თურქული რევიზიონიზმი ახლო აღმოსავლეთში

თურქეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და უახლესი ისტორიით ერთდროულად მჭირდორადაა დაკავშირებული, როგორც ევროპასთან, ისე ახლო აღოსავლეთთან, თუმცა, ბოლო ათწლეულია  მისი, როგორც ევროპულ სახელმწიფოდ ფორმირების პროცესი შეჩერებულია. თუკი 2000-ან წლებამდე თურქეთის საგარეო პოლიტიკა სრული ჩაურევლობითა და მეზობლებთან ნულოვანი პრობლემებით ხასიათდებოდა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და მისი AKP პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განვითარების დინამიკამ კარდინალურად იცვალა სახე. ოფიციალური ანკარის ინტერესის სფერო ბალკანეთისა და კავკასიის გარდა ახლო აღმოსავლეთია – რეგიონი, რომელიც თურქეთისათვის ძალიან კარგადაა ნაცნობი. თურქეთის რელიგიურ და ორიენტალისტ პოლიტიკურ თუ აკადემიურ ელიტაში ხშირად ხდება იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ მეთერთმეტე საუკუნეში სუნიტური ისლამის აღზევება და შიიტური ფატიმიდების ხალიფატის შეჩერება სწორედ თურქულ სამხედრო ძალის დამსახურება გახლდათ და, რომ არა ისინი,  სუნიტური ისლამის ისტორია შესაძლოა სრულიად სხვანაირი ყოფილიყო. თურქეთი კვლავაც ცდილობს პოზიციონირდეს მუსლიმი მოსახლეობის დამცველად და ძალად, რომლის ნდობაც შეიძლება. თუნდაც ეს ყველაფერი საპირისპირო იყოს აშშ-ს, რუსეთის, ჩინეთისა თუ სხვა გლობალური მოთამაშეებისათვის და მათი ინტერესებისათვის.

ოფიციალური ანკარა ახლო სამეზობლოში ცდილობს წარმოჩინდეს ცენტრალურ ძალად, რომლისაგან დამოუკიდებლად პოლიტიკური პროცესები ვერ განვითაარდება. მას შეუძლია ითამაშოს ხიდისა და დამაკავშირებელის როლი რიგი ავტოკრატიული ან ჰიბრიდული რეჟიმებისათვის ან პირიქით, იქცეს მთავარ ანტაგონისტად. 2009-2010 წლებში სწორედ თურქეთის ინიცირებით განხორციელდა  სირიის საერთაშორისო პოლიტიკაში ჩართვა და დაბრუნება, ისევე როგორც თურქეთმა შეასრულა საკვანძო როლი 2011-2012 წლებში სირიის ხელისუფლების მარგინალიზაციაში.

მეტად გამოკვეთილი და შესამჩნევი მაგალითია ლიბია, რომელზეც კონტროლის დამყარებას რამდემინე კარგად შეიარაღებული ფრაქცია ცდილობს – მათგან უმთავრესი ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილის მაკონტროლებელი, რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული ხალიფა ჰაფთარია, რომლის ძირითად მოწინააღმდეგესაც ქვეყნის დედაქალაქში, ტრიპოლიში, მყოფი გაეროს მიერ აღიარებული მთავრობაა. 2020 წელს სამოქალაქო ომი თითქოს დასკვნით ფაზას  მიუახლოვდა, როდესაც ხალიფა ჰაფთარის ნაწილებმა დედაქალაქს ალყა შემოარტყეს და ქალაქის დაცემა მხოლოდ დროის საკითხსღა წარმოადგენდა. აღნიშნულ საკვანძო მომენტში დაიწყო თურქული სამხედრო ინტერვენცია ტრიპოლის ხელისუფლების გადასარჩენად, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა არამხოლოდ ალყის გარღვევა, არამედ ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილზე კონტროლის დაბრუნებაც კი შეძლო. თურქეთი ლიბიური ინტერვენციის ფონზე ცდილობს ანახოს ყველა რეგიონალურ მოთამაშეს, რომ მისი, როგორც მოკავშირის ნდობა შეიძლება.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ, როგორც სირიაში, ისე ლიბიაში თურქული სამხედრო ინტერვენციები პირდაპირ უპირისპირდება რუსულ ინტერესებსა მის მიერ ზურგგამაგრებულ სამხედრო ძალებს. ეს კი კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მყიფეა თურქულ-რუსული პოლიტიკური მეგობრობა, რომელიც ბოლო წლებია გარვეული პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფორმით არსებობს.

