაოდენობაც. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ივლისიდან მოყოლებული, სამუშაო ადგილები დაახლოებითხუთმა მილიონმა ადამიანმა დაკარგა. გარდა ამისა, უკანასკნელი წლის მანძილზე ინფლაციის მაჩვენებელი 1.4%-დან 5.4%-მდე გაიზარდა, რამაც ამერიკელი მოქალაქეების ცხოვრება დროის მცირე მონაკვეთში ხელშესახებად გააძვირა. ზემოხსენებული მაკროეკონომიკური ინდექსების გაუარესებას დაემატა ლოჯისტიკური კრიზისიც, რის გამოც აშშ-ის მრეწველობით ინდუსტრიებს ნედლი პროდუქტი ჩვეულებრივზე ნელი ტემპით მიეწოდება. ლოჯისტიკურმა კრიზისმა ხელი შეუწყო საქონელზე ფასების ზრდას, რაც მომხმარებლის უკმაყოფილების მიზეზი გახდა და მასზე მოთხოვნის შემცირება განაპირობა. ზემოხსენებული ეკონომიკური მახასიათებლები აჩვენებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ეკონომიკური აღდგენის გეგმა არაეფექტურია და ქვეყანა მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას ჯერჯერობით ისევ ვერ ახერხებს.

საგარეო ფაქტორი: ავღანური კამპანიის კრახი

მოქმედი პრეზიდენტი ამერიკული ჯარის ავღანეთიდან გამოსვლის საჭიროებას ხაზს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას უსვამდა. მისი აზრით, ვაშინგტონს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაესრულებინა ფუჭი და ძვირადღირებული ომი ავღანეთში, ამიტომ ის ეთანხმებოდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში თალიბანის რეჟიმთან დადებულ შეთანხმებას. ხელშეკრულების მიხედვით, თალიბანის რეჟიმი დატყვევებული მებრძოლების გათავისუფლებისა და ქვეყნიდან ამერიკული არმიის გასვლის სანაცვლოდ იღებდა ვალდებულებას, დაესრულებინა საომარი მოქმედებები და ხელისუფლების სათავეში მოსახვედრად საპარლამენტო მეთოდებით ებრძოლა. თუმცა, როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმაგვაჩვენა, თალიბანის მხრიდან ხელშეკრულების დადება მიზნად მხოლოდ დროის მოგებასა და ძალების შემოკრებას ისახავდა. ბაიდენმა გააგრძელა ტრამპის მიერ აღებული იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკური კურსი და 2021 წლის თებერვლიდან ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის პროცესი დაიწყო.

თალიბანმა აშშ-სთან დადებული შეთანხმების პირობები 2021 წლის მაისში დაარღვია და შეტევაზე გადავიდა. აგვისტოს დასაწყისში ის დედაქალაქ ქაბულს მიუახლოვდა, თუმცა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით, ავღანეთის ხელისუფლებას დედაქალაქის მინიმუმ 6 თვით დაცვის რესურსი ჰქონდა. ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი ბაიდენს არწმუნებდა, რომ ამერიკული არმიით აღჭურვილი და შესაბამისი სამხედრო გადამზადების მქონე 350 000 კაციანი არმია ეფექტურ წინააღმდეგობას გაუწევდა თალიბანის რეჟიმს, რომელსაც მასზე ოთხჯერ უფრო მცირერიცხოვანი და ცუდად შეიარაღებული მებრძოლი ჰყავდა.

მიუხედავად ამისა, ამერიკელებისთვის მოულოდნელად, 15 აგვისტოს, ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი, ქვეყნიდან გაიქცა, ქაბულის მოსახლეობამ კი თალიბ მებრძოლებს დედაქალაქი უბრძოლველად ჩააბარა. ამის შემდეგ თალიბანმა აშშ-ის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების ქვეყნიდან გასაყვანად 30 დღე მისცა. გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები აქტიურად ავრცელებდნენ ფოტოს, რომელზეც ქაბულში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები ვერტმფრენის საშუალებით სწრაფად ტოვებენ ქვეყანას, რამაც 1975 წელს საიგონის დაცემისა და ვიეტნამური ფიასკოს განმეორების ასოციაცია შექმნა. ავღანური კამპანიის წარუმატებლობამ ბაიდენის ადმინისტრაციის პრესტიჟი მნიშვნელოვნად შეარყია როგორც საკუთრივ, აშშ-ის მოსახლეობაში, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ ზემოხსენებული ფაქტორების ერთობლიობამ საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, დემოკრატიული პარტიისა და მისი ლიდერის რეიტინგის მნიშვნელოვნად შემცირება განაპირობა. აშკარაა, რომ აშშ-ის მოსახლეობა უკმაყოფილოა ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობით, რაც თვითმმართველობის არჩევნების შედეგებშიც აისახა. დემოკრატიულმა პარტიამ რეიტინგის მკვეთრი შემცირების მიზეზები უნდა გააანალიზოს და ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი გეგმა შესთავაზოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შესაძლოა მომავალი წლის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობა დაკარგოს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 8 ნოემბერს გასამართ კონგრესის შუალედურ არჩევნებზე მოქალაქეები წარმომადგენელთა პალატის უკლებლივ ყველა (435) კანონმდებელსა და სენატის 34 წევრს აირჩევენ.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s