
1975 წლის 30 აპრილი
1975 წლის 30 აპრილს ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიამ სამხრეთ ვიეტმანის დედაქალაქი საიგონი აიღო. საქალაქო ბრძოლებისას დევნილები აშშ-ს საელჩოს შენობას თავშესაფრის სათხოვნელად მოაწყდნენ. აშშ-მ საელჩოს თანამშრომლებისა და მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია შვეულფრენებით მოახერხა. ქალაქის აღების შემდეგ ჩრდილოეთ ვიენტნამის საჯარისო ფორმირებებმა მასობივი რეპრესიები და დევნა წამოიწყო. აღნიშნული მოვლენა უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ბნელ ლაქად დარჩა.
2021 წელის შემოდგომაზე 20 წელი სრულდება რაც აშშ ავღანეთში თალიბანისა და ალ-ქაედას წინააღმდეგ იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი აშშ-ს მხარდაჭერილი სამთავრობო ძალების მიერ კონტროლდებოდა, რიგი პროვინციები თუ რაიონები მაინც რჩებოდა თალიბანისა თუ ალ-ქაედას კონტროლქვეშ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობა დაესრულებინა ომი ავღანეთში თალიბანთან მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი გახდა კატარის დედაქალაქ დოჰაში. შეთანხმების მიხედვით თალიბანი წყვეტდა კავშირს ალ-ქაედასთან და თანხმდებოდა ოფიციალურ ქაბულთან ძალაუფლების განაწილების შესახებ მოლაპარაკებებს, ხოლო აშშ-ს სამხედრო ნაწილები ვალდებულებას იღებენენ რომ 2021 წლის ბოლომდე დატოვებდნენ ქვეყანას.
2021 წლის გაზაფხულიდან აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო ნაწილები დაჩქარებული ტემპებით ახორციელებენ ევაკუაციას. აშშ-მ უკვე დატოვა ჯერ კიდევ საბჭოთა ინტერვენციის პერიოდში აშენებული ბაგრამის სამხედრო ბაზა ქაბულთან, რომელიც საბრძოლო ოპერაციების უმთავრეს შტაბს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აშშ მხოლოდ საჰაერო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას და პირდაპირ აღარ იყო ჩაბმული თალიბანის წინააღმდეგ მოქმედებებში, მაინც, მათი არსებობა ავღანეთის სამხედრო ძალების, ხალხისა და ხელისუფლებისათვის დაცულობის გარკვეულ შეგრძნებას ქმნიდა.
2021 წლის ივნისიდან სიტუააცია რადიკალურად შეიცვალა. აშშ-ს სამხედრო ძალების სასწრაფო წესით ევაკუაციასთან ერთად თალიბანმა სამხედრო ოპერაციები სრულმასშტაბიანად განაახლა. მათ შეძლეს და აიღეს არამხოლოდ ხუნდუზის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროვინციის დიდი ნაწილი ჩრდილოეთში, არამედ ხელთ იგდეს ქვეყნის რაიონების დაახლოეით 70%-იც კი. ავღანური სამხედრო ნაწილები ან სასწაფო წესით იხევენ უკან ქაბულისაკენ, ან ქვეყნის დატოვებას დეზერტირული წესით ცდილობენ. ბოლო დღეებში ტაჯიკეთში ასეულობით სამხედრო თუ მშვიდობიანი ავღანელი გადავიდა თავშესაფრის საძიებლად.
აშშ-ს სადაზვერო მონაცემებით 6-დან 12 თვემდე პერიოდში შესაძლოა ავღანეთში ცენტრალური ხელისუფლება ჩამოიშალოს. აღნიშნული სცენარი არაა პანიკის შემცველი და სრულიად რეალისტურია. სწორედ ამიტომ აშშ ქაბულის აეროპორტისა და საკუთარი საელჩოს დასაცავად 650 სამხედროსაგან შემდგარ პერსონალს ტოვებს. რამდენად საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს აღნიშნული რაოდენობა საკითხავია, თუმცა აშშ-სა და ოფიციალურ ქაბულს შორის მოლაპარაკებები კვლავ გძელდება.
