კრემლის ანაბეჭდები 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში

რუსული საცეცები ამერიკულ პოლიტიკაში 2016 წლამდე გაცილებით ადრე გამოჩნდა. ამერიკის საარჩევნო ციებ-ცხელებაც, რასაკვირველია, მხოლოდ ერთწლიანი პერიოდით არ შემოიფარგლება და საკმაოდ ხანგრძლივ ციკლს მოიცავს. სენატის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის პროპაგანდის გააქტიურება ამერიკაში 2014 წლიდან შეინიშნება. ამერიკის სადაზვერვო საბჭოს (NIC) 2017 წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად გამიზნულად “შეუკვეთა” საინფორმაციო კამპანია, რაც რამდენიმე მიმართულებით უნდა განვითარებულიყო. მის პირველ ძირითად მიზანს ელექტორატის პოლარიზაცია წარმოადგენდა იმ რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა ტიპის განსხვავებების ხაზგასმით, რაც ბუნებრივად გამოიწვევდა სენტიმენტებს მოსახლეობაში და გარკვეულწილად მაინც გათიშავდა ამერიკულ ერთობას. მეორე მიზანი დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, გამიზნულ დისკრედიტაციაში მდგომარეობდა, რისთვისაც გამოყენებული იქნა არა მხოლოდ ყალბი ინფორმაცია, არამედ პირდაპირი კიბერ ჩარევაც, ე.წ. ფიშინგი, რა გზითაც რუსულ სპეცსამსახურებს ხელში ჩაუვარდათ ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მნიშვნელოვანი პირადი და საქმიანი მიმოწერა. დეზინფორმაციის პოლიტიკა 2014-2016 წლებში იქცა მძლავრ იარაღად, რომელმაც სამოქმედო სივრცედ აირჩია ყველასათვის ხელმისაწვდომი, გავლენის მოსახდენად მარტივი პლატფორმა – სოციალური ქსელი. რუსული პროპაგანდის მეთოდიკის ძლიერებაზე მეტყველებს ისიც, რომ მექანიზმის ამოქმედებამდე რუსულმა მხარემ კარგად შეისწავლა სამიზნე ჯგუფის სოციალური ნიადაგი და გამოიყენა სტატისტიკურად ამერიკაში ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ჩართულობის მქონე პლატფორმა – Reddit.

დეზინფორმაციული სტატუსები საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას რამდენიმე მახასიათებლით გამოირჩეოდა. ნაწილი მათგანი შეიცავდა ფალსიფიკაციას, ხოლო მეორე ნაწილი ამ ან ზოგ შემთხვევაში, რეალური ფაქტების შეფასებას წარმოადგენდა ამ აზრის ირგვლივ გარკვეული ჯგუფების მობილიზაციის მიზნით. პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის, ქეთლინ ჰოლ ჯეიმსონის ხედვით, რუსულ კამპანიას ამერიკასთან მიმართებაში ამოძრავებდა სამი ძირითადი ასპექტი: პირველი, ეს იყო ფოკუსირება ტრამპის დღის წესრიგზე და შესაბამისი ინფორმაციის გაშუქება, მეორე – ჰილარი კლინტონის და მისი მხარდამჭერების მარგინალიზება და მესამე – სამიზნე აუდიტორიის ზუსტი განსაზღვრა. სავარაუდოდ ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს პროპაგანდის ამოქმედებისას და კრემლმაც სპეცსამსახურების ეფექტური მოქმედებით წერტილოვანი დარტყმები მიაყენა ამერიკულ საზოგადოებას. ობამას “ღია კარის პოლიტიკით” უკმაყოფილო ჯგუფებმა დადებითად მიიღო ტრამპის წინასაარჩევნო მესიჯები მიგრანტების დემონიზაციის შესახებ. რუსულმა პროპაგანდამ ხაზი გაუსვა მომავალი პრეზიდენტის დამოკიდებულებას ვეტერანების მძიმე სოციალური პირობებისადმი, მხარი დაუჭირა ინიციატივას იარაღის ტარების უფლების შესახებ და საბოლოო ჯამში დაეხმარა დონალდ ტრამპს ჩამოეყალიბებინა ახალი ამერიკელის ფენომენი და რეალური გაეხადა სლოგანი “Make America Great Again”. ის, თუ რაში მდგომარეობს ამერიკის ტრადიციული და ჭეშმარიტი როლი მსოფლიოსთვის, ცალკე მსჯელობის საგანია, თუმცა ფაქტია, რომ სოციალურ ქსელში წარმოებულმა ნაციონალისტურ მოტივებზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ამას ბონუსად დაემატა ისიც, რომ თანდათან უფრო რეალური გახდა საზოგადოების ეჭვები კლინტონის უკანონო და გაუმართლებელი დაფინანსების წყაროების შესახებ. არანაკლებ ძლიერ იმოქმედა დემოკრატი კანდიდატის ირგვლივ აგორებულმა ჭორმა ტერორისტულ ორგანიზაციებთან მისი შესაძლო კავშირის შესახებ.

