
დიდი დრო არაა გასული, რაც ინდო-წყნარი ოკეანის კონცეპტი ჩამოყალიბდა. ეს იდეა იაპონურ, ავსტრალიურ და ინდურ აკადემიებში ჯერ კიდევ 2000-იანი წლების მეორე ნახევარში ტრიალებდა. 2007 წელს იაპონიის ყოფილმა პრემიერმა შინზო აბემ აღნიშნული ორი ოკეანე ინტერესებიდან გამომდინარე ერთმანეთს დაუკავშირა. მიუხედავად ჩინური მხარის წინააღმდეგობისა, დღეს ყველა ექსპერტი აღნიშნული სახელწოდებით ხელმძღვანელობს. ამ სიახლის შექმნა დაემთხვა ოთხმხრივი უშიშროების დიალოგის ანუ ქუადის ჩამოყალიბებას.
ქუადი (ამერიკა, ინდოეთი, ავსტრალია და იაპონია)
ოთხმხრივი უშიშროების დიალოგმა ჯერ კიდევ 2004 წელს გაიჟღერა, როდესაც ინდოეთის ოკეანეში წარმოქმნილ ცუნამის 200 000 ადამიანი ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს ჯგუფი ოფიციალურად შეიქმნა, (ქუადი არაფორმალურ გაერთიანებად მიიჩნევა) იდეა დავიწყებას მიეცა. აქ გამოიკვეთა მთავარი პრობლემა, რომლებსაც ქვეყნები ხშირად აწყდებიან. კერძოდ, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ხშირად აიძულებს ქვეყნებს, არ გაანაწყენონ თავიანთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. ქუადის შემთხვევაში ასეთად ავსტრალია იქცა, რომელმაც ჰუ ძინტაოს მთავრობას პირდაპირი გარანტიები მისცა, რომ ქუადის შეხვედრები აღარ გაიმართებოდა. არადა მათ უკვე მოასწრეს ერთობლივი წვრთნების გამართვა ბენგალის ყურეში. რასაკვირველია, ჩინეთი მოვლენების ასეთ განვითარებას უარყოფითად შეხვდა, თუმცა პანდორას ყუთი უკვე გახსნილი გახლდათ.
მოვლენების განვითარებამ გვიჩვენა, რომ თუკი თავიდან ჰუმანიტარული მოტივები თამაშობდა გადამწყვეტ როლს ქუადის შექმნაში, შემდგომ ის უსაფრთხოების დილემამ, კერძოდ კი ჩინეთის აგრესიულმა ქმედებებმა ჩაანაცვლა. ავსტრალიის, იაპონის, ინდოეთისა და ამერიკის ანუ ქუადის ყოფილი თუ მოქმედი დიპლომატები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ახალ რეალობაში მათ მოუწიათ განსხვავებულ ჩინეთთან მუშაობა. განსხვავებულ ჩინეთში ისინი გულისხმობენ 2012 წელს, როდესაც სი ძინპინმა გადაიბარა ხელისუფლება და შესაბამისად ქვეყნის პოლიტიკა უფრო აგრესიული გახდა. ჩინეთის საგარეო პოლიტიკა შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, ვინაიდან თვალნათელია, რომ აგრესიული ქმედებები შეერთებულ შტატებთან დაპირისპირების ფონზე, სწორედ უკანასკნელის წისქვილზე ასხამს წყალს, ვინაიდან ჩინეთი მოკავშირეების ნაცვლად მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს იჩენს. საყურადღებოა ჯერ ევროკავშირის და შემდეგ უკვე ნატოს განცხადება, სადაც ჩინეთი სისტემურ მტრად არის მოხსენიებული.
