
ისტორია ადასტურებს, რომ გეოგრაფია და პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის მოქმედებებს საერთაშორისო სისტემაში. გავლენიანი პოლიტოლოგების გარკვეული ნაწილის შეფასებით, გეოპოლიტიკა სახელმწიფოსთვის ერთგვარი დალოცვაცაა და წყევლაც. ისტორიაში მრავლად მოიძებნება ისეთი შემთხვევები, როდესაც გეოგრაფია სახელმწიფოებს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების შენარჩუნებაში ეხმარებოდა, თუმცა, უფრო ხშირად, ის მათთვის ეგზისტენციალურ საფრთხეებსა და რისკებს წარმოქმნიდა, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე ტვირთად პატარა ქვეყნებს აწვებოდა. პოლონეთი ზემოხსენებული გეოპოლიტიკური დუალიზმის კლასიკური მაგალითია. რა გავლენა მოახდინა გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა პოლონეთის ისტორიულ განვითარებაზე? რა იყო პოლონეთის მთავარი გეოპოლიტიკური სიძლიერე და სისუსტე? როგორ უმკლავდება ეს ქვეყანა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს? ამ სტატიაში შევეცდები, ზემოხსენებულ კითხვებს ვუპასუხო.
პოლონეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ისტორიულ ჭრილში – გეოპოლიტიკური თეორიის ფუძემდებლის, ჯონ ჰალფორდ მაკინდერის თანახმად, მსოფლიო სამ განსხვავებულ ნაწილად იყოფა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ღერძული სივრცე, ე.წ. „ჰართლენდია“, რომელიც ევრაზიის მატერიკის თითქმის სრულ ტერიტორიას მოიცავს. მაკინდერის მიხედვით, ეს მიწა ისტორიის გეოგრაფიულ ღერძს წარმოადგენს. მეორე ნაწილს „შიდა ნახევარმთვარე“ ან „რიმლენდი/პერიფერია“ ეწოდება და დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ აზიამდე არსებულ სანაპირო ზოლებს გულისხმობს. მესამე ნაწილი „გარე, ან კუნძულოვანი ნახევარმთვარეა“ – ყველა ტერიტორია ჰართლენდისა და რიმლენდის გარდა (დაწყებული დასავლეთ ნახევარსფეროდან და დამთავრებული აღმოსავლეთ წყნარი ოკეანისპირეთით/ავსტრალაზიით). მაკინდერის შეფასებით, ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი „ჰართლენდია“, რომელიც მსოფლიოს ისტორიის მანძილზე სხვადასხვა სამეფოებისა და იმპერიების დაპირისპირების საგანი ხდებოდა. მაკინდერმა საკუთარი ხედვა 3 ლაკონიურ წინადადებაში ჩამოაყალიბა:
„ის, ვინც მართავს აღმოსავლეთ ევროპას, აკონტროლებს ჰართლენდსაც;
ის, ვინც მართავს ჰართლენდს, აკონტროლებს მსოფლიოს კუნძულსაც;
ის, ვინც მართავს მსოფლიოს კუნძულს, მართავს მთელ მსოფლიოს“.
შესაბამისად, მან, ვისაც მსოფლიოს მართვის სურვილი აქვს, უნდა აკონტროლოს აღმოსავლეთ ევროპა, სადაც პოლონეთი მდებარეობს. ეს ქვეყანა უკიდურესი დასავლეთი ნაწილიდან უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილამდე შუა ევროპის ვაკეზეა გადაჭიმული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას დასავლეთითა და აღმოსავლეთით მდებარე მეზობელი სახელმწიფოებისგან ბუნებრივი გეოგრაფიული საზღვარი არ ყოფს. პოლონური მიწის უდიდესი ნაწილი დაბლობებისგან შედგება, რაც ისტორიულად ქვეყანას დიდი ევროპული სახელმწიფოების აგრესიისადმი მოწყვლადს ხდიდა. პოლონეთის ისტორია ამ გეოპოლიტიკური დილემის ნათელი მაგალითია. ის მხოლოდ მე-18 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში 3-ჯერ გაიყვეს (პირველად – 1772 წელს რუსეთს, ავსტრიასა და პრუსიას შორის, მეორედ – 1793 წელს რუსეთსა და პრუსიას შორის, ხოლო მესამედ – 1795 წელს ისევ რუსეთს, ავსტრიასა და პრუსიას შორის). პოლონეთის დანაწევრება მეოცე საუკუნეშიც გაგრძელდა, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა რუსეთმა 1939 წელს ის კიდევ ერთხელ გაიყვეს. მოსახერხებელი ადგილმდებარეობის გამო ქვეყანა ძლიერი ევროპული სახელმწიფოებისთვის მუდმივად მიმზიდველი სამიზნე იყო. მისი დამორჩილება დამპყრობელს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის არსებული მაგისტრალის კონტროლის შესაძლებლობას უქმნიდა. პოლონეთი ევროპის ყველა ნაწილის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს გასასვლელი ბალტიის ზღვაზე, რაც მას, ერთი მხრივ, სკანდინავიის ნახევარკუნძულთან, ხოლო მეორე მხრივ, ბალტიისპირა სახელმწიფოებთან: ლატვიასთან, ლიტვასთან და ესტონეთთან აკავშირებს. ზემოხსენებული გეოპოლიტიკური ფაქტორების გამო პოლონეთი ყოველთვის ექცეოდა სხვადასხვა ევროპული იმპერიების ყურადღების ცენტრში.
