აშშ 9/11-დან 20 წლის შემდეგ: სუპერსახელმწიფოს სტრატეგიული შეცდომების ანალიზი

გავლენიანი პოლიტიკის მეცნიერები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 2011 წლის 11 სექტემბერი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის თარიღია. ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას მიერ აშშ-ის ტერიტორიაზე განხორციელებულმა ტერაქტების სერიამ საერთაშორისო პოლიტიკაში რამდენიმე ახალი ტენდენცია გამოკვეთა:

სუპერსახელმწიფოს მოწყვლადობა – 11 სექტემბრის ტერაქტმა განამტკიცა მოსაზრება, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში აბსოლუტური უსაფრთხოების განზომილება არ არსებობს. არცერთი ქვეყნის, მათ შორის სუპერსახელმწიფოს მოქალაქეებიც კი არ არიან გარკვეული საფრთხეებისგან სრულად დაცული;

„ახალი ომების“ ეპოქის დასაწყისი – ტყუპ შენობებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა საბოლოოდ დაასრულა „ძველი ომების“ ეპოქა და ის ახალმა, იდენტობაზე დაფუძნებულმა კონფლიქტებმა ჩაანაცვლა. „ძველი ომებისგან“ განსხვავებით, რომელშიც აქტორთა ძირითადი სტრატეგიული მიზანი ტერიტორიის კონტროლი იყო, „ახალ ომებში“ დაპირისპირებულ მხარეთა მოტივაცია დაშინებით პოლიტიკური მიზნების მიღწევაა. გარდა ამისა, თუ თითქმის მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში კონფლიქტები ძირითადად სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობდა, დღესდღეობით კონფლიქტებში აქტიურად არიან ჩართულები არასახელმწიფო აქტორებიც (მათ შორის ტერორისტული ჯგუფები);

ისტორიის დასასრულის მითის დანგრევა – 11 სექტემბრის ტერაქტმა დაანგრია დასავლურ სამყაროში შექმნილი მითი ისტორიის დასრულებისა და ლიბერალური დემოკრატიის უალტერნატივო გამარჯვების შესახებ. დასავლეთის პოლიტიკური და აკადემიური ელიტა მიუბრუნდა ჰანტინგტონის ცნობილ თეორიას „ცივილიზაციათა შეჯახების“ შესახებ, რომლის მიხედვით, ზოგიერთი ცივილიზაცია ერთმანეთის ბუნებრივი მტერია, რაც უახლოეს მომავალში დასავლური და ისლამური ცივილიზაციის გარდაუვალ კონფრონტაციამდე მიგვიყვანს;

მოდერნიზებული კოლექტიური უსაფრთხოება – ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლურ სამყაროში დომინირებდა მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ საერთაშორისო დღის წესრიგიდან ყველა ეგზისტენციალური პრობლემა მოხსნა. 11 სექტემბრის ტერაქტმა ზემოხსენებულ მსჯელობას რაციონალური საფუძველი გამოაცალა. დასავლეთმა გაიაზრა, რომ ძველი საფრთხეები ახალმა ჩაანაცვლა, რომელთან გამკლავებაც ძველი ალიანსების მოდერნიზებასა და საკუთარი გრანდსტრატეგიის საფუძვლიან რევიზიას მოითხოვს.

აშშ-ის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ: სუპერსახელმწიფოს კონტრტერორისტული სტრატეგია – 11 სექტემბრის შემდეგ გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაუდგა. ამას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებდა: 1. 9/11-ის ტერაქტმა უპირველესად სწორედ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი დააზარალა; 2. საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად გამოწვევასთან გამკლავება სწორედ აშშ-ის, ერთადერთი სუპერსახელმწიფოსა და „მსოფლიო პოლიციელის“ პასუხისმგებლობა იყო. ტერაქტის საპასუხოდ, 2001 წლის 16 სექტემბერს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ უმცროსმა, ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომი ოფიციალურად გამოაცხადა, რაც შიდაპოლიტიკური რეფორმებისა და საერთაშორისო სამხედრო კამპანიების  ერთობლიობას მოიცავდა. ბუშმა ტერორიზმთან გლობალურ ომში ოთხი ძირითადი მიზანი დაისახა: 1. ტერორისტული ჯგუფების (განსაკუთრებით ალ-ქაიდასა და მისი განშტოებების) იდენტიფიცირება, მათი ადგილმდებარეობების დადგენა და სრულად განადგურება; 2. ტერორისტებისთვის დაფინანსების გზებისა და პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვების შეზღუდვა; 3. ტერორისტული ჯგუფებისთვის ახალი წევრების რეკრუტირებაში ხელის შეშლა; 4. ამერიკელი მოქალაქეების დაცვა ქვეყნის შიგნითა და მის საზღვრებს გარეთ. ამ მიზნების მისაღწევად, ბუშის ადმინისტრაციამ საკმაოდ ხისტი და პროაქტიური კონტრტერორისტული პოლიტიკა გაატარა, მათ შორის უნდა გამოიყოს ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეფორმა:

