
კვირას, 26 სექტემბერს გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, მომავალ არჩევნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოქმედი კანცლერის, ანგელა მერკელის, მემკვიდრეობის საკითხი. ვინ გახდება გერმანიის შემდეგი ლიდერი? რომელი პოლიტიკური ძალა მიიღებს არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას? რომელ პარტიებს აქვთ ბუდესტაგში შესვლის შანსი? როგორია წინასაარჩევნო საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები? როგორი იქნება მომავალი სამთავრობო კოალიციის სავარაუდო შემადგენლობა? სტატიაში შევეცდები ზემოხსენებული საკითხების დაწვრილებით განხილვას.
გერმანიის საარჩევნო სისტემა – გერმანიის შიდა პოლიტიკაში უკეთ გასარკვევად საჭიროა ქვეყნის საარჩევნო სისტემის მიმოხილვა. გერმანიას სხვა დასავლური სახელმწიფოებისგან სრულიად განსხვავებული საარჩევნო სისტემა აქვს, რომელიც მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის საუკეთესო თვისებებს წარმატებით აერთიანებს. გერმანიის საარჩევნო სისტემა შერეულია – ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებში ერთ ხმას კონკრეტულ ოლქში წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს აძლევს, ხოლო მეორეს საკუთრივ პარტიას. ბუნდესტაგში მანდატების სრული რაოდენობა (მინიმუმ 598) თანაბრად ნაწილდება მაჟორიტარ კანდიდატებსა და პარტიულ სიებზე. პარტიას ბუნდესტაგში მანდატების მიღება მხოლოდ ორ შემთხვევაში შეუძლია: 1. თუ ის გადალახავს მინიმალურ საარჩევნო ზღვარს, რომელიც გერმანიაში 5%-ს შეადგენს. ასეთი მაღალი ბარიერის მიზანი რადიკალური ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ჯგუფების მარგინალიზებაა; 2. პარტიას მანდატების მიღება იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუ ის დაწესებულ მინიმალურ საარჩევნო ზღვარს ვერ გადალახავს, თუმცა, ამისთვის პარტიის მინიმუმ სამმა მაჟორიტარმა კანდიდატმა საკუთარ ოლქში უნდა გაიმარჯვოს (მაჟორიტარული ოლქების მოსაგებად საკმარისია ხმების მარტივი უმრავლესობის მიღება).
ბუნდესტაგში დეპუტატების მინიმალური რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს არჩევნებში დაფიქსირებული შედეგების შესაბამისად. ეს ძირითადად იმ შემთხვევაში ხდება, თუ რომელიმე პარტიის მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებული კანდიდატების რაოდენობა პარტიის მიერ არჩევნებში პროპორციული სიით მიღებული მანდატების რაოდენობას აღემატება. ასეთ დროს პარტია ბუნდესტაგში დამატებით მანდატებს იღებს. სწორედ ზემოხსენებული შემთხვევის გამო, 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მანდატების მინიმალური რაოდენობა 111-ით გაიზარდა და ისტორიაში ყველაზე მეტი, 709 მანდატი შეადგინა. იმისათვის, რათა პარტიამ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს, მან მანდატების სრული რაოდენობის ნახევარზე მეტი (50%+1) უნდა მიიღოს, რაც, გერმანიის პლურალისტური პარტიული პოლიტიკიდან გამომდინარე უტოპიურ სცენარს წარმოადგენს. გერმანული საარჩევნო სისტემა წარმატებით უშლის ხელს ერთი პოლიტიკური ძალის ხელში აბსოლუტური ძალაუფლების თავმოყრას და ამასთან, არჩევნებში პროპორციულობასთან ერთად დეცენტრალიზაციის მაღალ ხარისხსაც უზრუნველყოფს.