პროპაგანდისტულმა მანქანამ რელიგიური მოღალატის იარლიყი მიაკრა მუსლიმებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულების მქონე კლინტონს. პარალელურად მასსა და ტრამპს შორის პოლიტიკური დაპირისპირება სატანასა და იესოს შორის დაპირისპირებად გაასაღა. სოციალური ქსელების კონტენტი და იმავე ან მეორე დღეს ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები ზუსტ თანხვედრაში მოდიოდა ერთმანეთთან მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცპროკურორის, რობერტ მალერის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ შედეგი გამოიღო და 2019 წლის მარტის ანგარიშმა დეტალურად და არგუმენტირებულად ჩამოაყალიბა არამხოლოდ რუსული ინტერვენცია, არამედ ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთის მთავრობასთან პირდაპირი თანამშრომლობა. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში რუსულმა მხარემ სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც გამოიყენა აღნიშნული პრაქტიკა, მაგალითად იგი დეზინფორმაციის გავრცელების გზით ჩაერია 2017 წლის კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში, გაააქტიურა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული პროპაგანდა საქართველოში, ხელი შეუწყო პრორუსული ჯგუფების გაძლიერებას უკრაინაში და სხვა. უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართულმა სტრატეგიამ ფაქტების გაყალბების ან სულაც ახალი, გამოგონილი რეალობის მეთოდოლოგიით მალევე გამოააშკარავა მისი მთავარი მიზანი – ამერიკული დემოკრატიის რწმენის დანგრევა, ამერიკის ძლიერი სახელმწიფოებრიობის შესუსტება და იმის დამტკიცება, რომ ლიბერალიზმი ვერ უმკლავდება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს და XXI საუკუნე საჭიროებს ახალ პოლიტიკურ წესრიგს, რომლის დამყარებაშიც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს რუსეთის ფედერაციამ.

საინტერესოაა, რომ რუსული დეზინფორმაცია მხოლოდ ამერიკული სოციალური ქსელებით არ შემოფარგლულა და მის პარალელურად კრემლის მესიჯებს ავრცელებდნენ რუსული სამთავრობო ტელევიზიები – RT (Russia Today) და Sputnik. ინტერნეტ სივრცისგან განსხვავებით რუსული მედია გაცილებით უფრო აშკარად გამოხატავდა ტრამპის მხარდაჭერას და რაც ყველაზე მთავარია, სამიზნე ჯგუფების შესაბამის ენებზე ავრცელებდა საჭირო შინაარსის ტექსტებს. ის ღიად მიესალმა ტრამპის გამარჯვებას და ხაზი გაუსვა ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერის მნიშვნელობას გლობალური სახალხო მოძრაობებისადმი, რაზეც თვითონვე (პუტინმა) ისაუბრა კიდეც 2016 წლის დასავლეთის აკადემიურ ყოველწლიურ კონფერენციაზე და აღნიშნა ლიბერალიზმის კოლაფსი. კრემლის მიერ გავრცელებული ნებისმიერი დეზინფორმაცია შეიცავს ნახევრად სიმართლეს, რაც გამოიხატება რეალურ ფაქტებზე თხრობისას ყალბი ინფორმაციის ინექციით, რაც ეფექტურად მოქმედებს გამოუცდელ მკითხველზე (შეუიარაღებელ თვალზე) და მისთვის მარტივად მისაღებს ხდის პროპაგანდას. რეალური ფაქტების განსხვავებული ინტერპრეტაცია კიდევ ერთი აპრობირებული მეთოდია, რასაც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიმართა პუტინის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პროპაგანდისტმა დიმიტრი კისელევმა. მან პრეზიდენტი ტრამპი ამერიკული კორუმპირებული „ისთაბლიშმენტის“ და დანაშაულებრივი დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მსხვერპლად გამოაცხადა, რადგანაც მიიჩნია, რომ აშშ-ის პოლიტიკური ინსტიტუტები ტრამპის არჩევის პრევენცირებას ცდილობდნენ მისი გამოხატული სურვილის გამო, პოზიტიური ურთიერთობები დაემყარებინა მოსკოვთან. ტრამპის გაცხადებული სატელევიზიო მხარდამჭერი იყო ვლადიმერ ჟირინოვსკიც, რომელიც აცხადებდა რომ რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი “შამპანიურს დალევდა”, რადგანაც მას აშკარად მიეცემოდა საშუალება გაემყარებინა საკუთარი პოზიციები სირიასა და უკრაინაში. ამის საპირისპიროდ Russia Today-ის პროპაგანდამ კლინტონის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა ისეთი არგუმენტები, როგორიც იყო მისი კორუმპირებულობა, სუსტი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა და კავშირები ისლამურ ექსტრემიზმთან. ოფიციალური პირები ტელევიზიაში დაუფარავად გამოთქვამდნენ “შიშს” იმის შესახებ, რომ კლინტონის არჩევას შესაძლოა ომის ზღვარზე მიეყვანა აშშ და რუსეთი. კლინტონის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან ვიდეოებს მილიონობით ნახვა ჰქონდა. განსაკუთრებულად დიდი გამოხმაურება კი საინფორმაციო სააგენტო WikiLeaks-ის და ჟულიან ასანჟის ექსკლუზივს მოჰყვა: წინასაარჩევნო კამპანიისას, 2016 წლის 6 აგვისტოს Russia Today-მ გამოაქვეყნა ინგლისურენოვანი ვიდეო, სახელწოდებით “Do WikiLeaks Have Email They’ll Put Clinton in Prison?”, ექსკლუზიური ინტერვიუ ასანჟთან, სახელწოდებით “Clinton and ISIS Funded by the Same Money და RT-ის ყველაზე პოპულარული ვიდეო ჰილარი კლინტონზე – „How 100% of the Clinton’s ´Charity´ Went to… Themselves”. კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხის ამერიკულმა ოფისმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი შეერთებული შტატების წარუმატებლობას დემოკრატიასა და სამოქალაქო თავისუფლებებში. საარჩევნო პროცესი შეფასდა როგორც არადემოკრატიული. ყველაზე საინტერესო კი მაინც ის იყო, რომ რუსული სატელევიზიო სააგენტოს აქტიურობა დაიწყო არა 2016, არამედ ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბრიდან, როდესაც Russia Today-მ წარმოადგინა ორი ახალი პოლიტიკური შოუ: “Breaking the Set“ და “Truthseeker”. ორივე მათგანი მიმართული იყო აშშ-ის და დასავლური მთავრობების კრიტიკისკენ. ახალ სატელევიზიო შოუებს მალევე მოჰყვა დოკუმენტური ფილმების სერია, რომელთა ნაწილი ამერიკული მმართველობის კორუმპირებულობაზე საუბრობდა, ნაწილი კი ასაბუთებდა, რომ შეერთებული შტატების სისტემა დემოკრატიულად ვეღარ შეიცვლება, ამიტომაც საჭიროა “რევოლუცია”. ამ საპროტესტო მუხტის გასაღვივებლად 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ RT-მ გამოაქვეყნა მორიგი დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით “Cultures of Protest”, რომელიც მოგვითხრობდა განსაკუთრებით აქტიური და ხშირად ძალადობრივი პოლიტიკური