თურქული რევიზიონიზმი და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი წესრიგი ურთიერთწინააღმდეგობრივია როგორც ისრაელთან, ასევე აშშ-სთან მიმართებითაც. თუკი ზედაპირულად შევაფასებთ, დავინახავთ, რომ აშშ-თურქეთს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზი ერაყსა თუ სირიაში აშშ-სა და ადგილობრივ ქურთებს შორის სამხედრო კავშირების არსებობაა, რაც, ნათელია, მკვეთრად ანტაგონისტურია თურქულ ინტერესებთან, თუმცა, პრობლემების მიზეზი ბევრად უფრო ღრმაა და მხოლოდ ქურთულ საკითხს ვერ იტევს. თურქეთი რეგიონს თვლის როგორც თავის ისტორიულ და ახლა უკვე პოტენციურ გავლენის სფეროდ, შესაბამისად, მისი, როგორც უმთავრესი რეგიონალური აქტორის ინტერესების მეორე ხარისხოვნად წარმოჩენა კონფრონტაციულ ნიადაგს ქმნის. აშშ-სა თუ ადგილობრივი მოთამაშეებისათვის კი თურქეთისაგან მიმთითებლის როლის მორგება მიუღებელია. ეს კი ხიდჩატეხილობას კიდევ უფრო ზრდის, ხოლო თურქეთის მხრიდან სხვა, თუნდაც დროებითი მოკავშირის ძიების სურვილს ამძაფრებს.

მნიშვნელოვანია ისეთი გამოწვევაც როგორიც ფასეულობები და ღირებულებებია. ოფიციალურ ანაკარასა და ვაშინგტონს შორის შესამჩნევი აცდენაა დემოკრატიზაციის პროცესთან: თუკი აშშ-ში დემოკრატია მიზანია, თურქეთის ხელისუფლება მას გაძლიერებისა და გამოღვიძების მიმავალ გზაზე საშუალებად აღიქვამს, რაზეც თავად ქვეყნის პრეზიდენტს – ერდოღანს – უსაუბრია კიდეც. ადამიანის უფლებების დაცვასა და საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ღირებულებებიდან გამომიდნარე თურქეთი თანდათან ახლო აღმოსავლეთის ავტოკრატიებს ემსგავსება, ამან კი ოფიციალური ანკარა კიდევ უფრო დააშორა დასავლეთს.

როდესაც 2000-ან წლებში თურქეთსა და ევროკავშირს შორის დაიწყო გაუცხოება,აშშ პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე კვლავ ინტენსიურად თანამშრომლობდა ოფიციალურ ანკარასთან, მაგრამ 2010-ნი წლებიდან სიტუაცია შეიცვალა: აშშ-ს პრეზიდენტ,  ბარაკ ობამას ადმისტრაციამ თურქულ-ამერიკული ურთიერთობის გადახედვა დაიწყო და თურქეთს იმ ვალდებულებების შესრულებას სთხოვდა, რაც ერდოღანის ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა. თავის მხრივ, ოფიციალური ანკარაც, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა დასავლეთთან ინტეგრაციას, თანდათან ჩამოშორდა ევროპულ ღერძს და არადემოკრატიული მმართველობის ნიშნები გამოავლინა. ყველაფერმა ამან კი არამხოლოდ დღევანდელ რეალობაში შექმნა სერიოზული გამოწვევა, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სამომავლო თანამშრომლობაც, რომელიც, სავარაუდოა, რომ უფრო მეტად კვლავ პრაგმატიზმზე უნდა დაფუძნდეს ვიდრე ფასეულობათა თანხვედრაზე.

თურქეთის კიდევ ერთი მიზანი ისრაელის მიერ ფორმირებული პალესტინური პოლიტიკის შეკავებაა. პალესტინის საკითხი ისრაელსა და თურქეთს შორის დაპირისპირების საგანი არაერთხელ გამხდარა და ისეთ ქმედებებშიც გამოხატულა, როგორიც საჯარო პოლიტიკური დემარშია – 2009 წელს პრემიერი ერდოღანის მიერ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სხდომის დატოვებამ, რომელზეც ღაზას სექტორში მიმდინარე პროცესები განიხილებოდა, დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ბოლო ათწელულია თურქეთი ცდილობს ისრაელზე ზეწოლისათვის კოალიციაც კი შექმმნას, ეს კი ოფიცილურ იერუსალიმს არასდროს გამოჰპარვია.

როგორც ზემოთ აღინიშნა, თურქეთი ცდილობს მუსლიმთა უფლებების დამცველად წარმოჩინდეს. ეს ყველაფერი კი შესამჩნევია კიდევ უფრო აღმოსავლეთით, ჩინეთის სინძიანის პროვინციაში თურქული წარმოშობის მუსლიმი მოსახლეობის, უიღურთა უფლებების დასაცავ განცხადებებსშიც, რამაც მისი ავტორიტეტი რელიგიური მოსახლეობის თვალში კიდევ უფრო გაზარდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

თურქეთის კიდევ ერთი მიმართულება ირანის შეკავებაა. მიმდინარე პერიოდში რეალური დაპირისპირება ირანსა და საუდის არაბეთს შორის მიმდინარეობს, თურქეთის როლი კი შედარებით მეორეხარისხოვანია, თუმცა დროებით. ირანის გაძლიერების შემთხვევაში სწორედ თურქეთი იქნება ის სახელმწიფო, რომელიც ირანის დაბალანსებას შეეცდება და ექნება კიდეც პოტენციალი. მეტიც, თუკი ჰიპოთეტურ დაშვებას გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ირანი ბირთული იარაღის შექმნას შეძლებს, თურქეთის დღის წესრიგში შესაძლოა დადგეს მსგავსი შეიარაღების შექმნაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მსგავსი იარაღი ნატოს ეგითიდით უკვე განთავსებულია.

მიუხედავად მცდელობისა და გატარებული ღონისძიებებისა თურქული რევიზიონისტული საგარეო პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში ძალიან დიდი რესურსების მობილიზაციას მოითხოვს. ამასთან, მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალი იხარჯება რათა განხორციელდეს მოსახლეობის დარწმუნება და კონსოლიდაცია ორიენტალისტური პოლიტიკის ირგვლივ. რამდენადაც მძლავია თურქული აღმოსავლური კურსი, იმდენად დიდია პასუხისმგებლობაც – მიგრანტთა კრიზისი, რომელიც სირიის ომსა და რამდენიმე ინტერვენციას მოჰყვა თურქეთს მძიმედ ტვირთად აწევს. არაბი დევნილების დიდი ნაწილი თურქეთშია ბაზირებული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების მნიშვნელოვანი წყაროა.

კიდევ ერთი აღსანიშნავი გამოწვევაა ეკონომიკა. დაპირისპირება გლობალურ ძალებთან კოლოსალურ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშრებული. რაც თავის თავში პოტენციურ სანქციებს ან სანქციის მუქარასაც შეიძლება გულისხმობდეს, ხოლო თურქული ეკონომიკა ამისათვის მზად ნაკლებადაა.

და ბოლოს, ნებისმიერი სამხედრო თუ ეკონომიკური ინტერვენცია არმხოლოდ ფინანსურ დანახარჯებთან და ეკონომიკურ რყევებთანაა დაკავშირებული, არამედ პოლიტკურ საკითხსაც გულისხმობს. მოსახლეობა, რომელიც დიდი მოლოდინით უყურებს საგარეო პოლიტიკურ გააქტიურებას, იმედგაცრუების ან მარცხის შემთხვევაში შესაძლოა არა ხელისუფლების, არამედ მის საწინააღმდეგოგ გაერთიანდეს. ეს ყველაფერი კი უფრო რეალური შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც რევიზიონიზმი ისეთ გლობალურ მოთამაშეებს უპირისპირდება, როგორებიც აშშ, რუსეთი, ჩინეთი და ისრაელია.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s