გერმანიის პოლიტიკური ლანდშაფტი: პარტიები იდეოლოგიური პოლიტიკის სადარაჯოზე
უკანასკნელ ხანებში დასავლურ სახელმწიფოთა დიდ ნაწილში, ამომრჩევლის პოლიტიკურ პრეფერენციას არა პარტიის იდეოლოგიური მხარდაჭერა, არამედ კონკრეტული კანდიდატის პიროვნულ თვისებებები აყალიბებს. გერმანია ამ მხრივ გამონაკლისია – პარტიების საარჩევნო პროგრამა და იდეოლოგიური ხედვები გერმანელი ამომრჩევლისთვის ჯერაც ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია. გავლენიანი საერთაშორისო ექსპერტები გერმანიის პარტიულ სისტემას „2 + რამდენიმე პარტიის სისტემას“ უწოდებენ, რაც ქვეყნის პოლიტიკაში ორი მეინსტრიმული პარტიის: მემარჯვენე-ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური გაერთიანებისა და მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტიის დომინაციას გულისხმობს, რომელთაც კონკურენციას რამდენიმე შედარებით მცირე პარტია (მწვანეები, ალტერნატივა გერმანიისთვის, თავისუფალი დემოკრატიული პარტია, მემარცხენეები და ა.შ.) უწევს. ქვემოთ დეტალურად განვიხილოთ ყველა ის პარტია, რომელიც საზოგადოებრივი გამოკითხვებით მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ზღვრის გადალახვას შეძლებს.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური გაერთიანების კოალიცია (CDU/CSU) – მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების კოალიცია 1949 წელს ჩამოყალიბდა. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU) გერმანიის 15 ბუნდესმიწაზე ოპერირებს, ხოლო ქრისტიან-სოციალური გაერთიანება მხოლოდ ბავარიაში ფუნქციონირებს. კოალიციის ოფიციალური იდეოლოგია ქრისტიან-დემოკრატიაა, ხოლო მისი ელექტორატის ძირითად ნაწილს 60 წელს გადაცილებული, ტრადიციული ღირებულებების მქონე ამომრჩეველი შეადგენს. კოალიცია ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობას ემხრობა, ხოლო სოციალური მიმართულებით პარტიის დღის წესრიგი კონსერვატიულია. თუმცა, 2000 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც პარტიის თავმჯდომარე ანგელა მერკელი გახდა, კოალიციის სოციალური პლატფორმა უფრო ლიბერალური გახდა და გარკვეულ დონეზე მხარი დაუჭირა როგორც LGBTQ თემის უფლებებს, ასევე ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას. მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების გაერთიანება გერმანიაში მოქმედი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური დაჯგუფებაა, რომელიც 1949 წლიდან მოყოლებული 18-დან 13 მოწვევის პარლამენტში წამყვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა. CDU/CSU კოალიცია ევროპარლამენტის უდიდესი ფრაქციის – ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ნაწილია. საგარეო პოლიტიკაში პარტია გამოკვეთილად ევროატლანტიკურია და მხარს უჭერს ნატოსა და განსაკუთრებით ევროპის კავშირში გერმანიის როლის ზრდას. CDU/CSU რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების შენარჩუნებას ემხრობა იქამდე, ვიდრე ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაცია არ მოხდება და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომი არ დასრულდება. მიუხედავად ამისა, ქრისტიან-დემოკრატებისთვის მისაღებია გარკვეულ დონეზე კრემლთან ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობა (ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენი) ;
სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) – გერმანიაში არსებული ყველაზე ძველი პოლიტიკური სუბიექტია, რომელიც 1875 წელს დაარსდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში პარტია აფილირებული იყო სხვადასხვა მემარცხენე ორგანიზაციებთან, სავაჭრო კავშირებთან და კომუნისტურ პარტიებთან, თუმცა, 1920-იან წლებში ის სხვა რადიკალური მემარცხენე დაჯგუფებებისგან დისტანცირდა და ხელისუფლების სათავეში მოსვლა დამოუკიდებლად სცადა. პარტიის ოფიციალური იდეოლოგია სოციალ-დემოკრატიაა, რომელიც ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიურ ჩარევას და შემოსავლების სამართლიან განაწილებას