ჩინეთის საგარეო პოლიტიკის აგრესიული ასპექტები

სახელმწიფოები განვითარებისთვის სხვადასხვა ხერხს იყენებენ, რომელთაგან საყურადღებოა ლიდერების მიერ არჩეული განსხვავებული ეკონომიკური მოდელები. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ზოგიერთი თეორია ინდივიდის მნიშვნელობას არ აღიარებს, ჩინეთის შემთხვევაში ანალოგიურად ვერ ვიმსჯელებთ. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ მაო ძედუნი, რომლის მმართველობის პირობებში წარმოუდგენელია ჩინეთში ეკონომიკური რეფორმები დაწყებულიყო. შესაბამისად, რომ არა დენ სიაოპინის და სხვათა გაბედული ნაბიჯები, ქვეყანა დარჩებოდა იმავე რელსებზე, რომლებზეც იმყოფებოდა 1949 წელს. მას შემდეგ ჩინეთი აღმავლობის გზას ადგას. კომუნისტური ქვეყნის გაძლიერებას განსაკუთრებით სამხედრო კუთხით უკვალოდ არ ჩაუვლია. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ უკვე საგრძნობლად ნეგატიური გახდა. სტატიაში ვეცდები მიმოვიხილო ჩინეთისა და სხვადასხვა ქვეყნების ბოლოდროინდელი ურთიერთობების ის პრობლემები, რომლებიც მოსალოდნელია, მომავალში უარყოფითად აისახოს ჩინეთის ეკონომიკაზე და პოლიტიკურად ქვეყნის იზოლაციაც გამოიწვიოს. 

მოკლე ისტორიული ექსკურსით რომ ვიხელმძღვანელოთ, ცივი ომის დროს ჩინეთი დაუპირისპირდა შეერთებულ შტატებს, შემდეგ კი უკვე საბჭოთა კავშირს. იგი არ შეუშინდა მაშინდელ ორ სუპერ სახელმწიფოსთან ომში ჩაბმას. იყო მრავალი კონფლიქტი, შიდა რეპრესიული კამპანიები, თუმცა მაოს დროინდელი ჩინეთი უფრო მიძინებული დრაკონის პოზიციაში გახლდათ. მართალია, მაშინდელმა ეკონომიკურმა რეფორმებმა კომუნისტურ პარტიას ლეგიტიმაციის საშუალება მისცა, თუმცა გარკვეული ექსპერტების აზრით ისინი ხაფანგში თვითნებურად აღმოჩნდნენ. ერთი მხრივ მოსახლეობას დაპირდნენ, რომ დააძლევინებდნენ სოციალურ პრობლემებს, მაგრამ რეფორმების შემდეგ უთანასწორობა უფრო გაიზარდა, სადაც გამოსაყოფი იყო საშუალო კლასი, რადგან მათი შემოსავალი გაიზარდა. შემდგომ კი ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე ფიქრს უკვე სამართლიანი საფუძველი ექნებოდა. ხოლო მეორე მხრივ ხაფანგი, რაც უკვე ნაკლებ სავარაუდოა, დასავლურ პოზიციაში მდგომარეობდა, განსაკუთრებით 1990-იან წლებში, რომლის მიხედვითაც ჩინეთის ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებით მოსახლეობას გაუჩნდებოდა რეფორმების სურვილი ადამიანური უფლებების ჭრილში. დღევანდელი მდგომარეობით ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები. პირველ რიგში პანდემიის წინააღმდეგ ეფექტური ნაბიჯები და ეკონომიკური ზრდის ტემპის მაღალი მაჩვენებელი ნამდვილად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პოლიტიკური ცვლილების შესაძლებლობა ახლო პერსპექტივაში არ ჩანს. თუმცა საყურადღებოა ჩინეთის პოზიცია საერთაშორისო ურთიერთობებში. 

ჩინეთის პოლიტიკის ნებისმიერ მკვლევარს ნათლად ახსოვს დენ სიაპონის ფრაზა – „მოიგე დრო, დამალე შესაძლებლობები“. მაგრამ საინტერესოა, რა დრომდე უნდა დაემალა ჩინეთს შესაძლებლობები. ფაქტია, რომ სი ძინპინის მოსვლის შემდგომ ეს ფრაზა წარსულს ჩაბარდა. ჩინეთის ქმედებები კიდევ უფრო აგრესიული გახდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რაც გამოვლინდა სასაზღვრო შეტაკებებში ინდოეთთან, დაძაბულ ურთიერთობებში ავსტრალიასთან, ევროკავშირთან და რაც მთავარია შეერთებულ შტატებთან.ვეცდები, თითოეული მათგანი მოკლედ მიმოვიხილო.