რაც შეეხება ქუადს, ამ ჯგუფის მთავარი მოთამაშე შეერთებული შტატები იყო. დონალდ ტრამპს, საგარეო პოლიტიკის კრიტიკის მიუხედავად, წინამორბედ პრეზიდენტთან, ობამასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება, რადგან ობამას ახალმა აზიურმა რებალანსირების პოლიტიკამაც კი ვერ შეძლო ქუადის იდეისთვის ხორცშესხმა, მაშინ როდესაც პროექტის რეაქტივაცია ტრამპის პერიოდში განხორციელდა. ამის დასტურია ტოკიოში მინისტერიალური შეხვედრა, სადაც იმყოფებოდა მაიკლ პომპეო. რამ გამოიწვია ტრამპის არაერთგვაროვანი მულტირატერალური ღონისძიებისადმი მიდრეკილება? პასუხი მარტივია – ჩინეთთან კონფრონტაციამ. ცივი ომის დასრულების შემდგომ, სწორედ, ტრამპის დროს მიაღწია ჩინეთ-შეერთებული შტატების ურთიერთობამ ყველაზე კრიტიკულ ზღვარს. სავაჭრო ომის შემდეგ ჩინეთში წარმოშობილმა კორონავირუსმა ცეცხლზე ნავთი დაასხა. აღნიშნული ორი ქვეყანა კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს. სწორედ მოვლენების ასეთმა განვითარებამ დააფიქრა დონალდ ტრამპი ოთხმხრივი უშიშროების დიალოგზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც შეერთებული შტატები თამაშობდა ისევ ტრამპის თამაშს. მაგალითად ტოკიოს სამიტის შემდეგ მაიკ პომპეომ პირდაპირ განაცხადა, რომ ქუადი ჩინეთის წინააღმდეგ კონტრბალანსის მექანიზმია. აღნიშნულ განცხადებას არ დაეთანხმა იაპონური მხარე და საპირისპიროდ მათ გამოსვლაში ხაზი გაესვა, რომ ქუადის შეხვედრების არსს ერთი რომელიმე კონკრეტული ქვეყანა არ წარმოადგენდა. მსგავს რიტორიკას გაჰყვნენ ავსტრალიისა და ინდოეთის დიპლომატიური წარმომადგენლებიც. ინდოეთი კი პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში იმყოფება ჩინეთთან, (ერთი წელი შესრულდა ბოლო შეტაკებიდან, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა ორივე მხრიდან), მაგრამ ეკონომიკა უმთავრესი ფაქტორია, რაც არა მარტო ინდოეთს, არამედ იაპონიასა და ავსტრალიას ხელს უშლის ამერიკულ (ტრამპის) ნოტების აყოლაში.
დღეს ტრამპი ყოფილი პრეზიდენტია, თუმცა ქუადის იდეამ ახალი ხორცი შეისხა. ჯო ბაიდენი ალიანსებს მეტ ყურადღებას უთმობს, რაც სხვათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გამოდგა ცივი ომის დროს შეერთებული შტატების წარმატებისთვის. მართალია ახალი ცივი ომი ჯერჯერობით სპეკულაციური განცხადებაა, თუმცა მაინც შეერთებული შტატების გრანდ სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ წყაროს მოკავშირეები უნდა წარმოადგენდნენ.
ალიანსების გამყარების პოლიტიკის ანარეკლი ბაიდენის დასავლური ვოიაჟია, სადაც ის ნატოს, ევროკავშირის და მსოფლიო შვიდეულის ლიდერებს ხვდება. სწორედ უკანასკნელი შეხვედრის დასრულების შემდგომ ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე ის ესაუბრა ჩინეთის ერთ-ერთ ლიდერს (ვინაობა არ დაუკონკრეტებია), რომელმაც ქუადის იდეის განხორციელებისაგან თავის შეკავება ურჩია. მაგრამ შესაძლოა ქუადი პირიქით, ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედად იქცეს. შვიდეულის სამიტამდე სწორედ მისი ვირტუალური შეხვედრა განხორციელდა, სადაც ოთხი ქვეყნის ლიდერმა კოვიდისა და ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა. რა თქმა უნდა, საკითხი ჩინეთსაც ეხებოდა. მიუხედავად დიპლომატების განცხადებებისა, რომ ქუადი თითქოს ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ქუადის პოსტ-პანდემიური გამოწვევა სავარაუდოდ ჩინეთი იქნება.