თანამედროვე პოლონეთის გეოპოლიტიკა: აღმავალი რეგიონული ძალა ჩამოყალიბების პროცესში – პოლონეთი კლასიკური მაგალითია იმისა, თუ რამდენად მარტივად შეუძლია ნებისმიერ სახელმწიფოს მის გარშემო არსებული გეოპოლიტიკური ნარატივის შეცვლა. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი კომუნისტური მმართველობის შემდეგ, 1989 წლის რევოლუციების შედეგად, პოლონეთმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა. აქედან მოყოლებული, გატარდა უამრავი რეფორმა, რომლებიც მიზნად ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ნატო და ევროპის კავშირი) გაწევრიანებით ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას ისახავდა. 1989 წელს ქვეყანამ რეფორმების მთელი წყება გაატარა, რომლებიც ე.წ. „შოკური თერაპიის“ სახელითაა ცნობილი. ამ რეფორმების ინიციატორი პოლონეთის წამყვანი ეკონომისტი და შემდგომში უკვე ფინანსთა მინისტრი – ლეშეკ ბალცეროვიჩი იყო. მისი რეფორმების მთავარ მიზანს პოლონეთის ცენტრალიზებული ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაცია და კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის რელსებზე გადაყვანა წარმოადგენდა. 2004 წლამდე პოლონეთი ერთი ჩვეულებრივი პოსტსოციალისტური ქვეყანა იყო, მეზობლებთან (მაგ: გერმანია, საფრანგეთი და ავსტრია) შედარებით საკმაოდ სუსტი ეკონომიკით, თუმცა ევროპის კავშირში გაწევრიანებამ პოლონეთის ეკონომიკური განვითარება დააჩქარა და ის ძლიერ, მდიდარ ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნა. პოლონეთის სწრაფი ზრდის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაკროეკონომიკური ინდექსის შეფასებაც საკმარისია. მაგალითად, თუ 2004 წელს პოლონეთის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა მხოლოდ 225 მილიარდი აშშ დოლარი იყო, 2020 წელს ეს რიცხვი 600 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა კი თითქმის გასამმაგდა (6 600 $ – 2004; 17 800 $ – 2019).
ფინანსურმა სტაბილურობამ უსაფრთხოების გარემოც გააუმჯობესა. 1999 წელს პოლონეთი კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპზე დაფუძნებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში, ნატოში (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია) გაწევრიანდა. ნატოს მეხუთე მუხლი წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას უზრუნველყოფს. ნატოში გაწევრიანებამ დაუცველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ გარდაქმნა. დღესდღეობით, პოლონეთი მასპინძლობს ამერიკულ საავიაციო ქვედანაყოფს, როტაციის პრინციპით მოქმედ აშშ-ის შეჯავშნული საომარი მოქმედებების ჯგუფსა და ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების სამხედრო ბატალიონს. უკანასკნელ წლებში პოლონეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არსებითად ახალ საფეხურზე გადავიდა. თავდაცვისა და შეიარაღების სფეროში თანამშრომლობის კუთხით ნამდვილი გარღვევა 2019 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ხელი მოაწერეს ერთობლივ ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება ორ ფუნდამენტურ ცვლილებას გულისხმობდა: 1. პოლონეთში დისლოცირებული ამერიკული კონტინგენტის 1000 ჯარისკაცით გაზრდას (ჯამში 5500 სამხედრო); 2. პოლონეთის მიწაზე მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის დაფუძნებას.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთის განვითარების სისწრაფიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში რეგიონული ძალა გახდება. პოლონეთმა ეფექტურად მოახერხა არახელსაყრელი გეოპოლიტიკური მდგომარეობის საკუთარ უპირატესობად გარდაქმნა. ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი აღმავალი ძალაა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ცენტრი გახდეს.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.
