სტამბულის არხი: ერდოღანის კონტროვერსიული მეგაპროექტი – შესაძლებლობა თუ ზედმეტი თავის ტკივილი?

.

თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, სტამბულის არხის გრანდიოზულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე საუბარი ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, თუმცა, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში პროექტი მხოლოდ ფურცელზე არსებობდა. სიტუაცია რადიკალურად 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შეიცვალა, როდესაც ერდოღანმა თურქეთში ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესი ფაქტობრივად დაასრულა, რამაც მას უფრო ხისტი შიდა და საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა მისცა. უკანასკნელი წლების მანძილზე ერდოღანმა რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი (სტამბულის ახალი აეროპორტი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენი, სინოპის ბირთვული ელექტროსადგური და ა.შ.), განახორციელა, თუმცა, სტამბულის არხის მსგავსად მასშტაბური არც ერთი მათგანი ყოფილა. რას გულისხმობს სტამბულის არხის პროექტი? რა შესაძლო სარგებელს/ზიანს მოიტანს ის? როგორია მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და აქვს თუ არა არხს პოტენციალი რეგიონულ/საერთაშორისო პოლიტიკაში გეიმ ჩეინჯერი გახდეს? მოცემულ სტატიაში შევეცდები ზემოხსენებულ კითხვებს ვუპასუხო.

რას გულისხმობს სტამბულის არხის პროექტი? – ერდოღანის გეგმა 45 კილომეტრი სიგრძის, 400 მეტრი სიგანისა და 25 მეტრი სიღრმის ხელოვნური არხის გაჭრას გულისხმობს, რომელიც ერთმანეთთან შავ და მარმარილოს ზღვებს დააკავშირებს. თავის მხრივ, მარმარილოს ზღვა დარდანელის სრუტით ეგეოსის ზღვას უკავშირდება, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ნაწილია. გარდა საკუთრივ არხის გაჭრისა, პროექტი არხის მახლობლად მრავალმილიონიანი საქალაქო დასახლების, ღრმაწყლოვანი პორტის,  ლოჯისტიკური ცენტრებისა და არხთან ინტეგრირებული ხელოვნური კუნძულების მშენებლობას ითვალისწინებს. თურქეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 20 მილიარდი აშშ დოლარი იქნება, თუმცა, ავტორიტეტული ფინანსური გამოცემების გათვლებით, მომავალი წლების განმავლობაში ხარჯები 65 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. 2020 წლის ივნისში თურქეთის პრეზიდენტმა ოფიციალურად გახსნა მშენებლობა საზლიდერეში (ედირნეს პროვინცია) და განაცხადა, რომ არხის დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება.

სარგებლიანობისა და დანახარჯის ანალიზი: რას მოუტანს პროექტი თურქეთს? – თურქეთის მოსახლეობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ექსპერტებში პროექტთან დაკავშირებით აზრები მკვეთრად იყოფა. მომხრეები ყურადღებას ძირითადად პროექტის ეკონომიკურ სარგებლიანობაზე ამახვილებენ:

ბოსფორის სრუტის განტვირთვა – ეს უკანასკნელი ბუნებრივი გეოგრაფიული სივიწროვისა და სრუტით სარგებლობაზე გაზრდილი მოთხოვნის (ყოველწლიურად ბოსფორის სრუტით დაახლოებით 45 000 სამხედრო და სავაჭრო გემი სარგებლობს. შედარებისთვის, სუეცისა და პანამის არხის შემთხვევაში ეს რიცხვები, შესაბამისად, 17 000 და 12 000-ია) გამო სრული დატვირთვით უკვე დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს. სტამბულის არხის გახსნა თურქეთის ხელისუფლებას ბოსფორის სრუტის განტვირთვის შესაძლებლობას მისცემდა, ხოლო სავაჭრო გემებს, ერთი მხრივ, შეუმოკლებდა გზას ეგეოსის/ხმელთაშუა ზღვისკენ, ხოლო, მეორე მხრივ, თავიდან აარიდებდა საზღვაო ტრაფიკს;

ეკონომიკური სარგებელი და ახალი სამუშაო ადგილები – იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით თურქეთს ბოსფორის სრუტეში შემავალი გემებისთვის მხოლოდ ნომინალური სატრანზიტო გადასახადის დაწესება შეუძლია, ახალი არხის გახსნა თურქეთის ხელისუფლებას ტარიფის გაზრდის შესაძლებლობას მისცემდა. თურქეთის ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით, პროექტი გახსნიდან პირველივე წელს მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალს მოიტანს. გარდა ამისა, არხისა და მის გარშემო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობას შექმნის;

გაზრდილი გეოპოლიტიკური და სამაგისტრალო მნიშვნელობა – სტამბულის არხის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის თურქეთის სამაგისტრალო ფუნქციას. არხის პროექტი თურქეთს რეგიონის ინფრასტრუქტურულ ჰაბად ქცევის შესაძლებლობას მისცემს, რაც დამატებით მილიარდობით დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობაა. გეოპოლიტიკური კუთხით, თურქეთი გზას ეფექტურად იმოკლებს ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით და ბოსფორის სრუტის პარალელურად, შავი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელ ალტერნატიულ მარშრუტს ქმნის.

თუმცა, სარგებელთან ერთად მნიშვნელოვანია დანახარჯებისა და რისკების შეფასებაც. პროექტის მოწინააღმდეგეები ყურადღებას მრავალ ეგზისტენციალურ საფრთხეზე ამახვილებენ, მათ შორისაა:

ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროება – საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციები თურქეთის ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ პროექტი კატასტროფულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკოლოგიას. ოფიციალური მონაცემებით, არხის გასაჭრელად საჭიროა დაახლოებით 140 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მიწის განადგურება, ისევე როგორც ადგილობრივი მცირე ტბებისა და საირიგაციო სისტემების დაშრობა, რაც ქალაქს ყოველწლიურად დაახლოებით 35 მილიონი კუბური მეტრის წყლის რესურსს დააკარგვინებს. გაცილებით მძიმე იქნება ჰიდროლოგიური და გეოლოგიური შედეგები. ორი განსხვავებული წყლის დონის, ტენპერატურისა და მინერალიზაციის მქონე ზღვების შეერთება გამოიწვევს იმას, რომ მაღალი დაბინძურების მქონე შავი ზღვის წყალი შეერევა მარმარილოს ზღვას და მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ამ უკანასკნელის საზღვაო ეკოსისტემას. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მაინც ტექტონიკური ფილების ცვლილებაა – სტამბულის არხის მშენებლობით, ქალაქის ევროპული ნაწილი დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებულ კუნძულად გარდაიქმნება, რაც ავტორიტეტული გარემოსდაცვითი გამოცემების შეფასებით, 50-100 კილომეტრის რადიუსში დაახლოებით 10-ჯერ გაზრდის მიწისძვრების ალბათობას;

ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციულ სქემებში მონაწილეობა – გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, საჭიროა პროექტის  პოლიტიკური შედეგების გააზრებაც. თურქეთში მოქმედ ოპოზიციურ პარტიათა ლიდერები აქტიურად საუბრობენ კორუფციულ გარიგებებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე. თურქულ მედიებში ბევრი იწერება იმაზე რომ, სტამბულის არხის გარშემო  ჯერარშექმნილი საქალაქო ტერიტორიების გარკვეული ნაწილი უკვე წინასწარაა გაყიდული, მათ შორის საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრებზე;

რეგიონული კონფლიქტების განვითარების მაღალი ალბათობა – სტამბულის არხის მშენებლობა ზრდის სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთი აპირებს მონტროს კონვენციის (1936) გადახედვას, რა შემთხვევაშიც იზრდება იმის ალბათობა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო წარმომადგენლობა ადგილზე მნიშვნელოვნად გაიზრდება, რასაც რუსეთის ფედერაცია ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს. რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებაში არაერთხელ განაცხადეს, რომ კრემლი არ დაუშვებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე მონტროს დოქტრინის რევიზიას. შესაბამისად, არხის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონში სამხედრო კონფლიქტების ინიცირების შესაძლებლობას.