მეორეს მხრივ ავღანური სამხედრო ძალების ცალმხრივად შეფასება მცდარი პოზიცია იქნებოდა. ავღანეთის სპეციალური სამხედრო დანაყოფები, რომლებიც აშშ-სა და მათი მოკავშირეების მიერ არიან გაწვრთნილები მნიშვნელოვან და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. მათი დიდი ნაწილი ქაბულის დაცვაზე არიან პასუხისმგებლები. ამას ემატება ავიაციაც. თუკი თალიბანი ეფექტურია მიწაზე, ავღანეთის საჰაერო ძალების უპირატესობა ცხადია ჰაერში. სადაც ავღანური ავიაცია მუშაობს იქ სათუოა თალიბანის წინსვლა. აღსანიშნავია გეოგრაფიული კომპონენტიც. ქაბული მთებითაა შემოსაზღვრული, განსაკუთრებით კი ჩრდილო-აღმოსავლეთია რთულად გადასალახი, შესაბამისად მისი აღება ურთულეს ამოცანას წარმოადგენს.
ავღანეთი არაა მონოეთნიკური ქვეყანა. ჩრდილოეთში მცხოვრები ტაჯიკების მნიშვნელოვანი ნაწილი შიიტია. მათთვის თალიბანი გენოციდურ ძალას წარმოადგენს. მეტიც, როდესაც თალიბანი 2001 წლამდე იყო ხელისუფლებაში ისინი ვერ ახერხებდნენ ჩრდილოეთის დიდი ნაწილის კონტროლს. შესაბამისად საუბარი იმაზე, რომ თალიბანი მთელი ავღანეთის ხელში ჩაგდებას შეძლებს სათუო და ნაკლებად სავარაუდოა.
აუცილებლად აღსანიშნავია სიტუაციის გეოპოლიტიკური შეფასებაც. ავღანეთი არ არის მხოლოდ აშშ-ს თავის ტკივილი. ავღანეთში თალიბების მოსვლა საფრთხეს უქმნის მთელს შუა აზიას, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის მოქმედების უმთავრეს არეალს წარმოადგენს. ავღანეთში თალიბანის გამარჯვების შემთხვევაში მუსლიმი უიღურების საკითხი ჩინეთის სინძიანის პროვინციაში აუცილებლად გამწვავდება და შესაძლოა რადიკალური ფორმებიც კი მიიღოს. იმავეს თქმა შეიძლება რუსეთზეც, რომელიც შუა აზიას საკუთარ უკანა ეზოდ მიიჩნევს. ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში რადიკალური ისლამური მოძრაობების თანამედროვე ისტორია დიდია. ავღანეთში ცვლილებები აუცილებლად აისახება მათზეც. ეს ყველაფერი კი როგორც ჩინეთის ისე რუსეთის ავღანურ თამაშში ჩართვაზე მიანიშნებს.
დაბოლოს, რადგან ავღანეთი ნარკოტიკული საშუალებების წარმოებისა და ტრეფიკის უმთავრეს ღერძს წარმოადგენს მისი სრულად თალიბანის ხელში გადასვლა საფრთხეს უქმნის არამხოლოდ რეგიონს, არამედ გლობალურ მშვიდობასაც კი. ყოველივე აქედან გამომდინარე თალიბანის მცდელობა მოაწყონ რეპრესიები, დააბრუნონ შარიათის კანონები და აკრძლონ მუსიკა სავარაუდოა, რომ წარმატებული არ იქნება, თუმცა სრული სურათის წარმოადგენა ნაკლებად პროგნოზირებადია. ამასთან თალიბანურმა საფრთხემ რეგიონში ბევად მეტი მოთამაშის შემოყვანა გამოიწვია. ეს კი სიტუაციურ სტაბილურობას შესამჩნევად კომპლექსურს ხდის.
გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი