პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი: სამშვიდობო პროცესის წარუმატებლობის მიზეზები და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები

უკანასკნელ დღეებში მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა მიიპყრო. პალესტინასა და ისრაელს შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ აპრილში გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილება აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე შეიხ ჯარაჰის უბნიდან რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლების შესახებ. დაძაბულობამ მალევე გადაინაცვლა ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე, რომელში შესვლაც ისრაელის პოლიციამ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე დროებით აკრძალა. ამ მოქმედებას მალევე მოყვა ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკება. დაპირისპირების განვითარების პარალელურად, ღაზას სექტორში მოქმედმა პალესტინურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა, ისრაელის ხელისუფლებას ალ-აქსას მეჩეთიდან და შეიხ ჯარაჰიდან ებრაული ძალების დაუყოვნებლივ გამოყვანა მოსთხოვა, ხოლო მას შემდეგ რაც ოფიციალურმა თელ-ავივმა ულტიმატუმი უპასუხოდ დატოვა, ჰამასმა ისრაელის ქალაქებზე მძლავრი სარაკეტო შეტევა განახორციელა. ჰამასის თავდასხმები უკვე მეოთხე დღეა გრძელდება და ამ დროის მანძილზე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინური რაკეტების დაახლოებით 90%-ის განეიტრალება მოახერხა. მოსადის ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა ჰამასის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერთა ლიკვიდაციის სპეცოპერაციაც. მოუხედავად ამისა, საკმაოდ დიდია სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა  – ამ დროისთვის დაპირისპირებას 53 პალესტინელი და 6 ებრაელი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორია ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირების ისტორია? რა ფაქტორები უშლის ხელს სამშვიდობო პროცესის წარმატებას? როგორია მოვლენათა შემდგომი განვითარების სცენარი? – მოცემულ სტატიაში შევეცდები ამ კითხვებს ვუპასუხო.

ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირებას თითქმის საუკუნის ისტორია აქვს. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მსოფლიოში გაფანტული ებრაული დიასპორა აქტიურად იწყებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაზე საუბარს. ვითარდება სიონიზმის სახელით ცნობილი იდეოლოგია, რომლის ძირითადი პოსტულატი ისრაელის სახელმწიფოს შექმნა იყო. სიონიზმს ლეგიტიმაცია მისცა ჰოლოკოსტმაც – მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურმა გერმანიამ ეთნიკური ნიშნით მილიონობით ებრაელი გაანადგურა, ხოლო გადარჩენილმა ნაწილმა შეძლო მსოფლიოს დარწმუნება იმაში, რომ მათი უსაფრთხოების გარანტირება მხოლოდ  ებრაული სახელმწიფოს შექმნის გზით იყო შესაძლებელი. ისრაელის შექმნა ოფიციალურად 1947 წელს გაფორმდა, როდესაც გაეროს დეკლარაციის მიხედვით, მაშინდელი პალესტინის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო – ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილი (პალესტინის სრული ტერიტორიის 56%) ისრაელის ხელში გადავიდა, ხოლო არაბებით დასახლებული ნაწილი, ძირითადად ღაზას სექტორი, დასავლეთ სანაპიროს ტერიტორია და ჩრდილოეთით ლიბანის მოსაზღვრე მიწები (სრული ტერიტორიის 44%) პალესტინელების კონტროლქვეშ დარჩა. გაეროს გეგმა პალესტინის მოსახლეობამ არ მიიღო და სამშობლოს დაცვის მოტივით ახლადშექმნილი ისრაელის წინააღმდეგ ომი დაიწყო. პალესტინას მხარი მეზობელმა არაბულმა სახელმწიფოებმა: ეგვიპტემ, იორდანიამ, სირიამ, ერაყმა და ლიბანმა დაუჭირეს. ომის პირველ ეტაპზე არაბულმა კოალიციამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მათ შორის იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილიც დაიკავა, თუმცა, ომის გარდამტეხ ეტაპზე უპირატესობა ებრაული ჯარის ხელში გადავიდა, რომელმაც ომში გამარჯვების შემდგომ პალესტინას ტერიტორიების დამატებით 22% წაართვა. ომის ბოლოს პალესტინა და მისი მოკავშირეები მხოლოდ ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებდნენ.

ისრაელსა და პალესტინას შორის მეორე შეიარაღებული კონფლიქტი 1967 წელს მოხდა, რომელიც ისტორიაში ექვსდღიანი ომის სახელით შევიდა. ეს ომი ისრაელისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა, რადგან მასში გამარჯვების შემდეგ, ოფიციალურმა თელ-ავივმა სირიას გოლანის მაღლობები, ეგვიპტეს სინას ნახევარკუნძული და ღაზა, ხოლო იორდანეს დასავლეთ სანაპირო წაართვა. ექვსდღიან ომში დამარცხების შემდეგ არაბულმა სახელმწიფოებმა რევანშისთვის აქტიური მზადება დაიწყეს და სამხედრო ოპერაცია 1973 წლის 5 ოქტომბერს, „იომ ქიფურის“, ებრაელთა მიტევების, დღეს დაიწყეს. მოულოდნელობის ეფექტმა ომის პირველ ეტაპზე ეგვიპტესა და სირიას მნიშვნელოვანი სტრატეგიული უპირატესობა მისცა, თუმცა, ისრაელმა მთავარი მოკავშირის – ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის წყალობით, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მალევე შეძლო. იომ ქიფურის ომის შედეგად დადებული საზავო ხელშეკრულების მიხედვით, მეომარ მხარეებს შორის სამხედრო პარიტეტი აღდგა და ისინი ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნდნენ. გოლანის მაღლობებსა და სინას ნახევარკუნძულს ისევ ისრაელი აკონტროლებდა. სიტუაცია რადიკალურად მხოლოდ 1978 წელს შეიცვალა, როდესაც  კემპ დევიდის ცნობილი შეთანხმებით, ისრაელმა ეგვიპტეს აღიარების სანაცვლოდ სინას ნახევარკუნძული დაუბრუნა, თუმცა, ოფიციალურმა თელ-ავივმა სხვა არაბული სახელმწიფოებისგან აღიარებას ვერ მიაღწია. დროთა განმავლობაში ისრაელსა და პალესტინას შორის ახალი კონფლიქტები (პირველი და მეორე ინტიფადა), განვითარდა, ხოლო 1990-იან წლებში იყო სამშვიდობო შეთანხმების დადების მცდელობებიც, თუმცა, პროცესი, გარკვეული მიზეზების გამო, ბოლომდე არ მივიდა. სამშვიდობო შეთანხმების წარმატებას ხელს უშლის რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელთა შესახებ მხარეებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

  1. პალესტინელი ლტოლვილების საკითხი – ისრაელ-პალესტინის პირველ ომში (1947-1949) ისრაელის გამარჯვებას შედეგად 700 000 პალესტინელი მოქალაქის  საკუთარი საცხოვრებლებიდან გამოსახლება მოყვა. დროთა განმავლობაში ლტოლვილთა რაოდენობა 7 მილიონამდე გაიზარდა. პალესტინელთა ძირითადი მოთხოვნა იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში მშვიდობიანი დაბრუნებაა, რასაც ისრაელი არ თანხმდება, რადგან ამ შემთხვევაში, ეთნიკური ებრაელები საკუთარ ქვეყანაში უმცირესობა გახდება.
  2. „სეთლერების“ საკითხი1967 წელს ექვსდღიან ომში გამარჯვების შემდგომ, ისრაელის ხელისუფლებამ დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე ებრაული დასახლებების შექმნა დაიწყო. დღესდღეობით, დასავლეთ სანაპიროზე ებრაელების 130-მდე ხელოვნურად შექმნილი დასახლებაა, რომელშიც ჯამში ნახევარ მილიონამდე ეთნიკურად ებრაელი მოსახლე ცხოვრობს. საერთაშორისო სამართალი კრძალავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის რაიმე სახით ცვლილებას. ებრაული დასახლებების შექმნის მიზანია ადგილზე ეთნიკური სურათის ხელოვნურად შეცვლა, პალესტინურ-ებრაული ტერიტორიების გაბუნდოვანება და ისრაელის პოზიციების გაძლიერება.
  3. რადიკალური ჯგუფების მავნე გავლენა – ისრაელ-პალესტინის თითქმის 75 წლიანი კონფლიქტის მანძილზე ძნელია ისეთი პერიოდის გამოყოფა, როდესაც დაპირისპირებული მხარეები მშვიდობიან მოლაპარაკებებზე მზაობას გამოთქვამდნენ და თუ ეს მაინც ხდებოდა, რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფები ყოველთვის ცდილობდნენ მოლაპარაკებების ჩაშლას. ოსლოს 1994 წლის შეთანხმება ამის ნათელი მაგალითია. 1995 წელს ისრაელის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, იცხაკ რაბინმა, ისრაელში მაღალი დონის პალესტინური ავტონომიის შექმნა სცადა. საპასუხოდ, პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ლიდერმა, იასირ არაფატმა, ისრაელის არსებობის უფლება აღიარა და პირობა დადო, რომ პალესტინა საბოლოოდ დაასრულებდა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ტერორიზმის გამოყენებას. ოსლოს შეთანხმებას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა მოყვა როგორც ებრაელების, ასევე პალესტინელების მხრიდან. რადიკალი სიონისტები არ ეთანხმებოდნენ ორი სახელმწიფოს მოდელს, ხოლო ექსტრემისტული პალესტინური ჯგუფები, მათ შორის ჰამასი, არ აღიარებდნენ ისრაელის არსებობის უფლებას. ოსლოს შეთანხმებების საპასუხოდ, ჰამასმა გააგრძელა თავდასხმა ებრაულ ქალაქებზე, ხოლო თავის მხრივ, სიონისტმა ექსტრემისტებმა 1995 წლის ნოემბერში წარმატებით მოახერხეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, იცხაკ რაბინის, ლიკვიდაცია. რაბინის სიკვდილის შემდეგ მალევე ხელისუფლებაში მოვიდა პარტია „ლიკუდი“, რომლის ლიდერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, კრიტიკულად აფასებდა ოსლოს შეთანხმების პირობებს, რამაც სამშვიდობო პროცესი საბოლოოდ ჩიხში შეიყვანა. დღესდღეობით, მხარეთა პოლიტიკური დღის წესრიგი არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან დათმობებს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.
  4. იერუსალიმის საკითხი – ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან პირველი ოცი წლის მანძილზე, იერუსალიმი ორ ნაწილად იყო გაყოფილი – დასავლეთ იერუსალიმს ისრაელი აკონტროლებდა, ხოლო აღმოსავლეთ იერუსალიმში – იორდანიული ჯარი იდგა. 1967 წლის ომის შემდგომ, ისრაელმა დაიბრუნა დე-ფაქტო კონტროლი ქალაქზე, თუმცა, ვერ მოახერხა საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება, ეღიარებინა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად. როგორც პალესტინა, ასევე ისრაელი იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში მრავლადაა როგორც იუდეური, ასევე ისლამური კულტურული და რელიგიური ძეგლები. იერუსალიმის ფლობის საკითხი განსაკუთრებით პრობლემატურია, რადგან ის ერთგვარი „წითელი ხაზია“ მხარეებისთვის.
  5. გარე ძალების ინტერესები – სამშვიდობო მოლაპარაკებებს მნიშვნელოვან წინაღობას უქმნის გარე ძალების ჩარევა, რომლებიც ხშირად საკუთარ სტრატეგიულ მიზნებს რეგიონულ მშვიდობაზე მაღლა აყენებენ. ზემოხსენებულის კლასიკური მაგალითია ტრამპის ადმინისტრაციის 2017 წლის გადაწყვეტილება, ცალმხრივად ეღიარებინა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და ფორმალურად დაეწყო საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის პროცესი. გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციამ 2020 წელს მხარეებს მის მიერ ინიცირებული სამშვიდობო შეთანხმების პირობები წარუდგინა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, აბსოლუტურად ცალმხრივი იყო და ისრაელის მიერ პალესტინის ფაქტობრივ ანექსიას ნიშნავდა.  ტრამპის ადმინისტრაციის ხისტმა პოლიტიკამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ორი სახელმწიფოს მოდელის არსებობა და კიდევ უფრო გააღრმავა უნდობლობა ერთი მხრივ, ისრაელსა და მის მოკავშირეებს, ხოლო მეორე მხრივ, პალესტინასა და არაბულ სახელმწიფოებს შორის.

როგორ განვითარდება პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი? რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს ისრაელის ხელისუფლება დაბომბვების საპასუხოდ? გადაიზრდება თუ არა დაპირისპირება სრულმასშტაბიან კონფლიქტში? ქვემოთ მოკლედ განვიხილოთ მოვლენების შესაძლო განვითარების 3 განსხვავებული სცენარი:

სცენარი # 1 – ისრაელის წერტილოვანი თავდასხმები ჰამასზე – ამ სცენარის მიხედვით, ისრაელი მოერიდება პალესტინასთან სრულმასშტაბიან ომში ჩართვას და ჰამასზე წერტილოვანი თავდასხმებით შემოიფარგლება. ამგვარი მიდგომის უპირატესობას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: 1. წერტილოვანი სამხედრო ოპერაციების განხორციელება ნაკლებ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული; 2. იმ შემთხვევაში, თუ თელ-ავივი მოერიდება სრულმასშტაბიან ომს და მხოლოდ წერტილოვანი სპეცოპერაციებით შემოიფარგლება, ის შეძლებს მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს იმიჯის შენარჩუნებას, რომელიც ჰამასის ტერორისტულ თავდასხმებს პროპორციული ძალის გამოყენებით პასუხობს.

სცენარი # 2 – ისრაელის მიერ პალესტინელებით დასახლებული ტერიტორიების ბლოკადირება – შესაძლოა, ისრაელმა სტრატეგიული მიზნების მიღწევა პალესტინური ტერიტორიის ბლოკადირებით სცადოს. პალესტინის ტერიტორიაზე შემავალი საქონლის მუდმივი კონტროლით ისრაელი შეძლებს შეზღუდოს ჰამასის სამხედრო პოტენციალი. ამ სცენარის მთავარი პლუსი ჰამასის ეფექტური ნეიტრალიზებაა, მთავარი მინუსი კი ისაა, რომ ბლოკადა მნიშვნელოვნად გააუარესებს პალესტინელი მოქალაქეების ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ისრაელის საერთაშორისო იმიჯზე.

სცენარი # 3 – სრულმასშტაბიანი ომი – ამ სცენარის მიხედვით, ჰამასის სარაკეტო დაბომბვების საპასუხოდ, ისრაელი პალესტინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში ჩაერთვება და შეეცდება მის მიერ გადადგმული ხისტი ნაბიჯები თავდაცვითი მიზნებით გაამართლოს. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში სავარაუდოა, რომ თელ-ავივი შეეცდება იორდანეს ხეობისა და დასავლეთ სანაპიროს სრულ ანექსირებას, რაც უკანასკნელი წლების მანძილზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის – ბენიამინ ნეთანიაჰუს საარჩევნო დაპირებაა. ამ სცენარის განვითარება სავარაუდოა იქიდან გამომდინარეც, რომ ნეთანიაჰუს რეიტინგი უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა კორუფციულ გარიგებებში მისი სავარაუდო მონაწილეობის გამო. შესაბამისად, დასავლეთ სანაპიროს ანექსირება მას შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვისაც სჭირდება. თუმცა, ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ისრაელის საერთაშორისო იმიჯს საფრთხე შეექმნება და შესაძლოა ის ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციების წინაშეც აღმოჩნდეს.

რთული სათქმელია, რომელი კონკრეტული სცენარის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია, თუმცა, ერთი რამ ცხადია – ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა დღითიდღე მწვავდება. პალესტინასა და ისრაელს შორის არსებული დაპირისპირების მთავარი გამომწვევი მიზეზი მხარეებს შორის არსებული უნდობლობაა. სამწუხაროდ, კონფლიქტის ესკალაციას ხელს უწყობენ ექსტრემისტული ძალებიც, რომელთა დღის წესრიგი არ ითვალისწინებს მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის დაწყებას. დაძაბულობის დეესკალაციის საქმეში კრიტიკული მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობასაც, განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა კი ამერიკის შეერთებულ შტატებს  ენიჭება, რომელიც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში დღემდე მთავარი მედიატორის როლს ასრულებს.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s