სწორედ ჩინეთის აგრესიულმა ქმედებებმა გამოიწვია ავსტრალიისა და ინდოეთის ურთიერთობების გაღრმავება. პერსონალური შეხვედრების გარდა მორისონსა და მოდის შორის არაერთი სატელეფონო საუბრის ფონზე პროგრესი რეალურად თვალშისაცემია. ნათელი მაგალითია ინდოეთის მიერ ავსტრალიის მოწვევა მალაბარი 2020 წლის სამხედრო წრთვნებზე. მიუხედავად შეერთებული შტატების რეკომენდაციებისა, რომ აღნიშნული უფრო ადრე მომხდარიყო, ინდოეთი თავს იკავებდა ავსტრალიასთან ურთიერთობის ახალ ფორმატზე გადასვლისგან, რაც ითვალისწინებდა ერთობლივ სამხედრო წრთვნებსა და უსაფრთხოების სფეროში უფრო ახლო თანამშრომლობას. ასეთი მიდგომა გამომდინარეობდა ავსტრალიის კრიტიკიდან, როდესაც მათ დაგმეს ინდოეთის 1998 წლის ატომური ბომბის ტესტი. თუმცა, როგორც ვხედავთ, ჩინეთის ქმედებებმა ეს ორი ქვეყანაც დაახლოვა ერთმანეთს.
მომავალი
ერთ-ერთი ხშირად დასმული კითხვა უკავშირდება ქუადის წევრების პოტენციურ შევსებას. არსებობს ვარაუდები, რომ ჯგუფს შესაძლოა შეურთდნენ სინგაპური, სამხრეთ კორეა, ფილიპინები და სხვა, მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდოა. ქუადს ამჯერად აერთიანებს მტკიცე იდეოლოგიური საფუძველი და ამ ეტაპისთვის ჯგუფმა პირველ რიგში ფოკუსირება უნდა მოახდინოს ერთიანი, ღრმა და კოორდინირებული სტრატეგიის შემუშავებაზე. ახალი წევრების დამატებამ შესაძლოა დამატებითი პრობლემები წარმოშვას ერთიანი პოზიციის შემუშავებისას განსხვავებული პრიორიტეტების გამო. მოსალოდნელია, რომ ინტერესებიდან გამომდინარე ჯგუფი ცალკეულ ქვეყნებთან ითანამშრომლებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქუადი არ არის სამხედრო გაერთიანება და ნაკლებადაა მოსალოდნელი, ის იქცეს ეგრეთ წოდებულ აზიურ ნატოდ. თუმცა ყველაფერი მაინც ჩინეთზე იქნება დამოკიდებული. თუ უკანასკნელი გააგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას, შესაბამისად ქუადის ქვეყნების თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩინეთის უპირატესობა აზიურ ქვეყნებთან მიმართებაში მასზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაში მდგომარეობს. თუმცა როგორც უკვე ბაიდენმა აღნიშნა, დაპირისპირებამ გადაინაცვლა დემოკრატიულსა და ავტოკრატიულ სამყაროებს შორის. ჯერჯერობით უპირატესობა შეერთებული შტატების მხარეს იკვეთება, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების დასახვა. საჭიროა, რომ შეერთებულმა შტატებმა კვლავ მოირგოს გლობალური ლიდერის მანტია, თუმცა აქვე არსებობს ამერიკული რესურსების ირაციონალურად დახარჯვის რისკი. ასეთი ლოგიკის გასწვრივ შეგვიძლია გავიხსენოთ მათი დანახარჯები ერაყისა და ავღანეთის კამპანიებისას. ბაიდენის სტრატეგია გამართლებულია, როდესაც ცდილობს ჩინეთის დაბალანსებას. შეერთებულ შტატებს მოუწევს ძალიან დიდი გამოცდის ჩაბარება და ჯერჯერობით დემოკრატიული ქვეყნების ქომაგებს ნამდვილად გააჩნიათ ოპტიმიზმის საფუძველი, თუნდაც ქუადის გამო.