წინააღმდეგობის შესახებ. არჩევნების დღესვე Russia Today-ის რედაქტორმა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ამერიკა თვითონვე განიცდის დემოკრატიულობის დანაკლისს და მას არ აქვს არანაირი მორალური უფლება ასწავლოს დემოკრატია დანარჩენ მსოფლიოს. ფაქტობრივად, რუსეთმა აშკარა და დაუფარავი საინფორმაციო ომი (information warfare) ამერიკის წინააღმდეგ გამოაცხადა 2012 წელს და გაშალა რამდენიმე ძირითადი მიმართულებით. რუსული პროპაგანდა გახდა ომის წარმოების საშუალება, რომელიც დროთა განმავლობაში გაცილებით უფრო ძლიერი და მასობრივი აღმოჩნდა, ვიდრე ტრადიციული საშუალებები. ამერიკის კრიტიკას, რომ რუსული დეზინფორმაცია წარმოადგენდა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას, კრემლმა მოკლედ უპასუხა – ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სიტყვის თავისუფლებაა. მიუხედავად ასეთი გამჭრიახი პასუხისა, RT-მ გადაწვიტა, გამჭვირვალობის თავიდან ასაცილებლად აქცენტი სოციალურ მედიაზე გადაეტანა, სადაც გაცილებით უფრო მოქნილად შეძლებდა ინფორმაციის გამავრცელებელი წყაროს დაფარვას და არც სატელევიზიო რეგულაციების გათვალისწინება დასჭირდებოდა. სოციალურ მედიაზე აქცენტირებამ შედეგად მოიტანა, რომ RT ერთ-ერთ ყველაზე ნახვად გვერდად იქცა სოციალურ ქსელში. სწორად დაგეგმილმა პროპაგანდისტულმა პოლიტიკამ 2012-2016 წლებში მტკიცე სარჩული შეუქმნა რუსეთის ფედერაციას საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის არამკაცრმა დამოკიდებულებამ სამანევრო სივრცე და დრო მისცა რუსეთს, რათა მიეღწია თითქმის ნახევარსაუკუნოვანი სტრატეგიული მიზნისათვის – ჩრდილი მიეყენებინა დემოკრატიული წესრიგისთვის. რუსეთის ფედერაციამ ნელნელა მოამზადა საჭირო ინფრასტრუქტურა, რათა უპირობო ლიდერი გამხდარიყო საინფორმაციო ველზე და ფარული აგრესიით ჩართულიყო ამერიკის შეერთებული შტატების შიდაპოლიტიკურ დემოკრატიულ პროცესებში. ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებული იდეოლოგიური განსხვავებები განაპირობებს იმას, რომ ლიბერალურ წესრიგზე დაფუძნებულ ამერიკაში გადაწყვეტილებები მიიღება ინსტიტუციონალურად, რაც ზრდის როგორც რეაქციის დროს, ისე მასში ჩართულ აქტორთა მასშტაბს, ხოლო რუსეთში, როგორც რეალისტური სკოლის მიდგომაზე დაფუძნებულ ავტორიტარულ რეჟიმში, გადაწყვეტილების მიღებასა და განხორციელებას შორის დროითი სხვაობა არის ძალიან მცირე, რაც გამოწვეულია გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მცირე ოდენობით. ამიტომაცაა, რომ პოლიტიკის წარმოების მოკლევადიან ციკლში რუსეთი გვევლინება ძლევამოსილ, დომინანტ სახელმწიფოდ, რომელიც ყველა შესაძლო საშუალებით აღწევს მიზანს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გრძელვადიან მონაკვეთში რუსეთი უცილობლად დაშლისათვის განწირული პოლიტიკური სხეულია, რადგანაც ისტორიამ აჩვენა, რომ ტერორზე, აგრესიასა და იძულებით მოკავშირეობაზე დაფუძნებული ძალა დიდხანს ვერ იოპერირებს საერთაშორისო არენაზე.

თათა ცინცაძე

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ წარმოადგენდეს საგარეო პოლიტიკის საბჭოს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s