მიუხედავად მეოცე საუკუნის ბოლოს წარმოშობილი იმედებისა და პოზიტიური ნიშნებისა ინდურ-ჩინურ ურთიერთობებში, დღემდე ორივე სახელმწიფო გეოსტრატეგიულ დინამიკაზე აკეთებს აქცენტს, როდესაც ერთი სახელმწიფო ცდილობს მნიშვნელოვანი ობიექტების ხელში ჩაგდებას, ხოლო მეორე სახელმწიფო ამას უყურებს „zero sum“ თამაშის გადმოსახედიდან. ამის დასტურად გამოდგება 2017 წელს განვითარებული მოვლენები, როდესაც ინდოეთის მხარემ ხელი შეუშალა ჩინურ მხარეს გზები გაეყვანა ბუტანის რეგიონში. ისიც ცნობილია, რომ ჩუმბის ხეობის ხელში ჩაგდების შემდეგ ჯერი სილიგურის დერეფანზე მიდგება, რომელიც ფაქტობრივად ინდოეთის ცენტრალურ  და ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილს აკავშირებს.  აგრეთვე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს გასული წლის ზაფხულში მომხდარ ინციდენტს გალვანის ხეობაში, სადაც ჩინელი და ინდოელი ჯარისკაცები ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ, რასაც მოჰყვა მსხვერპლი ორივე მხრიდან. ამ ქვეყნებს შორის დაძაბულობას ზრდის ხელისუფლებაში მოსული ახალი ლიდერები.  ნარენდრა მოდის ხედვები დიდი ინდოეთის შექმნას ემყარება, მაშინ როდესაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სი ძინპინის სტრატეგია წინამორბედებისგან განსხვავებით მეტი აგრესიულობით გამოირჩევა.

საკმაოდ დინამიურად იცვლება ურთიერთობები ევროკავშირთან, რომელიც მიუხედავად ახალი ხელშეკრულებისა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე მაინც უსიამოვნო მიმართულებით მიდის. უიგურებთან სასტიკმა მოპყრობამ თავისი შედეგი გამოიღო. გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები ხელშეკრულების რატიფიკაციისგან თავს იქამდე შეიკავებენ, ვიდრე ჩინეთი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას არ შეწყვეტს. ახალი რეგულაციების შესახებ მსჯელობისას კი ევროპული სახელმწიფოების მთავარ განხილვის საგანს კრიტიკულ რესურსებზე კონცენტრირებული უცხოური ინვესტიციების ბლოკირება წარმოადგენდა. ცნობილია, რომ ევროკავშირმა ჩინეთს სისტემური მტერი უწოდა. საყურადღებო ფაქტად რჩება ასევე ის, რომ დასავლური დემოკრატიის ქვეყნები აშშ-ს წინარე პრეზიდენტისგან განსხვავებით ბაიდენის ადმინისტრაციასთან უფრო მეტ საერთოს გამონახავენ. დღეს შეერთებულ შტატებს ესაჭიროება მოკავშირეები, ისევე როგორც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სჭირდებოდა. მართალია არის შემთხვევები, როდესაც ევროკავშირს უჭირს საერთო პოზიციის დაფიქსირება ჩინეთთან დაკავშირებით, (მასში შემავალი ქვეყნების მეტ-ნაკლები ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე), თუმცა ერთი რამ ცხადია, დინამიკა ნეგატიურ ტენდენციას ატარებს. 

ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობები ავსტრალიასთან. 2015 წელს სავაჭრო ბარიერების მოხსნის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება თითქოს ახალი ეტაპის დაწყებას მოასწავებდა, თუმცა ყველაფერი მალე შეიცვალა. გადამწყვეტი სავარაუდოდ აღმოჩნდა ავსტრალიის კავშირები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 2018 წელს, როდესაც უსაფრთხოების მიზნით ჰუავეის აეკრძალა 5G ქსელის გაყვანა, ავსტრალიამ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად ჩინეთი უფრო მნიშვნელოვანია, აქცენტი მაინც ღირებულებით კავშირსა და უსაფრთხოებაზე გაკეთდა. დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც ავსტრალიურმა მხარემ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება ითხოვა. ჩინელების პასუხი მარტივად გამოსაცნობი გახლდათ. დიახ, ეკონომიკური სანქციები. დიპლომატიური სკანდალიც სწორედ რთულ ვითარებაზე მიუთითებს, კონკრეტულად საქმე ეხება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელშიც ავსტრალიელი ჯარისკაცი კლავს ავღანელ ბავშვს. მინიშნება ხდებოდა ავსტრალიელების სისასტიკეზე ავღანეთში. დღეს უკვე დისკუსიები იმართება ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ოფიციალურად ორი პროექტის შეჩერებაზე და ზოგადად ჩინეთის სახელმწიფოს აქტიური დაბალანსების სტრატეგიაზე. ტენდენცია კვლავ ნეგატიურია. 

და ბოლოს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის დაპირისპირება, რომელიც დიდი ალბათობით გადაწყვეტს მომავალი ათწლეულების ბედს. ერთი რამ ცხადია: ბაიდენის ადმინისტრაცია სარგებლობს შიდა მხარდაჭერით ჩინეთთან მიმართებაში. ალიასკაზე გამართული სამიტი არ აღმოჩნდა საკმარისი ფუნდამენტური პრობლემების გადასაჭრელად, ვინაიდან მხარეები მხოლოდ კლიმატურ საკითხებზე შეთანხმდნენ. ოპტიმიზმის საფუძველს არც საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის მიმდინარეობა იძლევა. ვინაიდან ჩინეთი რევიზიონისტ ძალად ყალიბდება, მისი მიზანი მსოფლიო წესრიგის გარდაქმნაა და შესაბამისად ის უფრო მეტ საერთოს რუსეთთან გამონახავს, ვიდრე შეერთებულ შტატებთან. ამის კარგ დასტურად ჩაითვლება ჩინეთ-რუსეთის ბოლო დროინდელი ურთიერთობების დინამიკა, როდესაც ორივე მათგანის მიზანი ერთ მთავარ გეგმას ემსახურება – ამერიკული ჰეგემონიის დამხობა. დიახ, არსებობს უთანხმოებები ჩინეთსა და რუსეთს შორის და ეს ბუნებრივიცაა. არ არსებობს იდეალური პოლიტიკური პროცესები, თუმცა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ნაკლებ სავარაუდოა მათი ურთიერთობების გაუარესება.

შეგახსენებთ, რომ ურთიერთობები გამწვავდა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებიდან, როდესაც მან ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო ომი წამოიწყო. ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ მოლოდინები და განწყობა ჩინეთის მიმართ იგივე დარჩა, უბრალოდ შეიცვალა სტილი. თუ ტრამპი უნილატერალურ ქმედებებს ამჯობინებდა, ბაიდენის ადმინისტრაციამეტად ფოკუსირდება მოკავშირეების მეშვეობით საფრთხის დაბალანსებაზე. მაგალითად Quad,სადაც იდნოეთი, ავსტრალია და იაპონია ერთობლივად მუშაობენ რეგიონში საერთო სტრატეგიის შემუშავებაზე სტაბილურობის მისაღწევად.

დასასრულისკენ კი შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა: არის კი ჩინეთის სტრატეგია განწირული კრახისთვის? ასეთ შემთხვევაში მართებული იქნებოდა დენ სიაოპინის მეთოდის გახსენება, რაც გამოიხატებოდა ნაკლებ აგრესიულ ქმედებებში. ფაქტი ურყევი გახლავთ, რომ ჩინური ეკონომიკა მდიდრდებოდა არსებული საერთაშორისო მსოფლიო წესრიგის მეშვეობით. უფრო მეტიც, დასავლური დემოკრატიის ქვეყნები ცდილობდნენ ჩინეთს მეტი სარგებელი მიეღო გლობალური ეკომიკისგან.

შეიძლება, არსებობდეს ისტორიის ლოგიკური გარდაუვალობა და ჩინეთის შემთხვევაში არჩეული სტრატეგიაც გამომდინარეობს უკვე ჩამოყალიბებული მსოფლმედველობიდან. მათი მიდგომა მსოფლიოსადმი განსხვავებული იყო ადრეც და ასე გრძელდება დღემდე. მძიმე წარსული და ისტტორიული მეხსიერება ჩაგვრის შესახებ და ზოგადად უსაფრთხოების დილემა უკვდავი იქნება, სანამ სახელმწიფოები იარსებებენ. შესაბამისად ჩინეთის პრიორიტეტს დაცულობა წარმოადგენს. მისი პოლიტიკა თანხმობაში მოდის ჯონ მეარშაიმერის ძალის მაქსიმალიზაციის ლოგიკასთან, თუმცა რამდენად მართებული აღმოჩნდება, დრო გვიჩვენებს. ლოგიკური იქნებოდა, ისტორიული გამოცდილებიდან დაგვესვა კითხვა: როდესაც ქვეყანა აგრესიული ხდება, გამართლებულია კი ასეთი სტრატეგია?


[1] რა თქმა უნდა ეს არ იყო უანგარო კეთილი ნება. გარდა იდეოლოგიური მომენტისა გამოსარჩევია ეკონომიკური ელიტების ინტერესები (ავტორის შენიშვნა)

[2] დიდი ძალების შემთხვევაში ეკონომიკური პროგრესი ხშირად აისახება ჯარის განვითარებაზე (ავტორის შენიშვნა)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s