„პატრიოტის აქტი“ – ბუშის ადმინისტრაციამ ქვეყნის საზღვრებს შიგნით ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 2001 წლის 16 ოქტომბერს პატრიოტის აქტი გამოსცა, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ძალოვანი და სადაზვერვო სტრუქტურების გავლენა მნიშვნელოვნად გაზარდა. აქტის მეშვეობით, ძალოვნებმა პოტენციური ეჭვმიტანილების მოსმენისა და თვალთვალის შეუზღუდავი უფლება მიიღეს. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს მიეცა უფლება სასამართლოსგან მოეთხოვა ნებისმიერი ინდივიდის საბანკო ანგარიშებზე წვდომა, გამკაცრდა ასევე ტერორიზმთან კავშირში მყოფი ბრალდებულების სასჯელის ზომა. პატრიოტის აქტის ასეთმა ხისტმა პირობებმა ამერიკულ საზოგადოებაში ერთგვარი დებატი წარმოშვა – მოქალაქეთა ერთი ნაწილი თვლიდა, რომ ამგვარი ზომები საჭირო და გამართლებული იყო ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით, მეორე ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ აქტის რეალური მიზანი არა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ  მოქალაქეების ტოტალური კონტროლი და პოლიტიკური მეტოქეების დისკრედიტაცია იყო. პატრიოტის აქტმა რეავტორიზაცია 2005, 2009 და 2011 წლებში გაიარა, საბოლოოდ კი 2015 წელს პრეზიდენტმა ობამამ ის „აშშ-ის თავისუფლების აქტით“ ჩაანაცვლა, რომელმაც ძალოვან და სადაზვერვო სამსახურებს პატრიოტის აქტით მინიჭებული უფლებამოსილებები წაართვა;

ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო კამპანიები – ქვეყნის ფარგლებს გარეთ, აშშ-მა ტერორიზმთან ბრძოლის სამხედრო ფორმა შეარჩია და მიზანში ყველა ის ქვეყანა ამოიღო, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით ალ-ქაიდას ტერორისტული სპეცოპერაციების განხორციელებაში ეხმარებოდა. ამ მიმართულებით გამოიკვეთა 2 ძირითადი სამიზნე: ავღანეთი და ერაყი.

ავღანეთში 1996 წელს ძალაუფლება ხელში ჩაიგდო თალიბანის რეჟიმმა, რომელიც ქვეყანას შარიათის კანონებით მართავდა. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით, თალიბანის რეჟიმი ალ-ქაიდას წევრებს აქტიურად ეხმარებოდა და არსებობდა ინფორმაცია, რომ ალ-ქაიდას ლიდერი, ოსამა ბინ-ლადენი, თავს სწორედ ავღანეთს აფარებდა. რაც შეეხება ერაყს, ამ პერიოდისთვის ერაყს სადამ ჰუსეინი მართავდა, რომელიც მისი მმართველობის თავდაპირველ ეტაპზე, აშშ-ის მოკავშირედ ითვლებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჰუსეინმა რეგიონული ჰეგემონიის მიღწევა მეზობელ ქუვეითზე თავდასხმითა და ქურთი მოსახლეობის გენოციდით გადაწყვიტა, ის ვაშინგტონის დაუძინებელ მტრად გადაიქცა. 1991 წელს აშშ-მა ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების კასკადი – „უდაბნოს ფარი“ და „უდაბნოს ქარიშხალი“ განახორციელა, რამაც ჰუსეინის რეჟიმი უკიდურესად დაასუსტა, თუმცა, მაშინ ვაშინგტონი მიღწეულით დაკმაყოფილდა და რეჟიმის ძალისმიერი ცვლილება არ უცდია. დროთა განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰუსეინი ისევ აგრძელებდა ქურთი მოსახლეობის გენოციდს, იფარებდა აშშ-ის წინააღმდეგ მებრძოლ ტერორისტებს, მათ შორის ალ-ქაიდას წევრებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო,  CIA-ს ცნობით, ჰუსეინი აქტიურად მუშაობდა ბირთვულ პროგრამაზე.

ორივე სამხედრო კამპანიის პირველი ფაზა აშშ-ის არმიის სწრაფი გამარჯვებით დასრულდა. მოკავშირეთა ჯარმა დაახლოებით 2 თვეში ჩამოაგდო თალიბანის რეჟიმი, ხოლო ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად მას სულ რაღაც 19 დღე დასჭირდა. ომის მეორე ეტაპი დაახლოებით 2009 წლამდე გრძელდებოდა, როდესაც აშშ ორივე ქვეყანაში ინარჩუნებდა მძლავრ სამხედრო კონტიგენტს და დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას ცდილობდა. ამ ეტაპზე ავღანური და ერაყული დაჯგუფებები ღიად მოქმედებას ერიდებოდნენ, ხოლო ომის მესამე ეტაპზე, 2009 წლიდან, ვაშინგტონმა ამერიკული კონტიგენტის შემცირება და ძალაუფლების ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის გადაცემა დაიწყო, რაც აშკარა სტრატეგიული შეცდომა აღმოჩნდა, რადგან ახლად ჩამოყალიბებულ ავღანურ და ერაყულ სახელმწიფოებს არ ჰქონდათ შესაბამისი მდგრადობა, რომ ტერორისტულ ძალებს აშშ-ის დახმარების გარეშე გამკლავებოდნენ. ავღანეთში 2016 წლიდან მნიშვნელოვნად ძლიერდება თალიბანის რეჟიმი, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ ქვეყნის თითქმის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა.