ემხრობა. სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტია იყო გერმანიაში მინიმალური საათობრივი ანაზღაურების შემოღების ინიციატორი. მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტია ევროპული სოციალისტების გაერთიანების (PES) წევრია, რომელიც ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) შემდეგ მეორე ყველაზე მსხვილი ჯგუფია. ქრისტიან-დემოკრატების მსგავსად სოციალ-დემოკრატიული პარტიაც საგარეო პოლიტიკაში გამოკვეთილად ევროატლანტიკურია და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის კავშირს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებას ემხრობა. SPD გერმანულ პარტიებს შორის ყველაზე აქტიურად საუბრობს ნატოს თავდაცვითი ქოლგის პარალელურად მოქმედი საერთო ევროპული არმიის იდეაზე, რომელშიც ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები გაერთიანდებიან. პარტია ასევე ლობირებს ევროპის კავშირში საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას და გაეროს უშიშროების საბჭოში ევროპის კავშირისთვის მუდმივი წევრობის მინიჭების ინიციატივით გამოდის. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, პარტია სანქციების შენარჩუნების მომხრეა იქამდე, სანამ კრემლი მინსკის შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს. თუმცა, SPD ხაზს უსვამს მოსკოვთან ეკონომიკური თანამშრომლობის საჭიროებას გერმანიის ეროვნული ინტერესებისთვის;
მწვანეთა პარტია (Die Grünen) – პარტია 1980 წელს დასავლეთ გერმანიაში ჩამოყალიბდა, ხოლო 1993 წელს მას 90-იანელების ალიანსი შეუერთდა. პარტიას გამოკვეთილად მემარცხენე დღის წესრიგი აქვს, რომელიც ძირითადად გარემოსდაცვით საკითხებზე ფოკუსირდება. გარდა ამისა, მწვანეები საუბრობენ ისეთ თემებზეც, როგორიცაა საყოველთაო განათლება, პროგრესული გადასახადები და უმცირესობების უფლებები. პარტიის პოპულარობა განსაკუთრებით 2018 წლიდან გაიზარდა, რაც 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზეც აისახა, რომელშიც მწვანეთა პარტიამ ხმების 20.5%-ით მეორე ადგილი დაიკავა და ევროპარლამენტში 21 დეპუტატი შეიყვანა. მწვანეთა პარტია ევროპარლამენტში მოქმედი ევროპელი მწვანეების (EGP) გაერთიანებაში შემავალი ერთ-ერთი ჯგუფია. საგარეო პოლიტიკაში მწვანეები მხარს უჭერენ ევროპის კავშირსა და ნატოში გერმანიის გაზრდილ როლს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. მწვანეთა პარტიის მანიფესტში აღნიშნულია, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა გერმანიის საგარეო პოლიტიკის ღერძია, ამიტომ აშშ-სთან თანამშრომლობა ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეს. მწვანეთა პარტია გამოკვეთილად ანტირუსულია და ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტია, რომელიც ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენს სრულად ეწინააღმდეგება.
თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FPD) – პარტია 1948 წელს შეიქმნა და მას შემდეგ გერმანიაში მოქმედი ყველაზე მსხვილი ცენტრისტული ლიბერალური პარტიაა. ის მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე ქრისტიან-დემოკრატიულ და სოციალ-დემოკრატიულ პარტიებს შორის დამბალანსებლის ფუნქციას ასრულებდა. თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური პროგრამა, ძირითადად, ადამიანის უფლებების საკითხზე ფოკუსირდება. გარდა ამისა, ეს უკანასკნელი გერმანიაში მოქმედი ყველაზე პროევროპული პარტიაა, რომელიც ევროპარლამენტში არსებული ლიბერალური ფრაქციის ALDE-ს წევრია. მწვანეთა პარტიის მსგავსად, თავისუფალი დემოკრატიული პარტია მხარს უჭერს ევროპის კავშირსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას, თუმცა, ამასთან ხაზს უსვამს საერთო ევროპული არმიის ჩამოყალიბების აუცილებლობას. FPD ასევე გამოკვეთილად ანტირუსული პარტიაა, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას ემხრობა. თავისუფალი დემოკრატიული პარტია მხარს უჭერს ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენზე დროებითი მორატორიუმის დაწესებას.
