იაპონიის ახალი პრემიერი

იაპონიას ახალი პრემიერი ჰყავს. ეს ამბავი გასაკვირი არაა მათთვის, ვინც ამ ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას კარგად იცნობს. ვინც საკითხში ზედაპირულ ერკვევა, შევახსენებ, რომ იაპონიამ ბოლო 24 წლის განმავლობაში 17 პრემიერი გამოიცვალა. მსგავსი არასტაბილურობა ქვეყნის საპარლამენტო წყობითაა განპირობებული, სადაც მთავრობის ხელმძღვანელებისთვის მთავარი მიმზანი-ამოცანა პარტიული მხარდაჭერის მოპოვებაა. ცნობისთვის, უმთავრეს ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებაში კომუნისტური პარტიაც შედის, თუმცა ამჟამად მთავარი ბრძოლა მაინც ლიბერალურ-დემოკრატიულ და კონსტიტუციურ-დემოკრატიულ პარტიებს შორის მიმდინარეობს. ბოლო 30 წელიწადში მხოლოდ ორი შემთხვევა იყო როდესაც ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ ძალაუფლება დაკარგა. შესაბამისად 1993-1996 და 2009-2012 წლებში იაპონიას სოციალისტური და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები მართავდნენ.

2012 წელი განსაკუთრებული იყო, ვინაიდან იაპონიის პოლიტიკურ წყობაში ერთგვარი სტაბილურობა დამყარდა. 2012-2020მ იაპონიის პრემიერი შინზო აბე გახლდათ, რომელიც საკმაოდ ხისტი მიდგომებით გამოირჩეოდა დიპლომატიაში, რაც ამერიკისადმი მკაფიო მხარდაჭერაში და შესაბამისად, ჩინეთთან ურთიერთობების გაფუჭებაში გამოიხატა. თუმცა, აბე უკვე წარსულია და წარსულია მისი მემკვიდრე იოშიჰიდე სუგაც. 2021 წლის 4 ოქტომბრიდან იაპონიის ახალი პრემიერი ფუმიო კიშიდაა. სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავ ლიბერალური პარტიის შიდა ფრაქციების როლს და ამჟამინდელი პრემიერის ბიოგრაფიულ ცნობებზე. დასკვნის სახით კი შევეცდები ვახსენო ის ძირითად სირთულეები, რომლის გადაჭრაც მას მოუწევს და მეტწილად სწორედ, აღნიშნული საკითხები განაპირობებს მის პოლიტიკურ წარმატებას თუ წარუმატებლობას.

ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის შიდა პარტიული ტრენდები  და ფუმიო კიშიდა

მეინსტრიმული პარტიის შიგნით განხორციელებული ცვლილებები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური კონტექსტში. იაპონია მეორე მსოფლიო ომში დამარცხდა და ამერიკის მიერ შეთავაზებულ პირობებზე მოუწია ხელის მოწერა. ამგვარად, ცივი ომიდან გამომდინარე, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის იდეოლოგიური ქვაკუთხედი დაეფუძნა ანტიკომუნიზმს. შესაბამისად, მემარჯვენე ძალები, რომლებიც იაპონიის შეიარაღების გაძლიერებას და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარებას ითხოვდნენ, ფაქტიურად გარიყულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პარტიისგან. „გარიყულთა“ შორის შინზო აბეს ბაბუაც იყო. მიუხედავად ამისა, მათ მაინც შეძლეს დაბრუნება.  ფრაქციის აღზევება უკავშირდება ორ ფაქტორს. პირველი – ეს გახლდათ საბჭოთა კავშირის დაშლა. შესაბამისად ანტიკომუნისტურმა პარადიგმამ რელევანტურობა დაკარგა. მეორე – 1990 იანი წლების ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც დაკარგულ ათწლეულადაც მიიჩნევენ. 2000-იანი წლებიდან ჩვენ უკვე ვხვდებით მემარჯვენე ძალების აღზევებას და დღემდე ისინი პარტიაშიც მძლავრობენ. სწორედ, მათთან კომპრომისი გახლდათ ფუმიო კიშიდას წარმატების გასაღები.

მაშინ, როდესაც აბე ხისტი მიდგომით გამოირჩეოდა, ახალი პრემიერისგან მსგავსს ტაქტიკას არ უნდა ველოდოთ. უფრო მეტიც, კიშიდა ლიბერალურ-დემოკრატიის პარტიის ყველაზე ლიბერალური ფრთის კოჩიკაის ლიდერია, რაც აღნიშნულ არგუმენტს კიდევ უფრო ამყარებს. თუმცა, ამ მოსაზრების სიმყარე დამოკიდებული იქნება მომავალ პოლიტიკურ პროცესებზე და გამოწვევებზე, რომლებსაც იაპონიამ უნდა უპასუხოს.

გამოწვევები

იაპონია მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ერთ დროს ეკონომიკური წარმატების მარგალიტი დღეს სწორედ აღნიშნულ სექტორში განიცდის უმძიმეს დარტყმებს. პირველ რიგში, აღსანიშნავია საგარეო ინვესტიციების ნაკლებობა. კვლევების მიხედვით, მშპ-ს  საგარეო ინვესტიციის წილის მაჩვენებელი ისეთ ქვეყანაზე დაბალია როგორიც ჩრდილოეთ კორეაა. ასე რომ, ამ სტატისტიკაში იაპონიის 196-ე ადგილი არ უნდა გაგვიკვირდეს. იაპონია ასევე ჩამორჩება წარმატების მომტან ახალ ტრენდს – ეკონომიკის დიგიტალიზაციაში მდგომარეობს. 64 შესწავლილი ქვეყნიდან დიგიტალიზაციაში ჩადებული ინვესტიციებისა და ეკონომიკურ მოგების კუთხით, იაპონიას 53-ე ადგილი უკავია. მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანი წლებიდან, პრემიერ-მინისტრები თავიანთ დაპირებებში საგარეო ინვესტიციის წილის გაზრდაზე საუბრობენ, რეალურად ისინი ციფრებით სპეკულირებენ. თუნდაც შინზო აბეს მმართველობის პერიდი ავიღოთ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით საგარეო წილის მოცულობა 359 მილიარდი დოლარი გახლდათ, მაშინ როდესაც რეალური მაჩვენებელი 215 მილიარდს შეესაბამებოდა. არადა რომ არა უცხოური ინვესტიცია, ყველასათვის ცნობილი კომპანია „ნისანი“ დიდი ალბათობით გაკოტრდებოდა. (შენიშვნა: შეგახსენებთ რომ აღნიშნული კომპანიის დიდი წილი ფრანგულმა კომპანია „რენომ“ შეიძინა).

რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კუთხით მთავარ გამოწვევება ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანის ბირთვული ქობინები პირველ რიგში სეულისკენაა მიმართული, იაპონია აქტიურად არის ჩართული ბირთვული განიარაღების პროცესში და რეგიონის და საკუთარი უსაფრთხოების ერთ-ერთ გამოწვევად ჩრდილოეთ კორეას მიიჩნევს.

მიუხედავად პოლიტიკური განცხადებებისა, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა მაინც ნეგატიურად ტრენდად აღიქმება ტოკიოში. ეს მარტივად შეგვიძლია ავხსნათ. პეკინის ეკონომიკური აღმავლობის პარალელულად, სამხედრო დანახარჯებსაც ზრდის. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი  იაპონიის კუთვნილებაში მყოფ სენკაკუ/დიაოიო კუნძულებზე აცხადებს პრეტენზიას. გარდა ამისა, ორივე ქვეყანაში ნაციონალისტური ნარატივების ზრდა ნამდვილად არ მოასწავებს მშვიდობას. ცალკე საკითხია იაპონიისა და შეერთებული შტატების ალიანსი. შეგახსენებთ რომ იაპონია ქუადის წევრია, სადაც ამერიკა, ავსტრალია და ინდოეთია გაერთიანებული. პრესაში ქუადი უკვე მოინათლა, როგორც მინი-ნატო, რომლის უმთავრესი ამოცანაც ჩინეთის შეკავება იქნება.

დაბოლოს – კორონავირუსი. იაპონიაში განსაკუთრებით რთული სიტუაცია იყო ოლიმპიური თამაშების შემდეგ. დღიურმა მაჩვენებელმა აგვისტოში 25,000-მდეც კი მიაღწია. ეჭვგარეშეა, რომ შინზო აბეს მემკვიდრემ იოშიჰიდე სუგამ თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას, რაც პირველ რიგში, პანდემიის მენეჯმენტს ეხებოდა. მან არ გაითვალისწინა რჩევები, რომელიც ოლიმპიური თამაშების გადადებას ეხებოდა. დადებითობის მაღალ მაჩვენებელს დაემატა გადავსებული საავადმყოფოები და სიკვდილიანობის ზრდა. რაც შეეხება ოლიმპიადას, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოკითხულ იაპონელთა ნახევარზე მეტი მხარს თამაშების გაუქმებას უჭერდა. მომდევნო მოვლენებიც ლოგიკური გახლდათ. დაბალ რეიტინგულობას შეეწირა სუგაც, თუმცა პანდემია კვლავ დარჩა. მიუხედავად მძიმე სიტუაციისა ბოლო დროინდელი სტატისტიკა მაინც იმედისმომცემია. 25,000-დან 500-მდე ჩამოსვლა რა თქმა უნდა კარგი შედეგია. დღესდღეობით, იაპონიას თავისი მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი ჰყავს აცრილი, რაც საყოველთაო ვაქცინაციის პროცესის წარმატებაზე მიუთითებს.

როგორც ვნახეთ კორონავირუსმა უკვე შეიწირა ერთი პრემიერი, ვნახოთ როგორ გაუმკვლავდება ამ და არამარტო ამ გამოწვევას იაპონიის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი. 

დასკვნა

ფუმიო კიშიდამ უკვე დააგროვა დიდძალი პოლიტიკური გამოცდილება. საყურადღებოა, რომ ის უკვე გახლდათ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი შინზო აბეს პერიოდში. კიშიდა შეეცდება პარტიული ნდობის მოპოვებას, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, დაეფუძნება შიდა კონსენსუსს. ახალმა პრემიერმა უკვე გააკრიტიკა აბეს მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმები, რაც შესაძლოა ახალი სოციალური რეფორმების მომასწავებელიც გახლდეთ. იაპონიას მრავალი გამოწვევა ელის, მათ შორისაა 31 ოქტომბრით დათარიღებული საპარლამენტო არჩევნები, სადაც მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ენდობა თუ არა ისევ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას.

შოთა მგელაძე, საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s