ერაყში ჰუსეინის ჩამოგდებამ ადგილზე ორი მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოშვა: 1. სხვადასხვა კონფესიებსა და ეთნიკურ ჯგუფებს (ძირითადად სუნიტებს, შიიტებსა და ქურთებს შორის) შორის არსებული დაპირისპირება ისევ განახლდა; 2. ადგილზე შეიქმნა ძალაუფლების ვაკუუმი, რომელიც ერაყიდან ამერიკული ჯარის გასვლის შემდეგ ისევ რადიკალურმა ისლამურმა ძალებმა შეავსეს. სწორედ ვაშინგტონის ხისტი პოზიციის არარსებობამ განაპირობა სირიისა და ლევანტის ტერიტორიაზე ახალი, ისტორიაში ერთ-ერთი უპრეცედენტოდ მძლავრი ტერორისტული ჯგუფის, დაეშის, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ჩამოყალიბება, რომელმაც 2014-2016 წლებში სირიისა და ერაყის ტერიტორიის დიდი ნაწილი ხელში ჩაიგდო. უკვე 2015 წლიდან აშშ-ის ლიდერობით დაეშის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა კონტრტერორისტული კოალიცია, რომელშიც მრავალი სახელმწიფო გაერთიანდა. დაახლოებით 2 წლიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში კოალიციამ მოახერხა დაეშის სრულად განადგურება, წაართვა რა მას კონტროლირებადი ტერიტორიების დაახლოებით 99%.

აშშ-ის კონტრტერორისტული სტრატეგიის წარუმატებლობის მიზეზები და სამომავლო პერსპექტივა – აშკარაა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ორი ათწლეულის წინ დაწყებული გლობალური ომი წარუმატებლად მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ დაეშის შემთხვევაში შეძლო მის მიერ დასახული მიზნების სრულად შესრულება, ხოლო დანარჩენი კამპანიები (ავღანეთი, ერაყი) კრახით დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის კონტრტერორისტული სტრატეგიის წარუმატებლობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: 1. აშშ-ის არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა – კონტრტერორისტული სტრატეგია სრულად მიყვება საგარეო პოლიტიკის კურსს. ის ხისტია, თუ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ინტერნაციონალისტური და პროაქტიურია, ხოლო პასიურია, თუ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაც იზოლაციონისტურია. ოცდამეერთე საუკუნის პირველ ათწლეულში აშშ-ის კონტრტერორისტული სტრატეგია პროაქტიური იყო, ხოლო მეორე ათწლეულიდან მოყოლებული ის საკმაოდ პასიური გახდა. არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის გამო აშშ-ის გრანდსტრატეგია უფრო ნაკლებად მოქნილი და მანევრულია,  რაც მას სიმეტრიული და განსაკუთრებით ასიმეტრიული საფრთხეების წინაშე უფრო მოწყვლადს ხდის; 2.  საერთაშორისო პარტნიორებთან სუსტი კოორდინაცია  – აშშ-ის კონტრტერორისტული სტრატეგიის წარუმატებლობის მეორე ძირითადი მიზეზი საერთაშორისო პარტნიორებთან არასაკმარისად ეფექტური კოორდინაციაა. განვლილი 20 წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ ვაშინგტონი საკუთარ სტრატეგიულ მიზნებს მხოლოდ მაშინ აღწევდა, როდესაც ის საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიურად თანამშრომლობდა. ასე მოხდა დაეშის შემთხვევაშიც, რომელიც სწორედ აშშ-ის ლიდერობით ჩამოყალიბებულმა საერთაშორისო კოალიციამ დაამარცხა, ხოლო სამხედრო კამპანიებში, რომლებშიც აშშ ძირითადად უნილატერალურად, პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე მოქმედებდა, მას სულ უფრო უჭირდა ხელშესახები შედეგების მიღწევა (ავღანეთი, ერაყი).

11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წლის შემდეგ, ტერორისტული საფრთხეები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, ტერორისტული ჯგუფები კიდევ უფრო გააქტიურდებიან და თუ ვაშინგტონის სურს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საკუთარი მოქალაქეების დაცვა, მან ზემოხსენებულ გამოწვევას სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს  და მთელ მსოფლიოში მაქსიმალურად პროაქტიური კონტრტერორისტული პოლიტიკა გაატაროს.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s