სტამბულის არხის შიდაპოლიტიკური განზომილება: პრობლემების გადაფარვის მცდელობა

ხელისუფლების სათავეში ყოფნიდან 19 წლის თავზე, ერდოღანისა და მისი პარტიის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული. Metropoll-ის საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, თურქეთის პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად თურქეთის მოსახლეობის მხოლოდ 38% აფასებს, ხოლო უარყოფითად 51% (შედარებისთვის 2016 წელს პრეზიდენტის რეიტინგი 68%-ს შეადგენდა). კიდევ უფრო მკვეთრად მცირდება მმართველი „სამართლიანობისა და აღორძინების პარტიის“ (AKP) პოპულარობა. «MAK Danışmanlık»-ის აგვისტოს კვლევის მიხედვით, მმართველი პარტიის რეიტინგი 33%-ია, მაშინ როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ (CHP) რეიტინგი 23%-ს შეადგენს. ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი 38%-ია, ხოლო მმართველი კოალიციის (“სამართლიანობისა და კეთილდღეობის პარტიას” (AKP) + ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (MHP)) 42%. ტენდენცია აჩვენებს, რომ 2018 წლიდან მოყოლებული, ოპოზიციური პარტიები მმართველ პარტიასთან ჩამორჩენას თვიდან თვემდე ამცირებენ. ერდოღანის შემცირებულ რეიტინგზე მეტყველებს სტამბულის 2019 წლის მერის არჩევნების შედეგებიც, რომელშიც ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე პირველად მმართველი პარტიის კანდიდატი, ბინალი ილდირიმი, არჩევნებში დამარცხდა. ერდოღანის ბოლოდროინდელ წარუმატებლობას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს, მათ შორის უმთავრესი COVID-19-ის კრიზისი, მძიმე ეკონომიკური რეცესია და მმართველი პარტიის ლიდერთა კორუფციული სკანდალებია. სტამბულის არხის პროექტის განხორციელება ძირითადად შიდაპოლიტიკური პრობლემების გადაფარვას ემსახურება. გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობაში შელახული იმიჯის აღდგენის ერთგვარი შანსია, რომლის გარეშეც მმართველ პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში (2023) გამარჯვება გაუჭირდება.

სტამბულის არხის საგარეოპოლიტიკური განზომილება: გეოპოლიტიკური ბერკეტი ერდოღანის ხელში – შიდაპოლიტიკური მოხმარების გარდა, ერდოღანს სტამბულის არხის პროექტი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევადაც სჭირდება. ის თურქეთის პრეზიდენტის ხელში ერთგვარი სავაჭრო ბერკეტია, რომელსაც ის სხვადასხვა სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებში წარმატებით გამოიყენებს. პროექტი თურქეთს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს – მას ნებისმიერ დროს შეუძლია ქვეყანა მონტროს კონვენციიდან გამოიყვანოს, რაც რუსეთისთვის შავიზღვისპირეთში დასავლური ძალების გააქტიურების საფრთხეს ქმნის. არხის თემით სპეკულირება თურქეთს ასეთივე წარმატებით შეუძლია დასავლეთთან ურთიერთობებშიც. ერდოღანის გზავნილი ვაშინგტონის მისამართით მკაფიოა: მას ნებისმიერ დროს შეუძლია თამაშის წესების შეცვლა, მათ შორის იმგვარად, რომელშიც დასავლეთი წაგებულ პოზიციაში აღმოჩნდება, ამიტომ დასავლეთი უნდა ხედავდეს, რომ თურქეთს შეუძლია მისგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება. გარდა ამისა, არხის მშენებლობა ერდოღანის მხრიდან ერთგვარი ძალის დემონსტრაციაა მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ თურქეთი 200 წლიანი წყვეტის შემდეგ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე თანდათანობით სრულ კონტროლს იბრუნებს. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სტამბულის არხის პროექტს უნიკალური შიდა და საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ერდოღანის ხელისუფლებისთვის, ამიტომ თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი მის რაც შეიძლება მალე დასრულებას შეეცდება.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s