მემარცხენე პარტია (Die Linke) – 2007 წელს დემოკრატიული სოციალიზმის პარტიისა (PDS) და შრომისა და სოციალური სამართლიანობის პარტიის (WASG) გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. მემარცხენე პარტია აღმოსავლეთ გერმანიაში მოქმედი კომუნისტური პარტიის მემკვიდრეა და სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან განსხვავებით, რადიკალური მემარცხენე დაჯგუფებაა. მემარცხენეები მხარს უჭერენ მინიმალური საათობრივი ანაზღაურების 13€-მდე გაზრდას და სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების დაფინანსების გაორმაგებას. მემარცხენე პარტია ევროპარლამენტში არსებული ევროპელი მემარცხენეების პარტიის (PEL) ნაწილია. საგარეო პოლიტიკაში პარტია აქტიურად ეწინააღმდეგება NATO-ს და გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს გერმანიის ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გამოყვანას ჰპირდება. მემარცხენეები ყველაზე პრორუსული ჯგუფია, რომელიც მხარს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სრულად მოხსნას უჭერს. გარდა ამისა, მემარცხენეების აზრით, საჭიროა შეიქმნას კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელშიც სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, რუსეთის ფედერაციაც იქნება წარმოდგენილი;
ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) – ალტერნატივა გერმანიისთვის ყველაზე ახალგაზრდა გერმანული პარტიაა, რომელიც 2013 წელს ჩამოყალიბდა. AfD რადიკალური მემარჯვენე-ნაციონალისტური პარტიაა, რომელიც საიმიგრაციო კანონების გამკაცრებას ემხრობა. პარტიის პოპულარობა განსაკუთრებით 2015 წლიდან გაიზარდა, როდესაც ევროპას მიგრაციული კრიზისი დაატყდა თავს. AfD-ის პოპულარობის მიზეზი გერმანელ მოქალაქეებში გაზრდილი ევროსკეპტიკური და ნაციონალისტური განწყობებია, რის ხარჯზეც მან 2017 წლის არჩევნებში საარჩევნო ზღვრის გადალახვა და პარლამენტში შესვლა შეძლო. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რადიკალურმა მემარჯვენე პარტიამ ბუნდესტაგში მანდატების მოპოვება მოახერხა. 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ალტერნატივა გერმანიისთვის იტალიურ ჩრდილოეთის ლიგასთან გაერთიანდა და ევროპარლამენტში იდენტობისა და დემოკრატიის (ID) ფრაქცია ჩამოაყალიბა, რომელიც ევროპის კავშირის დატოვების საკითხს ღიად ლობირებს. საგარეო პოლიტიკაში AfD-ის მიზანია შეამციროს ქვეყნის დამოკიდებულება ნატოსა და განსაკუთრებით ევროპის კავშირზე, რომელსაც ეროვნული იდენტობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. პარტია ეწინააღმდეგება რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას და მიიჩნევს, რომ კრემლთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება გერმანიის ეროვნულ ინტერესში შედის. მემარცხენეების მსგავსად, ალტერნატივა გერმანიისთვის ასევე მხარს უჭერს ჩრდილოეთის ნაკადის პროექტს.
სოციალური გამოკითხვების შედეგები – სხვადასხვა სოციალური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მეინსტრიმული პარტიების (ქრისტიან-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული პარტიების) რეიტინგი უკანასკნელ ხანებში მკვეთრად შემცირდა, ამავე დროს ზრდადია ლიბერალური და მწვანე პარტიების პოპულარობა. გერმანული გამოცემა Bild-ის გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ძალა სოციალ-დემოკრატიული პარტიაა (25%), რომელიც მეორე ადგილზე მყოფ ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური პარტიების გაერთიანებას 3%-ით უსწრებს. მესამე პოზიციას მწვანეთა პარტია იკავებს (15%), ხოლო შემდეგ მოდის ალტერნატივა გერმანიისთვის (12%), თავისუფალი დემოკრატიული პარტია (11%) და მემარცხენეები (7%). Ipsos-ის კვლევით სოციალ-დემოკრატიული პარტიას კიდევ უფრო გამოკვეთილი უპირატესობა აქვს (27%). CDU/CSU-ს მხარდაჭერა 21%-ს, ხოლო მწვანეთა პარტიის რეიტინგი 18%-ს შეადგენს. რაც შეეხება უფრო მცირე პარტიებს, გამოკითხვები აჩვენებს, რომ AfD-სა (11%) და თავისუფალ დემოკრატებს (10%) გერმანიის მოსახლეობაში დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა აქვთ. ბოლო ადგილს იკავებს მემარცხენე პარტია ხმების 7%-ით.
რაც შეეხება პარტიის ლიდერთა რეიტინგებს, ამ მხრივ პირველ ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ოლაფ შოლცია, რასაც ხელი შეუწყო კანცლერობის კანდიდატებს შორის გამართული დებატების შედეგებმაც. INSA-ს მიერ გამოკითხულ რესპოდენტთა უმრავლესობის (42%) აზრით, დებატები სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა მოიგო. იმავეს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კანდიდატ, არმინ ლაშეტზე, გამოკითხულთა მხოლოდ 27%, ხოლო მწვანეთა პარტიის ლიდერ, ანალინა ბერბოკზე, 25% ფიქრობს. ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად გასათვალისწინებელია მოქმედი კანცლერის, ანგელა მერკელის, ფაქტორიც, რომელიც მხარს არმინ ლაშეტს უჭერს. მერკელის პოლიტიკური კაპიტალი ამ უკანასკნელს მომავალ არჩევნებში მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს.
მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარი – საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერცერთი პარტია მიიღებს. საუკეთესო შემთხვევაში, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას ორი ყველაზე მსხვილი პარტიის (CDU/CSU + SPD) გაერთიანება („გრანდ-კოალიცია“) დასჭირდება, თუმცა, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია სამთავრობო კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებებს ჯერ შედარებით მცირე პარტიებთან შეეცდება. თეორიულად შესაძლებელია 7 განსხვავებული კოალიციის ჩამოყალიბება:
- „გრანდ-კოალიცია“ (CDU/CSU + SPD) – ეს ცენტრისტული პარტიების ალიანსია, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების კოალიციას წარმოადგენს. გერმანიის არჩევნების უმრავლესობა, როგორც წესი, სწორედ ამ კოალიციის შექმნით სრულდება;
- „შავ-ყვითელი კოალიცია“ (CDU/CSU + FDP) – გულისხმობს ქრისტიან-დემოკრატებისა და თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ალიანსს. კოალიციის დადებითი მხარე ისაა, რომ ზემოხსენებულ ორივე პარტიას მეტ-ნაკლებად მსგავსი იდეოლოგიური ხედვები აქვს, თუმცა ამ კოალიციის ჩამოყალიბება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია არჩევნებში ხმების დაახლოებით 40%-ს მიიღებს, რაც რთულად განსახორციელებელი ამოცანაა;
- „წითელ-მწვანე კოალიცია“ (SPD + Greens) – სოციალ-დემოკრატიული და მწვანე პარტიების კოალიცია. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ზემოხსენებული კოალიციის ჩამოყალიბების პრაქტიკული შანსი არსებობს, თუმცა, რთულად წარმოსადგენია, რომ ამ ორმა პარტიამ კოალიციური მთავრობიდან ქრისტიან-დემოკრატიული მთავრობა გამოთიშოს;
- „იამაიკური კოალიცია“ (CDU/CSU + FDP + Greens) – ქრისტიან-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატებისა და მწვანეების კოალიციის ჩამოყალიბება ელექტორალურად შესაძლებელია, თუმცა, საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან სამივე პარტიას განსხვავებული დღის წესრიგი აქვს და მოლაპარაკებების პროცესი მარტივი არ იქნება;
- „წითელ-წითელ-მწვანე კოალიცია“ (SPD + Linke + Greens) – სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და მემარცხენეების ალიანსი იდეოლოგიური თვალსაზრისით ლოგიკურია (სამივე პარტიას მემარცხენე დღის წესრიგი აქვს), თუმცა, როგორც წესი ისინი იშვიათად ახერხებენ სამთავრობო კოალიციის ფორმირებისთვის საჭირო მხარდაჭერის მიღებას. თუმცა, წლევანდელ არჩევნებში ზემოხსენებული კოალიციის განხორციელების პრაქტიკული შანსი არსებობს. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, სამივე პარტიას ერთად 50%-იანი მხარდაჭერა აქვს;
- „წითელ-ყვითელ-მწვანე, ე.წ. კოალიცია შუქნიშანი“ (SPD + FDP + Greens) – სოციალ-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატების და მწვანეების თანამშრომლობა თეორიულად შესაძლებელია, თუმცა, პრაქტიკაში მის განხორციელებას ხელს უშლის თავისუფალი დემოკრატების აბსოლუტურად განსხვავებული დღის წესრიგი დანარჩენ ორ პარტიასთან შედარებით;
- „კენიური კოალიცია“ (CDU/CSU + SPD + Greens) – აქაც ზემოხსენებული პრინციპი მოქმედებს. სამი ყველაზე მსხვილი პარტიის თანამშრომლობა დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტია, თუმცა, არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია შეეცდება კოალიციური მთავრობა მცირე პარტიებთან შექმნას, რომელთა კონტროლიც შედარებით მარტივი იქნება.
წლევანდელ არჩევნებში ყველაზე მეტად სავარაუდოა ე.წ. „იამაიკური“ ან „წითელ-წითელ-მწვანე“ კოალიციის ჩამოყალიბება, თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს სხვა ვარიანტებიც, მათ შორის „გრანდ კოალიცია“ და „წითელ-ყვითელ-მწვანე“ კოალიცია. რომელი პარტია მიიღებს ყველაზე მეტ ხმას და შეეცდება სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებას, ამას 26 სექტემბრის არჩევნების შედეგი გვიჩვენებს. ნებისმიერ შემთხვევაში ერთი რამ ცხადია – ანგელა მერკელის წასვლით გერმანულ პოლიტიკაში ახალი ეპოქა იწყება, რომელიც სავსეა ახალი შიდა თუ საგარეო პოლიტიკური გამოწვევებით.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი